Saturday, January 19, 2019

5 ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა იცნობდე, თუ თელავი და კახეთი გიყვარს.








მზად ხარ გაიცნო 5 ფოტოგრაფი, რომელიც თელავსა და კახეთს გამორჩეულად იღებს ფოტოკამერით?

თელავი, მეფე ერეკლეს ქალაქი და ბევრისთვის საყვარელი ადგილია, რომელსაც თავისი ფოტოგრაფიის ისტორია გააჩნია. ამ ქალაქს გასული საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ფოტოგრაფები ვასილ როინაშვილი და ისააკ ტორი იღებდენენ.

საბედნიეროდ ქალაქის დასურათხატების ტრადიცია 21 საუკუნეშიც აქტიურად გრძელდება, რაშიც სხვებთან ერთად 5 ადგილობრივი ფოტოგრაფი განსაკუთრებულად გამორჩეულ და აქტიურ როლს თამაშობს.

ერთი უხერხული მომენტია რომ მათი გაცნობა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყო. წესით მსგავს სტატიებს ის სხვა ფოტობლოგები თუ ჟურნალები უნდა წერდნენ რომლებიც ფაქტურად არ გაგვაჩნია, ამიტომაც მიწევს საკუთარ თავზე საუბარიც. ფოტოგრაფთა სია ანბანის მიხედვით შევადგინე და პირველ ადგილას ჩემი გვარი აღმოჩნდა.

მაშ ასე ჩვენი 5-ეული ასე გამოიყურება:





გიორგი ბეჟანიშვილი  (33 წლის) -  ფოტოებს ციფრულ ფორმატში უკვე 10 წელია ვიღებ. თუმცა ქალაქის აქტიური გადაღება 2014 წლიდან დავიწყე და უკვე მეხუთე წელია საკუთარ გვერდსაბლოგზე და ინსტაგრამზე ვანთავსებ. ბოლო ერთი წელია ქალაქის და ზოგადად კახეთის გადაღება მობილურითაც დავიწყე. მაქვს ასევე მობილური ფოტო პროექტი "კარი თელავიდან / Doors of Telavi", რომელიც თელავში არსებული ხის კარის გადაღებას და კოლექციიონირებას მოიცავს. სამომავლოდ ვგეგმავ ამ პროექტის გამოფენას და სავარაუდოდ წიგნად გამოცემას.








ლევან დვალი (26 წლის ) - ლევანი 12 წელზე მეტია ფოტოგრაფიითაა დაკავებული. პირველი ერთი წელი ფირზე მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ ციფრულ ფოტოგრაფიას დაუკავშირა ცხოვრება. ლევანი ძირითადად დოკუმენტური სტილის ფოტოგრაფიას მისდევს და გარდა ქალაქის შენობებისა, ქალაქურ პორტრეტებსა და ყოფის ამსახველ რეპორტაჟებს იღებს. ფოტოებს ძირითადად ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებს.






ლევან კალმახელიძე (23 წლის) - წელიწადი და ოთხი თვეა რაც კამერა შეიძინა, მანამდე კი მობილურით იღებდა ფოტოებს. თავიდან პრაქტიკა ბოთლების და ღვინის გადაღებით დაიწყო რესტორანში, სადაც დრემდე მუშაობს როგორც მასპინძელი.  ლევანი ურბანული და ქუჩის ფოტოგრაფიის გარდა, ლანდშაფტებსა და პორტრეტებზეც მუშაობს. გამორჩეულად უყვარს ნისლიანი თელავის გადაღება. ეს სერია უკვე ორჯერ მოხვდა სხვადასხვა ქართულ საინფორმაციო საიტებზე და დიდი აღიარებაც მოუტანა ავტორს. ლევანი საკუთარ ნამუშავრებს ფეისბუქ გვერდზე, ინსტაგრამსა და ეიემზე აქვეყნებს.







დავით კობიაშვილი ( 37 წლის) - დავითი უკვე 6 წელია ფოტოგრაფიითაა გატაცებული. იღებს ქუჩას და შენობებს. მის ობიექტივში ხშირად ხვდება სიტუაციები და ადამიანები თელავიდან, რაც ძალიან უშუალოსა და დოკუმენტურს ხდის მის ფოტოებს. დავითი სტატიაში ჩამოთვლილი დანარჩენი ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, არ ეწევა კომერციულ ფოტო საქმიანობას და ამ ეტაპზე საკუთარი გვერდიც არ აქვს. ის ფოტოებს ფეისბუქის პირად ექაუნთზე აქვეყნებს.








გიორგი ჩეკურიშვილი (23 წლის ) - გიორგი, იგივე ჩეკი - ფოტოგრაფიით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. სამი წელია უკვე, რაც საკუთარი კამერა შეიძინა. გიო კომერციულ საქმიანობასთან ერთად, ქალაქის ქუჩის კადრებს და ლანდშაფტებს იღებს. 2018 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენაც შედგა თელავში, სადაც გასული წლების ნაშრომი შეაჯამა. გამოფენის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ თელავისა და კახეთის ფოტოებს ეკავა. გიო ნამუშევრებს საკუთარ ფეისბუქ და ინსტაგრამის გვერდებზე აქვეყნებს.


ცხადია ქალაქს სხვა ფოტოგრაფებიც იღებენ. შევეცადე ამ სტატიაში ისინი მეჩვენებინა, რომლებიც უფრო პერმანენტულად და დიდი ხანია მისდევენ ქალაქის ფოტოისტორიის შექმნასა და პოპულარიზაციას.

იმედია ფოტოგრაფების დახასიათებაში ჩადებული ლინკები არ გამოგრჩებათ და ვისაც აქამდე არ იცნობდით მათ გვერდებს აქტიურად ესტუმრებით და დააფოლოვებთ.

სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

ქოვერის ფოტოს ავტორი: გიორგი ჩეკურიშვილი






2 comments:

  1. ხუთივეს დიდ პატივს გცემთ.მართლაც გამორჩეულები ხართ თელავის არტ-სინამდვილეში. ოღონდ დავით კობიაშვილთან დავამატებდი ჩემეულ შეფასებას-მიმაჩნია,რომ ყველაზე ნატურალისტი(ბუნება,ფლორა-ფაუნა)ფოტოხელოვანია თელავში

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა გამოხმაურებისთვის. <3 დათოსთან დაკავშირებით ნამდვილად გეთანხმებით. <3

      Delete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...