პაწრო იგივე პატარა ბიჭი ყველა საქორწინო ამალის უცვლელი წევრია, ზოგჯერ მას სხვა სახელი ქვია, ზოგჯერ ის ბიჭი კი არა, სულაც დიდი კაცია, მაგრამ რაც მას სხვებისგან გამოარჩევს ისაა, რომ ის კამერების დანახვაზე მომეტებულად რეაგირებს. რაღაცნაირად უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, რაც მის გარშემომყოფებს სალაყბო-საღადაო თემად უქცევიათ. თუმცა სტატია არა პაწროს, არამედ მათ ეხებათ ვის გამოჩენაზეც "პაწროები" ქოჩორს ისწორებენ ხოლმე.
ესენი ჩვენ, "გადამღებები" ვართ.
პირველად ეს სიტყვა ასეთ გარემოებაში მოვისმინე:
- გელა, სად ხარ? დროზე მოდი, გადამღებები უკვე მოვიდნენ და ნუღარ დააგვიანებ - ურეკავს ნერვიული პატარძალი სასიძოს.
მე და ჩემი მეგობრები ბანზე ვსხედვართ, ხმა კი გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი საუბარი რაზე იყო. ტელეფონი რომ გაუთიშა და მე მითხრა გელაც ახლავე მოვააო, ცოტა დავეჭვდი. თან ეზოსკენ დავიწყე ყურება, მეთქი ვინ გადამღებები მოვიდნენ?!...
თან გულუბრყვილოდ ვეკითხები მეგობარს: ვინ გადამღებები მეთქი? მისმა ჩაქირქილებამ მიმახვედრა, რომ საუბარი არა ვინმე სხვას, არამედ ჩვენ შეგვეხებოდა. თავიდან, რამდენიმე გადაღებაზე სულ ვიბნეოდი და მეხამუშებოდა ეს სიტყვა, თან მიკვირდა რატომ უნდა თქვა "გადამღები". ერთხელ ვუყვები ამ ამბავს ჩემს ძველ მეგობარს, თან საჭესთან ზის და ქორწილში მიმაქანებს.
- ხო აი რატო უნდა თქვა გადამღები?
და ისიც სერიოზულად მიბრუნებს კითხვას: აბა მაშ რა უნდა დაგიძახონ?
ეს მეორე შოკი იყო.
მაშინ მივხვდი რომ იმას რასაც ფეისბუქსა თუ თუნდაც კონტრაქტებში ფოტო-ვიდეო სერვისი, ხოლო ადამიანებს ვიდეო-ოპერატორი და ფოტოგრაფი ქვია, ქართულ ქორწილებსა და ნადიმებში "გადამღებებად" მოიხსენიებენ. ის კი არა, ტელეფონზე დაურეკავთ და "გადამღები" გვინდაო უკითხავთ. გადამღებიო და არა ფოტოგრაფი. ნუ ვიდეოს ვინც იღებს ის ხომ მთლად "გადამღებია", ვიდეო-ოპერატორის ცნება როგორც ასეთი ქართულ სუფრებზე საერთოდ არ არსებობს. კიდევ არის ხოლმე, მაგალითად "მესურათე". მე არ შემხვედრია, მაგრამ კოლეგებს დაუძახეს - "ე, მესურათეებო, აქეთაც გადაგვიღეთო."
მიმართვის ფორმები ალბათ ყველა კუთხეში უნიკალური იქნება, ჩვენთან კახეთში ერთი ყველაზე გამორჩეული ფრაზა არსებობს: "ჩემი ძმა, მაიტა ჩვენც ჩაგვსხი". პირველად რომ მოვისმინე, მეგონა რაღაც სხვა მთხოვეს, მეგონა რაღაცის მიწვდა უნდოდათ ან ფიზიკური დახმარება. ასე 40 წელს მიტანებული კაცი ზის და მეძახის "ჩაგვსხიო", მეორედაც რომ მითხრა და თან ალურჩის ტოტივით მოიწოდა ბიჭები აქეთ-იქიდან, მაშინღა მივხვდი რომ ფოტოს გადაღება უნდოდა. გამეცინა და ჩავეკითხე, მარტო "ჩაგსვა" თუ ყველა ერთად "ჩაგსხათ" მეთქი. მიდი ყველა ჩაგვსხი, თუ ჩაგვტევო, მეთქი ჩაუტეველი რა არსებობს თქო და "ჩავსხი კე" - როგორც ჩემი მეგობარი პაატა ჩახვაშვილი იტყოდა.
ზოგადად ნადიმებსა თუ ქორწილებში "გადამღებების" მიმართ დამოკიდებულება არც თუ სახარბიელოა. აქ იმასაც აქვს მნიშვნელობა თავად შენ ვინ ხარ, რა იმიჯი და სახელი გაქვს, თუმცა 10-15 ჭიქის მერე სუფრაზე აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ვინც ისე დაგიძახებს, როგორც მონას მისი ბატონი. მე თითქოს მიმართლებს, რაც მახსენდება მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა როცა შელაპარკება მომივიდა ასეთი უკმეხი მიმართვის გამო. მაგრამ ზოგადი ფონი ვიცი - როცა "ჭეშმარიტი მოქეიფეები" თვრებიან, "მუზიკანტებს", მიმტანებს და "გადამღებებს" ზევიდან ყურებას უწყებენ. ალბათ ესაა ქართული ნადიმების კიდევ ერთი მახინჯი მხარე. თუმცა ამ ბოლო დროს დამოკიდებულება შეიცვალა და ხალხიც მეტ-ნაკლებად მოზომილი გახდა.
ასაკიანი ძიები ხშირად ითხოვენ ხოლმე ფოტოს დაბეჭვდას, თანაც დუყოვნებლივ. კიდევ ერთი უმეცრება რაც შეიძლება შეგვხვდეს არის ფრაზა: შენ აჩხაკუნე რა, ლენტი გაგითავდება თუ . . . უმრავლესობას გონია, რადგან კამერა ციფრულია და ლენტზე არ მუშაობს, მას არც ცვეთა და არც კადრების ლიმიტი არ აქვს. ზოგჯერ წარმოგვიდგენენ ადამიანებად, რომლებსაც ხელში ისეთი ნივთი უკავიათ, რომელიც არ ცვდება, არასოდეს ფუჭდება - ნეტა ასე იყოს.
კიდევ ერთი საოცრება "რიქვესტები" ანუ შეკვეთებია. მოვა ვიღაც, ძირითადად გოგონები და ყურში გჩურჩულებს რომ აი იმა და იმ ბიჭს ყურადღება მიაქციო და რაც შეიძლება მეტი "პრიკოლი" ფოტო გადაუღო. ყოფილა შემთხვევა რომ ერთ ნადიმზე 4-5 კაცის "თვალთვალი დამვალებია". თავისთავად ასეთ "შეკვეთილ გასროლებს" ნაკლებად ვახორციელებ ხოლმე, მაგრამ თვითონ ფაქტი მაინც რაღაცნაირი უცხოა. თან ასე დაკვეთით გადასაღები ობიექტები ძირითადად არააქტიური, თავიანთ ფიქრებში ჩაძირული ტიპები არიან ხოლმე, რომლებიც "პაწროებისგან" განსხვავებით არაფერს მეტყველებენ და "საპრიკოლოსაც" არ აკეთებენ. "პაწროები" კი გიყვარდეთ, ისე აქტიურობენ, რომ შეიძლება ნეფე-პატარძალზე მეტი ფოტოც კი გადავუღო. ისინიც კმაყოფილები და გამეტებულები ცეკვავენ, რამეთუ იციან რომ "გადამღებები" სწორედ მათზე "მუშაობენ".
ვიცი მსგავსი ტიპის პოსტები ვერაფერს ცვლის, მაგრამ იყოს, იდოს, როგორც ჩემი მეგობარი ზურა ზუროშვილი იტყოდა: "ჭამას ეს არა გთხოვს და ქირას, იყოს რა, ეგდოს"!
კეთილი სურვილებით, მომავალ შეხვედრამდე :*
Waste ფოტოგრაფიით ვერ დაგაინტერესეთ??.:)
ReplyDeleteროგორ არა, დავინტერესდი ;)
ReplyDelete