Wednesday, November 26, 2014

ჩემი პატარა 1 წლისაა

დაბადების თარიღი - 26.11.2013
დაბადების ადგილი - ტაილანდი
წონა - 780 გ

კარგად მახსოვს მისი დაბადება, როგორ მოევლინა ის ამქვეყანას. ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ ამ პროცესში, ისინი ვინც მუდამ მეხმარებიან, ჩემი პატარის მოვლასა და "ჩაცმაში". დაიბადა სულ ციცქნა, თუმცა პირველივე წუთიდან ის უკვე მზად იყო გაეგო ჩემთვის და მეც მივხვდი რომ ის იყო "ის", რასაც მე ამდენხანს ვეძებდი, რასაც მე ასე ველოდი. ჩვენ ძალიან მალე გავიცანით ერთმანეთი და ავიდგით ფეხი. ახლა რომ მახსენდება, მეცინება. მანამდეც მქონია ურთიერთობა ჩემი მეგობრების თუ სხვათა "პატარებთან", მიხაროდა მათთან ურთიერთობა და თამაში, მაგრამ როგორც კი შენი გამოჩნდება იმწამიდან გავიწყებს ყველას და ყველაფერს. შენი მაინც შენია.


მოკლედ თუ აქამდე ვერ მიხვდით რომელ "პატარაზე" ვსაუბრობ, გეტყვით, რომ დღეს არა ჩემი შვილის, არამედ ჩემი კამერის - Nikon D7000-ის დაბადების დღეა.

ჩემი კამერებთან ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, თუმცა მათგან ყველა არ ყოფილა ციფრული და არც ასეთი დახვეწილი როგორიც ეს. კამერის შეძენის სურვილი დიდხანს მქონდა და გასულ წელს ჩემი მეგობრების ბექა ცალანისა და ალექს ლაზარიაშვილის დახმარებით ავიხდინე. ამ კამერაზე თავიდანვე დიდ იმედებს ვამყარებდი. შემეძლო იგივე თანხით მანქანაც კი მეყიდა, მაგრამ მე ფოტოკამერა ავირჩიე. 

ამ მცირე პოსტში მინდა თავი მოვუყარო და შევაჯამო ის ძირითადი მოვლენები და პროექტები, რომლებიც მე და "ჩემმა" პატარამ ერთად ჩავატარეთ თუ განვახორციელეთ. 

მისი შეძენიდან სულ მალე დავიწყე რაღაცეების გადაღება. პირველი პროდუქტი ახალი წლის ღამეს დავდეთ

https://www.youtube.com/watch?v=_pv_y-fEKBk


სულ მალე ჩავერთეთ "კახეთის სამოქალაქო ლიგის" პროექტში  და გადავიღეთ ოთხი საინტერესო და ერთმანეთისგან განსხვავებული ფილმები:

https://www.youtube.com/watch?v=ahv24-WwiMA

https://www.youtube.com/watch?v=ThFy_G9Vtk0

https://www.youtube.com/watch?v=3hoEGsKRAFs

https://www.youtube.com/watch?v=DwYhr9bgelw&spfreload=10

ბოლო ფილმი რეკორდსმენი აღმოჩნდა და სულ მალე მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტ სივრცეში და ამჟამად, პოსტის დაწერისას ის უკვე 102,412 ნახვაზეა ასული.

ფილმებთან ერთად გადავიღეთ მუსიკალური ვიდეოკლიპი ფილმ "საძმოს" საუნდტრეკზე.

https://www.youtube.com/watch?v=2DYtT_tQS64

გარდა ფილმებზე მუშაობისა, მე და ჩემი "პატარა" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ვუკითხავდით კურსს "ფოტოჟურნალისტიკაში" და ვაცნობდით იმ საოცარ სამყაროს რომელსაც ფოტოგრაფია ქვია.

ვიდეო გადაღებებსა და საგანმანათლებლო საქმიანობას შორის ვასწრებდით ფოტოებიც გადაგვეღო.



                                             

                                             


მაისში ახალი პროექტიც გამოჩნდა, რომელიც მე და ჩემმა კამერამ ლევან დვალთან ერთად გადავიღეთ. ეს არის კლიპი "Happy from Telavi", რომელიც ლევანის ქენონთან ერთად, ჩემი "პატარას" ლინზითაც შეიქმნა. 

https://www.youtube.com/watch?v=3K7mgZDKr0M

ამავდროულად გადავიღეთ "ნინუცას სიურპრიზების"  სამი სერიაც.

https://www.youtube.com/watch?v=4kQjJAUQDsU

მე და ჩემი პატარა ვცდილობდით არ გამოგვრჩენოდა ქალაქის ცხოვრების საინტერესო დეტალები. გადაგვეღო ქალაქის ურბანული პორტრეტები.







მე და ჩემმა "პატარამ" ერთად გადავიღეთ ფილმი თელავის უნივერსიტეტის პროფესორ, ელგუჯა მამუკელაშვილზე.

https://www.youtube.com/watch?v=NnhRV1xvKYA&list=UUs9WEsddaaG-wXHC1Y-DOCw

ივლისიდან ჩემს კამერასთან ერთად დავიწყე გვერდ "უცხოგრაფის" გააქტიურება ფეისბუქზე. სწორედ ჩემს "პატარასთან" ერთად შევქმენი ყველა ის ფოტო, რომლითაც დღეს მე როგორც ფოტოგრაფს ხალხი მიცნობს. სწორედ მისმა მეხსიერებამ შემოინახა და აღწერა ჩემი თუ ჩემი მეგობრების ერთი წლის ცხოვრება.

სწორედ მან შეცვალა ჩემი ცხოვრება და მათქმევინა უარი ოფიციალურ სამსახურებზე. გამოვიდა, რომ მე მას მივენდე და ის მე. უკვე ორი თვეა მე და ჩემი "პატარა" პატარ-პატარა შემოქმედებით პროცესებში "ვიწვებით". უკვე ორი თვეა კომერციულ ფოტოგრაფიაში შევაბიჯეთ და მას ჯერ არასდროს უღალატია. მეც მის ასეთ თავდადებას ვაფასებ და ვზრუნავ მასზე. ვყიდულობ მისთვის სხვადასხვა აქსესუარებს თუ ძვირაფას საჩუქრებს. დღეს მე და "პატარა" სიამაყით ვუყურებთ განვლილ საინტერესო ერთ წელს და საუცხოო მომავალს ვგეგმავთ.

კეთილი სურვილებით - მომავალ შეხვედრამდე!


Thursday, November 20, 2014

აქა ამბავი ქველმოქმედებისა!

გამარჯობა.

დღევანდელ პოსტში ფოტოგრაფიაზე ნაკლებად ვისაუბრებ, დღეს საუბარი შეეხება ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას  - თანაგრძნობას. აბსტრაქტულ საუბარს არ დავიწყებ, პირდაპირ გეტყვით დღეს იყო აქცია და ძალიან მაგრად ჩაიარა!

ეს ყველას დამსახურებაა: ორგანიზატორების, შემსრულებლების, მაყურებლის!

ლევან დვალის ფოტო

"ქველმოქმედება" მრავალფეროვანი სიტყვაა და დღეს ძირითადად პოლიტიკოსებისა თუ საზოგადო მოღვაწეების მხრიდან პიარისთვის და ბრტყელ-ბრტყელების სალაპარაკოდ გამოიყენება. დიდი კონცერტები, შოუ პროგრამები, "კრეატიული" აქციები, ხშირად გვინახავს ტელევიზიის საშუალებით (ძირითადად არჩევნების წინ ან საახალწლოდ). ასეთ დროს სულ მისტერ პიტკინის ერთ-ერთი ფილმი მახსენდება. საქველმოქმედო ბალ-მასკარადია. დიდიებულები შეკრებილან და მიდის მხიარულება, თან პირდაპირი ტრანსლაციაა. პიტკინს უნდა რომ კადრში მოხვდეს, რათა სავადმყოფოში მწოლიარე პატარა მეგობარი გაახაროს. "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" კი ხელს უშლიან, ბოლოს ისევე როგორც პიტკინის ყველა ფილმში ის ყველაფერს თავზე დაიმხობს. მასა აღშფოთებულია ის კი ასეთ სიტყვებს ამბობს: განა აუცილებელია ამხელა შოუ და ტაკიმასხარობა, სასმელი და საღამოს კაბები. თუ დახმარება გინდათ ადექით და გაიღეთ რაც გაქვთ და დაეხმარეთო. ამ სცენას მოსდევს ბრილიანტების და ძვირფასეულობის ცვენა და ერთ გორად შეგროვება... ჩემი აზრით ქველმოქმედებას სულაც არ ჭირდება განსაკუთრებული დაგეგმა, აწეული თავები და კამერების ცვენა (თუმცა დღესაც ბევრი კამერა შეგროვდა აქციაზე). ქველმოქმდება და სიკეთე ჯობია უჩუმრად და გულღიად გავაკეთოთ. ეს ჩემი აზრია. შეიძლება დიდი თანხის შესაგროვებლად დიდი აქციები და პომპეზურობაა საჭირო, ოკ - თანახმა ვარ, მაგრამ ამ ყველაფრის ერთ დიდ მარაზმად გადაქცევას ვერ მივესალმები. აი ის რომ იციან ხოლმე: ჯერ კამერებს რო შეუშვებენ სახლებში და მერე რომ შედიან დახუნძლული კალათებით და ისეთი სახეებით თითქოს ყოველდღე ქველმოქმედებას ჩადიოდნენ. მოკლედ პოლიტიკოსების მხრიდან ქველმოქმედების როგორც პიარ სვლის გამოყენების დიდი წინააღმდეგი ვარ.

დავუბრუნდეთ დღევანდელ აქციას.

CHCHX Production-ის ფოტო
დღეს ჩვენთანაც ბევრი კამერა მოგროვდა, არა იმიტომ რომ ჩვენ დავპატიჟეთ, არამედ იმიტომ რომ აქცია ფაქტიურად ფოტოგრაფების ორგანიზებული იყო. პრესამ კი სრულიად შემთხვევით გზაში შეიტყო, როდესაც ჩემგან სულ სხვა თემაზე (ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე) დღეს ინტერვიუს იღებდა.

დღევანდელი აქცია ძალიან უბრალოდ და მარტივად პირდაპირ ქუჩაში და ტროტუარზე მოეწყო. მთავარი "იარაღი" კი მუსიკა იყო. მუსიკა, რომლის მოსმენასაც ქართველები ძირითადად რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზებში არიან მიჩვეულნი.

სოფო ჯანდიერის ფოტო
ამიტომ იყო ის დაახლოებით 10-15 წუთიანი კულტურული შოკი, რაც დასაწყისისას მოხდა. ხალხმა ქუჩაში გაშლილი გიტარის ჩიხოლი და მომღერლები რომ დაინახა სრულიად დაიბნა და იმის ნაცვლად რომ თანხა გაეღოთ ქველმოქმედებისათვის, პირიქით ერთი ტროტუარიდან მოერეზე გადსვლა დაიწყეს. თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა და ჩვენც სულ სხვა ხალისი შევიძინეთ. ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ ამ "შეშინებული" და "დაბნეული" ხალხის ფონზე პირველი ქაღალდის 5 ლარიანი ისედაც გაჭირვებულმა მარიმ ჩაგვიგდო. მარის უკვე მთელი თელავი იცნობს. მის შესახებ აღარ მოვყვები. ამ საოცარი სცენის შემხედვარეთ ჩვენც მუხტი გაგვიასმაგდა და შეცდომების მიუხედავად (რომელსაც ძირითადად მე ვუშვებდი - დაკვრასა თუ სიმღერაში) უფრო მაგრად გავაგრძელეთ სიმღერა.

სოფო ჯანდიერის ფოტო
შემდეგ ნელ-ნელა ხალხიც გააქტიურდა, ზოგი უბრალოდ ჩაივლიდა ჩაყრიდა თანხას, ზოგიც ჩერდებოდა- გვისმენდა, გვიღებდა სურათებს. ეს იყო სრულიად ახალი ხილი ამ პატარა (და ჩემი აზრით ჩაკეტილი) ქალაქისთვის. ის კი არა გურამს ("მუსიკის ქალაქის" გიტარისტს) ისიც კი კითხეს აქაც დაიწყე მუშაობაო (თანაც სერიოზულად) არადა დიდი ასოებით ეწერა ფურცელზე რომ ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გროვდებოდა.

ლევან დვალის ფოტო
ახლა ორიოდ სიტყვა იდეაზე.

რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეუღლემ მომიყვა ოჯახზე და მათ გასაჭირზე, სადაც შემთხვევით მოხვდა. მაშინვე დავიწყეთ ფიქრი რა და როგორ გაგვეკეთებინა რომ დავხმარებოდით. შემდეგ ეს იდეაც დაიბადა და გადავწყვიტე აქციის ჩატარება. ვუთხარი ლევან დვალს და გიორგი ჩეკურიშვილს, ია ძამუკაშვილს და გურამ სულხანიშვილს, ლევან ზაალიშვილს და დავაანონსეთ ფეისბუქით. ეს იყო ერთგვარი ტესტიც და ქალაქის გამოცდა. რამდენად სწორად მიიღებდა ქალაქი ასეთი ფორმის საქველმოქმედო აქციას და ჩემი აზრით ეს გამოცდა მაინც სწორად ჩააბარა ამ ქალაქმა.

ლევან დვალის ფოტო
მართალია აქციაში უფრო მეტად ჩვენივე მეგობრები ჩაერთვნენ და თანხის ძირითადი ნაწილი მათ გაიღეს, მაგრამ იყვენენ ბევრი შემთხვევითი გამვლელიც ვინც ორიოდ თეთრი ამოიღო ისედაც გაჭირვებული ჯიბიდან და გაუგზავნა სხვას. გაუგზავნა ანუ გააზიარა. ანუ თანაგრძნობა გამოუცხადა, არადა ზოგს შეიძლება უარესი გაჭირვებაც ქონოდათ ოჯახში, მაგრამ მაინც გაიღეს თანხა. ჩვენც ჩვენის მხრივ რაც შეგვეძლო ვიმღერეთ და სიამოვნება მივანიჭეთ ყველა მათგანს.

საბოლოო ჯამში ერთ საათში 80 ლარამდე მოვაგროვეთ . . .

ბევრი ჩემი მეგობარი ამდენსაც არ ელოდა. ზოგს გაუკვირდა, ზოგს გაუხარდა, ყველაზე მეტად კი იმ ოჯახს გაუხარდება ვისაც ამ თანხით ხვალ შეშას ვუყიდით და მივუტანთ. აქვე დავძენ აქცია არ დამთავრებულა. ვფიქრობ ქუჩის მუსიკა ეფექტური საქველმოქმედო კამპანიისთვის ძალიან საინტერესო და ახალი ფორმაა. ამიტომ ყველა მომღერალს თუ ხელოვანს მოვუწოდებ გამოვიდნენ ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას (კამერებითა თუ კამერების გარაეშე) და ერთი საათი დაუთმონ რომელიმე გაჭირვებული ოჯახისათვის თანხის შეგროვებას. ჩვენ კი იმხელა სტიმული მივიღეთ უკვე შემდეგ აქციაზე ვფიქრობთ და ვგეგმავთ. ახლა სხვა ოჯახს ავირჩევთ, მათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და მათთვის ვიმღერებთ. იმედია, მალე სხვა არტისტებიც შემოგვიერთდებიან და უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით.

სოფო ჯანდიერის ფოტო
ამ ამაღლებულ ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ და ყველას დიდი მადლობა მოგიხადოთ ვინც ფიზიკურად თუ ვირტუალურად (სოც. ქსელების საშუალებით თუნდაც) ჩვენს გვერდით იდექით :*

მადლობა ყველა გულშემატკივარსა და მონაწილეს!

დიდება ქუჩის მუსიკას! 




Tuesday, November 18, 2014

როდის და რატომ უნდა დავპატიჟოთ ქორწილში უცხო ?

გამარჯობა!

ალბათ მოგეხსენებათ უცხოგრაფი ივენთფოტოგრაფიის კომერციულ ხაზს კარგა ხანია რაც მისდევს. სხვადასხვა სახის ივენთებს ვიღებ და ივენთიდან ივენთამდე დროში სულ ვფიქრობ ქორწილებზე. ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ივენთზე ამ სფეროში.


როდის უნდა დაუძახოთ ქორწილის გადასაღებად "უცხოგრაფს"?

ქორწილის გადაღება საქართველოში ხშირ შემთხვევაში ისევე ქაოტურად ხდება, როგორც თავად ქორწილის ორგანიზება. იმისათვის, რომ ამ ლამაზი დღის (რომელიც იდეაში აღარც უნდა განმეორდეს მეორედ) ფოტოზე აღბეჭვდა მაღალი ხარისხით მოხდეს, აუცილებელია დრო და კიდევ ერთხელ დრო. ვიცი ყველა სტუდიას ამ ივენთზე საკუთარი თაიმ მენეჯმენტი გააჩნია, მაგრამ ჩემი ხაზი, რომლის დამკვიდრებასაც ვგეგმავ (ინოვაციები უცხოსგან!) და რომელიც ევროპასა თუ ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია მთლიანად დამოკიდებულია დროზე.

ლევან დვალის ფოტო
აი რას გთავაზობთ მე:

Pre-Wedding Shootings (ფოტოსესია ქორწილამდე)

ქორწილამდე ფოტოსესია აპრობირებული მეთოდია დასავლეთში. აი მიზეზები იმის თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

ა) ფოტოგრაფი ახლოს ეცნობა წყვილს.

ხშირად ქორწილის დღემდე ფოტოგრაფს და ნეფე-პატარძალს ერთამანეთი არც კი უნახავთ. აქვე იკითხავთ - და რა საჭიროაო? ჩემი აზრით ეს აუცილებელია. დღე, როდესაც წყვილი (ნებსით თუ უნებლიედ) ძალიან ღელავენ და ხშირად მღელვარებისგან ნერვულად იცინიან არ შეიძლება დაძაბოს უცხო ადამიანის (ამ შემთხვევაში ფოტოგრაფის) კულისებს მიღმა გამოჩენამ. ვგულისხმობ რა იმ შიდა სამზარეულოს რაც თან ახლავს ქორწილის ხშირად ქაოტურ დღეს. ასეთ დროს ისედაც დაძაბული პატარძალი უფრო იძაბება. სასიძოც უფრო მეტად უმატებს მღელვარებას (თან თუ კამერასთან ურთიერთობის გამოცდილება არასოდეს ქონია). ეს მუხტი კი ხშირად ფოტოგრაფსაც გადაედება ხოლმე, რომელიც თავის მხრივ კონცენტრაციას ვერ ახდენს გადაღების დროს. ასეთ დაძაბულ გარემოში მუშაობა მაღალი დონის პროფესიონალებსაც კი უჭირთ.  ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ქორწილის დღის გადაღებამდე წყვილი ერთხელ უკვე იყო ფოტოგრაფთან ერთად ფოტოსესიაზე. ერთად დალიეს ყავა, ისაუბრეს და შემდეგ სხვადასხვა საინტერესო ადგილები მოინახულეს. გადაიღეს უამრავი სურათი და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ასეთი სესიის შემდეგ ქორწილში მისულ (უკვე შინაურ) ფოტოგრაფს წყვილიც გახსნილი და თავისუფალი ხვდება. შესაბამისად ის ნერვული ფონი, რაც ასე ხშირად გასდევს ხოლმე საქორწინო ალბომების თითქმის ყველა ფოტოს, საერთოდ მოხსნილია.

ბ) ფოტოგრაფი ადგენს გადასაღებ სისტემას

ქორწილში მისულ ფოტოგრაფს, რომელსაც მანამდე მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა წყვილი, ხშირად ხვდება მოულოდნელობა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მით უფრო ფოტოში. ზოგი ფოტოგენურია (ასეთ წყვილთან მუშაობა ექსპრომტადაც ადვილია), ზოგი კი არაფოტოგენური (თუმცა ყველას უნდა რომ ქონდეს საუკეთესო სურათები - აი ისეთი მათ მეზობლებს და მეგობრებს რომ აქვთ). ზოგს მარჯვენა პროფილიდან გადაღება უხდება, ზოგს კი ოდნავ თავდახრილს გამოსდის საუკეთესო სურათები. ამით იმის თქმა მინდა რომ ქორწილამდე ფოტოსესია საშუალებას აძლევს ფოტოგრაფს მშვიდად და აუღელვებლად შეისწავლოს მისი გადაღების ობიექტების სახისმოყვანილობა, ნაკვთები, ჟესტები, მიმიკები. გაარკვიოს ვის უხდება ღიმილი და ვის არა. ვის როგორი და რანაირი კუთხიდან უნდა გადაუღოს, რომ მიიღოს საუკეთესო ფოტოები, ფოტოები რომლებშიც მან გასამჯელო უნდა აიღოს. გასამჯელოს კი დაუმსახურებლად ალბათ არცერთი პროფესიონალი ადამიანი არ დათანხმდება (მე არ დავთანხმდებოდი). ფოტოსესიის შემდეგ ფოტოგრაფს წინ მთელი კვირა ან თუნდაც თვე აქვს, რათა დამშვიდებულმა გადახედოს თავის კომპიუტერში და გამოიტანოს დასკვნები თუ სამომავლო რეკომენდაციები, რომელთაც უკვე ქორწილის დღეს გამოიყენებს. ასეთი დალაგებული და დამშვიდებულ-დაგეგმილი ხედვით სულ სხვანაირი ფოტოები მიიღება და ორივე მხარეც კმაყოფილი რჩება, დასასრულს.

გ) ქორწილამდე ფოტოსესიის საუკეთესო სურათები ფოტოალბომში ხვდება

სესიაზე ფოტოგრაფმა შეიძლება 100-200 სურათიც გადაიღოს, მათგან საუკეთესოებს წყვილთან ერთად ამოარჩევს, დაამუშავებს და უკვე ქორწილში გადაღებულ ფოტოებს დაუმატებს ციფრულსა თუ ბეჭდურ ფოტოალბომში. ეს ალბომსაც გაამდიდრებს და ფოტოებსაც უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ესაა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქორწილამდე ფოტოსესიას იღებენ ევროპასა და ამერიკაში. სამწუხაროდ მე პირადად არცერთი სტუდიისგან არ მსმენია მსგავსი სერვისისა თუ შეთავაზების შესახებ. არადა, ჩემის ღრმა რწმენით ეს აუცილებელია. ამიტომ ქორწილს სესიის გარეშე უცხოგრაფი არ გადაიღებს -  ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ერთი თვით ადრე მაინც იცით რომ ჯვარს იწერთ და მე გჭირდებით, ზარი დროულად უნდა განახორციელოთ და საქმეც იდეალურად იქნება ;)

შენიშვნა: ვიცი პოსტის წაკითხვის შემდეგ ბევრი დააქავერებს და დააკოპირებს ამ სერვისს (წაიღონ, არც მაქვს საავტორო უფლებები), მაგრამ გვახსოვდეს ეს საინტერესო ინოვაცია ვისგან წამოვიდა :*


რატომ უნდა დაუძახოთ ქორწილის გადასაღებად უცხოგრაფს?

ყველა სტუდიასა თუ ინდივიდუალურ ფოტოგრაფს საკუთარი პლუსები აქვს (მინუსებთან ერთად:) ). აი ჩემები თუ რატომ უნდა მომანდოთ თქვენი ქორწილის გადაღება მე:

ა) სტაჟი და პროფესიონალიზმი - ზოგადი ცნებებია ვიცი, მაგრამ მაინც დავძენ, რომ 6 წლიანი DSLR კამერებთან მუშაობის გამოცდილება და ის ცოდნა რასაც თეორიულად თუ პრაქტიკულად ვაგროვებ, მაძლევს საშუალებას ავიღო პასუხისმგებლობა ასეთი მნიშვნელოვანი დღის გადასაღებად.

ბ) მუშაობა RAW ფორმატში - ალბათ მცირედს თქვენთაგან თუ სმენია რა არის RAW ფორმატი და რატომაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფორმატით მუშაობა ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ალბათ ერთ დღეს თავად ფორმატის შესახებ ცალკე პოსტს დავწერ. ამ შემთხვევაში კი გეტყვით რომ ფოტოს დამუშავების ზღვა საშუალებას იძლევა ეს ფორმატი და თითქმის ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება შეიძლება, რაც გადაღებისას წარმოიშვა.
მოკლედ, პროფესიონალები მუშაობენ RAW-ში.

გ) ულიმიტო ფოტო გადაღება - არ მიყვარს როცა ფოტოგრაფები თავს იზღუდავენ ფოტოების რაოდენობაში. არც წინასწარ ფოტოების რაოდენობაზე შეთანხმება მჩვევია და არც შემდეგ ჩარჩოებში მოქცევა. საღამოს ვიღებ გაუთავებლად და შემდეგ იმ 1000 თუ 2000 ფოტოდან საუკეთესოებს ( ზოგჯერ 1000-სს ან სულაც უფრო მეტს) დამუშავებული სახით ვაწვდი წყვილს.

შენიშვნა: უნებისყოფო და მოუთმენელი წყვილები ნუ გამომეხმაურებით. ფოტოების ჩაბარების დედლაინი ჩემთან: 10-დან 20 დღემდე მერყეობს. თუ ვინმეს ფოტოები ქორწილიდან მეორე დღესვე უნდა - ჯობია სხვა ფოტოგრაფი მიიწვიოს.

ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს შეიძლება კიდევ აკლია რაღაც, დანარჩენს შემდეგ "საქორწინო" პოსტებში დავწერ.

წარმატებები ;)
მომავალ შეხვედრამდე :*

Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00








Sunday, November 2, 2014

Love Is . . . - ახალი ფოტოპროექტი

გამარჯობა!
დიდი ხანია ვაპირებდი ახალი ფოტო პროექტის დაწყებას. თუმცა არ ვჩქარობდი, იდეებს ვალაგებდი და ერთ მშვენიერ დღეს მოვიფიქრე ოჯახებისა და შეყვარებული წყვილების გადაღება. თუმცა საოჯახო პორტრეტები ძალიან ცარიელი მეჩვენა. თავს ძალას ვატანდი და ვცდილობდი რამე "უცხო სურნელიც" დამემატებინა ამ იდეისთვის. ევრიკა! აღმომხდა, როცა შემთხვევით ჩემს შვილს "ლოვეს" კევი ვუყიდე და იქიდან ამოსული სასიყვარულო სკეჩი დავინახე. აიიიი რაააას ვიზააავ! ჩავილაპარაკე და შემდეგნაირად დავაწყვე პროექტი:

პრე-პროდაქშენი

გავავრცელებ ინფოს პროექტის შესახებ. მოვძებნი 50-70 მოხალისეს (ოჯახს, წყვილს, მეგობრებს). შევათანხმებ მათთან ფოტოს სიუჟეტს, ლოკაციას, გადაღების თარიღს.

გადაღება

გადაღებისას შერჩეული გვექნება კონკრეტული კომიქსი საიტიდან http://loveiscomix.com/. კომიქსს თითქმის ანალოგიურად დავდგავთ ფოტოში და გადავიღებ. გადაღება მოხდება წინასწარ შერჩეულ ადგილზე.

პოსტ-პროდაქშენი

 ყველა გადაღებულ ფოტოს თან დავურთავ სერიის სახელს ზედა მხარეში და ფოტოსიუჟეტის ტექსტს ძირში. ყველა ფოტო დამუშავდება ერთი და იგივე ეფექტებისა და ფოტოპროგრამების გამოყენებით, რომ მაქსიმალურად ერთნაირი ტონი და ხასიათი გასდევდეს მთელ კოლექციას.

რეალიზაცია

ფოტოები ეტაპობრივად განთავსდება გვერდზე - ttps://www.facebook.com/Utskhography  პროექტის დასრულების შემდეგ კი მოვიძიებ სპონსორს, ვინც 50-70 ფოტოს დაბეჭვდას დამიფინანსებს და გამოფენას მოვაწყობ.

LOVE IS . . .
ამ სახელით მცირე სიუჟეტური სკეჩების ჩახატვა ახალზელანდიელმა მხატვარმა კიმ კასალიმ ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო. ჩანახატები პირველად 1970 წელს დაიბეჭდა "კიმ"-ის ფსევდონიმით. კიმის ყველაზე ცნობილი ჩანახატი " Love Is . . . Being able to say you are sorry" დღემდე იბეჭდება მსოფლიო მაშტაბით სუვენირებსა თუ ღია ბარათებზე.

პროექტით დაინტერესებულებმა შემეხმიანეთ - https://www.facebook.com/Utskhography
მადლობა ყურადღებისთვის :*
შეხვედრამდე

 

ერთი ფოტოს ანალიზი - ‘Saturn’s rings’ (c.1984), NASA

‘Saturn’s rings’ (c.1984), NASA
დრამატული, შთამბეჭდავი და ლამაზია არა? მაგრამ შეუძლია კი მას გვესაუბროს ფოტოგრაფიაზე? თქვენ წარმოიდგინეთ, შეუძლია! ეს ფოტო გვაიძულებს ვიფიქროთ ავტორზე, შესაძლებლობებზე, რეალობასა და საავტორო უფლებებზე.

მოდი საუბარი საავტორო უფლებებით დავიწყოთ. აშშ-ს მთავრობას სანაქებო დამოკიდებულება აქვს იმ ფოტოების საავტორო უფლებების მიმართ, რომლებსაც ფლობენ საჯაროდ დაფინანსებული ორგანიზაციები, როგორიცაა NASA: ბევრი გამოცემისათვის საერთოდ არ არსებობს აკრძალვები ან სპეციალური გადასახადი. თუ პროექტი საზოგადოების გადასახადებით ფინანსდება - რასაც ის აწარმოებს, ყველაფერი საზოგადოების კუთვნილებაა.

რაც შეეხება რეალობას, ცალსახად უნდა ითქვას რომ ფოტო რელობას აცდენილია. ნუ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, სატურნის რკალები შეუიარაღებელი თვალით ასე სულაც არ გამოიყურება. ფოტოში ფერები შემდეგ დაამატეს. რომ ჩავუფიქრდეთ ეს არაკეთილსინდისიერი საქციელია. თუმცა, ადარდებს კი ეს ვინმეს? თუ ფოტო ჩვენზე საოცარ ეფექტს და შთაბეჭდილებას ახდენს, და თანაც დაფუძვნებულია რეალობაზე, მაგრამ მთლად რეალობაც არაა; თუ გაკვირვებას შეუძლია გადალახოს მათი ღაღადი, ვინც უარყოფს, რომ კაცობრიობის მომავალი და არსებობა სწორედ რომ შორეულ კოსმოსურ-ფრენებს უკავშირდება; მაშინ შედეგმა შეიძლება გაამართლოს საშუალება. და ბოლოს, ეს ყველაფერი მეცნიერებაცაა ხელოვნებასთან ერთად.

ახლა ვისაუბროთ შესაძლებლობებზე. ძალიან მცირე ჩვენთაგანს თუ დაუნახავს როგორ გამოიყურებიან სატურნის რკალები ახლოდან,  კოსმოსური ხომალდიდან. მაშ, რაღას აკეთებს ეს სურათი გამოცემაში სახელად " მოყვარული ფოტოგრაფი"? პასუხი მარტივია. "მოყვარული" მუშაობს სიყვარულით იმ საქმის მიმართ, რასაც ის აკეთებს. ისინი ვინც სპეციალური ხელსაწყოები აიტანა რათა ეს ფოტო გადაეღო სწორედაც რომ  "მოყვარულები" იყვნენ. მოყვარულები კოსმოსური-ფრენის და ფოტოგრაფიის. ყველა ჩვენთაგანი ვეჭიდებით იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს ცხოვრება გვთავაზობს.

და ბოლოს, ავტორობა. თუ ველური ბუნების ფოტოგრაფი მოაწყობს კამერას ისე, რომ მექანიზმი ვეფხვის გავლისას  გადაიღებს ფოტოს, ავტორი მართლაც  ფოტოგრაფი გამოდის, და არა ვეფხვი. მაგრამ შეიძლება კი ფოტოს ავტორობა იყოს განზოგადებული? თუ ასმა ან სულაც ათასმა ფოტოგრაფმა მოაწყო აპარატურა ხომალდზე რომ ფოტო გადაეღოთ, ასეთ შემთხვევაში ავტორობა გუნდურად იყოფა?  ან, სულაც ყველა იმ ადამიანზე ვინც ზოგადად ამ პროექტში მუშაობს? ან იქნებ დედამიწის ყველა მკვიდრზე?

და ბოლოს მოდი ასეთ მაგალითს დავაკვირდეთ. თუ მაიმუნი უღებს თავის თავს სურათს, და ეს ერთი კარგი ფოტოგრაფის დამსახურებაა, რომელმაც მას ამის ნიადაგი შეუქმნა, მაშინ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ სურათი ან მაიმუნს უნდა ეკუთვნოდეს, ან ფოტოგრაფს. და არა ყველა ადამიანს დედამიწაზე.

ავტორი: როჯერ ჰიქსი
ჟურნალიდან: "Amateur Photographer"
თარგმნა გიო ბეჟანიშვილმა


 

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...