Saturday, January 19, 2019

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?




ამასწინ თელავის ბაზარში ვიყავი.

არც მახსოვს რას ვეძებდი, ასეთ დიალოგს კი შევესწარი.

ვიღაც 40 წლამდე მიტანებული კაი დაზმანული ტიპი ეკითხებოდა ბებოს მწნილის ფასს და იმან 3 ლარიო. ამ კაცმა ისე შეიცხადა თითქოს მილიონი გაეგო, რას ამბობობთო, თქვენ  სულ გარეკეთო და გაერიდა.

სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ის ბებო რომ დავინახე და მისი ცრემლიანი თვალები, მივედი.

მეთქი მე მინდა ერთი კილო თქო.

ბრაზით შემომხედა, დღემდე მახსოვს მისი ბრაზმორეული მზერა და სანამ ამიწონიდა, გახედა იმ ტიპს და ეჰ, ნეტა იცოდეს მთელი წელი როგორ დავფოფინებო. განა სადმე ვყიდულობ, ჩემი ხელით მომყავს, ვამწნილებ და ყოველ დილით 7-ზე გამოვდივარ, რომ ჩემი შრომით მოწეულ-მომზადებული გავყიდოვო.

არ ვიცოდი რა მეთქვა, რავიცი 3 ლარი ტაქსით გადაადგილება ღირს თელავში და მწნილზე როგორ შეიძლება ქალს უთხრა სულ გარეკეთო.

დავემშვიდობე, მომაქვს და ვფიქრობ ჩემთვის.

მგონი სადმე ახლო მახლო სოფლიდანაა, წვალობს მართლა ზედ დაფოფინებს, ამზადებს სარეალიზაციოდ, რომელიც შეიძლება სულაც არ ეხალისება, გამოდის ბაზარში და მაინც ვერ იღებს იმ შედეგს რისთვისაც ამდენს წვალობს.

განა ვისი ბრალია?

ნუთუ მისი?

3 ლარი რომ დაადო კილო მწნილს?

თუ მყიდველის, რომელსაც ეს ფასი ეძვირება?

ან იქნებ ბაზარია დღეს რაღაცნაირად აჭრილი?

მერე უცებ ეს მწნილის თემატიკა ფოტოგრაფიას დავუკავშირე და მივხვდი რომ მეც კაი ვირტუალურ ბაზარში გამომდგარი ვაჭარი გამხადა ამ კომერციალიზაციამ.

"იიი, ფოტოგრაფია ხელოვნებააა" ბაზარი კაი ხანია გვერდზე გავდგით ყველამ ვინც ამ სფეროში ვართ, ჰოდა ჯიგრულად ვირტუალურ დახლებთან წამომჯდრებიც კარგად ვვაჭრობთ მესენჯერის საშუალებით.

ფიქრებს შეყოლილმა იმ შემრეზილი კლიენტის სახის გახსენებაზე ჩემი დახლის ამბებიც გავიხსენე და ისიც კარგად გავიაზრე რომ მწნილში მიწვდილი 5 ლარიანიდან მორჩენილი 2 ლარით სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი ტაქსით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ეს სერვისი თელავში 3 ლარი ღირს. მერე ისიც გამახსენდა რომ ეს ერთ - ერთი ბოლო ხუთ ლარიანი იყო რაც ამჟამად გამაჩნია. არადა წესით ამ 2019 წელში როგორც ვაჭრები იტყოდნენ კაი 1000 ან უფრო მეტ ლარიანიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც ჩანს იმ ბებოს კლიენტისა არ იყოს, ჩემი კლიენტებიც ძაან ძვირობენ ფასებს და ამ სტატიის დაწერაც ამ ამბავმა მიბიძგა.



თავიდანვე ვაცხადებ რომ არც რაიმე მორალი დაგვხვდება ბოლოს და არც რაიმე solution.

არა, მხოლოდ კითხვები მაქვს, როგორც რიგით ნოქარს, რომელიც დღეს ამ უცნაურ ვირტუალურ დახლზე გადმომდგარა.

მახსოვს ის დრო, როცა ჩემი ერთი ახლობელი წლების წინ მაგრად მამუნათებდა, ფასებს რატო აგდებო. მაშინდელი პასუხი ჩემი ასეთი იყო - არც ვიცი რა ფასებია თქო, და იმანაც სიტყვამოსწრებულად მომიგო, ჰოდა იკითხე შე კაცო და გეტყვითო.

როგორც მაშინ, ახლაც ვიკითხავ, ნეტამც მაცოდინა საბაზრო ფასებს ვინ არეგულირებს?

რადგან როგორც სჩანს მე როგორც კომერციული ფოტოგრაფი აშკარად ავცდი. რა დასკვნამდეც წლევანდელმა 5 ჯერ ცხვირაბზუებულმა და უიჰ რა ძვირიას მთქმელმა კლიენტმა მაგრძნობინა. ჰო იმ 1000 ან 2000-მა ლარმა ჯიბეში რომ უნდა მედოს, მაგრამ არ მიდევს.

დახლმეითებო, რა ფასებში მოძრაობთ იქნებ გამარკვიოთ, რადგან რაც უფრო დაბლა ვექაჩები ჩემი ხელითა და გონით მოწეულს, მაინც არ მეყიდება.

ამ ფიქრებში წასული სქროლვაში ვხვდები მსუყე განცხადებებს იმის შესახებ თუ რომელს სცალია დღეს რომ გადაიღონ.

- აბა ვის ესიამოვნება დღეს პოზირება?

- მცალია და გარეთ ვარ და რავი, რომელს გაგისწორდებათ ახალი ფოტკები?

ჰმ . . .

რა უცანურია, ჩემთვის ვფიქრობ კომერცია ხო ისაა სადაც სერვისს ყიდი ფულზე. და ქველმოქმედება კიდე სხვა რამე. და ისევ კომერცია ხო ნაღდად ისაა რო შენ სერვისს ფულის სანაცვლოდ აძლევ მას ვისაც ის ჭირდება, რავიცი მე რომ კომერცია დავიწყე და აქცია მოვცხე თელავში, ნადიკვარზე ფოტო 1 ლარად თქო, ლამის რაზბორკაზე დამიბარეს -  შენ იქ ხომ არ მოძრაობო? რაღა ლამის, დამიბარეს და მიტხრეს კიდეც, თანაც გოგომ.

ა, პორტფოლიოს ამდიდრებენ, მაშინ ჰო, მაშინ გასაგებია.

მერე რა რომ ქალაქში მოძრავი 20-30 გოგო პორტფოლიოს გამდიდრების მსურველებმა უკვე გადაიღეს უფასოდ. მერე რა რომ იმ ქალის არ იყოს ზედ დავფოფინებდი ფოტოგრაფიას, წლები კითხვას ან პრაქტიკას მივუძღვენი. მთავარი ხო ისაა - იმ დღეს ფეიჯზე ვინ დადებს ძერსკ ფოტოს.

მგონი ავცდი საბაზრო კანონებს და ჩვენს კომერციული ფოტოგრაფების დახლებთან ქველმოქმედებამ და სანტა კლაუსებმა ჩამოიარეს.

არა, განა მაგაზეა, მე ისედაც ვიზამ ჩემსას და არ დავიკარგები, მაგრამ ეს უფასო და თან კომერციული ტრიუკები რა ახალი ჯანდაბაა.

ჰიბრიდია ძმა -  მეტყოდა მავანი მოწეული ახლა.

მართლა გაუგებარია.

მერე რომ მოგვწერს ის 30-იდან ერთი გოგო, რომელიც ამ პაწაწუნა ქალაქში გადაღების მსურველია. ცხადია იმ 40 წლის მწნილის მყიდველი კაცივით დაიჯღანება ჩემს მიწერილ ფასზე, რადგან ისიც კარგად მოეხსენება რომ ორ დახლს იქით, სრულიად უაფასო ფოტოკამერები და გრაფები არიან.



ისიც კარგად მესმის რომ ზოგს ამით არც ოჯახი აქვს სარჩენი, ან პირიქით იმდენი იშოვა რომ უკვე არჩინა და გასცდა კიდეც.

ზოგს ეს სულაც ახალი გოგოების/ბიჭების გასაცნობად გინდათ, მაგრამ folks აგერ ხალხი ვართ, ვინც მთლიანად თავი გადავდეთ ამისთვის.

მე პირადად ჩემი ქორწინების ბეჭედი დავალომბარდე, რომ ჩემი პირველი კამერა მეყიდა. განა იმიტომ რომ ჰაიდა ლამაზი გოგოები გადამეღო, ან განა იმიტომ რომ დიიდი ფული მეშოვა. არამც და არამც, 2007 წლიდან ვიღებდი რაღაც ბანძი მობილურით და ჩემი ოცნება იყო ნორმალური კამერა. შემდეგ კი ქუჩის და ურბანული ფოტოგრაფია. მომენტ არც კომერციას გავეკარებოდი, კაი ბიზნესმენი კაცის შვილიშვილი რომ ვიყო ან სულაც დედა მიგზავნიდეს იტალიიდან 1000 ევროს ყოველთვე. არა განა კომერციას ვძრახამ. აქაც არამც და არამც. მე უფრო ბლოგი, წერა და სწავლება მიყვარს. ქუჩაში გადაღება და მოგზაურობა. 2009-დან 2013 მდე სამსახურის კამერით დავრბოდი, და 13-ში ნაყიდი კამერით ერთი წლის თავზე ყველაფერი მივატოვე. სრულიად ნოლზე დავჯექი ფოტოგრაფიის სიყვარულით და არა გამდიდრების მუღამით. რადგან ფოტოგრაფია მიყვარს. მაგრამ. . .  მაგრამ რადგან ფულის ხეს ჯერ ვერ მივაკვლიე და არც არავინ მყავს საზღვარგარეთიდან კამერების შემძენი ნათესავი, ჩემი შრომით და ცოდნით ვშვრები ყველაფერს. ჰო, როგორც ის ბებო ბაზრიდან.

მაგრამ განა ყველაფერი მარტო თქვენი ბრალია?

არამც და არამც, აქ კიდე ის ხალხიცაა, ვინც კონას ათ შაურად აფასებს. აი საჭირო ხალხის ქორწილებშიც ვაბშეტა სუუულ უფასოდ რომ დარბის და ვისი თამასაც იმდენად დაბალია, რომ ვერც კი ჩავდივარ იქამდე. ფიზიკურად, ხარჯსაც რომ ვერ გადაფარავს ისეთი პირობებია.

თქვენიც მესმის ძმებო და დებო, როგორც ჩანს არც ვალი იცით რა არის და არც კამერაში მოგიხდენიათ ინვესტირება. ალბათ ვინმემ გამოგიგზავნათ, ან სულაც ლატარიაში მოგებული ფულით იყიდეთ და შესაბამისად გაქვთ იმის ფუფუნება რომ სულაც კონა ათ შაურად გაყიდოთ.

ვიცი ჰო მემარჯვენეობაში ასეა - ბაზარი არეგულირებს. მაგრამ ინვესტირების და საწყისი კაპიტალის ამბავში უკვე გამარჯვებული ხალხი რო ხართ ფასი რომ აწიოთ არ გინდათ? მასე არც არავინ დარჩება მოგებული, წესით უნდა იაზრებდეთ მეგობრებო.

აი აქ კი ვცდები...

აქ ის კლიენტი რჩება მოგებული, რომელიც მეხუთედ დავკარგე უკვე განვლილ 20 დღეში. ხან იმიტომ რომ ვიღაცამ უფასოდ გადაუღო. ან იმდენად იაფად რომ ფეხსაც არ გადავდგამდი. არადა ჩემი ფეხის გადადგმა არც ისე ძვირი ღირს ამ ისედაც გაუბედურებულ ბაზარში, რომელიც იმის ნაცვლად რომ ისეთივე მზარდი იყოს, როგორც კამერების თუ ლინზების ფასი, პირიქით ქვევით მოექანება, დაგორებული ქვასავით.

ჰმმ, განა კი ვიღებთ ამაზე ხმას, არა.

დღეს მოდურობა, ფოტოგრაფია და სთორები იმდენად შორს გაიჭრა, რომ ალბათ რეგიონში მცხოვრები, საშუალო ამბიციების და მოთხოვნების კაცს თუ არ მოუჭერს მარყუჭი ბოლომდე, ხმასაც არავინ ამოიღებს.

არადა მართლა იმდენად ცოტა ვუთხარი დღეს ტიპებს, რომ გაუკვირდათ კიდეც ტელეფონის მეორე მხარეს. მაგრამ რად გინდა, ბოსებმა თქვეს არა, ძვირიაო. და განა იმიტომ რომ მართლა ძვირია. არამედ იმიტომ რომ ყოველთვის არის ვიღაც ვინც ამას უფრო იაფად შეასრულებს. იაფად და ხარისხიანად. მერწუმენთ იაფი ყოველთვის ხარისხიანია.

რა არ იცოდით?

ჰოდა იცოდეთ ამის მერე, რადგან ეს ჩვენი ბაზრის ახალი წესია, რომლითაც აგერ მხოლოდ ჩემ მაგალითზე უკვე ხუთმა კლიენტმა ისარგებლა.

წარმატებები...

განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეც არის რომ როცა ფოტოგრაფს იმდენი გაქვს ნაშოვნი რომ სადმე კურორტზე ისვენებ, უფასოდ არ უნდა გადაუღო ისედაც ფულში გაბანებულ ტიპებს ამ გაქანებულ კომერციის ხანაში. მითუფრო რომ ხომ იცი შენ რომ ამას აკეთებ, ვიღაცას ართმევ იმ ფულს, რომელსაც სულაც ის კურორტი ერთი დამსვენებლიდან იღებს.

კაპიტალიზმის და ბურჟუაზიის მთავარი ჭირიც ეგ არის, რომ უარს უარზე გვათმქვინებენ ერთმანეთში და ეს პირველად არ ხდება, ბოლოს კი ცხადია რომ მაინც გამოინახება ვიღაც უფრო მეიაფე ან ბარემ იქვე მყოფი უფასო, ჯიგარსონა და ფეშენ გადამღები, რომელიც სიმპათიური ბობოლა კაპიტალისტის ჯიბეში კიდევ ერთხელ დატოვებს 300-500 ლარით მეტ მოგებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამ თანხით ნაკლები მოითხოვა კონკრეტულ გადაღებაში.

ვზივარ აქ, ჩემს კომპიუტერთან გაოცებული და ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები

- ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?

გამაცანით, რადგან ფაქტია რომ მე ძაან აცდენილი ვარ, როგორც კომერციული ფოტოგრაფი.

და თუ ვინმე ისეთი არ გამოჩნდა, როგორიც მე ვიყავი იმ მომენტში, ფაქტია ჩემი ფოტოგრაფიის ფასის დამწუნებელი უფრო მეტია ვიდრე მომწონებელი, იმ მწნილის გამყიდველი ქალის და მისი ხეპრე ცხვირბზუა კლიენტისა არ იყოს.

არადა ბოლო 2-3 თვეში, ჩემს ლინზებს გეფიცებით, მართლა ისეთ ბობოლა კამანდებს ვყავარ ფასის გამო დაქენსელებული რო დავიბენი და საერთოდ ვერ გამიგია რა ხდება ამ ჯანდაბა ბაზარში.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი