Friday, May 8, 2015

შეხვედრის საბაბი - "საბას" ელექტრონული წიგნების ბიბლიოთეკა კახეთში

პრემია "საბა" ალბათ ყველა თქვენთაგანს სმენია. სწორედ "საბას" ორგანიზებით ამავე პრემიის ლაურეატები და გამარჯვებული მწერლები კახეთს 4-5 მაისს ეწვივნენ. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ დაიწყო სოფელ ვაზისუბანში, სადაც სკოლას "საბამ" ელექტრონული ბიბლიოთეკა გადასცა. ბავშვების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდი იყო. 












შეხვედრის შემდეგ სტუმრები ვაზისუბანში არსებულ ჭავჭავაძეების ყოფილ სასახლეს ესტუმრნენ, სადაც მათთვის სადილი გაიმართა. სადილზე სასიამოვნო სიურპრიზი დაგხვდა. მასპინძელი, თიბისი ბანკის დამაარსებელი და პრემია "საბას" ერთ-ერთი დამფუძვნებელი მამუკა ხაზარაძე იყო, რომელმაც სუფრა თავის მეგობრებთან ერთად მუსიკალურადაც გააფორმა. ტრიოს მიერ შესრულებული სიმღერები და გაზაფხულის შხაპუნა წვიმა სასიამოვნოდ მოუხდა სუფრას და განწყობაც მოახლოვებული წიგნის პრეზენტაციისთვის თავისით მოვიდა.






ვაზისუბნიდან პირდაპირ კაფე "მარლეტაში" გადავინაცვლეთ, სადაც სასიამოვნო გარემო და საინტერესო სტუმრები დაგხვდნენ. შეხვედრის საბაბი კი მწერალ კოტე ჯანდიერის წიგნის "კონკიას ზღაპრების" პრეზენტაცია გახლდათ.

















მწერალმა მცირე შესავლის შემდეგ რამდენიმე ნაწყვეტი წაიკითხა. მე პირადად ეს წიგნი წაკითხული არ მაქვს და ძალიან ვისიამოვნე იმ ლაღი კახური იუმორით და დახვეწილი თხროობის სტილით, რომელიც ფოტოების გადაღების პარალელურად მოვისმინე. პოზიტივი და სასიამოვნო ემოციებით იყო გაჯერებული გარემო. ეს სტუმრების სახეებსაც ეტყობოდა.












5 მაისს ელექტრონული ბიბლიოთეკა სოფელ წინანდალშიც გაიხსნა, რომელიც რატი ამაღლობელმა წარადგინა. მსგავსად ვაზისუბნის სკოლისა, აქაც ბავშვები ძალიან დაინტერესდნენ ამ უჩვეულო ინოვაციით და დიდხანს ჩაცქეროდნენ წიგნებს კომპიუტერში. 












"საბას" 2 დღიანმა ვიზიტმა ძალიან საინტერესო ადამიანებს შემახვედრა. მცირე აღმოჩნებიც გავაკეთე, მაგალითად სოფელ ვაზისუბანში არსებული საეკლესიო კომპლექსი "სანაგირი", რომლის შესახებაც აქამდე არც კი მსმენია. ადრეც ვწერდი და ახლაც იგივეს ვიმეორებ, ფოტოგრაფია არის ის, რაც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს. მას აქვს ძალა შემოგატაროს უცხო ადგილები და აღმოაჩინო ახალი, საოცარი ამბები და მოვლენები. მოკლედ, ძალიან ძალიან მაგარი რამეა ფოტოგრაფია. იმედია მოგეწონათ უცხოგრაფის ფოტოკოლაჟი. გიტოვებთ სანაგირის ფოტოს და ყველას გირჩევთ ეს მართლაც საოცარი ეკლესია მოინახულოთ.



ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...