Thursday, February 22, 2018

და ფოტოებს როდის გამომიგზავნი?





- აუ ფოტოებს რატომ არ მიგზავნი?

- ძმაკუშ ფოტოები როდის უნდა გამოგზავნო?

- ფოტოებიიი plz...

- ბიჭო ფოტოებზე მახვეწნინებ თუ რა ხდება?

კიდევ რა მოსთვლის ასეთ ფრაზებს. 

მათი მილიონი სახეობის ვერსია არსებობს. ეს იმ ინდივიდზეა დამოკიდებული, რომელიც ფოტოგრაფს ფოტოების გადაგზავნას დაჟინებულად სთხოვს.

ფოტოების გაგზავნა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თემაა და მგონი სანამ სოც. მედია იარსებებს აქტუალობასაც არ დაკარგავს.

ვინ ითხოვს ფოტოების გაგზავნას ან მესენჯერში ჩაყრას?

ყველა ვისაც არ დაეზარება. 

ძირითადად გოგოები, თუმცა მათ არც ბიჭები ჩამორჩებიან.

ვინ არიან ისინი?

სტუმრები, ნეფე-პატარძლის ნათესავები, მომოდელო თინეიჯერები და სხვანი.





როგორია მათი მოქმედების სქემა:

პირველ რიგში სხვადასხვა ღონისძიებებზე, ქორწილებსა და კორპორატიულზე ისინი ფოტოგრაფის გაცნობას ცდილობენ. ეს ხან ყურადღეების მიქცევით, ხან პრანჭიკელაობით, ხან მოდი "ერთად დავლიოთ"-ი იწყება. 

მათი მისიაა ფოტოგრაფთან "საქმის ჩაწყობა" და მისი ყურადღების მაქსიმალურად მათკენ გადატანა. თუ ისინი ქორწილში პატარძალთან ერთად არიან, ეცნობიან ფოტოგრაფს და ხუმრობით სთხოვენ, რომ დღეს მათზეც იმუშაოს. ხშირად ხაზს უსვამენ მათ ნათესაურ კავშირებს ამათუიმ დამკვეთთან. რომ ფოტოგრაფმა ისინი მნიშვნელოვან პირებად ჩათვალოს და ობიექტივიც ხშირად სწორედ მათკენ მიატრიალოს.

ხშირად ასეთი ადამიანები სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ნაცნობობასაც უსვამენ ხაზს და ცდილობენ ფოტოგრაფთან მათი კოლეგების მეშვეობით გავიდნენ კავშირზე.

მას შემდეგ რაც ნაცნობ მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებენ, აქიურად მიმართავენ ფოტოს გადასაღებად. ზოგჯერ ყველაზე თამამები ფოტოგრაფს პირდაპირ სთხოვენ  გაყვეს მათ და ამათუიმ ადამიანთან თუ სულაც ცალკე საპროფილე ფოტოები გადაუღოს. ეს ხშირად მაშინ ხდება, როცა ფოტოგრაფი სულ სხვა რამის გადაღებითაა დაკავებული, მაგრამ ისინი დაჟინებულად ითხოვენ ყურადღებასა და ფოტოგრაფირებას.

მას შემდეგ რაც რამდენიმე ფოტოს დასტყუებენ, კმაყოფილი სახით ფეისბუქზე იმატებენ. 

ასეთი დამატებული ხალხი ძირითადად გადაღებიდან მეორე დღესვე იწერება.

მათი მესიჯები რა სახის მოკითხვითა თუ კომპლიმენტითაც არ უნდა იწყებოდეს, ბოლოს მაინც ამ კითხვით სრულდება:  და ფოტოებს როდის გადმომიგზავნი? 

ნაწილი ფეისბუქს არ ჯერდება და წინა საღამოს ჩაწერილ ნომერსაც იშველიებს კონტაქტზე გასასვლელად. ნაწილი მხოლოდ მესიჯით შემოიფარგლება, ნაწილი კი პირდაპირ რეკავს და კითხულობს როდის იქნება მათი ფოტოები.

აქ ერთი დეტალი უნდა დავაზუსტო: საუბარი არა დამკვეთზე, არამედ ჩვეულებრივ სტუმარზე ან შოუს მონაწილეზე მაქვს. ადამიანზე რომელიც კომერციულ ფოტოგრაფს არც ფულს უხდის და არც ქირაობს. ის ვინც, სხვის დაქირავებულ სერვისს სათავისოდ იყენებს.

მათი ნაწილი მაშინ ღიზიანდება თუ ფოტოგრაფი მათ მესიჯს დაseenავს, მაგრამ ფოტოებს არ გადაუგზავნის. ან სულაც შეპირდება და გადააგდებს, რაც ხშირად ხდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში ამ ხალხს გონია, ფოტოგრაფმა სპეციალურად გადააგდო, მაგრამ ძირითადად ასე არ ხდება. 

ეს სტატიაც სწორედ იმას ეძღვნება, რომ გაგარკვიოთ თქვენ და თქვენი ნაცნობ-მეგობრები რატომ არ უნდა მოსთხოვოთ ფოტოგრაფს ფოტოების გადაგზავნა და ან რატომ ვერ აგზავნიან ისინი.



ა) ფოტოგრაფების უმრავლესობა ფოტოებს სხვასთან არ აგზავნის რადგან კლიენტთან აქვს შეთანხმება, რომ გადაღებულ და დამუშავებულ ფოტოებს მხოლოდ მათ მიაწვდის. ამ შეთანხმების დადების ინიციატორი ხშირად სწორედ კლიენტები, განსაკუთრებით კი კორპორატიული კლიენტები არიან.

ბ) ფოტოგრაფების უმრავლესობას არ აქვს დრო სათითაოდ ყველას ვინც ქორწილში თუ ფესტივალზე გადაიღო ფოტო გაუგზავნოს. ჯერ ერთი ის არც ვალდებულია და მეორეც -  დრო არ აქვს. ხშირად ფოტოგრაფები მათ გადაღებულ ფოტოებს კომპიუტერში გადაიტანენ და შემდეგ სხვა გადაღებებზე გარბიან. კლიენტთან შეთანხმებით ფოტოების ჩაბარების ვადა ხან ერთი კვირა, ხან ორი ან სულაც მეტი დგება. შესაბამისად ისინი სხვა საქმეზე ან გადაღებაზე მიდიან, როცა მოუთმენელი სტუმრების მესიჯები გზაში დაეწევათ ხოლმე. რატომღაც ყველას მომდევნო დღეს უნდა ფოტოების მიიღება. თან ამასთან კარგ კომერციულ ფოტოგრაფს, რომელიც პოპულარულიცაა, დროის ძალიან დიდი დეფიციტი აქვს. წარმოიდგინეთ მისი დღე: აუცილებლად დაკავებულია, გადაღებით, ფბ-ზე დაპოსტვით, საიტის ან ბლოგის დააბდეითებით, ფოტოების დამუშავებით და ახალი კლიენტების მოძიებით, ან მათთან საუბრითა და ახალი შეკვეთების აღებით. ამ დროს კი ფბ-ზე 10-20 კაცი გუშინდელ ფოტოებს სთხოვს დაჟინებით. ვფიქრობ ეს ადამიანების შეწუხება და მათი დროის თუ საქმიანობის აინუნში ჩაგდებაა და სხვა არაფერი.

გ) ხშირად ფოტოგრაფებს არ უნდათ მათი ფოტოს ხარისხის გაფუჭება, რასაც მესენჯერში ჩაყრა და აქეთ იქით გადაგზავნა იწვევს. ძირითადად ისინი ამ ადამიანებისგან ელექტრონული ფოსტის მისამართს ითხოვენ, რასაც ახალი გაუგებრობა მოსდევს ხოლმე. დაჟინებული ხალხი ხშირ შემთხვევაში ვერც მეილიდან და ვერც WeTransfer-იდან  ვერ იწერს ფოტოებს. რადგან ისინი ხშირ შემთვევაში არა კომპიუტერით არამედ სმარტფონებით სარგებლობენ. აი ამ დროს იწყება გაუთავებელი წერილები და შეკითხვები, ზარები და მესიჯები.

დ) ზოგიერთი ფოტოგრაფი უბრალოდ არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად იმასთან ვისთანაც საქმიანი წინადადება არ აკავშირებს და მართალიცაა. კლიენტი ისაა, ვინც დაკვეთას აკეთებს. ქორწილის შემთხვევაში კლიენტი ნეფე-პატარძალია და არა მათი დეიდაშვილები, მეზობლები და ახლობლის ახლობელები.



უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი რექვესტები ჩემსკენაც ხშირია და ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით იმატა. თან უბედურება ისაა, თუ შეცდი და ერთს გაუგზავნე მერე უკვე 5 და 10 იწერება რომ მათაც გაუგზავნო. არ გაუგზავნი და ბოროტი გამოდიხარ და ამას შეიძლება ჭორებიც მოყვეს, რომ ვიღაცეებს პრივილეგირებულად თვლი და ვიღაცეებს არა. 

ვფიქრობ ეს ამბავი უკვე იქცა შემაწუხებელ პრაქტიკად და ამას ცვლილება სჭირდება. 

არ ვიცი, ადრეც ვწერდი - არ მგონია მსგავსი სტატიები რამეს ცვლიდეს, მაგრამ იქნებ დააფიქროს მაინც ისინი, ვინც ზემოთ დაწერილ სტერეოტიპებში საკუთარი თავიც ამოიცნო. თუ ასე იქნება გამიხარდება.

იმედია ხალხი მალე გაიაზრებს, რომ ფოტოები იმათგან მოითხოვოს ვინც დამკვეთია და არა იმათგან ვინც მათ იღებს. 

მჯერა ასე ჩვენი საქმიანობაც უფრო ლაღი, თავისუფალი და საინტერესო იქნება.

და თქვენ რა აზრის ხართ ამ თემაზე?

კომენტარებში მოგვწერეთ  ;)

სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი







0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...