Monday, December 8, 2014

ჩემი პირველი მერცხლები ანუ აქა ამბავი Pre-Wedding Shooting-ისა

ხშირად მოგისმენიათ ფრაზები: "ვერ გაიგებენ, საქართველოა", "არა, მე კი მესმის მარა, ხო იცი თელავია", "ეეეჰ ვერა ძმაო აქ არ არის მაგის კულტურა", "დამიჯერე აზრი არ აქვს", "ისე ქენი როგორც მასას (ან მამას) უნდა" და ა.შ. რა საკითხზეც არ უნდა მქონდეს საუბარი - საყურის ტარებიდან დაწყებული ფოტოგრაფიის თემებით დამთავრებული სულ ერთიდაიგივე სტერეოტიპული ფრაზები მხვდება წინ. ყველა ერთიდაიგივეს იმეორებს, თითქოს ერთ მასწავლებელთან დადიოდნენ და ყველამ ენა ერთდროულად ამ სიტყვებით ამოიდგეს. ნუ ვერც გაემტყუნებათ, მათი მასწავლებელი ხომ სისტემა იყო, არის და იქნება. ბევრი "ჩვენიანი" გადაიბირა სისტემამ და ყოველგვარი ახლის "სატანურად" ან "უტოპიურად" გამოცხადებამ. ვრცელ თემას შევეჭიდე ვატყობ და რომ გავყვე შორს წაგვიყვანს, მსჯელობა თქვენთვის პოსტის წაკითხვის შემდეგ გაშალეთ. მოკლედ კი იმის თქმა მინდა რომ დღეს (და ნებისმიერ ეპოქაში) ყოველივე ახალს წინ ნიჰილისტური განწყობები ხვდება.

ალბათ გახსოვთ (ვინც ბლოგის აქტიური მკითხველია) რამდენიმე კვირის წინ შეყვარებულ წყვილებს სიახლე შევთავაზე. არსი კი მათ ქორწილამდე გადაღებას შეეხებოდა, რასაც დასავლეთსა თუ დანარჩენ მსოფლიოში ფოტოგრაფები "Pre-Wedding Shootings" ეძახიან. ყველაფერი მარტივია, წყვილი ქორწილამდე ერთ ფოტოსესიას მართავს. თუ საშუალებაა საქორწინო ფორმაში, თუ არადა ჩვეულებრივ ყოველდღიური ტანსაცმლით. შემდეგ ეს ფოტოები საქორწინო ალბომშიც ხვდება. თან ფოტოგრაფს საშუალებას აძლევს მიეჩვიოს წყვილს და მათთან მუშაობას იმ მნიშვნელოვანი დღისთვის, რასაც ქორწილის დღე ქვია. ეს არის ქორწილის გენერალური რეპეტიცია ;)

პოსტი რომ დავწერე იდეა ბევრს მოეწონა, ზოგმა ცოტა ეჭვი შეიტანა რამდენად მიიღებდა ამ სიახლეს საზოგადოება. ზოგმა ეჭვი მის არსში, ზოგმა კი მის ფინანსებში შეიტანა. ხომ არ იქნებოდა ეს ფინანსურად უფრო ძვირი, რის გამოც წყვილები უარზე იდგებოდნენ. პოსტიდან მცირე ხანში, ქეთი შემეხმიანა. ქეთი ჩემი ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტი იყო. მითხრა რომ ქორწილის გადაღება უნდოდა. მე წინა საქორწინო სესიაც შევთავაზე. ის დამთანხმდა. სესია თბილისში უნდა გამართულიყო. დათქმულ დღეს თელავიდან რომ წავედი გზაში ბევრს ვფიქრობდი. კადრებზე ვფქრობდი, როგორ და რანაირად გადავიღებდი, ტექნიკურ საშუალებებზეც. მარტოს უნდა მემუშავა, განათების ასისტენტის გარეშე და ცოტა ვღელავდი. ეს ჩემი პირველი Pre-Wedding Shooting-ი იყო. გიო და ქეთი ძველ მერიასთან შემხვდნენ. თვითონაც ცოტა ღელავდნენ არ იცოდნენ ზუსტად რა უნდა გაეკეთებინათ. მე დადგმული სცენები დიდად არ მიყვარს (არც ვიცი) უფრო ბუნებრივ მომენტებს და დოკ. ჟანრის გადაღების ტექნიკას ვიყენებ. სოლოლაკში გავიარეთ, სხვადასხვა ადგილებს ვარჩევდით. ერთ ლოკაციაზე მაქსიმუმ 20 წუთს ვჩერდებოდით. თანდათან საღამოვდებოდა. თავისუფლების ხიდს რომ მივაღწიეთ უკვე ბინდი ეშვებოდა. შევეცადე რამდენიმე ფოტო გადამეღო. Off-camera external flash-ი შტატივზე დავამაგრე და სხვადასხვა რაკურსიდან ვიღებდი წყვილს. ერთი ორი კადრი გამიფუჭდა, განათებამ მიმტყუნა და სიბნელეში გადავიღე. ვიფიქრე მერე წავშლი მეთქი. გიოს სამსახურში ეჩქარებოდა, ამიტომ გადაღება მალე დავამთავრეთ. კამერას რომ დავხედე 150 ფოტოზე მეტი მქონდა გადაღებული. წყვილს დავემშვიდობე და ჩემი გზით გავწიე.

ჩემმა პირველმა ქორწილამდე გადაღებამ სულ ალბათ სამ საათს გასტანა. დროით უკმაყოფილო ვიყავი, უფრო მეტი მინდოდა. მეტი ლოკაცია და მეტი განათების ვარიაციები და წყაროები. მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ გამოჩნდნენ პირველი მერცხლები, რომლებაც მიიღეს ეს სიახლე და ამ ექსპერიმენტულ გადაღებაზე დამთანხმდნენ.

შედეგები თავად იხილეთ:




















ეს კი ის ორი ფოტოა რომლებიც გამიფუჭდა და მაშუქის გარეშე გადავიღე:




მგონი ქეთი და გიო კმაყოფილი დარჩნენ. ნავსიც გატყდა. ჩემს მრავალ ალბომებს შორის Pre-Wedding-იც გაჩნდა. ეს უკვე კარგია, ჩემი აზრით ადამიანებს ხშირად სწორედ ვიზუალური დასტური სჭირდებათ როცა რაღაც ახალზე ესაუბრები, რაღაც ისეთზე რაც მანამდე არ შეხვედრიათ. მიხარია რომ ერთად, ჩვენ ეს შევძელით! კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ბედნიერებას ვუსურვებ! :*

აქვე როგორც კომერციული ფოტოგრაფი მცირე სარეკლამო განცხადებასაც შემოგთავაზებთ:
"ახალი წლიდან პირველი ხუთი წყვილი ვინც უცხოგრაფს ქორწილის პორტფოლიოს შექმნას დაუკვეთავს Pre-Wedding გადაღებას უფასოდ, საჩუქრად მიიღებს". 

გკოცნით,
მომავალ შეხვედრამდე!
:*

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...