Wednesday, March 25, 2015

პოსტი, რომელიც შენ გეხება!

ნათია დანელიშვილის ფოტო
გამარჯობა ;)

პოსტი, რომელსაც თქვენ ახლა კითხულობთ აუცილებლად გეხებათ თუ ოდესმე გისარგებლიათ ან მომავალში მაინც აპირებთ ისარგებლოთ ჩემი თუ სხვისი ფოტოსერვისით (ფოტომომსახურებით). ამ პოსტით მინდა ერთგვარად მივმართო ჩემს კოლეგებს და ყოფილ თუ მომავალ კლიენტებს და რამდენიმე წინადადებაში გავშალო მსჯელობა იმ მცირე დეტალებზე, რომელიც წესით თან უნდა ახლდეს ფოტოსერვისს, მაგრამ ხშირად არ ახლავს ხოლმე.

საუბარია იმ დეტალებზე, რომლებშიც "ეშმაკი" იმალება. ეს "ეშმაკი" კი შეიძლება მარკეტინგულიც იყოს და ადამიანურიც. დავიწყოთ თავიდან:

კითხეთ ფოტოგრაფს (და ფოტოგრაფმა კლინტს) ე.წ. ეფექტების შესახებ:

ფოტოსურათი პირველ რიგში არის ჩანაწერი, ვიზუალური ჩანაწერი რაიმე მოვლენის შესახებ. წამიერი კადრი, რომელიც რაც უფრო მეტი დრო გადის უფრო მეტად იძენს მნიშვნელობას და ხდება ერთგვარი დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი ხშირად საჭიროებს სწორად მომზადებას. დღეს, როცა ფოტოშოპის დიდების ხანაა, ბევრი ფოტოგრაფი მიმართავს ფოტორედაქტირების მრავალფეროვან ფორმებს, დაწყებული მსუბუქი ფერთა კორექციით დამთავრებული ათასგვარი ეფექტებითა და მოჭრა-ჩაკერების (ამ ბოლო დროს კი გახდუნება, დაპატარავების) ტექნიკას.

ხშირად ის რასაც თქვენ ფანტაზიასა თუ გემოვნებაში ძერწავთ და ზევიდან აქსოვთ ფოტოებს, შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. ჩემი კომერციული საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ კლიენტებს შევხვედრივარ და ბევრი მომისმენია იმ ფოტოგრაფების შესახებ, რომლებიც ეფექტების სიუხვით გამოირჩევიან. რამდენიმე კლიენტის წუწუნმა: "ადამიანი ის არ იყო ფოტოში, ვინც რეალურ ცხოვრებაშიაო" ყური მომჭრა. მას შემდეგ ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე. უმრავლეს ჩვენთაგანს უნდა ფოტოებში ლამაზად გამოიყურებოდეს, ან უფრო ლამაზად ვიდრე რეალურ ცხოვრებაშია, მაგრამ უფრო ცუდად რომ გამოჩნდეს არავის უნდა. მზა ეფექტების ხშირი გამოყენება კი ზრდის შანსს, რომ ის რაც უხდება ერთს არ მოუხდეს მეორეს, ამიტომ შანსი, რომ ადამიანმა ფოტოზე თავისი თავი ვერ ამოიკითხოს ასეთ დროს უფრო დიდია. პირველი  შთაბეჭდილება ძალიან "დაფოტოშოპებულ" სურათებზე შეიძლება ხშირად  დადებითი იყოს და თვალისმომჭრელი, მაგრამ როგორც კი ადამიანი ანუ კლიენტი ჩაუღრმავდება და დროის გასვლის შემდეგ გადახედავს, აღმოაჩენს რომ ბევრი რამ სხვანაირად გამოიყურება, რომ ფოტოში დეტალები დაკარგულია, დეტალები რომელშიც "ეშმაკი" იმალება". ამიტომ ჩემი რჩევა ფოტოგრაფების მიმართ იქნება, რომ კლიენტს ჩააბარონ ფოტო როგორც დოკუმენტი, როგორც 100% ასლი იმ რეალობის, სადაც ის იქნა გადაღებული. თუ კლიენტის დაკვეთაა მძიმე კონტრასტები და სხვადასხვა შეფერილობის ეფექტები, მაშინ შეგიძლიათ შეასრულოთ, მაგრამ კლიენტთან შეთანხმების გარეშე კომერციულ დაკვეთაზე ეფექტის გამოყენებას ნამდვილად არ გირჩევთ. გემოვნება ხომ ძალაიან, ძალიან სადაო საკითხია.

ორიოდ სიტყვით შავ-თეთრ ფოტოებსაც შევეხოთ. მე ჩემს კლიენტებს ყოველთვის ვეკითხები მოსწონთ თუ არა ეს ჟანრი (სტილი). თუ პასუხი დადებითია, კითხვას ვავრცობ და ვეკითხები 100%-დან რამდენს ისურვებდნენ რომ ამ სტილში ენახათ. ზოგი 50% ამბობს, ზოგი 5%. ზოგი საერთოდ უარზეა. ეს თემაც როგორც ეფექტების თემა, საკმაოდ ინდივიდუალურია და ამიტომ გირჩევთ კლიენტთან აუცილებლად დააზუსტოთ გადაღებამდე ან გადაღების შემდეგ-პოსტ-პროდაქშენის დაწყებამდე. წინასწარ შეთანხმება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე აუცილებლად აგაცილებთ სამომავლო უსიამოვნებებს და უკმაყოფილო კლიენტებს, რომლებიც თქვენს კონკურენტებს ამის შესახებ მოუყვებიან.

შეთანხმდით გადაღების მანერაზე, დროზე და ფოტოების რაოდენობაზე:

აუცილებლად შეუთანხმდით კლიენტს თქვენი სამუშაო გრაფიკისა და სტილის შესახებ. თუ კლიენტი კარგად იცნობს თქვენს კომერციულ საქმიანობას, მასთან ნაკლები საუბარი მოგიწევთ, თუმცა რაც არ უნდა ახლობელი იყოს ის თქვენთვის წინასწარ მაინც გამოკითხეთ რისი გადაღება უნდა და რა შედეგი უნდა რომ მიიღოს, დაუზუსტეთ თქვენ რას აპირებთ და როგორ იმუშავებთ მის პროექტზე. მე პირადად როდესაც კლინტი მეკონტაქტება, ვაზუსტებ შემდეგ დეტალებს: სად არის გადაღება? როდის არის? რამდენ ადამიანთან მომიწევს მუშაობა? იქნება თუ არა ჩემს გარდა იქ სხვა პროფესიონალი ფოტოგრაფი? რა სახის ფოტოები უნდა რომ ქონდეს კლიენტს? შემდეგ ვეუბნები მე რა სტილში გადავიღებ. მაგალითად ქორწილის დამკვეთებს ვეუბნები, რომ მე ფოტოჟურნალისტიკის სტილში ვმუშაობ და ქორწილს როგორც ფოტორეპორტაჟს ისე ვიღებ,თავიდან ბოლომდე და  შეუჩერებლად. ამასთან კლიენტებს ვაჩვენებ ჩემს ბლოგზე წარმოდგენილ სხვადასხვა ივენთების ფოტოებს. ივენთების ფოტო პორტფოლიოს ჩვენება (საუკეთესო 20, 30, 50 ან სულაც 100) თავიდან აგაცილებთ სამომავლო გაუგებრობას. კლიენტმა წინასწარ უკვე იცის რას უნდა მოელოდოს შენგან და თავდაჯერებულია. აღარ უჩნდება კითხვები და არ იყურება ეჭვიანი თვალებით შუა გადაღების პროცესში. შენც, როგორც ფოტოგრაფი თავდაჯერებული და დაწყნარებული მუშაობ. ხშირად შეიძლება წარმოიქმნას პრობლემა, თუ კლიენტს ნანახი აქვს თქვენი ქორწილის თუ საბანკეტო გადაღების მხოლოდ ერთი ფოტო. ერთ ფოტოში ყველაფერი კარგად ჩანს, მის მიღმა კი რას და როგორ იღებთ მან არ იცის, გადაღებისას შეიძლება აღმოაჩინოთ რომ მას სხვა მოთხოვნები და სურვილები აქვს. ან სულაც შეიძლება არ გითხრან, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩააბარებთ ფოტოებს, გამოთქვან უკმაყოფილება. ამიტომ კლიენტებთან წინასწარი მოლაპარაკება და მათთვის წინა ნამუშევრების ჩვენება აუცილებელია.

აუცილებლად შეუთანხმდით კლიენტებს ფოტოების რაოდენობაზე. ეს თავიდან აგაცილებთ შემდეგ ფრაზებს: "სულ ესაა", "რა არის გადაღება დაენანა" და მისთანანი. საბედნიეროდ მსგავსი ფრაზები არასოდეს მომისმენია, პირიქით ჩემი კლიენტების უმრავლესობა სულ იმას მეუბნება რომ დავჯდე და ცოტა მეც დავისვენო. ხშირად დამშვიდობებისას ისიც კი უთქვამთ "მადლობა მაგარი ფოტოებისთვისო", მიუხედავად იმის, რომ მათ არცერთი ფოტო არ უნახავთ, კმაყოფილები დარჩენილან ჩემს მიერ გადაღებული ფოტოების რაოდენობით.

ფოტოების ჩაბარების შემდგომი პროცესი:

ფოტოები რომ დროულად უნდა ჩავაბაროთ, ამაზე ახლა არაფერს არ ვწერ. მინდა დავწერო იმ კულტურის შესახებ, რომელიც ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული ფოტოგრაფების მხრიდან. მას შემდეგ რაც ჩავაბარებთ ფოტოებს კლიენტებს. აუცილებელია მათთან შეხმიანება და იმის დადგენა ხომ ყველაფერი რიგზეა, ხომ კარგად გაიხსნა დისკი, ხომ არ ჭირდებათ რომელიმე ფოტოს გაშავთეთრება ან პირიქით. ასეთი საქციელით თქვენ კლიენტში დადებით დამოკიდებულებას იწვევთ, ყურადღება რომელსაც თქვენ გამოიჩენთ და რომელმაც შეიძლება 2 წუთი წაგართვათ არის ის მცირე დეტალი, რომელშიც ნამდვილად იმალება "ეშმაკი". ეს "ეშმაკი" კი სამომავლო ურთიერთობის და ნდობის ჩამოყალიბებაში შეგიწყობთ ხელს. ასევე კარგია საზღვარგარეთ დამკვიდრებული მეთოდი, როდესაც ყოფილ კლიენტებს უკეთებენ საჩუქრებს. სულ მალე ამ სისტემას "უცხოგრაფიც" დაამკვიდრებს. საჩუქრები შეიძლება იყოს, ფასდაკლების ბარათები, უფასო ერთჯერადი მოკლე ფოტოსესია, საბავშვო ალბომების დაბეჭვდა შეღავათიან ფასებში. ეს იწვევს კლიენტისთვის კიდევ ერთხელ თავის შეხსენებას და მასთან მჭიდროდ დაკავშირებას. მე პირადად ვგეგმავ ყველა წყვილს ვისაც ქორწილი გადავუღე, პირველი შვილის შეძენის შემდეგ გავუკეთო საჩუქარი, უფასო საოჯახო სესია პატარასთან ერთად და ასევე 50% ფასდაკლება ბავშვის სესიაზე. ვთვლი რომ სგავსი საჩუქრებიც არის იმ მცირედი ადამიანური დეტალის შემცველი, რომელიც ხელს უწყობს მეგობრული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. რაც მთავარია მსგავსი აქციები უფრო მჭიდროდ დაგაკავშირებთ კლიენტებთან და მომავალ გადაღებაზე ისინი არა სხვას, არამედ ისევ თქვენ დაგიძახებენ. თქვენც თქვენის მხრივ როგორც ერთგულ კლიენტებს ფასდაკლებებს გაუკეთებთ.

ახლა რაც შეეხება კლიენეტების ქცევის წესებს. სამწუხაროდ ჩვენთან, საქართველოში ძალიან იშვიათად მხვდება კლიენტის მხრიდან გადაღების შემდეგ აქტიურობა. არადა ფოტოგრაფიის ერთერთი დიდი დანიშნულება სწორედ ადამიანების შეკავშირება (და არა დიდი ფულის შოვნა) წარმოადგენს. იშვიათად მინახავს გადაღების შემდეგ შემოხმიანებული, არადა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც 1000-ზე მეტი ფოტო გადაგიღოთ და 5 დღეზე მეტი ამუშავებდა ამ ფოტოებს, როგორ ელის თქვენგან უკუკავშირს. მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს აღტაცებული მადლობები თუ შენიშვნები, უკუკავშირის გაკეთება და გამოხმაურება აუცილებელია. ეს კულტურის ნაწილია!(და არამხოლოდ ფოტოგრაფიაში). ესაა ის, რაც სტიმულს აძლევს და ახალისებს ფოტოგრაფს. კომერციული შეკვეთიდან აღებული 100 ან 1000 ლარები მალე გაქრება, მაგრამ ის ემოციები, რომლებსაც თქვენ მისცემთ ფოტოგრაფს დიდხანს გაყვება თავისი პროფესიული საქმინობის დროს. ძალიან ხშირად კლიენტებს თავად ვწერ, არიან თუ არა კმაყოფილები? რა მოეწონათ და რა არა? ვწერ და ვიკვლევ ათასგვარ დეტალებს, რომ სამომავლოდ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო სერვისი. თუმცა ყველა ჩემნაირი აქტიური შეიძლება არ იყოს, შეიძლება ადამიანმა დაუშვას რამე შეცდომა, აუცილებელია მას ამის შესახებ ვუთხრათ რჩევის სახით, რათა მომავალში უკეთ გადაიღოს. ყველაზე სამწუხარო სწორედ ის ფაქტებია, როდესაც ფოტოგრაფის ნაცვლად კლიენეტები მის კონკურენტ ფოტოგრაფებს თუ სტუდიებს უყვებიან რამდენად უკმაყოფილონი არიან ან სულაც პირიქით რამდენად მაგრები არიან და დადებითად განეწყვნენ მათი ნამუშევრების მიმართ. ამიტომ გირჩევთ, იკონტაქტეთ თქვენს ფოტოგრაფთან, გამოხატეთ თქვენი კმაყოფილება (ან უკმაყოფილება) გადაღების შემდეგ. ძალიან კარგი საშუალებაა ამისათვის ფეისბუქი, სადაც ნებისმიერ დიდ სტუდიას აქვს თავისი გვერდი. შედით გვერდზე და დაუწერეთ რევიუ, მიანიჭეთ ვარსკვლავები, რაც ნიშნავს კომპლიმენტებს თქვენი მხრიდან, მაღალი შეფასებები და რეიტინგი თქვენს ფოტოგრაფს დაეხმარება კარიერულ წინსვლაში, უფრო მეტს გადაიღებს და უფრო განვითარდება და შემდეგ ჯერზე როცა მას დაუძახებთ ვინ იცის უფრო კარგი აღჭურვილობით და მადლობის ნიშნად უფრო დაბალ ფასშიც მოგემსახუროთ. ახლა ვინც ამ პოსტს კითხულობთ, გადახედეთ, რამდენ თქვენთაგანს გადავუღე თუნდაც ერთი ფოტო, რამდენი დარჩით კმაყოფილი, მაგრამ ამის შესახებ არ მომწერეთ, ან მომწერეთ, მაგრამ მხოლოდ პირადში. რამდენმა გამოთქვით საჯაროდ ეს ყველაფერი? დაგვიანებული არც ახლაა, შედით ჩემ გვერდზე და დაწერეთ ის რასაც ფიქრობთ, ისევე როგორც მოიქცა ჩემი რამდენიმე კლიენტი.



და ბოლოს ნუ დაგავიწყდებათ რომ ფოტოგრაფიის ძალა დიდია, რომ მას შეუძლია შეცვალოს სამყარო და შეგვცვალოს ჩვენც. ფოტოგარფებო თუ ფოტომომსახურების დამკვეთებო იყავით უფრო მოქნილები, სოციალურები და ყურადღებიანი დეტალების მიმართ. რა ვიცი,  ამბობენ ეშმაკი დეტალებში იმალებაო ;)

მომავალ პოსტამდე <3 <3 <3

ავტორი: გიორგი ბეჟანიშვილი
ბლოგერი. პროფესიონალი ფოტოგრაფი. ფოტოჟურნალისტიკის ლექტორი.

Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...