Friday, December 30, 2016

2016 წლის შეჯამება (ფოტო + ბლოგი)



ტრადიციას არ დავარღვევ და როგორც 2016 წლის ვიდეო მონაგარი შევაჯამე, ისე ფოტო გადაღებებზეც დავწერ ქვემოთ. 

მაშ ასე 2016 წლის "უცხოგრაფის" კომერციული ფოტო გადაღებების სია ასე გამოიყურება:

ქორწილი - 14

ვორქშოფი - 7

კორპორატული - 7

ბანკეტი - 6

პროექტი - 4

აქცია - 3

სასტუმროს რეკლამა - 3

ნათლობა - 2

ინდივიდუალური ფოტოსესია - 2

დაბადების დღე - 2

გამოფენა - 2

ბანაკი - 2

ფესტივალი - 2

და კიდევ მცირე რაღაცეები, რაც სტატისტიკაში შესატანად არ ჩავთვალე.

წლის გამორჩეულ მოვლენად შემიძლია დავასახელო ფოტოგრაფიის ბანაკი. სადაც პირველი ფაზა საქართველოში, ხოლო მეორე ნორვეგიაში გაიმართა. ამ ბანაკმა მომცა დიდი გამოცდილება როგორც ფოტოგრაფიის, ისე პროექტების წერისა და ორგანიზების კუთხით. რაც მთავარია შევიძინე ბევრი უცხოელი კოლეგა და მეგობარი.

ეს წელი გამორჩეული იყო ქორწილების მზარდი რიცხვითაც. თუ გასულ წლის სტატისტიკას დავეყრდნობით, მაშინ მხოლოდ 4 ქორწილი გადამიღია, წელს კი - 14. ვთვლი რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ წინ წავიწიე და გამოცდილებაც მოვიმატე.

ეს წელი კიდევ გამოირჩეოდა იმით რომ ჩვენს გუნდს 2 ბლოგერი და 1 ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი შემოემატა, რომლებიც თქვენთვის საინტერესო სტატიებს ამზადებენ და სოც. მედიის საშუალებით მუდმივად გაწვდიან.

გამორჩეული და რეკორდული წელი იყო ბლოგისთვის, რომელიც მალე ახალ მისამართზე გადავა. 

თუმცა მანამდე სტატისტიკა:

გასულ წელს 2016 წლის 20 იანვარს გამოქვეყნებული ფოტო ცხადყოფს რომ ბლოგი მხოლოდ 23 000 ნახვაზე იყო.




ახლა კი 130 000 ნახვაზეა!!!




ანუ მხოლოდ ამ წელში 108 000 ნახვით გავიზარდეთ. იმედია ტემპი და ინტერესი 2017 წელს უფრო გაიზრდება ;)

მოკლედ წინ დიდი გეგმები გვაქვს. იმედია 2017 წელი კიდევ უფრო ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგება ;)

ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!!

კეთილი სურვილებით,

გიო 




Thursday, December 29, 2016

რჩევები ახალი წლის დღესასწაულის გადასაღებად

ახალი წელი მსოფლიოში  ერთ–ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია, სხვადასხვა ქვეყნებში  სხვადასხვა ღონისძიებებია გამართული მიუხედავად დროის ზონისა და მედიის ყურადღება მათკენაა მიმართული. დიდი წვეულებები დიდ მოლოდინთანაა დაკავშირებული. ამ დროს საშუალება გეძლევათ გადაიღოთ უაღრესად საზეიმო მომენტები და ისიამოვნოთ.

1. გადაიღეთ გარე კადრები


იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ, გადაიღეთ ქალაქის გარე კადრები. ბევრ ქალაქში ღონისძიებები და ზეიმები ღია ცის ქვეშ იმართება. თუ დიდ ქალაქში არ ცხოვრობთ, მაინც  შეიძლება აღმოაჩინოთ რაიმე საინტერესო და მოულოდნელი. დაგჭირდებათ სწრაფი ზუმობიექტივი და მაღალი მგრძნობელობა (400-800) მაქსიმალური მოქნილობისა და სისწრაფისათვის, თავი აარიდეთ მაშუქის გამოყენებას, რადგან ხალხი ერთობა  და შესაძლოა მათ არ სურდეთ იმის ცოდნა, რომ  იღებენ.

2. ჩაატარეთ ექსპერიმენტები გადაღების კუთხეებით


იმისათვის, რომ ჩვეულებრივი წვეულების კადრები უფრო ამაღლებულ კომპოზიციებად აქციოთ, ჩაატარეთ ექსპერიმენტები გადაღების კუთხეებით. რადგანაც ახალი წელი ყოველდღიური დღესასწაული არაა, შეგიძლიათ კომპოზიციების და კუთხეების უამრავი ვარიანტი სცადოთ (ძალიან  მაღალი, ძალიან დაბალი, და ა.შ.) და რასაც მოიფიქრებთ იმას დაუმატეთ რაიმე მუხტი, მაგ: ამაღელვებელი, ენერგიული და გადაიღეთ. ციფრული ფოტოგრაფიის ერთ–ერთი სილამაზე არის ის, რომ ყოველთვის შეგიძლიათ გადახედოთ ფოტოებს, შეცვალოთ, ან წაშალოთ გადაღებისთანავე. არაორდინარული კუთხეები და პოზა იმ დამოკიდებულების ნაწილია, რომელიც ახალი წლის დადგომასთან ერთად დგება, ასე რომ არ დადგეთ უკან, ყველას მოუნდება მოხვდეს პირველ ექსპერიმენტულ კადრში. რაც ამ მომენტში უნდა გააკეთოთ არის ის, რომ ატრიალოთ კამერა ირგვლივ.

3. გამოიყენეთ მთლიანი ჩარჩო


მეტად შეჯერებული ფოტოგრაფიული თვალის ერთ–ერთი ნიშანია კომპოზიცია, ხოლო მთელი ჩარჩოს გამოყენება – მისი ზრდის პროცესის ნაწილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ უარყოფითი სივრცის ხერხი, მაგრამ ეს საახალწლო წვეულებაზე ცოტა არაეფექტურია). როდესაც მთლიან ჩარჩოს ავსებთ გადასაღები ობიექტით, ამით მის დინამიკას და შესაძლებლობებს ზრდით. შეხედეთ ზემოთა ფოტოს, შეამჩნიეთ აწეულმა ჭიქებმა როგორ შესძინა მხიარულების განცდა ორმაგ პორტრეტს? ეს კარგად მუშაობს, რადგან ჭიქები მოქმედებს, როგორც სვეტები ჩარჩოს კიდეებთან და მნახველის თვალს მიმართავს ორი ადამიანისაკენ. კიდეებში რომ ცოტა მეტი ცარიელი სივრცე იყოს, ფოტო ასეთი ეფექტური არ გამოვიდოდა. ასე რომ უბრალო ,,გაუმარჯოს“ ფოტოსგან, ამაზე მეტს ვერ მოითხოვთ.

4. დაიჭირეთ ატმოსფერო


უმეტეს დღესასწაულზე ხალხი იღლება და ეს ორმაგად მართალია ახალ წელზე, რადანც წლის ბოლოა და ახალი წლისთვის ემზადება ყველა. ასეთ დროს ადამიანებს აქვთ უფლება მოიქცნენ სულელურად ,,ბოლოჯერ“, სანამ ,,დასერიოზულდებიან“. ამ ქმედების გასაძლიერებლად ვიყენებთ ისეთ ფოტოგრაფიულ უნარებს, რომლებსაც ჩვეულებრივ შიდა სიტუაციებში არ ვიყენებთ ხოლმე, ასეთებია პანორამირება ან დაზუმება ჩამკეტის სიჩქარის გათავისუფლებით (შეგიძლიათ გამოიყენოთ სიჩქარე დაახლოებით 1/15), ეს აგრეთვე გვაძლევს ბლარის ეფექტს. ჩამკეტის გაჭიანურება აგრეთვე დინამიურ ფოტოს მოგცემთ. ამ ყველაფრის მთელი ოსტატობა კი მდგომარეობს იმაში, რომ კამერის მექანიკური ასპექტები გამოიყენოთ ისე, რომ მიიღოთ არატრადიციული ფოტო მაშინ, როდესაც იღებთ ადამიანს, რომელიც კარგ დროს ატარებს.

5. გამოიყენეთ მაღალსიჩქარიანი სინქრონული მაშუქი


მაღალსიჩქარიანი სინქრონული მაშუქის გამოყენება (სასურველია კაბელიანი, მაგრამ ჩვეულებრივი Speedlite მაშუქიც იმუშავებს) ახალი წლის წვეულებას ძლიერი განათებით და ფერადი დეკორაციით, ფოტოებში საოცნებო ხარისხს შეუქმნის. წვეულებისას მისი ერთ–ერთი მეტად საინტერესო და კრეატიული ხერხია ის, რომ გამოიყენოთ უკანა ფარდის სინქრონული რეჟიმი (Rear Curtain Sync mode), რომელიც ძალიან ეფექტურია, როდესაც იღებთ მოძრავ საგნებს და იყენებთ ჩამკეტის ხანგრძლივ სიჩქარეს. შედეგად იღებთ განათებულ–გაყინულ ობიექტებს მსუბუქი სინათლის ბილიკებით და სულების მსგავს მოძრავ ბლარს. ობიექტების განათებულ–გაყინული მოძრაობა (მაგ, მოცეკვავე ხალხი) ფოტოს გამოსახველობით ხარისხს და შეფასებას აძლევს. სანამ წვეულებაზე წახვალთ – ივარჯიშეთ, შემდეგ უკვე შემოქმედებითად და მიზანმიმართულად გამოიყენებთ მას.

6. გადაიღეთ ფეიერვერკები


ფეიერვერკები თითქმის ყველა მნახველს ემოციების კასკადს მოუტანს. გამოიყენეთ შტატივი და დისტანციური მოწყობილობა (კაბელიანი, ან RC unit), რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენი კამერა მყარად დგას. გამოიყენეთ “bulb” რეჟიმი – დააწექით ჩამკეტის გახსნას ფეიერვერკის გასროლის მომენტში ცეცხლის ბილიკის გაქრობამდე (დაახლოებით 4-5 წამი). ამ ფოტოს კადრირება ყველაზე რთული ნაწილია, რადგან უნდა გამოიცნოთ ფეიერვერკის გაშვების დრო. გამოიყენეთ ზუმ ლინზები – 80მმ–200მმ_ის მსგავსი, საუკეთესო ვარიანტის მისაღებად, მაგრამ 200_მმის შემთხვევაშიც უნდა იცოდეთ, საით იქნება ფეიერვერკი, რომ გადაიღოთ. რადგან ჩამკეტის სიჩქარე საკმაოდ ხანგრძლივი იქნება დიაფრაგმა დააყენეთ f/8 და f/16_ს შორის.

რეკომენდებული პარამეტრები

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ექსპოზიცია ირჩევა იმის მიხედვით, თუ რას იღებთ (მაგ: პატარა დიაფრაგმა საუკეთესოა ფეიერვერკებისათვის და დიდი კარგია შიდა ფოტოებისათვის). ანალოგიური პრინციპია ჩამკეტის სიჩქარესთან დაკავშირებით, გამოიყენეთ ბალბი ფეიერვერკების გადაღებისას, ხოლო ჩამკეტის სიჩქარე – 1/60, ან უფრო სწრაფი – წვეულების კულმინაციური მომენტებისათვის (მაგ, როცა საათი შუაღამეს ჩამოკრავს). მგრძნობელობა იყოს 100 უმცირესი ციფრული ხმაურისათვის, თუმცა ბუნებრივი განათების დონის მიხედვით შეგიძლიათ მგრძნობელობის გაზრდა 400–მდე, როდესაც ღამით გარე ფოტოებს იღებთ.

რეკომენდებული აღჭურვილობა

ახალი წლის წვეულების გადასაღებად, რათა ის მეტად კრეატიული და შემოქმედებითი გახადოთ, გარდა კამერისა საჭიროა თან გქონდეთ Speedlite (მაღალი სისწრაფის განათების სინქრონული ტექნიკა), საშუალო დიაპაზონის ზუმ ლინზები (28მმ-80მმ), შტატივი და დისტანციური ჩამკეტის გამათავისუფლებელი (თუ ფეიერვერკების გადაღებას აპირებთ). დამატებითი მეხსიერების ბარათების ქონა ყოველთვის კარგია.

და ბოლოს

ახალი წლის დღესასწაულზე უამრავი შესაძლებლობა გეძლევათ სცადოთ ისეთი ფოტოგრაფიული ხერხების გამოყენება, როგორსაც წესით არ იყენებთ ხოლმე, მაგ: უკანა ფარდის რეჟიმი (Rear Curtain Sync). ასეთი საღამოები ფოტოგრაფიული რომ გახადოთ, ამისათვის მთავარი წესია მიიღოთ მონაწილეობა დღესასწაულში და თან ფარულად იღოთ ფოტოები. არაა საჭირო ბევრი ფორმალური ფოტო, თავისუფლების და გონების დაკარგვის ღამეა, ასე რომ ხალხი უნდა იყოს აღმაშფოთებლად მხიარული, ეს კი იმას ნიშნავს, იყოთ რაც შეიძლება შეუმჩნეველი. ახალი წლის ღამეს ორი დავალება გაქვთ – მიიღოთ სასურველი ფოტოები და გაერთოთ. 


თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://www.exposureguide.com/new-years-eve-photography-tips.htm


Saturday, December 24, 2016

2016 წელი უცხოგრაფის ლინზაში (ვიდეო მასალების შეჯამება)



გამარჯობა,

ტრადიციულად ვაჯამებ წელს რომელიც უკვე მიიწურა და საცაა დაგვტოვებს. გასულ წელსაც შევაჯამე, მაგრამ მაშინ ერთ სტატიად დავწერე, ახლა კი გადავწყვიტე, ცალკე ვიდეო შეჯამების გაკეთება. ფოტო რეპორტსაც სულ მალე შემოგთავაზებთ.

ვიდეოს თვალსაზრისით ეს წელი ასე გამოიყურებოდა:

6 სკოლის ბოლო ზარი და ბანკეტის ვიდეო + ვიდეო კლიპი.




ახაგაზრდა სოციალისტების პროექტი "შენ აქტიური მოქალაქე" და მის ირგვლივ მომზადებული სიუჟეტები + საპროექტო ფილმი, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა.




4 საფესტივალო და სადღესასწაულო ვიდეო:



5 ფლეშმობ ვიდეო ქალაქის მერიის დაკვეთით:



2 სარეკლამო პოლიტიკური ვიდეო რგოლი :




1 უცხოგრაფის სარეკლამო რგოლი :




2 პრომო ვიდეო რგოლი პროექტისთვის "მომავალი შენია" :




ასევე:

15 ტრენინგ - ლექცია NIMD - ის ზამთრის ბანაკი "იდენტობისათვის"
5 საქორწინო ვიდეო და 1 საქორწინო დოკუმენტური ფილმი:
2 ვიდეო რგოლი "World Vision Georgia"- სათვის.
2 ვიდეო რგოლი ქართულ აფხაზური მშვიდობისა და შერიგების პროექტის შესახებ.
1 დაბადების დღის ვიდეო.

- რომლებიც ზოგი მზადების პროცესშია და ზოგიც დამკვეთის ჩენელზე დევს. ასევე ნაწილს დამკვეთის ნებართვის გარეშე არ ვდებთ.

შეიძლება რაღაც გამომრჩა, თუმცა ძირითად ნამუშევრებს მაინც მოვუყარე თავი. სამწუხაროდ ზუსტი სტატისტიკა ვერ მომყავს სულ რამდენი ნახვა დაგროვდა, რადგან ვიდეოები მთელი წლის მანძილზე სხვადსხვა სოც ქსელებში იდებოდა და იუთუბზე მათი თავმოყრა წლის მიწურულს მოვახერხეთ, ისიც მხოლოდ ნაწილის.

იმედს ვიტოვებთ მომავალ წელს უფრო საინტერესო და გადასაღებად რთული პროექტები შეგვხვდება გზად. ვფიქრობ წლევანდელი წელი ნაყოფიერი იყო: განვითარებისა და გამოცდილების თვალსაზრისით.

სტატიის დასასრულს მინდა გკითხოთ და გთხოვოთ: დაგვისახელოთ თქვენი ფავორიტი ვიდეო 2016 წლის უცხოგრაფის არქივიდან. ასევე მოგვწეროთ კიდევ რისი ხილვა გაინტერესებთ უცხოგრაფის ლინზაში უფრო ხშირად. ;)

მადლობა ყურადღბისთვის,
მომავალ სტატიამდე!

გიო ბეჟანიშვილი











Monday, December 19, 2016

20 მიზანი, რომელიც 2017 წლისათვის უნდა შევასრულო







ხშირად გვიფიქრია ნეტა ეს ისე და ის ასე მომხდარიყოვო. ხშირად
გვითქვამს ეს რომ ასე არ წასულიყო მე უკეთ ვიქნებოდი ახლაო. მოკლედ ჩვენ ადამიანები ყველას და ყველაფერს დავადანაშაულებთ გეგმების შეუსრულებლობაში საკუთარი თავის გარდა. მეც ასეთი ვარ, თუმცა წლიდან წლამდე ვცდილობ უფრო ნათლად და გამოკვეთილად დავისახო და მივყვე გეგმების შესრულებას.

წელსაც ისევე როგორც შარშან გადავწყვიტე მომავალი წლის გეგმების ჩამოწერა. ამ ეტაპზე სულ 20 მიზანი თუ მისია მომივიდა თავში. შევეცადე, მოკლედ და ნათლად ჩამომეყარა ისინი. ვფიქრობ ისინი ისეა დაწერილი თქვენც შეგიძლიათ მიიღოთ ინსპირაცია და გადაიტანოთ თქვენს მომავალი წლის to do სიაში.

მაშ ასე ჩემი მომავალი წლის 20 მიზანია:

1. დავწერო ბლოგპოსტები პერმანენტულად.
2. დავარეგისტრირო უცხოგრაფი, როგორც ბიზნესი.
3. ვაწარმოვო ჟურნალი შემოსავლისა და გასავლის შესახებ.
4. ვიმოგზაურო მინიმუმ 5 ქალაქში, სადაც ჩავატარებ ვორქშოფს ფოტოგრაფიაზე.
5. მოვაწყო მინიმუმ ერთი ფოტო ტური ზაფხულში (Photo Walk).
6. დავბეჭდო ახალი სავიზიტო ბარათები.
7. შევქმნა კონტრაქტის ფორმა და გადავახედო ადვოკატს.
8. შევინახო იმეილები, რომლებსაც ხშირად ვიყენებ და გავაკეთო ბაზა.
9. გადაღებებზე წასულმა ყოველთვის თან წავიღო ყავა თერმოსით, ჰამბურგერი და კონიაკის მცირე მათარა.
10. წავიკითხო მინიმუმ 3 წიგნი მცირე ბიზნესის განვითარებაზე და მინიმუმ 5 წიგნი ფოტოგრაფიაზე.
11. დავიწყო საკუთარი ფოტოგრაფიის წიგნის წერა.
12. შევქმნა სია რა ტექნიკური აფდეითია საჭირო სტუდიაში და გამოვაკრა თვალსაჩინო ადგილას.
13. დავასრულო ბლოგის ტექნიკური მხარე.
14. დავასრულო ფოტოებისა და ვიდეოს არქივაცია.
15. უკეთესად შევისწავლო და დავაჯგუფო ბაზარი და მისი მოთამაშეები, მოვახდინო ძველი და ახალი კლიენტების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება. გავარკვიო ვინ ვინ არის.
16. მივმართო რომელიმე ფოტოგრაფ მეგობარს და გადავიღო პროფესიონალური პორტრეტები ვებ საიტებისთვის.
17. კარგად გავწერო ფოტო მომსახურების პაკეტები და შევქმნა PDF ვერსია ბლოგისათვის.
18. გადავიღო დოკუმენტური მოკლე მეტრაჟიანი ვიდეოები უცხოგრაფის სტუდიის და შიდა სამზარეულოს შესახებ.
19. დავაჯგუფო ზემოთ წარმოდგენილი 18 მიზანი პრიორიტეტებისა და თვეების მიხედვით.
20. ყოველ შაბათ-კვირა გადავხედო ამ სიას დაშევამოწმო, შესრულდა თუ არა დაწერილი მიზნები.

+1. დავწერო უცხოგრაფის "ოპერაციების სახელმძღვანელო"

არის კიდევ რაღაცეები რასაც საჯაროდ ვერ დავწერ, რადგან უცხოგრაფის საიდუმლოებებსა და შიდა კომერციულ მიზნებს ეხება, რომლებსაც ნამდვილად ვერ გავთქვამდი ასე წინასწარ.

იმედია ზემოთ გაწერილი მიზნებიდან მომავალი წლის ბოლომდე ყველას შევასრულებ. თქვენ კი მომწერეთ თუ გაქვთ შენიშვნა ან იდეა, როგორ შეიძლება შევასრულო ისინი უფრო მალე და მარტივად. ან თუ გაქვთ სურვილი და დრო რომ მომეხმაროთ მათ შესრულებაში.

დროებით,
მომავალ სტატიამდე 😉

გიო ბეჟანიშვილი


Sunday, December 18, 2016

ქასთინგი - უცხოგრაფის სარეკლამო რგოლისთვის

მოგესალმებით!

სტუდია "უცხოგრაფი"  აცხადებს ქასთინგს სტუდიის სარეკლამო რგოლში მონაწილეობის მსურველთა მისაღებად. ვიდეო კლიპის გადაღებისათვის ვეძებთ 16-დან 19 წლამდე ახალგაზრდებს.

მთავარი მოთხოვნა გამართული მეტყველებაა.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ:

სამი ფოტოსურათი (სხვადასხვა სიტუაციაში გადაღებული, მათ შორის ერთი ახლო პორტრეტი).

სამოტივაციო წერილი (რატომ გსურთ მონაწილეობა)

უცხოგრაფის ფეისბუქ გვერდზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 23 დეკემბერი.

ვიდეო რგოლის გადაღება დაგეგმილია დეკემბრის ბოლო კვირაში.









Saturday, December 17, 2016

ტაქსის მძღოლთან არ სათქმელი





- უცხო, უცხოოო - ხმას ვადევნებ მზერას და ვხედავ ხოსეს, რომელიც თან ტაქსს აჩერებს და თან მეორე ხელით მე მეპატიჟება.


ხოსე ორი დღეა არ მინახავს. ის კახეთში იყო, მე თბილისში. ახლაც თბილისში ვართ და ერთ-ერთ გადაღებაზე გვაგვიანდება.

ტაქსში ვზივართ და ისე რომ არც ვკითხულობთ ერთმანეთს, საქმეზე გადავდივართ.

- რა ქენი აბა საქმეებზე - ვეკითხები მე.

- თითქმის ყველაფერი შევიტანე - მპასუხობს ხოსე და თან აგრძელებს - გოგოების ნაწილები გაგყვა შენ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა საქმეებს მივხედე.


მძღოლი, რომელიც აქამდე გზას გაყურებდა, ჩვენსკენ აპარებს თვალს.

- თაზო და ნელიკო დავჭერი - აგრძელებს ხოსე. მე გარინდული ვარ.
- ძაან გამიჭირდა მაგრამ, ერთ საღამოში დავჭერი, რაც არ გვჭირდებოდა, ცალკე გადავიტანე და შევინახე და რაც გამოდგება, ერთად დავალაგე. მაგრამ შენც უნდა ნახო რა, ხოიცი შენი ამოსარჩევია მაინც.

მძღოლი რადიოს, რომელიც აქამდე დარიდურის აღრიალებდა დაბლა უწევს და უფრო მეტად ცდილობს, არამხოლოდ მოსმენას, არამედ ჩვენ ათვალ-ჩათვალიერებას.

- შენ რა ქენი? - მეკითხება ხოსე.
- რავი, ყველაფერი წამოვიღე, მგონი არაფერი დამჩა. - თან ჩანთისკენ და შტატივის უშველებელი შავი ჩიხოლისკენ ვიყურები. უცებ მძღოლის მზერას ვიჭერ, რომელიც უკვე მოურიდებლად აკვირდება ჩვენს სამუშაო იარაღებს. უცებ ვიაზრებ, რომ კამერები ჩავკეცე და ჩანთაში მილაგია. რომელიც შავია და ეს შტატივის გრძელი ბუდეც საეჭვოდ გამოიყურება. მერე ხოსეს ვუყურებ და მერე ჩემ თავს სარკეში, რომელიც ორ წვერიან, შავებში ჩაცმულ მამაკაცს მაჩვენებს. მძღოლი უკვე ინტერესშია, მაგრამ ისეთი საუბარია, ვერ იკითხავს რა პროფესიის ხართო.




უცებ ხოსემ:

- უცხო, აფხაზებმა რა ქნეს, დარიცხეს თანხა?

არ მახსოვს რა ვუპასუხე, მაგრამ მახსოვს მძღოლის გაფართოვებული თვალები. მის თვალებს მიღმა წაკითხული ეჭვები, რომ მანქანაში ორი დაქირავებული ქილერი უზის, რომლებიც ვიღაც წყვილებს კლავენ, შეაქვთ სადღაც და ჭრიან. გამოუსადეგარ ნაკუწებს ცალკე ყრიან და კარგ ნაწილებს ცალკე აფასოვებენ. ალბათ გასაყიდად. ანუ ორგანოებით მოვაჭრეები მიყავს, თანაც აქვე ახალ საქმეზე თბილისში, რომელიც ვინ იცის აფხაზების დაკვეთილიცაა.

- დღეს ამას რო მოვჩებით ჩემთან არ ჩამოხვალ?
- კი უეჭველი, ისედაც ორი დღე გამიცდა - ვპასუხობ ხოსეს.
- და დღეს რა გავაკეთოთ? -
- რაც ყველაზე საჩქაროა - ვპასუხობ და თან ჩვენ მძღოლის დაძაბულ სახეს ვუყურებ სარკეში.
- ყველაზე საჩქარო ბავშვებია - ისმის პასუხი.
- კაი, მაშინ შევჭამ და ესე ცხრისკენ ჩამოვალ. ჩამოვალ და ბავშვები გავაკეთოთ - ვპასუხობ ზუსტად ისე, როგორც სხვა დროს, სხვა სიტუაციებში.
- შევთანხმდით - მიბრუნდება ხოსე - დღეს ბავშვებს ვაკეთებთ.

ამის თქმა იყო და დათქმულ ადგილზეც მივედით.

მძღოლს ფულს ვაწვდით, მაგრამ არ რეაგირებს. მერე ფხიზლდება, მაგრამ ხურდას აღარ გვიბრუნებს. ხოსემ მე ოციანი მოგეციო. იმან ვაიმე არ დამინახავსო. აბა რას დაინახავდა, მთელი მზერა ჩემი შტატივისკენ ქონდა მომართული, რომელიც რის ვაი ვაგლახით გადავიტანე ტაქსიდან.

წამოვედით.

ის კი იდგა და გვაკვირდებოდა.

ჩვენ გადაღებაზე მივედით, კამერებიც ავაწყეთ, ინტერვიუებიც ავიღეთ. იმ საღამოს თელავშიც დავბრუნდით და ბავშვებიც გავაკეთეთ, რომელიც რეალურად "World Vision Georgia"-ს შეკვეთა იყო და ბავშვთა შრომის შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლის მონტაჟს გულისხმობდა. აფხაზების თანხაც დაირიცხა, რომელიც ჩვენი კლიენტის, მშვიდობისა და შერიგების ფონდის შესახებ მომზადებული პროექტის "წერილი ბოთლში" გაწეული შრომისათვის ჰონორარს გულისხმობდა. თაზოს და ნელიკოს ქორწილის ვიდეოს კადრებსაც ვუყურე "ედობი პრემიერ პროში" სადაც სიტყვები "დაჭრა" და "დაკუწვა" ვიდეო ფაილებს ეხება და არა ადამიანის სხეულს.

მოკლედ ჩვენი საქმეები მოვითავე და სახლში დაბრუნებულს, ძილის წინ ისევ იმ კაცის მზერა მაწუხებდა. აი ის დაჟინებული მზერა, ბოლომდე რომ გამოგვაყოლა. ეგ მზერა მთელი ღამე ჩამყვა და ვნახე სიზმარი თუ როგორ იდგა "ბირჟაზე" ეს ტაქსის მძღოლი და თავის კოლეგებს, როგორ უყვებოდა ორი მანიაკის შესახებ, რომლებიც გარდა იმისა რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ, თან ღამ - ღამობით იდგნენ და რაღაც ეშმაკის მანქანებით ბავშვებსაც აკეთებდნენ.

ის მძღოლი მეტჯერ აღარ მინახავს.

მას მერე მე და ხოსემ მონტაჟის საქმეზე ტაქსში საუბარიც ავიკრძალეთ.

ის კი არა ზოგჯერ ახლობლებთანაც აღარ ვსაუბრობთ, ვინმეს რომ მართლა ფარული მანიაკები ან ერთმანეთზე შეყვარებული ტერორისტები არ ვეგონოთ. ამ ამბის მოყოლაც მაგიტომ გადავწყვიტე: ყველა პროფესიას თავისი უცნაური ტერმინოლოგია ახასიათებს და რომ ტერმინების განმარტებების გარეშე საუბარს შეცდომაში შეყავს უცხო ხალხი, მით უფრო ტაქსის უცნობი მძღოლები.

;)

გიო ბეჟანიშვილი




Tuesday, December 13, 2016

სტუმრად "ჩემოდანში"

"ჩემოდანს" მისი მფლობელის დათო ქათიბაშვილის ინიციატივით ვესტუმრე. 

ეს პატარა, მაგრამ საკმაოდ ოროგინალური ჰოსტელი თელავის ცენტრშია. დათო დიდი ხნის წინ მეუბნებოდა, ძველ ნივთებს ვაგროვებ და ჰოსტელი უნდა გავხსნაო. მერე კაი ხანს მე ვეღარ მოვიცალე, მის მოსანახულებლად. თუმცა რომ შევედი თავი მუზეუმში მეგონა, პრინციპში ასეცაა. 

სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობებისას ყოველთვის ასეთ ადგილებს დავეძებდი, თუმცა საქართველოში უფრო გესთჰაუსებია მოდაში, ვიდრე ჰოსტელები. მიხარია რომ ჩვენთან, თელავში კიდევ ერთი საინტერესო დასარჩენი ადგილი და სივრცე გაჩნდა.

წარმატებები "ჩემოდანს"!

დანარჩენი თქვენ შეაფასეთ. 





















































Monday, December 12, 2016

5 ყველაზე გავრცელებული ფოტო ლინზა – როდის უნდა გამოვიყენოთ ისინი

თუ თქვენ ახალ DSLR_ს, ანუ ციფრულ სარკულ კამერას ფლობთ ცვლადი ობიექტივით, მისი წყალობით შეგიძლიათ უკეთესი ფოტოების შემქმნელი გახდეთ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რაიმე ფოტოგრაფიული კანონების კრებული რომელიც ფოკუსურ მანძილს და დიაფრაგმას შეეხება, არსებობს რამოდენიმე პრაქტიკული წესი, რაც უნდა დავიმახსოვროთ.

ლინზები, როგორც წესი იყოფა ფოკუსური მანძილის მიხედვით. იხილეთ ყველაზე გავრცელებული ლინზების რამოდენიმე მაგალითი და სიმბოლური ხაზები, რითაც მათ ახედში ამოვიცნობთ.



იხილეთ გიფი, რომელიც გვიჩვენებს ერთსა და იმავე ობიექტს, თუ როგორ გამოიყურება იგი სხვადასხვა ლინზით. ყურადღება მიაქციეთ შეკუმშვას და გაფართოებას.



თუ ცდილობთ გაიუმჯობესოთ ფოტოგრაფიული უნარი, აუცილებელია თქვენი აღჭურვილობის შესახებ ძალიან კარგად იცოდეთ. გთავაზობთ გავრცელებული ფოტო ლინზების 5 ნიმუშს და აგიხსნით რისთვისაა ისინი კარგი და როდის უნდა გამოვიყენოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალთან მიმართებაში, თუ რას აღიქვავს იგი, ფოკუსური მანძილის ექვივალენტის ზუსტი გამოთვლა არ არსებობს, full-frame კამერებისათვის ეს მანძილი დაახლოებით 50მმ_ია და Nikon APSC_სთვის, ან მისი ექვივალენტი სენსორებისათვის –  27მმ. ეს ნიშნავს, რომ ის რისი დანახვაც ობიექტივის ფოკუსური მანძილის საშუალებით შეგიძლიათ, დაახლოებით არის ის, რასაც ისურვებდით  დაგენახათ შეუიარაღებელი თვალით.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენი კამერის სენსორის ზომას შეუძლია დიდი განსხვავების შექმნა რეალურ ფოკუსურ მანძილში. ზოგიერთი ლინზა მოიცავს ,,მორგებულ“ ფოკუსურ მანძილს , მაგრამ თუ ეს არ გაქვთ,  შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მოსახერხებელი ლინზების მულტიპლიკაციური გამომთვლელი Digified.net._ისგან.

ფართოკუთხიანი ლინზები



ფართოკუთხიანი ლინზები ძირითადად ,,შორს დასაშორებელი“ ლინზებია. მას შეუძლია დაიჭიროს იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანის თვალმა შეიძლება აღიქვას. ტიპიური ფართოკუთხიანი ობიექტივებს ფოკუსური მანძილი არის 24-35მმ. ულტრა ფართოკუთხიან ობიექტივებს, რომლებიც სცენის უფრო მეტ ნაწილს იღებენ აქვთ ძალიან მოკლე ფოკუსური მანძილი 24მმ, ან ნაკლები.

იმის გამო, რომ ამ ტიპის ლინზებს ძალიან ფართო ხედვა აქვთ, ფოტოს კიდეებთან ახლოს სწორი ხაზები შეიძლება საბოლოოდ მოხრილად გამოიყურებოდეს. სწორხაზოვანი (Rectilinear)  ლინზები ამას ასწორებს, ქმნის სწორ ხაზებს, მაგრამ გარკვეული სახის საინტერესო პერსპექტივის ცვლას იწვევს –  ფოტოს კიდეებთან ახლოს მყოფი საგნები ჩანს ცოტა დიდად ვიდრე შორს მყოფები. თევზისთვალა (Fisheye) ლინზები სწორი ხაზების მრუდებს ზრდის და შედეგად ძალიან გამორჩეულ ფოტოებს ვიღებთ.



ფოტოებში ამ ტიპის ობიექტივების გამოყენება სცენაში ,,ყველაზე მცირეზე“  იქცევს ყურადღებას, რომელიც დაჭერილია ჰორიზონტის შორს ხედვის მეშვეობით. ბევრი ტიპის პეიზაჟების გადაღებისთვის ფართოკუთხიანი ლინზები დიდებული რამაა. თუ გსურთ, მნახველის გაოცების გრძნობა გაზარდოთ, აუცილებლად უნდა მიაღწიოთ ფართო კუთხეს. იმისათვის, რომ საუკეთესო შედეგი მიიღოთ, კარგი იქნება თუ წინაპლანზე გექნებათ რაიმე, რაც განამტკიცებს ფოტოს და მიიტაცებს მნახველის ყურადღებას (მაგ: ფოტო ზემოთ).

ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენება ასევე შეგიძლიათ პატარა საგნების ,,ქულ“ ეფექტებისათვის. მაგ: ყვავილებიანი მინდვრის გადაღება ფართოკუთხიანი ლინზებით წარმოაჩენს ყვავილებს წინა პლანზე უფრო დიდად, ვიდრე უკანებს. მაგრამ საერთო ეფექტად მთლიან მინდორს მაინც გადაიღებს. სწორხაზოვანი ლინზების გაამოყენება (ან გამრუდების კორექტირება დამუშავების დროს) დაიცავს ფოტოს გამრუდებული კიდეებისგან.

ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენებისას შესაძლოა გარკვეული დრო დაგჭირდეთ პერსპექტივის ცვლასთან და სწორი ხაზების დამახინჯებასთან შეგუებაში, ასე რომ თუ გადაწყვეტთ მისით დაწყებას, კარგი იქნება თუ სხვადასხვა სიტუაციებში გამოიყენებთ, რათა ნახოთ როგორ მუშაობს განსხვავებულ სიტუაციებში.

იხილეთ ვიდეო, სადაც რამოდენიმე რჩევაა ფართოკუთხიანი ლინზების გამოყენების შესახებ:

https://www.youtube.com/watch?v=caKcktLQFW8


სტანდარტული Kit ლინზები



DSLR, ანუ ცვლადობიექტივიანი კამერას შეძენისას აუცილებლად მოყვება სტანდარტული კიტ ლინზა. ეს ლინზები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ფოკუსური მანძილი 35 და 70მმ_ს შორისაა. როგორც მიხვდით, სტანდარტული ლინზები ერთ–ერთი ყველაზე ადვილად გამოსაყენებელია, რადგან იგი უზრუნველყოფს იგივე ხედვის კუთხეს, რასაც ადამიანის თვალი აღიქვავს.




არ აქვს მნიშვნელობა რის გადაღებას აპირებთ: ლანდშაფტის, პორტრეტის, ქალაქის, თუ სხვა რაიმის, სტანდარტული ლინზა ყველგან იმუშავებს. ისინი საუკეთესოდ მუშაობენ ახლო და საშუალო მანძილზე და მაშინ, როდესაც არ გჭირდებათ რაიმეს ძალიან შორიდან დაზუმება ან პატარა საგნების ძალიან ახლოს მოყვანა. ეს ლინზები მრავალმხრივი გამოყენებისათვისაა შექმნილი, სწორედ ამიტომ ის უმეტეს კამერებს მოყვება როგორც კიტ ლინზები.

ამ ლინზების გამოსაყენებლად ერთ–ერთი საუკეთესო დროა მოგზაურობა, რადგან იგი კარგად აწყობილი ლინზაა, შეგიძლიათ წაიღოთ თან და შესაძლოა ერთი სხვა ლინზაც გააყოლოთ ნაცვლად ორი ან სამი დამატებითი ლინზისა.

ტელეფოტო და სუპერზუმი



ტელეფოტო ლინზებს 70მმ_ზე მეტი ფოკუსური მანძილი აქვს და შექმნილია იმისათვის, რომ შორს მყოფი საგანი თქვენთან რაც შეიძლება ახლოს აღმოჩნდეს. სუპერზუმი იგივეა, რაც ტელეფოტო ლინზა, თუმცა ისინი ფოკუსური მანძილის ფართო არჩევანს გვთავაზობენ. მაგ: მეორე ობიექტივი, რაც კამერისთვის შევიძინე იყო 55-200მმ_იანი სუპერზუმი. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ უფრო ფართო სპექტრი 55-300მმ_ის მსგავსი, მაგრამ დამატებითი მანძილი, თანხის დამატებას გულისხმობს.



ტელეფოტო და სუპერზუმ ლინზები საუკეთესოა შორი საგნის ახლოს მოსატანად. ეს შესაძლოა იყოს მშენებლობა ჰორიზონტზე, რომლის დანახვა სტანდარტული ლინზებით არ შეგიძლიათ, ან სახე, რომელიც გსურთ გამოარჩიოთ ხალხმრავალი ადგილისაგან. ან შესაძლოა ცხოველის გადასაღებად, რომელთანაც ახლოს მისვლა არ შეგიძლიათ, როგორც მაღლა ფოტოზე.

ტელეფოტო და სუპერზუმი გეხმარებათ მიიღოთ ფოტო, რომელიც მნახველს საგანთან ახლოს აგრძნობინებს თავს. მოკლე ტელეფოტო ლინზები პორტრეტებისათვის დიდებული რამაა, რადგან ისინი, როგორ წესი თქვენს საგანს ნამდვილად გამოარჩევს უკანა ფონისგან.

მაკრო



მაკრო ლინზები არის სპეციალური ლინზები, რომლებიც შესანიშნავია ,,ახლო“ ფოტოგრაფიაში და ბევრი მათგანი აწარმოებს ფოტოს 1:1, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი საგანი კამერის სენსორზე აღბეჭდილია რეალური ზომით, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ უამრავი რაოდენობის დეტალი. ყვავილების, მწერების  და სხვა პატარა საგნების უამრავი ფოტო გადაღებულია ასეთი მაკრო ლინზებით, თუმცა მათი გამოყენება რა  თქმა უნდა სხვა სიტუაციებშიც შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ მაკრო ფოტოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილს ყვავილები და მწერები შეადგენენ, ნებისმიერი რამის ახლო მოტანა მომხიბლავ ფოტოებს ქმნის. მონეტები, ძველი მექანიკური ნაწილები, ხე, ყოველდღიური მიწიერი საგნები, მაგ, როგორიცაა გასაღები, ან მინის ჭიქა შესაძლოა ტექსტურის და ნიმუშების უზარმაზარი პეზაჟი აღმოჩნდეს, რომელიც აქამდე არც კი შეგინიშნავთ. მაკრო ლინზები ასევე შესანიშნავია ზედაპირული სიღრმის მქონე ფოტოების შექმნაში – ფოკუსი იყოს მხოლოდ წინა პლანზე, როგორც მაღლა ფოტოში.

თუ გსურთ ჩვეულებრივი ჯადოსნური გახადოთ, მაკრო ობიექტივი ამის შესანიშნავი საშუალებაა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა მაკრო ლინზები ამ ტიპის ფოტოგრაფიაში საუკეთესო შედეგს იძლევა მსგავსი ფოტოების გადაღება მაკრო ლინზების გარეშეც შესაძლებელია.

პრაიმ ლინზა



პრაიმ ლინზები ზუმ ლინზების შებრუნებული ვარიანტია: მას აქვს ერთი ფოკუსური მანძილი. თქვენ შეგიძიათ მიიღოთ პრაიმ ლინზა ნებისმიერი ფოკუსური მანძილით, სხვადასხვა ობიექტივებისგან: დაწყებული ულტრაფართო ობიექტივიდან დამთავრებული ტელეფოტო ობიექტივით. რადგან ნებისმიერ ფოკუსური მანძლის მქონე ლინზაზე მიგვიწვდება ხელი, თითქოს ისე გამოდის, რომ პრაიმ ლინზების გამოყენება ტექნოლოგიურად უკანგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არსებობს რამოდენიმე მკაფიო უპირატესობა.

მაგალითად იმის გამო, რომ მათ ნაკლებად მოძრავი ნაწილები აქვთ, პრაიმ ლინზები ხშირად აწარმოებენ უფრო მაღალი ხარისხის მქონე ფოტოებს, რომლებიც ექსტრემალურად ნათელია და ამის გამო ისინი ძალიან პოპულარულია პორტრეტებში. კიდევ ერთი დიდი უპირატესობა არის ის, რომ ხშირად მათ უფრო სწრაფი დიაფრაგმა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ გადაიღონ უკეთესი ფოტოები დაბალი, ან არაოპტიმალური განათების პირობებში, ისინი ძალიან კარგია ღამით და სპორტულ ფოტოგრაფიაში.  და რაც მთავარია, უმოძრაო ნაწილი ნიშნავს, რომ ისინი შეიძლება იყოს საკმაოდ იაფი, ვიდრე ზუმ ლინზები.



პრაიმ ლინზის გამოყენება რა თქმა უნდა ნიშნავს იმას, რომ კარგავთ მიახლოვების უნარს. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ეს არასახარბიელო მდგომარეობაა, მაგრამ ბევრ ფოტოგრაფს სჯერა, რომ ,,გადიდება საკუთარი ფეხით“  ხდის მას უკეთეს ფოტოგრაფად, რადგან საჭიროა ფოტოების გადასაღებად ისწავლოს საუკეთესო პოზიცია მისთვის და მისი აპარატისთვის.

როდის შეგიძლიათ პრაიმ ლინზის გამოყენება? ნებისმიერ დროს, როცა გსურთ მიიღოთ მკვეთრი, მაღალი ხარისხის ფოტო. პრაიმ ლინზას ძირითადად იყენებენ პორტრეტებში, ღამის ფოტოში და სამოქმედო კადრებისათვის, მაგრამ ფოკუსური მანძილი 10მმ_იდან 300მმ_მდე და მეტიც ნიშნავს, პრაიმ ობიექტივი შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის ფოტოგრაფიაში აღმოაჩინოთ. 50მმ_იანი პრაიმი ყველა ლინზაზე კარგია და პროფესიონალი ფოტოგრაფები პორტრეტისათვის 85მმ_ს ამჯობინებენ, თუმცა სელფ პორტრეტებისათვის მშვენიერი არაა.

წესები იმისთვისაა, რომ დაირღვეს

რა თქმა უნდა რაც ფოტოგრაფიას სახალისოს ხდის არის ის, რომ შეგიძლიათ გაავრცელოთ თქვენი საკუთარი სტილი ნებისმიერ რამეზე, რაზეც მუშაობთ – შეგიძლიათ ეს ლინზები იმ მიზნებისათვის გამოყენოთ, რასაც რეკომენდაციას უწევენ, მაგრამ შეგიძლიათ განსხვავებულადაც მოიხმაროთ. შეგიძლიათ პორტრეტისათვის სტანდარტული ლინზები გამოიყენოთ, ან ტელეფოტო ლინზებით პერსპექტივები ცვალოთ. ან შეგიძლიათ იგივე სცენა გადაიღოთ ულტრა ფართო კუთხით და ნახოთ რა მოხდება.


გთავაზობთ რამოდენიმე ვიდეო გაკვეთილს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ იმაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ეს ვიდეოები ძირითადად განკუთვნილია ადამიანებისათვის, რომლებიც ფილმებს ქმნიან, მაგრამ ლინზების ფუნდამენტური პრინციპები იგივეა.

Behind the Glass Part 1: An Intro to Lenses from Vimeo Video School on Vimeo.


Behind the Glass Part 2: Focal Length from Vimeo Video School on Vimeo.


Behind the Glass Part 3: Depth of Field from Vimeo Video School on Vimeo.

ასევე იხილეთ ლინზების ფანტასტიური ისტორია და ახსნა, როგორ მუშაობს ისინი.





თარგმნა ნინო კაპანაძემ
წყარო: http://www.makeuseof.com/tag/5-common-photo-lenses-use/
             https://photographyicon.com/lens/







Related Posts Plugin for WordPress, Blogger...