გამარჯობა.
დღევანდელ პოსტში ფოტოგრაფიაზე ნაკლებად ვისაუბრებ, დღეს საუბარი შეეხება ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გრძნობას - თანაგრძნობას. აბსტრაქტულ საუბარს არ დავიწყებ, პირდაპირ გეტყვით დღეს იყო აქცია და ძალიან მაგრად ჩაიარა!
ეს ყველას დამსახურებაა: ორგანიზატორების, შემსრულებლების, მაყურებლის!
|
ლევან დვალის ფოტო |
"ქველმოქმედება" მრავალფეროვანი სიტყვაა და დღეს ძირითადად პოლიტიკოსებისა თუ საზოგადო მოღვაწეების მხრიდან პიარისთვის და ბრტყელ-ბრტყელების სალაპარაკოდ გამოიყენება. დიდი კონცერტები, შოუ პროგრამები, "კრეატიული" აქციები, ხშირად გვინახავს ტელევიზიის საშუალებით (ძირითადად არჩევნების წინ ან საახალწლოდ). ასეთ დროს სულ მისტერ პიტკინის ერთ-ერთი ფილმი მახსენდება. საქველმოქმედო ბალ-მასკარადია. დიდიებულები შეკრებილან და მიდის მხიარულება, თან პირდაპირი ტრანსლაციაა. პიტკინს უნდა რომ კადრში მოხვდეს, რათა სავადმყოფოში მწოლიარე პატარა მეგობარი გაახაროს. "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" კი ხელს უშლიან, ბოლოს ისევე როგორც პიტკინის ყველა ფილმში ის ყველაფერს თავზე დაიმხობს. მასა აღშფოთებულია ის კი ასეთ სიტყვებს ამბობს: განა აუცილებელია ამხელა შოუ და ტაკიმასხარობა, სასმელი და საღამოს კაბები. თუ დახმარება გინდათ ადექით და გაიღეთ რაც გაქვთ და დაეხმარეთო. ამ სცენას მოსდევს ბრილიანტების და ძვირფასეულობის ცვენა და ერთ გორად შეგროვება... ჩემი აზრით ქველმოქმედებას სულაც არ ჭირდება განსაკუთრებული დაგეგმა, აწეული თავები და კამერების ცვენა (თუმცა დღესაც ბევრი კამერა შეგროვდა აქციაზე). ქველმოქმდება და სიკეთე ჯობია უჩუმრად და გულღიად გავაკეთოთ. ეს ჩემი აზრია. შეიძლება დიდი თანხის შესაგროვებლად დიდი აქციები და პომპეზურობაა საჭირო, ოკ - თანახმა ვარ, მაგრამ ამ ყველაფრის ერთ დიდ მარაზმად გადაქცევას ვერ მივესალმები. აი ის რომ იციან ხოლმე: ჯერ კამერებს რო შეუშვებენ სახლებში და მერე რომ შედიან დახუნძლული კალათებით და ისეთი სახეებით თითქოს ყოველდღე ქველმოქმედებას ჩადიოდნენ. მოკლედ პოლიტიკოსების მხრიდან ქველმოქმედების როგორც პიარ სვლის გამოყენების დიდი წინააღმდეგი ვარ.
დავუბრუნდეთ დღევანდელ აქციას.
|
CHCHX Production-ის ფოტო |
დღეს ჩვენთანაც ბევრი კამერა მოგროვდა, არა იმიტომ რომ ჩვენ დავპატიჟეთ, არამედ იმიტომ რომ აქცია ფაქტიურად ფოტოგრაფების ორგანიზებული იყო. პრესამ კი სრულიად შემთხვევით გზაში შეიტყო, როდესაც ჩემგან სულ სხვა თემაზე (ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე) დღეს ინტერვიუს იღებდა.
დღევანდელი აქცია ძალიან უბრალოდ და მარტივად პირდაპირ ქუჩაში და ტროტუარზე მოეწყო. მთავარი "იარაღი" კი მუსიკა იყო. მუსიკა, რომლის მოსმენასაც ქართველები ძირითადად რესტორნებსა და საკონცერტო დარბაზებში არიან მიჩვეულნი.
|
სოფო ჯანდიერის ფოტო |
ამიტომ იყო ის დაახლოებით 10-15 წუთიანი
კულტურული შოკი, რაც დასაწყისისას მოხდა. ხალხმა ქუჩაში გაშლილი გიტარის ჩიხოლი და მომღერლები რომ დაინახა სრულიად დაიბნა და იმის ნაცვლად რომ თანხა გაეღოთ ქველმოქმედებისათვის, პირიქით ერთი ტროტუარიდან მოერეზე გადსვლა დაიწყეს. თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა და ჩვენც სულ სხვა ხალისი შევიძინეთ. ყველაზე საოცარი კი ის იყო რომ ამ "შეშინებული" და "დაბნეული" ხალხის ფონზე პირველი ქაღალდის 5 ლარიანი ისედაც გაჭირვებულმა მარიმ ჩაგვიგდო. მარის უკვე მთელი თელავი იცნობს. მის შესახებ აღარ მოვყვები. ამ საოცარი სცენის შემხედვარეთ ჩვენც მუხტი გაგვიასმაგდა და შეცდომების მიუხედავად (რომელსაც ძირითადად მე ვუშვებდი - დაკვრასა თუ სიმღერაში) უფრო მაგრად გავაგრძელეთ სიმღერა.
|
სოფო ჯანდიერის ფოტო |
შემდეგ ნელ-ნელა ხალხიც გააქტიურდა, ზოგი უბრალოდ ჩაივლიდა ჩაყრიდა თანხას, ზოგიც ჩერდებოდა- გვისმენდა, გვიღებდა სურათებს. ეს იყო სრულიად ახალი ხილი ამ პატარა (და ჩემი აზრით ჩაკეტილი) ქალაქისთვის. ის კი არა გურამს ("მუსიკის ქალაქის" გიტარისტს) ისიც კი კითხეს აქაც დაიწყე მუშაობაო (თანაც სერიოზულად) არადა დიდი ასოებით ეწერა ფურცელზე რომ ეს თანხა საქველმოქმედო მიზნებისთვის გროვდებოდა.
|
ლევან დვალის ფოტო |
ახლა ორიოდ სიტყვა იდეაზე.
რამდენიმე დღის წინ ჩემმა მეუღლემ მომიყვა ოჯახზე და მათ გასაჭირზე, სადაც შემთხვევით მოხვდა. მაშინვე დავიწყეთ ფიქრი რა და როგორ გაგვეკეთებინა რომ დავხმარებოდით. შემდეგ ეს იდეაც დაიბადა და გადავწყვიტე აქციის ჩატარება. ვუთხარი ლევან დვალს და გიორგი ჩეკურიშვილს, ია ძამუკაშვილს და გურამ სულხანიშვილს, ლევან ზაალიშვილს და დავაანონსეთ ფეისბუქით. ეს იყო ერთგვარი ტესტიც და ქალაქის გამოცდა. რამდენად სწორად მიიღებდა ქალაქი ასეთი ფორმის საქველმოქმედო აქციას და ჩემი აზრით ეს გამოცდა მაინც სწორად ჩააბარა ამ ქალაქმა.
|
ლევან დვალის ფოტო |
მართალია აქციაში უფრო მეტად ჩვენივე მეგობრები ჩაერთვნენ და თანხის ძირითადი ნაწილი მათ გაიღეს, მაგრამ იყვენენ ბევრი შემთხვევითი გამვლელიც ვინც ორიოდ თეთრი ამოიღო ისედაც გაჭირვებული ჯიბიდან და გაუგზავნა სხვას. გაუგზავნა ანუ გააზიარა. ანუ თანაგრძნობა გამოუცხადა, არადა ზოგს შეიძლება უარესი გაჭირვებაც ქონოდათ ოჯახში, მაგრამ მაინც გაიღეს თანხა. ჩვენც ჩვენის მხრივ რაც შეგვეძლო ვიმღერეთ და სიამოვნება მივანიჭეთ ყველა მათგანს.
საბოლოო ჯამში ერთ საათში 80 ლარამდე მოვაგროვეთ . . .
ბევრი ჩემი მეგობარი ამდენსაც არ ელოდა. ზოგს გაუკვირდა, ზოგს გაუხარდა, ყველაზე მეტად კი იმ ოჯახს გაუხარდება ვისაც ამ თანხით ხვალ შეშას ვუყიდით და მივუტანთ. აქვე დავძენ აქცია არ დამთავრებულა. ვფიქრობ ქუჩის მუსიკა ეფექტური საქველმოქმედო კამპანიისთვის ძალიან საინტერესო და ახალი ფორმაა. ამიტომ ყველა მომღერალს თუ ხელოვანს მოვუწოდებ გამოვიდნენ ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას (კამერებითა თუ კამერების გარაეშე) და ერთი საათი დაუთმონ რომელიმე გაჭირვებული ოჯახისათვის თანხის შეგროვებას. ჩვენ კი იმხელა სტიმული მივიღეთ უკვე შემდეგ აქციაზე ვფიქრობთ და ვგეგმავთ. ახლა სხვა ოჯახს ავირჩევთ, მათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და მათთვის ვიმღერებთ. იმედია, მალე სხვა არტისტებიც შემოგვიერთდებიან და უფრო მეტ ადამიანს დავეხმარებით.
|
სოფო ჯანდიერის ფოტო |
ამ ამაღლებულ ნოტაზე მინდა დაგემშვიდობოთ და ყველას დიდი მადლობა მოგიხადოთ ვინც ფიზიკურად თუ ვირტუალურად (სოც. ქსელების საშუალებით თუნდაც) ჩვენს გვერდით იდექით :*
მადლობა ყველა გულშემატკივარსა და მონაწილეს!
დიდება ქუჩის მუსიკას!
0 comments:
Post a Comment