Saturday, December 17, 2016

ტაქსის მძღოლთან არ სათქმელი





- უცხო, უცხოოო - ხმას ვადევნებ მზერას და ვხედავ ხოსეს, რომელიც თან ტაქსს აჩერებს და თან მეორე ხელით მე მეპატიჟება.


ხოსე ორი დღეა არ მინახავს. ის კახეთში იყო, მე თბილისში. ახლაც თბილისში ვართ და ერთ-ერთ გადაღებაზე გვაგვიანდება.

ტაქსში ვზივართ და ისე რომ არც ვკითხულობთ ერთმანეთს, საქმეზე გადავდივართ.

- რა ქენი აბა საქმეებზე - ვეკითხები მე.

- თითქმის ყველაფერი შევიტანე - მპასუხობს ხოსე და თან აგრძელებს - გოგოების ნაწილები გაგყვა შენ, მაგრამ სამაგიეროდ სხვა საქმეებს მივხედე.


მძღოლი, რომელიც აქამდე გზას გაყურებდა, ჩვენსკენ აპარებს თვალს.

- თაზო და ნელიკო დავჭერი - აგრძელებს ხოსე. მე გარინდული ვარ.
- ძაან გამიჭირდა მაგრამ, ერთ საღამოში დავჭერი, რაც არ გვჭირდებოდა, ცალკე გადავიტანე და შევინახე და რაც გამოდგება, ერთად დავალაგე. მაგრამ შენც უნდა ნახო რა, ხოიცი შენი ამოსარჩევია მაინც.

მძღოლი რადიოს, რომელიც აქამდე დარიდურის აღრიალებდა დაბლა უწევს და უფრო მეტად ცდილობს, არამხოლოდ მოსმენას, არამედ ჩვენ ათვალ-ჩათვალიერებას.

- შენ რა ქენი? - მეკითხება ხოსე.
- რავი, ყველაფერი წამოვიღე, მგონი არაფერი დამჩა. - თან ჩანთისკენ და შტატივის უშველებელი შავი ჩიხოლისკენ ვიყურები. უცებ მძღოლის მზერას ვიჭერ, რომელიც უკვე მოურიდებლად აკვირდება ჩვენს სამუშაო იარაღებს. უცებ ვიაზრებ, რომ კამერები ჩავკეცე და ჩანთაში მილაგია. რომელიც შავია და ეს შტატივის გრძელი ბუდეც საეჭვოდ გამოიყურება. მერე ხოსეს ვუყურებ და მერე ჩემ თავს სარკეში, რომელიც ორ წვერიან, შავებში ჩაცმულ მამაკაცს მაჩვენებს. მძღოლი უკვე ინტერესშია, მაგრამ ისეთი საუბარია, ვერ იკითხავს რა პროფესიის ხართო.




უცებ ხოსემ:

- უცხო, აფხაზებმა რა ქნეს, დარიცხეს თანხა?

არ მახსოვს რა ვუპასუხე, მაგრამ მახსოვს მძღოლის გაფართოვებული თვალები. მის თვალებს მიღმა წაკითხული ეჭვები, რომ მანქანაში ორი დაქირავებული ქილერი უზის, რომლებიც ვიღაც წყვილებს კლავენ, შეაქვთ სადღაც და ჭრიან. გამოუსადეგარ ნაკუწებს ცალკე ყრიან და კარგ ნაწილებს ცალკე აფასოვებენ. ალბათ გასაყიდად. ანუ ორგანოებით მოვაჭრეები მიყავს, თანაც აქვე ახალ საქმეზე თბილისში, რომელიც ვინ იცის აფხაზების დაკვეთილიცაა.

- დღეს ამას რო მოვჩებით ჩემთან არ ჩამოხვალ?
- კი უეჭველი, ისედაც ორი დღე გამიცდა - ვპასუხობ ხოსეს.
- და დღეს რა გავაკეთოთ? -
- რაც ყველაზე საჩქაროა - ვპასუხობ და თან ჩვენ მძღოლის დაძაბულ სახეს ვუყურებ სარკეში.
- ყველაზე საჩქარო ბავშვებია - ისმის პასუხი.
- კაი, მაშინ შევჭამ და ესე ცხრისკენ ჩამოვალ. ჩამოვალ და ბავშვები გავაკეთოთ - ვპასუხობ ზუსტად ისე, როგორც სხვა დროს, სხვა სიტუაციებში.
- შევთანხმდით - მიბრუნდება ხოსე - დღეს ბავშვებს ვაკეთებთ.

ამის თქმა იყო და დათქმულ ადგილზეც მივედით.

მძღოლს ფულს ვაწვდით, მაგრამ არ რეაგირებს. მერე ფხიზლდება, მაგრამ ხურდას აღარ გვიბრუნებს. ხოსემ მე ოციანი მოგეციო. იმან ვაიმე არ დამინახავსო. აბა რას დაინახავდა, მთელი მზერა ჩემი შტატივისკენ ქონდა მომართული, რომელიც რის ვაი ვაგლახით გადავიტანე ტაქსიდან.

წამოვედით.

ის კი იდგა და გვაკვირდებოდა.

ჩვენ გადაღებაზე მივედით, კამერებიც ავაწყეთ, ინტერვიუებიც ავიღეთ. იმ საღამოს თელავშიც დავბრუნდით და ბავშვებიც გავაკეთეთ, რომელიც რეალურად "World Vision Georgia"-ს შეკვეთა იყო და ბავშვთა შრომის შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლის მონტაჟს გულისხმობდა. აფხაზების თანხაც დაირიცხა, რომელიც ჩვენი კლიენტის, მშვიდობისა და შერიგების ფონდის შესახებ მომზადებული პროექტის "წერილი ბოთლში" გაწეული შრომისათვის ჰონორარს გულისხმობდა. თაზოს და ნელიკოს ქორწილის ვიდეოს კადრებსაც ვუყურე "ედობი პრემიერ პროში" სადაც სიტყვები "დაჭრა" და "დაკუწვა" ვიდეო ფაილებს ეხება და არა ადამიანის სხეულს.

მოკლედ ჩვენი საქმეები მოვითავე და სახლში დაბრუნებულს, ძილის წინ ისევ იმ კაცის მზერა მაწუხებდა. აი ის დაჟინებული მზერა, ბოლომდე რომ გამოგვაყოლა. ეგ მზერა მთელი ღამე ჩამყვა და ვნახე სიზმარი თუ როგორ იდგა "ბირჟაზე" ეს ტაქსის მძღოლი და თავის კოლეგებს, როგორ უყვებოდა ორი მანიაკის შესახებ, რომლებიც გარდა იმისა რომ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ, თან ღამ - ღამობით იდგნენ და რაღაც ეშმაკის მანქანებით ბავშვებსაც აკეთებდნენ.

ის მძღოლი მეტჯერ აღარ მინახავს.

მას მერე მე და ხოსემ მონტაჟის საქმეზე ტაქსში საუბარიც ავიკრძალეთ.

ის კი არა ზოგჯერ ახლობლებთანაც აღარ ვსაუბრობთ, ვინმეს რომ მართლა ფარული მანიაკები ან ერთმანეთზე შეყვარებული ტერორისტები არ ვეგონოთ. ამ ამბის მოყოლაც მაგიტომ გადავწყვიტე: ყველა პროფესიას თავისი უცნაური ტერმინოლოგია ახასიათებს და რომ ტერმინების განმარტებების გარეშე საუბარს შეცდომაში შეყავს უცხო ხალხი, მით უფრო ტაქსის უცნობი მძღოლები.

;)

გიო ბეჟანიშვილი




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...