ამ პოსტში მინდა ჩემს ქუთაისურ ვოიაჟზე მოგითხროთ.
24 ნოემბერს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია "ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი" გაიმართა. ლექცია "ნეოფილების კლუბის" და ჩემი თანამშრომლობით შედგა. შეხვედრას, რომელიც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფები ესწრებოდნენ. ასევე აქ იყვნენ ჟურნალისტები, მხატვრები და ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანები.
სიმართლე გითხრათ ამდენ ხალხს არ ველოდი, დარბაზი მალე შეივსო და ლექციაც ქუჩის ფოტოგრაფიის ისტორიის მიმოხილვით დავიწყე. შიგადაშიგ იყო კითხვები, დისკუსიები. მთლიანობაში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ თანამედროვე თუ აწ უკვე გარდაცვლილი ქუჩის ფოტოგრაფების შესახებ. შეხვედრის შემდეგ იგივე თემაზე ქუთაისის ტელევიზია "მეგატვ"-ში გავაგრძელეთ საუბარი. ასევე ჩავწერე ინტერვიუ გადაცემა "არტ კამერაში", რომელიც ტელეკომპანია რიონის ეთერით გადის.
ასევე დავაანონსეთ "ფოტოგრაფიის კურსები", რომლებსაც მე წავიკითხავ მომავალი წლის დასაწყისიდან ქუთაისში.
გავარკვიე, რომ ქუთაისში ფოტოგრაფია ძალიან პოპულარულია და დაინტერესებაც დიდია. გავიცანი ძალიან საინტერესო ადამიანები და სამომავლო გეგმები და იდეებიც განვიხილეთ.
25 ნოემბერს კიდევ ერთი თელაველის, ტორესა მოსის საჯარო ლექცია შედგა. ტორესამ თემაზე "განათლება და კულტურა" აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტში ისაუბრა. შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო, ყოველთვის სიამოვნებით ვისმენ ტორესას ლექციებს თუ საჯარო გამოსვლებს. დასასრულს იყო ბევრი კითხვები და სურვილი, რომ ტორესა უფრო მეტ ხანს დაეტოვათ ქუთაისში. თუმცა ორივემ უდროობის გამო მალე დავტოვეთ ქალაქი და აღმოსავლეთისკენ გამოვეშურეთ. გზაში საინტერესო შეხვედრები და ლექციები დავგეგმეთ და იმედს ვიტოვებ ქუთაისსა თუ სხვა ქალაქებს მალე ვეწვევით საინტერესო საერთო პროექტებით.
დასასრულს მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ჩემი საჯარო შეხვედრის ორგანიზატორ 'ნეოფილების კლუბს" და განსაკუთრებული უდიდესი მადლობა კლუბის დამფუძვნებელს მაკა კაჭკაჭიშვილს.
საჯარო შეხვედრა "ქუჩის ფოტოგრაფია და გადამწყვეტი წამი"
ტორესას ლექცია "განათლება და კულტურა"
0 comments:
Post a Comment