Friday, October 31, 2014

რატომ ავირჩიე მასწავლებლობა?!




ცხოვრებაში ბევრი რამე ვცადე.

ლექსებს ვწერდი, ვრეპავდი . . . ხან წამყვანი ვიყავი, ხან ჟურნალისტი.  დიზაინერობაც მიცდია.  სანტა კლაუსადაც გამოვცხადებივარ პატარებს და საბერძნეთის ქალაქების ქუჩებიც შემომივლია მოხეტიალე მუსიკოსად. თუმცა უნდა ვაღიარო იმაზე დიდი სიამოვნება, ვისწავლო და ვასწავლო სხვებს, მართლა არაფერში განმიცდია.   ჩემთვის ძალიან დიდი ადრენალინი მოაქვს მომენტს როდესაც საკლასო ოთახში (ტრენინგრუმში) შევდივარ და იქ სტუდენტები მელოდებიან. პირველად ეს სიამოვნება 2012 წლის დეკემბერში მივიღე.

თოვდა . . .

ახალი წელი დგებოდა.

მაია მამულაშვილმა დამირეკა გაზეთ "კახეთის ხმიდან" და მითხრა რომ ჩემთვის საინტერესო შემოთავაზება ქონდა. მე უნდა წამეკითხა ორდღიანი ტრენინგი ფოტოგრაფიაზე გაზეთის ჟურნალისტებისა და მოხალისე რეპორტიორებისათვის. ჩემთვის ეს მაშინ დიდი გამოწვევა იყო. პირველად უნდა მესაუბრა იმაზე, რაც ჩემი საყვარელი გატაცება იყო. მართალია პროფესიონალურ კამერასთან შეხება და მუშაობის საშუალება ჯერ კიდევ 2009 წლიდან მქონდა, მაგრამ ჩემთვის მისი ფიზიკური მონაცემები, მისი ტექნოლოგიური მახასიათებლები მაინც უცხო იყო.

ტრენინგი დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა. მახსოვს, მისთვის რამდენიმე დღე ვემზადებოდი. ძირითადად ვკითხულობდი ინგლისურ სტატიებს და იმას, რასაც მანამდე ქაოტურად ვაკეთებდი უფრო ძირეულად ვსწავლობდი. ვაანალიზებდი და ვუძებნიდი ფორმას, თუ როგორ გადამეცა სხვებისთვის ინფორმაცია ისე რომ მათ აღქმა არ გაჭირვებოდათ. მახსოვს როგორ მივედი "მედია კაფეში" - უამრავი ფურცლებით, გეგმებით და სლაიდებით, რომლებსაც თავისი რიგები ქონდა. თუმცა დავიწყე თუ არა, მივხვდი რო ეს ყველაფერი არ მჭირდებოდა, საუბარი ყოველგვარი "შპარგალკების" დახმარების გარეშეც კარგად წავიდა. მეორე დღესაც ასე განმეორდა და იმდენად მომეწონა და ვისიამოვნე ამ პროცესით, რომ გადავწყვიტე მომავალშიც მესინჯა თავი ამ საინტერესო ამპლუაში.

ძალიან მალე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა.



საგანს "ფოტოჟურნალისტიკა" ერქვა და ის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ეკითხებოდათ. ეს ჩემთვის ახალი საგანი იყო  და მეც დამიბრუნდა ძველებური მღელვარება. დავიწყე ხანგრძლივი მომზადება, წიგნებში ქექვა და სტატიების, ბლოგების თარგმნა. უნივერსიტეტის ლექტორობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობად მოჩანდა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მეკისრა ეს პასუხისმგებლობა. თან აქვე გამოგიტყდებით, ყველაზე უკეთესად მაშინ ვსწავლობ, როცა სხვებს ვასწავლი, მე კი ფოტოგრაფიის უკეთესად შესწავლა მინდოდა და სწორედ ამიტომ დავიწყე ღრმად ჩასვლა. რა ვიცოდი თურმე იმ წყალში შევდიოდი, რომელსაც ფსკერი არ აქვს. :)

გაგეცინათ?

დამიჯერეთ ასეა, ფოტოგრაფია არის დაუსრულებელი კვლევა-ძიება მეცნიერების, ხელოვნების და მარკეტინგის სფეროში. მან იმდენი რამ გააერთიანა თავის თავში, რომ ალბათ ადამიანის მთელი სიცოცხლე არ ეყოფა მის სრულად შესასწავლად. და მაინც გადავწყვიტე მესწავლა და მესწავლებინა . . . ლექციები დაიწყო და ყველაფერმა თავისი ფორმა მიიღო. ბავშვებმა რთულად, მაგრამ მაინც აუღეს ალღო ფოტოკამერის აგებულებას, ტექნიკურ მახასიათებლებს და კომპოზიციური ელემენტებისა და წმინდა ჟურნალისტიკურ საკითხებზე რომ გადავედით უკვე აქტიურები და მონდომებულები ჩანდნენ. ლექციების პროცესი ჩემთვის იყო ყველაზე საუკეთესო სამუშაო საათები და მაშინ გადავწყვიტე, აუცილებლად დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება ფოტოგრაფიისთვის.

2013-2014 წლებში ორჯერ წავიკითხე უნივერსიტეტში ერთ სემესტრიანი კურსი "ფოტოჟურნალისტიკაში". 2014 წლის იანვარში კახეთის "სამოქალაქო ლიგის"
მიწვევით ფოტო და ვიდეო გადაღებაზე თელავის სხვადასხვა სკოლების ბავშვებს წავუკითხე ტრენინგები.

ფოტო თელავის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ცენტრიდან.
სემინარი "ფოტოგრაფია ყველასათვის"
2014 წელს როდესაც მეორედ ვკითხულობდი კურსს სწავლების პროცესში ხშირად ვსაუბრობდით სხვადასხვა კომპოზიციურ ელემენტებზე, ფრეიმინგზე და ფოტოგრაფიის ჟანრებზე. ამას მოყვებოდა ხოლმე მაგალითები, რომელთა უმრავლესობაც ძირითადად აგებული იყო უცხოურ ქეისებზე, სადაც უცხოელი შემოქმედების ხელოვნება დომინირებდა. მაშინ დავუსვი ჩემ თავს კითხვა. ნუთუ არ შემიძლია ჩემი Nikon D7000 და 18-55 / 70-300 მმ ლინზებით შემექმნა ის მაგალითები, რაზეც ბავშვებს ვესაუბრებოდი. მათ რომ სავარჯიშოებს ვაძლევდი ან პრაქტიკულ დავალებებზე გავდიოდით,  მეც ვცდილობდი მეტი მემუშავა ჩემ თავზე და სწორედ ასე დაიბადა იმ ფოტოების უმრავლესობა, რომლებმაც თავის მხრივ დაბადა "უცხოგრაფი". მეგობრების რჩევით სემესტრის დასასრულს გვერდი "უცხოგრაფი" შევქმენი და აქტიურად დავიწყე თელავში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. გარდა ფოტოებისა, ვწერდი ბლოგს ფოტოგრაფიის შესახებ, ამან კი უფრო სხვა განზომილებაში გადამიყვანა. 

გვერდი თანდათან იკრეფდა ძალას და ფოტოალბომების მატებასთან ერთად იზრდებოდა მესიჯები ჩემს ინბოქსშიც. კითხვები ფოტოგრაფიას შეეხებოდა. ამ მესიჯებთან ერთად მოდიოდა კითხვებიც - ხომ არ ვგეგმავდი ფოტოგრაფიის კურსებს. ან თუ მოვამზადებდი მოყვარულ ფოტოგრაფებს ინდივიდუალურად. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა სამოყვარულო წრეები უნივერსიტეტში, თუმცა მალე შევიცვალე სამსახური და გურჯაანში გადავედი. იქაც ვცდილობდი გამეხსნა კურსები, მაგრამ დაინტერესება ნაკლები იყო. სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე ჩემი მომავალი კარიერა ფოტოგრაფიისთვის დამეკავშირებინა. გადავწყვიტე რა, გადამაწყვეტინა ჩემმა გვერდმა და იმ ხალხმა, რომელიც ასე ძალიან აქტიურობდა და დღემდე აქტიურობს "უცხოგრაფზე".  დავინახე რომ ფოტოგრაფია ჩემი საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, ეს არის სფერო სადაც შემიძლია ბევრს მივაღწიო. მას შემდეგ რაც სახლში საკუთარ თავთან დავრჩი მარტო, დავიწყე ყველა იმ გეგმის და იდეის "სხვენიდან ჩამოლაგება", რომლებსაც მანამდე სამსახურისა და უდროობის გამო "ვთლიდი და ვინახავდი". სწორედ მაშინ ამომიტივტივდა იდეა - გამეხსნა პროფესიონალური ფოტოგრაფიის კურსები. ბევრი არც მიფიქრია და პოლიგლოტს მივაკითხე. შევთავაზე ჩემი ნააზრევი ქალბატონ ლელას. შეთანხმება მალევე შედგა. გადაწყდა კურსებს ნომბრიდან დავიწყებდით. მთელი ნახევარი თვის მანძილზე ვიღებდი უამრავ წერილს თუ ზარს: რა და როგორ იქნებოდა კურსებთან დაკავშირებით.



"პოლიგლოტში" კურსების ორი ნაკადი გვქონდა. უნივერსიტეტში კი 2016 წლის ჩათვლით ვასწავლიდი ფოტოგრაფიას. 2015 - 2016 წელში თელავში აღარ გავჩერდი და ქუთაისს, თბილისს და წნორს მივაკითხე, სადაც სხვადასხვა დროსა და სივრცეში ვატარებდი ტრენინგებს ქუჩის ფოტოგრაფიაზე.

უნდა გამოვტყდე რომ დღეს თუ რამე ვიცი სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მე ნდობა გამომიცხადა და დამარწმუნა, რომ ჩემგან არამხოლოდ კარგი ფოტოგრაფი, კარგი მასწავლებელიც დადგებოდა.

სტატია 2014 წელს დამიწერია, თუმცა ახლა 2017 წლის 8 იანვარს განვაახლე. განვაახლე რათა კვლავ დავუბრუნდე მასწავლებლობას, რადგან როგორც ზემოთ დავწერე, სწორედ მაშინ ვსწავლობ, როცა სხვებს ვასწავლი. სწორედ ამ მიზნით გეგმად დავისახე მთელი წლის მანძილზე მინიმუმ 5 ფოტოვორშოფისა და ერთი ფოტო ტურის ჩატარება. თანაც მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ სწავლება + ხეტიალი უფრო საინტერესო გამოვიდეს.

ასეც იქნება!

თქვენ კი ვისაც ზემო აღნიშნულ გეგმებში შემოერთება გსურთ, თავი თავისუფლად იგრძენით და კომენტარებში მომწერეთ.

მადლობა მოსმენისათვის,
მომავალ სტატიამდე!

გიორგი ბეჟანიშვილი







Saturday, October 25, 2014

ერთი ფოტოს ანალიზი: "Himalayan Railway"

Himalayan Railway, 1995 by Raghu Rai
იქ სადაც უმეცრება არის განდიდებული, სისულელე სიბრძნედ გვეჩვენება. ეს თომას გრეიმ წიგნში "Ode on a Distant Prospect of Eton College" ჯერ კიდევ 1742 წელს დაწერა. ყველაფერი იფილტრება ჩვენსავე უმეცრებაში ან ცოდნაში. თუ თქვენ ოდესმე გიმგზავრიათ დარჯელინის "სათამაშო მატარებლით" თქვენი მიდგომა ამ ფოტოს მიმართ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მათგან, ვისაც არ უმგზავრია. ასევე ეს ყველაფერი იმაზეცაა დამოკიდებული -  ნამყოფი ხართ თუ არა ინდოეთში . მაინც როგორ გადაიღო რაგუ რეიმ ეს სურათი? აქვს კი ამას მნიშვნელობა? ფოტოსგან ჩვენ იმას ვიღებთ რისი მიღებაც გვინდა.
კაცის სახე რომ მთავარ როლს თამაშობს ამ ფოტოში - ეს ცხადია. ის არის ყველაზე ნათელი და კონტრასტული საგანი. იქვეა ქალიც, მინის მიღმა, რეფლექცია ფოტოში ნიშნავს "ფიქრს", ისევე როგოც იმას რასაც შენ ხედავ მინის მიღმა. და რას აირეკლავს მინა? ან რა არის ამ დროს ამ ქალის ფიქრები? ან თუნდაც ფოტოგრაფის? შეხედეთ კაცის გვერდით დაბალ კუთხეში მამაკაცის ფიგურაა. რას აკეთებს ის? კამერა კლუბის რომელიმე ექსპერტმა შეიძლება ის საერთოდ ზედმეტად მიიჩნიოს, როგორც ფოტოსთვის შეუსაბამო და ფოტოშოპის დახმარებით სურათიდან გააქროს. მაგრამ არა: ის ფოტოისტორიის ნაწილია.

მიუხედავად მისი ზომისა (თან  თუ შევადარებთ მთავარი ობიექტის ზომას) ის მაინც საჭიროა. გაიხსენეთ რელიგიური ნახატები და ფრესკები ძველი აღმოსავლური კულტურებიდან: ყველაზე მთავარი ღვათაება დიდებულია, თუმცა დანარჩენებსაც აქვთ თავიანთი ადგილი.

ნახევრადდამალული ქალი: ეს ინდოეთის მეტაფორაა.

კიდევ ერთხელ შეხედეთ ფოტოს. ასეთ სურათს ხომ ყველა გადაიღებდა. მაგრამ არ გადაიღეს: ეს რაგუ რეიმ გააკეთა. ყველაფერი ერთად მხოლოდ მისთვის აეწყო. როგორ? კიდევ ვიმეორებ: განა ამას აქვს მნიშვნელობა? ფორტუნა აჯილდოვებს მომზადებულ გონებას (და კამერასაც). თქვენ შეგიძიათ ჩაეძიოთ ტექნიკურ დეტალებს -  იყენებდა თუა არა ის "Polarising Filter"-ს რათა დაენახა ფანჯრის მიღმაც?  -  მაგრამ ასეთი კითხვები აბსოლუტურად ზედმეტია: ეს არის შინაარსი და კომპოზიცია, რაც  ფოტოს იმად აქცევს რასაც ახლა ვხედავთ. დიახაც, ყველაფერი შეიძლება გავაანალიზოთ უსაშველოდ. მაგრამ მოდი ვიკითხოთ ასე: თუ თქვენ ეს ფოტო მოგწონთ, რატომ მოგწონთ ის?

რათქმაუნდა  შეგიძიათ თქვათ -  მოგვწონს და მორჩა რა! მაგრამ რატომაც არა, ჯობია ვთქვათ ჩვენი კომპლიმენტები თუ ნეგატიური აზრი უფრო ვრცლად და გავამყაროთ ისინი არგუმენტირებულად, სიტყვებითვე. ცხადია, ასეც უნდა იყოს, იმდენად რამდენადაც, მოწონება და არ მოწონება არა-ვერბალურია. მთავარი სიტყვებია! სიტყვები არის საჭირო იარაღი: ზოგჯერ, საუკეთესოც კი რაც ჩვენ გაგვაჩნია. და მაინც არის უმეცრება ყოველთვის განდიდებული? და თუნდაც ასე იყოს, აუცილებელია ჩვენც ყოველთვის მასში ვბანაობდეთ?

ავტორი: როჯერ ჰიკსი
წყარო: "Amateur Photographer", October 4, 2014.
თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა

Monday, October 20, 2014

მეოცე საუკუნის ფოტოგრაფიის ენციკლოპედია - აგიტპროპი

ტერმინი "აგიტპროპი" მიღებულია ორი სიტყვის: "აგიტაცია" და "პროპაგანდის" შეერთების შედეგად. 1920-1930-იან წლებში  ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული ცენტრალური ევროპის მემარცხენეთა კულტურულ პრაქიკაში (თეატრი, ლიტერატურა, მხატვრობა, ფოტოგრაფია) და მიზანდ ისახავდა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიის პოპულარიზაცია-პროპაგანდას. ამასთან "აგიტპროპი" იყო ხელოვნების ფორმა, სოციალურად ორიენტირებული მასებისკენ, მათი თავიდან განათლებისა და პოლიტიკურად სტიმულირებისაკენ მიმართული. ტერმინი სხვადასხვაგვარად გამოიყენებოდა.  ეს კი დამოკიდებული იყო იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე სადაც ის გამოიყენებოდა. მაგალითად, ოციანი წლების გერმანიაში "აგიტპროპი"-ს კულტურული პრაქტიკა გამნიზნული იყო მასების ასამხედრებლად კომუნისტური რევოლუციის წინააღმდეგ. მეტიც, "აგიტპროპი"-ს ხელოვნების ტონი იყო კრიტიკული და დაპირისპირებული მმართველობის რეჟიმთან. საპირისპიროდ ამისა, საბჭოთა კავშირში კომუნისტური რევოლუცია უკვე მომხდარი იყო. იქ "აგიტპროპს" უკვე შეეძინა ლეგიტიმური ფუნქცია და სამომავლო ეძებდა. პოსტ-რევოლუციური პერიოდის რუსეთში აგიტ-მატარებლები სერავდნენ ქვეყნის პერიფერიებს აჭრელებული პრო-ბოლშევიკური სურათებით. ეს მობილური "აგიტპროპ-იარაღები"  ფართოდ ავრცელებდნენ ახალ იდეოლოგიას. იდეოლოგიას დაშენებულს ვიზუალურ სურათებზე, ყველაზე ეფექტურ და მკაფიო ფორმაზე, რომლის საშუალებითაც მოხდებოდა წერა-კითხვის უცოდინარი მასების მართვა.

გუსტავ კლუშის პოსტერი
ფოტოგრაფია "აგიტპროპი"-ს კულტურაში  სასიცოცხლო როლს თამაშობდა. ის იყო ადვილად გადასატანი, დაუსრულებლად რეპროდუქტიული და რაც მთავარია დოკუმენტის სტატუსს ატარებდა . ფოტო, როგორც ასეთი ან წარმოაჩენდა საბჭოთა ინდუსტრიისა და სოციალიზმის განვითარებას, ან განამტკიცებდა აზრს, რომ კაპიტალიზმმა დასავლეთში "დეგენერაცია" განიცადა.


ალექსანდრ როდჩენკო

სოციალისტურ რუსეთში ყველაზე ინოვაციური "აგიტპროპ" ფოტოგრაფი ავანგარდ-არტისტი ალექსანდრ როდჩენკო იყო. ის კამერის ექსტრემალური კუთხეებით გადაღებული ფოტოებით ცდილობდა მიეღო რევოლუციური საზოგადოების ახალი ხედვა. ოციანი წლების ტექნოლოგიები საშუალებას იძლეოდა ერთ გვეერდზე დაებეჭდათ ფოტოც და ტექსტიც. ჟურნალი "USSR in Construction" რომელიც ოთ ენაზე გამოიცემოდა და გადიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, აქვეყნებდა მთავარ და დიდ კონსტრუქციულ პროექტების ფოტო მასალებს. ამავე პერიოდში, როცა ინდუსტრიალიზაცია დაჩქარებით მიმდინარეობდა, დრამატული ფორმის ელემენტების გამოყენება, როგორებიც იყო კომპოზიციურად განლაგებული დიაგონალები, ახლო კადრები, ფართო კუთხეები იძლეოდა საშუალებას ხალხს ფოტოში დინამიურობა, ენერგია და ინდუსტრიული სიბეჯითე დაენახა. ამ ყველაფერს საბჭოთა კავშირი საზღვარგარეთის დასანახად აკეთებდა. როდჩენკო კი "აგიტპროპის" ნამდვილი გენიოსი იყო.

როდჩენკოს პოსტერები








როდჩენკოს ფოტოები
















მსგავსად საბჭოთა კავშირისა, გერმანიაში, ვილლი მუნცენბერგის მასმედიის იმპერია ფოტოგრაფიას, როგორც მთავარ იარაღს, საკუთარი მიზნების აგიტაციისა და პროპაგანდისათვის იყენებდა.

ვილლი მუნცენბერგი
მთავარი იმპულსატორი ჟურნალი"Der Arbeiter-Fotograf"  (The Worker-Photographer) იყო, რომელიც მუნცენბერგის მიერ სპონსორდებოდა. 1926 წელს დაარსებული ეს ჟურნალი იდეაში ისახავდა მოყვარული პროლეტარი ფოტოგრაფების აღზრდასა და განათლებას. ჟურნალს უნდა გამოეზარდა მთელი კლასი ფოტოგრაფების, რომელთაც შემდგომში საკუთარი რევოლუციური მიზნების განსახორციელებლად გამოიყენებდა. მსგავსად ამ ჟურნალისა მუნცენბერგის "Arbeiter Illustrated Zeitung" (Worker's Illustrated Journal) აქვეყნებდა უტოპიურ და ამავდროულად სოციალურად კრიტიკულ ფოტორეპორტაჟებს საყოველთაო პუბლიკის დასაპყრობად.  ამ ჟურნალში ვიზუალურად და პოლიტიკურად თვალშისაცემი ფოტოები პროვოკაციულად იყო წარმოდგენილი მწვავე ტექსტებთან ერთად. მიზანი ამ შემთხვევაშიც იგივე იყო - გაეაქტიურებინა კომუნისტური ცნობიერება.


Der Arbeiter-Fotograf
Der Arbeiter-Fotograf
                                                                                                                                                                        
Arbeiter Illustrated Zeitung

Arbeiter Illustrated Zeitung
1933 წლამდე, ნაციონალური სოციალიზმის დასამარებამდე "Arbeiter Illustrated Zeitung"-ის ბეჭვდამ პიკს მიაღწია და 500 000-იანი ტირაჟით გამოიცემოდა. იმ დროისთვის ის იყო მთელ გერმანიაში რიგით მეორე ყველაზე პოპულარული ილუსტრირებული ჟურნალი. პრაღაში გადაბარგებული ეს ჟურნალი კვლავ განაგრძობდა რევოლუციური მესიჯების წერას 1938 წლამდე, როცა მათი სამკითხველო წრე 12 000-ზე ჩამოვიდა.

ფოტომონტაჟი ან ფოტოების ერთმანეთთან ან ტექსტთან შეერთება პირდაპირ იყო დაკავშირებული "აგიტპროპ"- თან. ფოტომონტაჟის მოჭრა-ჩაწებების ტექნიკით შესაძლებელი ხდებოდა დაეშალათ და შემდეგ თავიდან აეწყოთ თქვენთვის ნაცნობი სამყარო. ძირითადად, ფოტომონტაჟი არღვევდა ტრადიციულ წარმოდგენას სივრცეზე, არღვევადა წესრიგს და შემოქონდა სივრცული არასტაბილურობა რათა შემოეთავაზებინა სოციალური დინამიურობა და ცვლილებები.

Electrification of the Entire Country
ადრეული ხანის სოციალისტური ფოტომონტაჟი, როგორიც იყო გუსტავ კლუშის პოსტერი "Electrification of the Entire Country", რომელიც 1920-იანი წლით თარიღდება, წარმოადგენს აბსტრაქტულ ფორმებს დახატულს კონსტრუქტული ესთეტიურობით. ამავდროულად ავანგარდის სიმბოლოებს ტექნოლოგიურ მოდერნიზაციასთან აკავშირებს .  სტალინის პერიოდის ფოტომონტაჟები გამოირჩევა უფრო მხატვრული კომპოზიციების მკვახე სიცხადით, თუმც მაინც არ კარგავენ პროპაგანდისტულ იდეებს და წინა პლანზე კვლავ გამოკვეთენ დიაგონალებს. ეს ხასიათის ცვლილება ნათლად ჩანს კლუჟის 1930-იანი წლების პოსტერზე "ქალი და მამაკაცი მუშები", სადაც გამოსახულია ხელების წყება, ზემოთ აღმართული, როგორც სიმბოლო ხუთ წლიანი გეგმისა და ამვდროულად ის წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ჟესტსაც გამომხატველს მტკიცე სოლიდარობის.


"ქალი და მამაკაცი მუშები"

იგივე ისტორიულ მომენტში, გერმანელთა პროვოკაციული ფოტომონტაჟი, რომელსაც ჯონ ჰარტფილდი ხელმძღვანელობდა ამშვენებდა  "Arbeiter Illustrated Zeitung" მთავარ გვერდებს და გარეკანს. ამ ფოტომონტაჟების მიზანი იყო  საზოგადოების მზერა მიეპყრო და პოლიტიკურად გაესტიმულირებინა სიტუაცია. მათი მისია იყო გამოემჭღავნებინათ რეალობა გარეგნობის მიღმა, მობილიზაციაში მოეყვანათ სატირის ვიზუალური მანქანა. მაგალითად ჰართფილდის 1932  წლის ფოტომონტაჟში "The Meaning of the Hitler Salute", ჰიტლერის მხარი არ არის აქტიურად აღმართული ზევით, პირიქით უკან არის გადახრილი და მზადაა მიიღოს მილიონები მის უკან მდგარი გიგანტისგან, რომელიც კაპიტალიზმს გამოხატავს. "მილიონები დგას ჩემს უკან" - ამბობს ჰიტლერისეული პროკალამაცია, მაშინ , როცა ფოტო ნათლად გვაჩვენებს ნამდვილ წყაროს , რომლითაც ჰიტლერს ელექტორატი უჭირავს.

"The Meaning of the Hitler Salute"
ფოტოგრაფიაში ცნება "აგიტპროპი" კვლავ აგრძელებს არსებობას მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშიც და სარეკლამო ხელოვნების მთავარი ტაქტიკა ხდება, რომელიც მისი წინამორბედებისგან იღებს საკვებს.

SABINE Kriebel

თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა



Friday, October 17, 2014

მეოცე საუკუნის ფოტო ენციკლოპედია - ბერენის ებოტი

ბერენის ებოტის ღვაწლი ფოტოგრაფიაში დიდი და უნიკალურია. ებოტმა, როგორც ფოტოგრაფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტის ხელოვნებაში, ვიზუალურ დოკუმენტალისტიკაში და სამეცნიერო ფოტოგრაფიაში. ის იყო განმანათლებელი, გამომგონებელი და ფოტოგრაფიის თეორეტიკოსი. ებოტი ამტკიცებდა რომ: "მეოცე საუკუნის ხედვა შექმნა ფოტოგრაფიამ." მას სჯეროდა რომ ფოტოგრაფიას შუძლია: "აღბეჭდოს თანამედროვე სამყაროს ყოფა და მოამარაგოს ნოველები ხედვის  გზით და ახალი რწმენით."

ებოტმა ბავშვობა კოლუმბუსში და კლივლენდში გაატარა. 1917 წელს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა სწავლა ერთ წელიწადში მიატოვა და ნიუ იორკში გადავიდა. 1921 წელს კი ბილეთი აიღო საფრანგეთისაკენ. ებოტი პირველ ორ წელს პარიზში სკულპტურას და ხატვას სწავლობდა, თუმცა აქედან მყარი შემოსავალი ვერ ნახა. 1923 წელს ბერენისმა ამერიკული წარმოშობის დადაისტი არტისტი მენ რეი გაიცნო, რომელიც ეძებდა ფოტო-ასისტენტს. ებოტმა მასთან დაიწყო მუშაობა და რეის მეთვალყურეობის ქვეშ ფოტოებს ამჟღავნებდა, თუმცა ფოტოგრაფიაზე და გადაღების ტექნიკაზე არაფერი იცოდა.  1924 წელს, ჰოლანდიაში არდადეგებზე ყოფნისას ებოტმა მისი პირველი ფოტო გადაიღო და მისი ურთიერთობაც კამერასთან მალე აეწყო. მან დაიწყო პარიზის გადაღება და მალევე გაითქვა სახელი. სულ მალე ორი ფოტოგრაფის გზები გაიყარა, მას შემდეგ რაც პეგი გაგენჰეიმმა გვერდი აუარა მენ რეის და პორტრეტების სერიის გადაღება ებოტს მიანდო. მათი მეგობრობაც ცუდად დამთავრდა. მოგვიანებით ებოტი წერდა: "მენ რეიმ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის იყო კარგი მეგობარი და საუკეთესო ფოტოგრაფი".

1926 წელს ებოტმა მისი პირველი გამოფენა გააკეთა და  სტუდია გახსნა. ის მუშაობდა "ვოგისთვის" და მისი კლიენტები იყვნენ ცნობილი მწერლები და არტისტები: ჟან კოკტუ, მაქს ერნსტი, ჯეიმს ჯოისი, კლოდ მაკკეი და ედნა ვინსენტ მილი. ებოტმა პორტრეტული ფოტოგრაფიის მაშინდელ სტანდარტებს ზურგი შეაქცია და ცდილობდა ფოტოების დრამატიზებას - არავითარი სიყალბე და რომანტიზაცია აღარ იყო საჭირო. ის აღნიშნავდა: " პორტრეტს შეიძლება ქონდეს ყველაზე საუკეთესო განათება და იყოს ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებული, თუმცა ის განიცდიდეს კრახს, როგორც დოკუმენტი (რაც აუცილებელია ნებისმიერი ფოტოსთვის) ან ხელოვნების ნამუშევარი, თუ ის არ შეიცავს გამომხატველობის, ჟესტების და განწყობას დიდ რაოდენობას."











1929 წელს ებოტი ნიუ იორკს ესტუმრა. მისი მიზანი ძველი სახლის მონახულება იყო, თუმცა იმდენად აღფრთოვანდა ქალაქის სწრაფი ცვლილებით, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საფრანგეთში წარმომადგენლობა დანიშნა და თვითონ კი მეოცე საუკუნის ყველაზე ამბიციური ფოტო - პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი იყო:  ზუსტი და ამომწურავი სიცხადით აღებეჭდა ფირზე თანამედროვე, ცვალებადი ნიუ - იორკის სახე. ებოტს სურდა ქალაქის ურბანული ელემენტების "კრისტალიზაცია" გარდამავლობის პეროდში, როდესაც ისინი იძენდნენ საბოლოო სახეს.

მისმა პირველმა ფოტოებმა ნიუ-იორკის სერიიდან მზის სინათლე 1930 წელს იხილა. ისინი გამოქვეყნდა  ჟურნალში "Architectural Record", თუმცა მომდევნო ხუთ წელიწადს არსად გამოქვეყნებულა. ებოტი პროექტს და თავის თავს სხვადასხვა ჟურნალებთან თანამშრომლობით ინახავდა. 1934 წელს, სოციალური კვლევების ახალი სკოლიდან მიიღო შეთავაზება წაეკითხა ფოტოგრაფიის კურსი. ის ამ წინადადებას დათანხმდა. ეს სამსახური გახდა მისი შემოსავლების მთავრი წყარო. ამავე წელს მოეწყო ებოტის "ნიუ იორკული ფოტოების" პირველი გამოფენა. ფოტოების ქალაქის მთავრ მუზეუმში გამოფენამ საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიპყრო და ებოტს პროექტის დაფიანანსების მოპოვებაშიც დაეხმარა.






















1935 წელს ებოტმა დაფინანსების თხოვნით მიმართა ფონდს "Federal Arts Project", საიდანაც ამავე წლის სექტემბერსში დაფინანსდა. დაფინანსებასთან ერთად ის პროექტის სუპერვაიზორიც გახდა და მცირე სამუშაო ჯგუფის შექმნის საშუალება მიეცა. როგორც იქნა პროექტმა "Changing New York" მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. ფოტოები დაბეჭდეს ჟურნალებმა: "U.S. Camera", "Popular Photography", "The Coronet". 1937 წლის დეკემბერში ქალაქის მუზეუმმა კიდევ ერთ დიდ და წარმატებულ გამოფენას უმასპინძლა. 1938 წელს ებოტმა პროექტისთვის ბოლო ფოტოები გადაიღო და ჩამოქვეითდა პროექტის სუპერვაიზორის ასისტენტის პოზიციაზე. 1939 წელს კი გუნდიც დაკარგა. მას ფონდში  რიგითი ფოტოგრაფის პოზიცია შესთავაზეს, თუმცა ბერენისმა  დამოუკიდებლად მუშაობა არჩია და ფონდი მიატოვა.

ცოტა მოგვიანებით, 1939 წელს ებოტმა დაწერა მცირე ჩანაწერი საკუთარი თავისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა ეხელმძღვანელა ფოტო კარიერისთვის შემდეგი 20 წლის მანძილზე. მას სჯეროდა, რომ "ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შექმნილია მეცნიერებისგან" და რომ ფოტოგრაფიას შეუძლია იყოს მედიატორი მეცნიერებასა და პიროვნებას შორის, რათა მოახდინოს ცხადი განმარტება თუ როგორ აკონტროლებს და ამუშავებს ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას.

მალე ებოტმა დაიწყო ექსპერიმენტები მეცნიერული ფოტოგრაფიის გარშემო და 1944 წელს ის გახდა ჟურნალ " Science Illustrated" ფოტო-რედაქტორი და მიუხედავად იმისა, რომ მან ეს სამსახური 2 წელიწადში მიატოვა, კვლავ განაგრძობდა მეცნიერული ფენომენების ფოტოგრაფირებას. მისი ილუსტრაციები 1948 წელს დაიბეჭდა წიგნში "American High School Biology". მისივე ფოტოები აძლევდა მას ინსპირაციას განევითარებინა ახალი ფოტო ტექნიკა, განათების მეთოდები და ხერხები. ებოტი 1947 წელს შეუერთდა "ფოტოგრაფიის სახლს" რათა უკეთ დაეხვეწა და გაეპიარებინა მისი ფოტოგრაფიული გამოგონებები. მიუხედავად ხშირი ფინანსური კრახისა ეს კამპანია 1959 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც ებოტმა 4 გამოგონება დააპატენტა.


ებოტი განაგრძობდა მუშაობას სამეცნიერო ფოტოგრაფიაში, თუმცა მისი რეპუტაციაც და ფინანსებიც თანდათან ეცემოდა. კრიზისი 1957 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს რუსების მიერ კოსმოსში გაშვებულმა თანამგზავრმა ამერიკაში ნაციონალური ვნაბათაღელვა გამოიწვია. ებოტი ფიზიკური მეცნიერებების სასწავლო კომიტეტმა დაიქირავა  ახალი წიგნების საილუსტრაციოდ. მისი ფოტოები კვლავ მოხვდა ნაციონალურ და უცხოურ ჟურნალებში. ასევე მოეწყო მისი სამეცნიერო ფოტების გამოფენა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1960 წელს ებოტი გამოჩნდა ტელევიზორში გადაცემით " კამერა ეძებს მეცნიერებას", "Smithsonian Institution"-მა კი სრულად შეიძინა მისი სამეცნიერო ფოტო არქივი.










ებოტის ფოტოები ხშირად იყოფა სამ ჯგუფად - პორტრეტები, ნიუ-იორკი და სამეცნიერო ფოტოები. ამას გარდა, ის ამერიკის ლანდშაფტებსაც იღებდა. ჰენრი ჰიჩკოკის მითითებით მან იმოგზაურა ამერიკაში და გადაიღო სამოქალაქო ომამდელი შენობები და ასევე არქიტექტორ ჰენრი რიჩარდსონის ნამუშევრები. 1943 წელს ებოტმა გადაიღო "Red Rock Logging Company"-ს მუშაობა კალიფორნიაში და 1948-ში გამოსცა მისი მეორე წიგნი "Greenwich Village: Today & Yesterday". 1966 წელს მას დაუკვეთეს ფოტო-გიდის შექმნა მეინის შტატისთვის. ფოტოგრაფმა თავიდან აირიდა სტანდარტული გიდ-წიგნების ფორმატი და მისი კამერის ფოკუსირება მოახდინა შტატის მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე და ინდუსტრიალიზაციის პროცესზე.



მისი ცხოვრების განმავლობაში ებოტი ხშირად წერდა ბუნების და ფოტოგრაფიის შესახებ. ებოტის ფოტოგრაფია სიმბოლურად განასახიერებდა ფოტოგრაფის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. თითქმის 70 წლის მანძილზე ის იღებდა ყოველდღიური ცხოვრების ცვალებად ხასიათს. მან გამოძერწა თანამედროვე რეალიზმის ესთეტიურობა - არეკლილი ამერიკული ცხოვრების სცენებიდან და ფოტოგრაფიით დახატა მეოცე საუკუნის არსი.

Richard Haw.
გიო ბეჟანიშვილის თარგმანი

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...