Monday, December 8, 2014

ჩემი პირველი მერცხლები ანუ აქა ამბავი Pre-Wedding Shooting-ისა

ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: "ვერ გაიგებენ, საქართველოა", "არა, მე კი მესმის მარა, ხო იცი თელავია", "ეეეჰ ვერა ძმაო აქ არ არის მაგის კულტურა", "დამიჯერე აზრი არ აქვს", "ისე ქენი როგორც მასას (ან მამას) უნდა" და ა.შ. რა საკითხზეც არ უნდა მქონდეს საუბარი - საყურის ტარებიდან დაწყებული ფოტოგრაფიის თემებით დამთავრებული სულ ერთიდაიგივე სტერეოტიპული ფრაზები მხვდება წინ. ყველა ერთიდაიგივეს იმეორებს, თითქოს ერთ მასწავლებელთან დადიოდნენ და ყველამ ენა ერთდროულად ამ სიტყვებით ამოიდგეს. ნუ ვერც გაემტყუნებათ, მათი მასწავლებელი ხომ სისტემა იყო, არის და იქნება. ბევრი "ჩვენიანი" გადაიბირა სისტემამ და ყოველგვარი ახლის "სატანურად" ან "უტოპიურად" გამოცხადებამ. ვრცელ თემას შევეჭიდე ვატყობ და რომ გავყვე შორს წაგვიყვანს, მსჯელობა თქვენთვის პოსტის წაკითხვის შემდეგ გაშალეთ. მოკლედ კი იმის თქმა მინდა რომ დღეს (და ნებისმიერ ეპოქაში) ყოველივე ახალს წინ ნიჰილისტური განწყობები ხვდება.

ალბათ გახსოვთ (ვინც ბლოგის აქტიური მკითხველია) რამდენიმე კვირის წინ შეყვარებულ წყვილებს სიახლე შევთავაზე. არსი კი მათ ქორწილამდე გადაღებას შეეხებოდა, რასაც დასავლეთსა თუ დანარჩენ მსოფლიოში ფოტოგრაფები "Pre-Wedding Shootings" ეძახიან. ყველაფერი მარტივია, წყვილი ქორწილამდე ერთ ფოტოსესიას მართავს. თუ საშუალებაა საქორწინო ფორმაში, თუ არადა ჩვეულებრივ ყოველდღიური ტანსაცმლით. შემდეგ ეს ფოტოები საქორწინო ალბომშიც ხვდება. თან ფოტოგრაფს საშუალებას აძლევს მიეჩვიოს წყვილს და მათთან მუშაობას იმ მნიშვნელოვანი დღისთვის, რასაც ქორწილის დღე ქვია. ეს არის ქორწილის გენერალური რეპეტიცია ;)

პოსტი რომ დავწერე იდეა ბევრს მოეწონა, ზოგმა ცოტა ეჭვი შეიტანა რამდენად მიიღებდა ამ სიახლეს საზოგადოება. ზოგმა ეჭვი მის არსში, ზოგმა კი მის ფინანსებში შეიტანა. ხომ არ იქნებოდა ეს ფინანსურად უფრო ძვირი, რის გამოც წყვილები უარზე იდგებოდნენ. პოსტიდან მცირე ხანში, ქეთი შემეხმიანა. ქეთი ჩემი ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტი იყო. მითხრა რომ ქორწილის გადაღება უნდოდა. მე წინა საქორწინო სესიაც შევთავაზე. ის დამთანხმდა. სესია თბილისში უნდა გამართულიყო. დათქმულ დღეს თელავიდან რომ წავედი გზაში ბევრს ვფიქრობდი. კადრებზე ვფქრობდი, როგორ და რანაირად გადავიღებდი, ტექნიკურ საშუალებებზეც. მარტოს უნდა მემუშავა, განათების ასისტენტის გარეშე და ცოტა ვღელავდი. ეს ჩემი პირველი Pre-Wedding Shooting-ი იყო. გიო და ქეთი ძველ მერიასთან შემხვდნენ. თვითონაც ცოტა ღელავდნენ არ იცოდნენ ზუსტად რა უნდა გაეკეთებინათ. მე დადგმული სცენები დიდად არ მიყვარს (არც ვიცი) უფრო ბუნებრივ მომენტებს და დოკ. ჟანრის გადაღების ტექნიკას ვიყენებ. სოლოლაკში გავიარეთ, სხვადასხვა ადგილებს ვარჩევდით. ერთ ლოკაციაზე მაქსიმუმ 20 წუთს ვჩერდებოდით. თანდათან საღამოვდებოდა. თავისუფლების ხიდს რომ მივაღწიეთ უკვე ბინდი ეშვებოდა. შევეცადე რამდენიმე ფოტო გადამეღო. Off-camera external flash-ი შტატივზე დავამაგრე და სხვადასხვა რაკურსიდან ვიღებდი წყვილს. ერთი ორი კადრი გამიფუჭდა, განათებამ მიმტყუნა და სიბნელეში გადავიღე. ვიფიქრე მერე წავშლი მეთქი. გიოს სამსახურში ეჩქარებოდა, ამიტომ გადაღება მალე დავამთავრეთ. კამერას რომ დავხედე 150 ფოტოზე მეტი მქონდა გადაღებული. წყვილს დავემშვიდობე და ჩემი გზით გავწიე.

ჩემმა პირველმა ქორწილამდე გადაღებამ სულ ალბათ სამ საათს გასტანა. დროით უკმაყოფილო ვიყავი, უფრო მეტი მინდოდა. მეტი ლოკაცია და მეტი განათების ვარიაციები და წყაროები. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ გამოჩნდნენ პირველი მერცხლები, რომლებაც მიიღეს ეს სიახლე და ამ ექსპერიმენტულ გადაღებაზე დამთანხმდნენ.

შედეგები თავად იხილეთ:




















ეს კი ის ორი ფოტოა რომლებიც გამიფუჭდა და მაშუქის გარეშე გადავიღე:




მგონი ქეთი და გიო კმაყოფილი დარჩნენ. ნავსიც გატყდა. ჩემს მრავალ ალბომებს შორის Pre-Wedding-იც გაჩნდა. ეს უკვე კარგია, ჩემი აზრით ადამიანებს ხშირად სწორედ ვიზუალური დასტური სჭირდებათ როცა რაღაც ახალზე ესაუბრები, რაღაც ისეთზე რაც მანამდე არ შეხვედრიათ. მიხარია რომ ერთად, ჩვენ ეს შევძელით! კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ბედნიერებას ვუსურვებ! :*

აქვე როგორც კომერციული ფოტოგრაფი მცირე სარეკლამო განცხადებასაც შემოგთავაზებთ:
"ახალი წლიდან პირველი ხუთი წყვილი ვინც უცხოგრაფს ქორწილის პორტფოლიოს შექმნას დაუკვეთავს Pre-Wedding გადაღებას უფასოდ, საჩუქრად მიიღებს". 

გკოცნით,
მომავალ შეხვედრამდე!
:*

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

ეჟენ ატჟე - მეოცე საუკუნის ფოტოგრაფიის ენციკლოპედია

Eugène Atget 

12 February 1857 – 4 August 1927



ბევრი დაწერილა იმ ფოტოგრაფებზე, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში პარიზში მოღვაწეობდნენ, მაგრამ ეჟენ ატჟე მაინც გამონაკლისია.

ის მცირე ცნობებიც კი რაც მის შესახებ ჩვენამდეა მოღწეული, წვალებითაა აღდგენილი. თუმცა მისი ნამუშევრების უმრავლესობაც კი ხაზს უსვამს, მის -  როგორც ფოტოგრაფის, დიდებულებას. ცნობები შეგროვილია იმ ადამიანების მოგონებებიდან, ვისთანაც ის მეგობრობდა და ახლოს იყო. ესენი არიან - მსახიობი და რეჟისორი  ანდრე კალმეტი, ფოტოგრაფი მენ რეი და ამერიკელი ფოტოგრაფი ბერენის ებოტი, რომელმაც მისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ატჟეს სახელის გაპიარებას. ეჟენი გარდაიცვალა სრულიად უცნობი და დაუფასებელი ფოტოგრაფი, რომელმაც დატოვა 2000-მდე 8X10 ინჩის მინის ფირფიტები და 10 000-მდე ფოტოსურათი.

ხუთი ან ექვსი წლის ასაკში დაობლებულ ეჟენს ბიძა ზრდიდა. მუშაობდა გემზე გამცილებლად. 1886 წელს კი სამსახიობო კარიერამ მსახიობ ვალენტინა დელაფოს-კომპანიონს შეახვედრა, რომელიც მისი ცხოვრების ხანგრძლივი თანამგზავრი გახდა. ისინი ერთად მოგზაურობდნენ პროვინციულ თეატრებში. თუმცა ატჟეს ფიზიკური აღნაგობა და პროვინციალური აქცენტი მთავარი როლების თამაშის საშუალებას არ აძლევდა  და მხოლოდ ეპიზოდური როლები ხვდებოდა, რის გამოც 1888 წელს თეატრი მიატოვა. 1989 წელს ის და ვალენტინა პარიზში გადაცხოვრდნენ, სადაც უშედეგოდ ცდილობდა თავის დამკვიდრებას მხატვრობაში. 1890 წლიდან ატჟე ფოტოგრაფიით ინტერესდება და ცდილობს თავად ისწავლოს ფოტოგრაფია, რომლის ტექნოლოგია მაშინ მხოლოდ 40 წელს ითვლიდა. ცოტაა ცნობილი თუ როგორ ისწავლა მან ფოტოგრაფიის ტექნიკური დეტალები. თუმცა როგორც ებოტი წერს მას ნაქირავები ჰქონდა განმარტოვებული ადგილი, ბაღი სადაც საშუალება ქონდა ჩაეტარებინა ექსპერიმენტები.

ატჟეს პირვანდელი ფოტოები დაკავშირებული იყო იდეასთან შეექმნა სასწავლო მასალა ხელოვანებისათვის და გარკვეული დროის მანძილზე მხოლოდ ლანდშაფტებს და ფლორას იღება. 1892 წლის თებერვალში მის შესახებ გაზეთ "La Revue des Beaux-Arts-ში" ჩანაწერი გამოჩნდა:

" ჩვენ ვურჩევთ ჩვენ მკითხველებს ფოტოგრაფ ატჟეს, ვისაც აქვს ხელოვანებისთვის ლანდშაფტების, ცხოველების, ყვავილების, მონუმენტების და დოკუმენტების ფოტოები. კოლექციები ხელმისაწვდომია კომერციის გარეშე".













ხელნაწერი ნიშანი მისი სტუდიის გარეთ იუწყებოდა "Documents pour Artistes" (მასალები ხელოვანებისთვის) და მართლაც უამრავი პარიზელი მხატვრები, მათ შორის ჟორჟ ბრაკი, ენრი მატისი და მენ რეი, მისი ხშირი კლიენტები  იყვნენ.

ატჟეს მეგობარი ანდრე კალმე გადმოგვცემდა: "იმ დროს მას უკვე ქონდა ამბიცია შეექმნა  პარიზის ფოტოების კოლექცია." მართლაც, უკვე 1898 წლიდან ის იღებს იმ ობიექტებს რითიც ყველაზე ცნობილია - ქუჩას, მაღაზიის ვიტრინებს, ადამიანებს, არქიტექტურულ დეტალებს, ძველი პარიზის ღირსშესანიშნაობებს.












ეს ყოველივე არ წარმოადგენდა კომერციულ საქმიანობას და ატჟეც უფრო თავისუფალი იყო მუშაობის პროცესში. ის ხშირად ეუბნებოდა ბერენის ებოტს, რომ არ უყვარდა მითითება და დავალებები, იმიტომ რომ "ხალხს არ აქვს ხედვა". ატჟე ეძებდა და  იღებდა პარიზის საინტერესო ფოტოებს, ქარიან ქუჩებს და ძველებურ სახლებს, ძეგლებს და რეფლექციებს. მისი იდეა წარმატებული აღმოჩნდა და 1901 წლიდან დაიწყო სერიების წარმოება, რომელიც "Bibliothe`que historique de la Ville de Paris"-ის მეთვალყურეობისა და პატრონაჟის ქვეშ ხორციელდებოდა. ამ სერიის მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმ ძველი არქიტექტურული ნიმუშების ფოტოზე დაფიქსირება, რომელიც უკვე დანგრევისა და განადგურების პირას იყო. მის მიზანს წარმოადგენდა გადაეღო პარიზის სული, რომელიც საცაა გაქრებოდა.









ატჟეს ფოტოსურათები იყო ფასდაუდებელი იმ კუთხით, რომ ის იწერდა და ინახავდა ქალაქს, რომელიც ყოველდღიურად იცვლილებოდა. ქალაქის, რომელმაც განიცადა ორჯერ განახლება ატჟეს ცხოვრების განმავლობაში. ნაპოლეონ მესამემ, რომელიც სათავეში 1853 წელს მოვიდა, ბარონი ჟორჟ ჰაუსმანი პარიზის მოდერნიზაციის განხრით მთავარ მეთვალყურედ დანიშნა, რომლის მიზანიც იყო პარიზის დასავლური კულტურისა და თანამედროვეობის ცენტრად ქცევა. პროცესმა, რომლის დროსაც აშენებდნენ ახალ ბაღებს, ადიდებდნენ გზებს და ქუჩებს, ზრდიდნენ შენობებს და ტაძრებს სიმაღლეში და რომელსაც "ჰაუსმანიზაცია" ეწოდა, ბევრი ძველი პარიზული ღირსშესანიშანობა შეიწირა. ვიქტორ სარდუ, ფრანგი დრამატისტი ხშირად ატყობინებდა ატჟეს, თუ რომელი შენობის დემონტაჟი იყო მოსალოდნელი და ისიც სასწრაფოდ ახდენდა ამ ღირსშესანიშნაობების ფოტოზე აღბეჭვდას. მოდერნიზაციის პროცესმა თავი კიდევ ერთხელ  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ  იჩინა , როდესაც პარიზელებმა გადაწყვიტეს მათი განადგურებული ქალაქის აღდგენა. ომის პერიოდში ატჟემ შეწყვიტა ფოტოგადაღებები, მისი დასრულების შემდეგ კი კვლავ აიღო კამერა და  არამხოლოდ პარიზის, მისი შემოგარენის გადაღებაც განაახლა.









ატჟეს ფოტოებს გააჩნდა ერთგვარი ინტრიგა, დამთვაალიერებლებს ქონდათ საშუალება მის ფოტოებში ენახათ ხელოვანის თვალით დანახული ისტორიული პარიზი, ხელოვანის, რომელიც მის ფოტოებში დოკუმენტურ ხასიათს დებდა. ეს ხედვა მას კარგად ქონდა გათავისებული და თვითონაც ნათლად ხვდებდა მისი ფოტოების კონტექსტს და ღირებულებას მომავალი თაობების წინაშე.










1926 წელს ატჟე ამერიკელ ახალგაზრდა ფოტოგრაფს, ბერენის ებოტს შეხვდა. ებოტის ინტერესი ატჟეს შემოქმედებისა და ცხოვრბის მიმართ ძალიან დიდი იყო. ეჟენის გარდაცვალების შემდეგ, 1927 წელს ებოტმა მისი მეგობრებისგან უამრავი ნეგატივები, ფოტოები, ფირები და ფურცლები  შეისყიდა. ეს კოლექცია 1968 წელს შესყიდულ იქნა ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მიერ. ებოტმა ატჟე  სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიღო და დაამთავრა მისი ბიოგრაფიის შესახებ წერა, რაც ფასდაუდებელი საგანძურია მკვლევარებისათვის.

ატჟე ძირითადად პარიზის კონტრასტებს იღებდა. ლანდშაფტების და ხედების უბრალო სილამაზეს და ამავდროულად ვერსალს, რომელიც იყო სიმდიდირის გამოხატულება მაშინდელი მძიმე და სოციალურად რთულ ცხოვრების პირობებში. ის იყენებდა სხვადასხვა ტექნიკურ თუ კომპოზიციურ საშუალებებს მის შემოქმედებაში, რათა უფრო ახლოს მიეზიდა მნახველი.









მისი ფოტოების საიდუმლოება იმაში იყო, რომ ის თითქმის ყოველთვის იღებდა ჩვეულებრივი თვალის დონიდან, სწორედ ეს იზიდავდა მნახველებს. ატჟეს მთავარი ობიექტები არქიტექტურული ელემენტებია, თუმცა ის ადამიანებსაც იღებდა. ეჟენი სწავლობდა ადამიანებს, ხშირად იჭერდა მათ ბუნებრივ და რეალისტურ პოზებს. ის ხშირად იღებდა მუშა კლასის ყოველდღიური ცხოვრების ნატურალურ ფოტოებს.













ეს ფოტოები ნაკლებად აღწერს მათ განყენებულ ინდივიდუალობას, პირიქით ის გადმოგვცემს მათი კლასის ან პროფესიის ხასიათს, რომელიც ღრმად და სენსიტიურადაა გადმოცემული ფოტოსურათის მეშვეობით. თუ მაშინდელი ტექნოლოგიური შეზღუდულობის ფაქტორს გავითვალისწინებთ, გადაღებისას ატჟე ალბათ  მის ობიექტებს ასე მიმართავდა "თუ შეიძლება ერთ წამს გაშეშდით"!

ატჟე იყენებდა მარტივ 18X24 ფართოფორმატიან კამერას შტატივით.   მისი ცხოვრების ბოლო წლებშივე მისი მეთოდები უკვე მოძველებულად იყო მიჩნეული. ის თან დაატარებდა  20 კილოგრამამდე აღჭურვილობას, სადაც შედიოდა მძიმე მინის ფირფიტები, კამერა და ხის შტატივი. ის პარიზის მეტროთი გადაადგილებას ამჯობინებდა, თან დაქონდა მისი კლიენტების სია, მისამართები და უახლოესი მეტრო სადგურები. ატჟე არასოდეს ქირაობდა ასისტენტებს, ის ყოველთვის მარტო მუშაობას ამჯობინებდა.

ეჟენი მისი კოლეგებისგან განსხვავებულ ტექნოლოგიას მიმართავდა და იყენებდა Rapid Rectilinear ლინზას მოკლე ფოკუსური მანძილით, რომელიც მიიღწეოდა ფართო კუთხიანი ლინზით. ეს აძლევდა მის ფოტოებს მეტ სიღრმეს, ვიდრე ეს მის დროს იყო მოდური. შედეგი იყო აბსოლუტურად განსხვავებული  მისი დროის მხატვრობის სტილისგან. ის იყო ასე ვთქვათ "პირდაპირი" ფოტოგრაფი, რომელსაც არ შეეძლო, მოეჭრა, შეელამაზებინა ან შეეცვალა საბოლოო სურათი სხვადასხვა ხერხების დახმარებით. ის ბეჭდავდა მის მინის ფირფიტებს დღის შუქზე და ანიჭებდა ტონს ოქროს ქლორიდით. ატჟე დამოკიდებული იყო ბუნებაზე და ინსტიქტებზე, არასოდეს იყენებდა ხელოვნურ განათებას ინტერიერში მუშაობის დროს. არ იშველიებდა არავითარ ექსპონომეტრს და არაფერს სინათლის გასაზომად. 1906 წელს მან აღმოაჩინა "მცდარი" გადაღების ტექნიკა მზის პირისპირ გადაღებისას. პროცესი, როდესაც დეტალიზაცია იკლებდა, თუმცა იზრდებოდა ატმოსფეროს ხარისხი ფოტოსურათში.









ფოტოგრაფი მენ რეის რჩევის მიუხედავად ის იყენებდა ფოტოსურათების გამჟღავნების ძველებურ სტილს, რის გამოც მისმა ბევრმა ფოტომ დღემდე ვერ მოაღწია. ის ასევე ძალიან იშვიათად ათარიღებდა მის ნამუშევრებს.

ერთ-ერთი მიზეზი იმის, რომ ატჟემ ვერ მოიპოვა ფართო მასშტაბის აღიარება, გახლდათ ის, რომ ის არ თანამშრომლობდა არცერთ ფოტოგრაფებისა თუ ხელოვანების ჯგუფთან. ის გახლდათ თავდადებული ფოტოგრაფი, რომელსაც ძალიან მცირე დრო რჩებოდა მეგობრების, კლუბებისა თუ სხვადასხვა სოციალური აქტივობებისათვის. ის იღვიძებდა ადრე და იყენებდა დილის საათებს გადასაღებად, რათა თავიდან აეცილებინა ხალხმრავლობა და საცობები. ნამუშევრებს უკვე საღამოს ამჟღავნებდა. ის მკაცრად იცავდა ჩაცმის სტილსა და მადას. იცვამდა მუდამ გალესილ ტანსაცმელს და დიდ პალტოს და 20 წლის მანძილზე ცხოვრობდა მხოლოდ პურზე, რძეზე და შაქარზე.

ატჟეს ნამუშევრები განიხილებოდა ორივე მხარის - კუბისტებისა და სურეალისტების მიერ, თუმცა უფრო მეტი ყურადღება სწორედ სურეალისტების მხიდან დაიმსახურა. მათ  დაინახეს ის როგორც  მათი მიმდინარეობის პიონერი. მენ რეის წამოძახილი " ის მე აღმოვაჩინე !" უნდა მივიჩნიოთ რომ გამოხატავდა სურეალისტების ჯგუფის ენთუზიაზმს მიკედლებოდნენ ან მიეკედლებინათ ატჟე. სურეალისტები დაინტერესებულნი იყვენენ ატჟეს ნამუშევრების მათ ჟურნალებში გამოქვეყნებით, მაგრამ ის ხშირად მხოლოდ ანონიმურობის გარანტიით თანხმდებოდა და განმარტავდა "ესენი უბრალო დოკუმენტებია". სურეალისტებმა მის ფოტოებში გარკვეული სახის მისტიკა და ატმოსფერული განწყობა იპოვეს, განსაკუთრებით მის ამ ფოტოებში:







1931 წელს ვოლტერ ბენჟამინი მის წიგნში "ფოტოგრაფიის მოკლე ისტორია" წერდა: " ადჟეს პარიზული ფოტოები არის სურეალისტური ფოტოგრაფიის წამყვანი თვლები". ფოტოგრაფის ყოველდღიურ საგნებში ის პოულობდა ობიექტებს (ანუ რასაც სურეალისტები ეძახიან "objet trouve") და ის მომცრო საგნები რაც დამალული იყო მის ფოტოებში აღაფრთოვანებდა სურეალისტებს. მათ ასევე სჯეროდათ რომ ფოტოები გამსჭვალული იყო ფსიქოლოგიური მნიშვნელობებით და მისტიური ქვეტექსტებით.







მისი სიცოცხლის მანძილზე ატჟეს არ მიუღია ის აღიარება რასაც ის იმსახურებდა თანატოლების, კრიტიკოსებისა და მისი შემოქმედების მიმდევართაგან. ის გარადიცვალა უცნობად და გამოუქვეყნებლად. მას არასოდეს გაუკეთებია გამოფენა პარიზულ სალონებში. თუმცა იყო რამოდენიმე ბიბლიოთეკა, რომლებმაც "დააჯილდოვეს" იგი, როდესაც მისი ფოტოკოლექციებს ყიდულობდნენ მისივე სიცოცხლის განმავლობაში. მიუხედავად ამ მცირედი წარმატებებისა ატჟეს ცხოვრების განმავლობაში, მისმა ნამუშევრებმა ფართო პოპულარობა სწორედ მისი გარადაცვალების შემდეგ მოიპოვეს.




თარგმნა  გიო ბეჟანიშვილმა


Related Posts Plugin for WordPress, Blogger...