იყო დრო როცა ბოლო ზარებს ვამზადებდი, ასე 8-10 წლის წინ.
სტანდარტულად მივდიოდი სკოლაში, ვხვდებოდი დამამთავრებელ კლასის მოსწავლეებს, ვწერდით სცენარს და შემდეგ ვდგავდით. არ ვიცი საიდან დავიწყე ეს საქმიანობა. მგონი იმ დღიდან როცა ჩემი კლასელების შემხედვარემ გადავწყვიტე სცენარი ჩემ თავზე ამეღო და საკუთარი კლასის ბოლო ზარი თვითონ დამედგა.
მახსოვს როგორი სახით მიყურებდნენ მასწავლებლები და განსაკუთრებულად დირექტორი, როცა "შავი პრინცის ძმებს" ვმღეროდი "დირექტორის ძმებად" გადაკეთებულს. უნივერსიტეტში სწავლისა და მისი დამთავრების შემდეგ 4-5 წლის მანძილზე ვამზადებდი ბოლო ზარებს. ერთ წელს მახსოვს სამი თუ ოთხი სკოლაც კი ავიღე, ძირითადად სცენარის ერთი ხაზი მქონდა და სკოლებს ვარგებდი.
შემდეგ იყო ჩემი ბოლო ზარების პიკი - 2007 ან 2008 წელს როცა თელავის მერვე სკოლა მოვამზადე. კლასი იყო რაღაც სხვანაირი, ყველა სკოლის ყველაზე ამბიციური ბავშვები ერთად იყვნენ რუსულის სკოლის დამამთავრებელ კლასში (იმწელს მხოლოდ ისინი ამთავრებდნენ) და ამიტომაც გამიმართლა. ყველაზე სუსტი ხუმრობებიც კი მაგრად წავიდა. წარმოდგენა არა სკოლაში, არამედ მაშინდელ კულტურის სახლში (ახლა რომ იუსტიციის სახლი დგას იქ) გაიმართა. მახსოვს ოვაციები და მთელი ერთი თუ ორი წელი ამ ამბის ექო. ლეგენდასავით დადიოდა ეს ბოლო ზარი ხალხში. იმიტომ რომ ყველაზე პოპულარული ბიჭების და გოგოების ბოლო ზარი იყო ქალაქში. თუმცა მას შემდეგ იყო ორი ან შეიძლება სამი "ჩავარდნილი" ბოლო ზარი. არ ვიცი რისი ბრალი იყო, ჩემი სცენარის, დროის სიმცირის თუ სულაც ბავშვების არაშემოქმედებითი მიდგომის, მაგრამ ახლაც მახსოვს შეგრძნება რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მაშინ მივხვდი რომ ამ საქმისთვის თავი უნდა დამენებებინა.
არადა ყოველ წელს, ყოველ სეზონზე სულ უფრო და უფრო მატულობდა შემოთავაზებები. საბერძნეთიდან დაბრუნებულმა მყარად გადავწყვიტე არ მომემზადებინა, თუმცა გადამეკიდნენ და მეც არა ბოლო ზარი არამედ ბოლო ზარის კვირეული და აბსოლუტურად განსხვავებული ფორმატი შევთავაზე ერთ-ერთ სკოლას, თუმცა არ მოეწონათ. სიმართლე ვთქვა, მეც ეს მინდოდა. იმიტომ, რომ ვთვლი ეს საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი და დაუფასებელი საქმეა.
დადიხარ, დადიხარ, წერ, შლი, წერ, ისევ შლი. მერე თათბირობთ , ვიღაცას მეტი სიტყვა უნდა, ვიღაცას სიმღერა, ზოგს საერთოდ არ უნდა მონაწილეობა,ბოლოს მოუნდება, აი სუუ სუუ ბოლო დღეს და უნდა დადგე და წერო ახალი პერსონაჟის ტექსტები. მერე რეპეტიციებია სასწაული. მუდამ 40-50 % დადის კლასიდან. დანარჩენი 50 ბოლო ერთ კვირაში მოდის და იწყება სრული ქაოსი. გარდა ამისა რაც არ უნდა მაგარი სცენარი გქონდეს, მუდამ არის უკმარისობა, რომ უფრო მაგარი უნდა გქონოდა. არის აპარატურის გაფუჭების, ლაივში სიმღერების ჩაგდების და ტექსტის დავიწყებების დიდი რისკები. და ეს ყველაფერი ზოგჯერ მხოლოდ 300 ლარად ან მაქსიმუმ 500 ლარად ფასდება. 2 წლის წინაც დავიწყე ბოლო ზარზე მუშაობა, თუმცა ბოლოს ისევ უარი ვთქვი. 2 წელია გადავწყვიტე, თანაც მყარად გადავწყვიტე არ მოვამზადო ბოლო ზარი. შემოთავაზებები კი გიყვარდეთ არის, მოდის და მოდის. ზოგადად ეს ბაზარი ძალიან პატარაა, თელავში მხოლოდ თეატრის მსახიობები ამზადებენ ბოლო ზარებს (რაც მე ვიცი), სცენარებს კი მაქსიმუმ 3-4 ადამიანი წერდეს. ამიტომ ბავშვებს სულ უნდათ რაღაც ახალი და რაღაც სხვა (თუნდაც უცხო). მე კი ნამდვილად, ნამდვილად გადავწყვიტე რომ არ ვარ იმ ფორმატის მომხრე რა ფორმატშიც ბოლო ზარები იმართება ჩვენს ქვეყანაში ბოლო 20 წელია. უბრალოდ აღარ მომწონს, მომბეზრდა და მორჩა.
- სცენარებს აღარ წერ?
- ბოლო ზარს არ ამზადებ?
- ბოლო ზარს არ ვამზადებ, ბოლო ზარს ვიღებ! - ვპასუხობ მე.
მე როგორც ფოტოგრაფი უფრო კომფორტულად და თავდაჯერებულად ვმუშაობ ბოლო ზარზე, ვიდრე სცენარისტი. მაქვს სტუდია და შემიძლია ბოლო ზარის გადაღება-მონტაჟი. ფოტოგრაფია ჩემშია და შემიძლია ენერგიის ამოუწურავად ვიმუშაო ამ საქმეზე. ეს არის ის სფერო რაც მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ამიტომ გთავაზობთ თქვენი ყურადღება ჩემსკენ ამ კუთხით მოაქციოთ და აქცენტი არა სცენარზე, არამედ ფოტო-ვიდეო სერვისზე გააკეთოთ.
პირდაპირ რომ გითხრათ ნუ მაიძულებთ მოგატყუოთ და ის მოგყიდოთ რაც არ გამომდის ან არ ძალმიძს.
აიღეთ ის რაც 100% ნაღდია და ხარისხიანი.
გიო ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment