Tuesday, April 4, 2017

უცხოგრაფი - დასაწყისი (თავი I)








ეს პოსტი რაღაცნაირი დაკვეთასავითაა. მას შემდეგ რაც "უცხოგრაფი", როგორც სტუდია სოციალური მედია სივრცეში გამოჩნდა, სულ არის მოთხოვნა ინფორმაციაზე - ვინ? საიდან? როდის?

სტატიაში მინდა მოგიყვეთ ისტორია, რომლითაც "უცხოგრაფი" დაიწყო და აქვე დაგპირდეთ, რომ ამ ყველაფერს სერიულ სახეს მივცემ.

2014 წელი იდგა. ჩემი დეკრეტული შვებულების ამბები ჩავლილი იყო და უნივერსიტეტიც, სადაც პიარის სამსახურში 5 თუ 6 წელი გავატარე, ახალი მიტოვებული მქონდა. ეს იყო დრო როცა მე ჟურნალისტიკაში შევაბიჯე.



ერთი დღეცაა და ჩემი მეგობარი პაატა ჩახვაშვილი მესტუმრა ოფისში, სადაც მე ვმუშაობდი, გურჯაანში და საუბრისას ფოტოგრაფიასაც შევეხეთ. მაშინ ჩემ ფოტოებს ვდებდი ჩემსავე fb ექაუნთზე, ან Flickr საიტზე და იქიდან ვაზიარებდი.

გვერდი გააკეთეო - შენი როგორც ფოტოგრაფისო, არ დაიღალე ესე აქეთ იქით ფოტოების დადებითო? - პაატამ დამაფიქრა.

მინიმუმ 2 კვირა სახელზე ვფიქრობდი.

არ მინდოდა რამე ჩვეულებრივი. ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი რომ უცხო მერქვა და მინდოდა გვერდსაც საუცხოო სახელი ქონოდა. დასაწყისიდანვე გამოვრიცხე სიტყვები: "studio", "production", "Camera", "Photography" და მისთანანი, რადგან ძალიან ბევრს ერქვა და რაღაცნაირად გამეორებად მივიჩნიე.

ერთხელაც გურჯაანიდან თელავში მომავალი, ჩანახატებს ვაკეთებდი ბლოკნოტში სადაც მოგვიანებით ასეთი კომბინაცია შემომეწერა: უცხო + ფოტოგრაფი - ფოტო = უცხოგრაფი.

რაც ზუსტად მახსოვს, მაშინ "გრაფით" არავინ შემხვედრია, არ ვამბობ, რომ არ იყვნენ, მე არ მინახავს.

სახელი და ჩემი აღმოჩენა ძალიან მომეწონა. ცოტა კი მეხამუშებოდა თავიდან, მაგრამ მაისის შუა რიცხვებში მაინც გადავაპეიჯე.

თავიდან ლაიქებიც და ხალხიც ცოტა იყო. როგორც ხდება ხოლმე, არცაა გასაკვირი.

სექტემბერში კი მეილზე შეტყობინება მომივიდა, შემდეგი ტექსტით.

"გიორგი მოგესალმებით,

მოგმართავთ პროფესიული კითხვით.
28,09,2014-ში „თელავის ღვინის მარანი“ გეგმავს ღია კარის დღის ჩატარებას საქართველოში არსებული პარტნიორი კომპანიებისთვის.
ღონისძიება გაგრძელდება 2-3 საათი. გვაინტერესებს რა იქნება მომსახურების ღირებულება, რომელსაც შემოგვთავაზებ."

სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. ეს იყო უცხოგრაფის 5 თვიანი არსებობის ისტორიაში პირველი კომერციული შინაარსის წერილი. თავიდან დავიბენი, ვიფიქრე, ხომ არ ეშლებათ მეთქი. მაგალითად სახელი, ან მისამართი. მერე ისიც კი ვიფიქრე, ჩემ ძველ პროექტზე "ბერიკებზე"  ხომ არ მწერენ თქო. პროექტი ხშირად იყო მოთხოვნადი მსგავს ღონისძიებებზე, როგორც ტურისტული სანახაობა. თუმცა მალევე გავარკვიე, რომ ეს ფოტომომსახურებას ეხებოდა.

მახსოვს როგორ ვღელავდი - მიზეზიც მქონდა. 

კამერა რომელიც 2013 წელს ვიყიდე (ამის ისტორიას როცა დრო მოვა ცალკე მოვყვები) შესანიშნავ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არ მქონდა მაშუქი, რომელიც ვიცოდი აუცილებლად დამჭირდებოდა. 

გადაღებამდე 20 დღე მქონდა. სასწრაფოდ დავიწყე მაშუქის ძიება ინტერნეტში. უცბად შევისწავლე ამაზონი და იბეი. ავარჩიე მოდელი და გამოწერისას გამახსენდა, რომ წინათვის ხელფასი უკვე დახარჯული მქონდა და ამ თვის ხელფასი გადაღებამდე არ იქნებოდა. სხვა რა გზა მქონდა სასწრაფოდ ვისესხე 150 ლარი, რომლითაც მაშუქი გამოვიწერე. 

არადა ანაზღაურებად 100 ლარი მქონდა მოთხოვნილი. 




ანუ პირველივე კომერციულ გადაღებაზე 50 ლარით ვიზარალე. მაშინვე მეტყობოდა, რომ ფინანსური მენეჯმენტი ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო.

მაშუქი კი გადაღების ზუსტად წინა დღეს ჩამომივიდა. მთელი ღამე გადაღებებს და მისი მახასიათებლის შესწავლას მოვანდომე. მეორე დღეს კი წელში გამართული და მოტივირებული წავედი ჩემ პირველ კომერციულ გადაღებაზე, როგორც "უცხოგრაფი", თორემ მანამდე უკვე ბევრ ქორწილსა თუ ბანკეტზე ვიყავი ნამყოფი, როგორც სხვა სტუდიის მიერ დაქირავებული 50 ლარიანი ოპერატორი ან ფოტოგრაფი. 

თელავის ღვინის მარანი იყო და რჩება ჩემს ყველაზე დიდ და საყვარელ დამკვეთად. მას შემდეგ ბევრი ღია კარის დღე, ფესტივალი თუ ვიდეო გადავიღეთ ერთად. ბევრი ახალი კლიენტიც გამოჩნდა და კორპორატიული სიაც გაიზარდა, თუმცა ის ფაქტი რომ ახლად ფეხადგმულ სტუდიას, რომელიც სტუდია არც იყო და იქ მხოლოდ ერთი ფოტოგრაფი მუშაობდა, ნდობა გამოუცხადეს. 

გადაღების შემდეგ დაბრუნებულს მკითხეს, რა დაგრჩაო, ფინანსურადო. მე კი ფინანსებზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ეს იყო მაშუქის შეძენის და პირველი კორპორატიული პორტფოლიოს გახსნის შეკვეთა, რაც იმდენად მახარებდა, რომ სამყარო ჩემი მეგონა. თუმცა რა ვიცოდი, რომ წინ კიდევ ბევრი საოცარი და ღელვით აღსავსე თავგადასავლები მელოდა, როგორც ფოტოგრაფს და როგორც სტუდიის ხელმძღვანელს.

დანარჩენი მომავალ თავში გავაგრძელოთ.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ პოსტზე გამოხმაურება, ჩათვალეთ ამ ციფრულ სამყაროში თქვენი ერთი სიტყვაც კი მნიშვნელოვანია ამ ამბების, ბლოგისა თუ ზოგადად სტუდიის არსებობისათვის. <3

მიყვარხართ,
მომავალ დაპოსტვამდე :*

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი



6 comments:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete
  2. ნიჭიერი ხარ და ვამაყობ რომ გიცნობ . კარგია ველოდები შემდეგს

    ReplyDelete
  3. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...