Tuesday, November 18, 2014

როდის და რატომ უნდა დავპატიჟოთ ქორწილში უცხო ?

გამარჯობა!

ალბათ მოგეხსენებათ უცხოგრაფი ივენთფოტოგრაფიის კომერციულ ხაზს კარგა ხანია რაც მისდევს. სხვადასხვა სახის ივენთებს ვიღებ და ივენთიდან ივენთამდე დროში სულ ვფიქრობ ქორწილებზე. ალბათ ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო ივენთზე ამ სფეროში.


როდის უნდა დაუძახოთ ქორწილის გადასაღებად "უცხოგრაფს"?

ქორწილის გადაღება საქართველოში ხშირ შემთხვევაში ისევე ქაოტურად ხდება, როგორც თავად ქორწილის ორგანიზება. იმისათვის, რომ ამ ლამაზი დღის (რომელიც იდეაში აღარც უნდა განმეორდეს მეორედ) ფოტოზე აღბეჭვდა მაღალი ხარისხით მოხდეს, აუცილებელია დრო და კიდევ ერთხელ დრო. ვიცი ყველა სტუდიას ამ ივენთზე საკუთარი თაიმ მენეჯმენტი გააჩნია, მაგრამ ჩემი ხაზი, რომლის დამკვიდრებასაც ვგეგმავ (ინოვაციები უცხოსგან!) და რომელიც ევროპასა თუ ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია მთლიანად დამოკიდებულია დროზე.

ლევან დვალის ფოტო
აი რას გთავაზობთ მე:

Pre-Wedding Shootings (ფოტოსესია ქორწილამდე)

ქორწილამდე ფოტოსესია აპრობირებული მეთოდია დასავლეთში. აი მიზეზები იმის თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი:

ა) ფოტოგრაფი ახლოს ეცნობა წყვილს.

ხშირად ქორწილის დღემდე ფოტოგრაფს და ნეფე-პატარძალს ერთამანეთი არც კი უნახავთ. აქვე იკითხავთ - და რა საჭიროაო? ჩემი აზრით ეს აუცილებელია. დღე, როდესაც წყვილი (ნებსით თუ უნებლიედ) ძალიან ღელავენ და ხშირად მღელვარებისგან ნერვულად იცინიან არ შეიძლება დაძაბოს უცხო ადამიანის (ამ შემთხვევაში ფოტოგრაფის) კულისებს მიღმა გამოჩენამ. ვგულისხმობ რა იმ შიდა სამზარეულოს რაც თან ახლავს ქორწილის ხშირად ქაოტურ დღეს. ასეთ დროს ისედაც დაძაბული პატარძალი უფრო იძაბება. სასიძოც უფრო მეტად უმატებს მღელვარებას (თან თუ კამერასთან ურთიერთობის გამოცდილება არასოდეს ქონია). ეს მუხტი კი ხშირად ფოტოგრაფსაც გადაედება ხოლმე, რომელიც თავის მხრივ კონცენტრაციას ვერ ახდენს გადაღების დროს. ასეთ დაძაბულ გარემოში მუშაობა მაღალი დონის პროფესიონალებსაც კი უჭირთ.  ახლა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ქორწილის დღის გადაღებამდე წყვილი ერთხელ უკვე იყო ფოტოგრაფთან ერთად ფოტოსესიაზე. ერთად დალიეს ყავა, ისაუბრეს და შემდეგ სხვადასხვა საინტერესო ადგილები მოინახულეს. გადაიღეს უამრავი სურათი და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ასეთი სესიის შემდეგ ქორწილში მისულ (უკვე შინაურ) ფოტოგრაფს წყვილიც გახსნილი და თავისუფალი ხვდება. შესაბამისად ის ნერვული ფონი, რაც ასე ხშირად გასდევს ხოლმე საქორწინო ალბომების თითქმის ყველა ფოტოს, საერთოდ მოხსნილია.

ბ) ფოტოგრაფი ადგენს გადასაღებ სისტემას

ქორწილში მისულ ფოტოგრაფს, რომელსაც მანამდე მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა წყვილი, ხშირად ხვდება მოულოდნელობა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, მით უფრო ფოტოში. ზოგი ფოტოგენურია (ასეთ წყვილთან მუშაობა ექსპრომტადაც ადვილია), ზოგი კი არაფოტოგენური (თუმცა ყველას უნდა რომ ქონდეს საუკეთესო სურათები - აი ისეთი მათ მეზობლებს და მეგობრებს რომ აქვთ). ზოგს მარჯვენა პროფილიდან გადაღება უხდება, ზოგს კი ოდნავ თავდახრილს გამოსდის საუკეთესო სურათები. ამით იმის თქმა მინდა რომ ქორწილამდე ფოტოსესია საშუალებას აძლევს ფოტოგრაფს მშვიდად და აუღელვებლად შეისწავლოს მისი გადაღების ობიექტების სახისმოყვანილობა, ნაკვთები, ჟესტები, მიმიკები. გაარკვიოს ვის უხდება ღიმილი და ვის არა. ვის როგორი და რანაირი კუთხიდან უნდა გადაუღოს, რომ მიიღოს საუკეთესო ფოტოები, ფოტოები რომლებშიც მან გასამჯელო უნდა აიღოს. გასამჯელოს კი დაუმსახურებლად ალბათ არცერთი პროფესიონალი ადამიანი არ დათანხმდება (მე არ დავთანხმდებოდი). ფოტოსესიის შემდეგ ფოტოგრაფს წინ მთელი კვირა ან თუნდაც თვე აქვს, რათა დამშვიდებულმა გადახედოს თავის კომპიუტერში და გამოიტანოს დასკვნები თუ სამომავლო რეკომენდაციები, რომელთაც უკვე ქორწილის დღეს გამოიყენებს. ასეთი დალაგებული და დამშვიდებულ-დაგეგმილი ხედვით სულ სხვანაირი ფოტოები მიიღება და ორივე მხარეც კმაყოფილი რჩება, დასასრულს.

გ) ქორწილამდე ფოტოსესიის საუკეთესო სურათები ფოტოალბომში ხვდება

სესიაზე ფოტოგრაფმა შეიძლება 100-200 სურათიც გადაიღოს, მათგან საუკეთესოებს წყვილთან ერთად ამოარჩევს, დაამუშავებს და უკვე ქორწილში გადაღებულ ფოტოებს დაუმატებს ციფრულსა თუ ბეჭდურ ფოტოალბომში. ეს ალბომსაც გაამდიდრებს და ფოტოებსაც უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ესაა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ქორწილამდე ფოტოსესიას იღებენ ევროპასა და ამერიკაში. სამწუხაროდ მე პირადად არცერთი სტუდიისგან არ მსმენია მსგავსი სერვისისა თუ შეთავაზების შესახებ. არადა, ჩემის ღრმა რწმენით ეს აუცილებელია. ამიტომ ქორწილს სესიის გარეშე უცხოგრაფი არ გადაიღებს -  ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ ერთი თვით ადრე მაინც იცით რომ ჯვარს იწერთ და მე გჭირდებით, ზარი დროულად უნდა განახორციელოთ და საქმეც იდეალურად იქნება ;)

შენიშვნა: ვიცი პოსტის წაკითხვის შემდეგ ბევრი დააქავერებს და დააკოპირებს ამ სერვისს (წაიღონ, არც მაქვს საავტორო უფლებები), მაგრამ გვახსოვდეს ეს საინტერესო ინოვაცია ვისგან წამოვიდა :*


რატომ უნდა დაუძახოთ ქორწილის გადასაღებად უცხოგრაფს?

ყველა სტუდიასა თუ ინდივიდუალურ ფოტოგრაფს საკუთარი პლუსები აქვს (მინუსებთან ერთად:) ). აი ჩემები თუ რატომ უნდა მომანდოთ თქვენი ქორწილის გადაღება მე:

ა) სტაჟი და პროფესიონალიზმი - ზოგადი ცნებებია ვიცი, მაგრამ მაინც დავძენ, რომ 6 წლიანი DSLR კამერებთან მუშაობის გამოცდილება და ის ცოდნა რასაც თეორიულად თუ პრაქტიკულად ვაგროვებ, მაძლევს საშუალებას ავიღო პასუხისმგებლობა ასეთი მნიშვნელოვანი დღის გადასაღებად.

ბ) მუშაობა RAW ფორმატში - ალბათ მცირედს თქვენთაგან თუ სმენია რა არის RAW ფორმატი და რატომაა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ფორმატით მუშაობა ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ალბათ ერთ დღეს თავად ფორმატის შესახებ ცალკე პოსტს დავწერ. ამ შემთხვევაში კი გეტყვით რომ ფოტოს დამუშავების ზღვა საშუალებას იძლევა ეს ფორმატი და თითქმის ყველა იმ ხარვეზის გამოსწორება შეიძლება, რაც გადაღებისას წარმოიშვა.
მოკლედ, პროფესიონალები მუშაობენ RAW-ში.

გ) ულიმიტო ფოტო გადაღება - არ მიყვარს როცა ფოტოგრაფები თავს იზღუდავენ ფოტოების რაოდენობაში. არც წინასწარ ფოტოების რაოდენობაზე შეთანხმება მჩვევია და არც შემდეგ ჩარჩოებში მოქცევა. საღამოს ვიღებ გაუთავებლად და შემდეგ იმ 1000 თუ 2000 ფოტოდან საუკეთესოებს ( ზოგჯერ 1000-სს ან სულაც უფრო მეტს) დამუშავებული სახით ვაწვდი წყვილს.

შენიშვნა: უნებისყოფო და მოუთმენელი წყვილები ნუ გამომეხმაურებით. ფოტოების ჩაბარების დედლაინი ჩემთან: 10-დან 20 დღემდე მერყეობს. თუ ვინმეს ფოტოები ქორწილიდან მეორე დღესვე უნდა - ჯობია სხვა ფოტოგრაფი მიიწვიოს.

ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს შეიძლება კიდევ აკლია რაღაც, დანარჩენს შემდეგ "საქორწინო" პოსტებში დავწერ.

წარმატებები ;)
მომავალ შეხვედრამდე :*

Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00








0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...