Friday, February 9, 2018

პირველი პერსონალური გამოფენა - ინტერვიუ ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილთან





გიორგი ჩეკურიშვილი, იგივე ჩეკი თელაველი ფოტოგრაფია. მას აქ ყველა იცნობს, ვინც ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. გიოს თელავის ფოტოები გულგრილს არავის ტოვებს. 15 თებერვალს გიოს პირველი პერსონალური ფოტო გამოფენა აქვს. სწორედ ამ ღონისძიების და ზოგადად მისი შემოქმედების შესახებ მასთან ინტერვიუ ჩავწერეთ.

- რა თემატიკას ეხება ეს პერსონალური გამოფენა? 

- ეს ჩემთვის 
პირველი პერსონალური გამოფენაა. გამოფენა არ იქნება რომელიმე კონკრეტულ თემაზე მიძღვნილი, უფრო საერთო იქნება, ასე ვთქვათ შემაჯამებელი, რომელიც მთლიანად ჩემს მუშაობას აღწერს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ჟანრის ფოტოები, მათ შორის - სილუეტი,  ურბანული, პორტრეტი. შეზღუდული არ ვიქნები არანაირად არაფერში. მთავარი არის ის, რომ ხალხმა სწორად დაინახოს ჩემი მესიჯი და ჩემი ნამუშევარი წლების განმავლობაში. 


 


- საიდან გაჩნდა გამოფენის გაკეთების იდეა?  როდის, როგორ დაიწყო 
ეს პროცესი?

- გამოფენის იდეა დიდი ხანია მქონდა. ნებისმიერი ხელოვანი ადამიანისთვის გამოფენა არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაფასებისთვის. ასე რომ დიდი ხანია მქონდა ამის სურვილი, თუმცა ვფიქრობდი იმ მომენტამდე დამეცადა სანამ რაღაც მნიშვნელობით მზად არ ვიქნებოდი. წინა ზაფხულს 
კი მივხვდი, რომ შეიძლებოდა გამოფენაზე ფიქრი და ნელ ტემპში მუშაობაც დავიწყე, თუმცა საბოლოო ნაწილი მაინც ჩემ მეგობართან, ია მახათელაშვილთან ერთად დავამთავრე, რომელსაც გავუმხილე რომ გამოფენის გაკეთება მინდოდა. ია ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო და ასე ვთქვათ ჩემ მაგიერ იპოვა სპონსორი, რომელსაც სამწუხაროდ ვერ დავასახლებ, ისევ სპონსორის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაგრამ დიდი მადლობა შემიძლია გადავუხადო მათ. იას დახმარებით მოხერხდა მცირედი თანხის გამონახვა, რომელიც გამოფენისთვის იყო საჭირო. შემდეგ ქალაქ თელავის მერია დაგვეხმარა და ფართი გამოგვიყო თელავის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში. გადავწყვიტეთ, რომ გამოფენა ზამთრის პერიოდში საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ შენობაში, მისი მდებარეობიდან, შენობის აღჭურვილობიდან და დეტალებიდან გამომდინარე. საბოლოო მუშაობის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ გამოფენა მხოლოდ ერთი დღით არ ყოფილიყო და ფართი ერთი კვირით დაგვთმობოდა, თუმცა ოფიციალური გახსნა პირველ დღეს იქნება. შემდეგ უკვე ნებისმიერ დამთვალიერებელს შეეძლება ერთი კვირის მანძილზე სტუმრობა და დათვალიერება. 




- სტუმრებს როგორ ეპატიჟებით? რამდენ დამთვალიერებელს ელოდებით? რამდენი ფოტო იქნება სულ წარმოდგენილი?

 - გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80 ფოტო. 
რაც შეეხება სტუმრებს, გამოფენაზე შემოსვლა არაა შეზღუდული, გამომდინარე აქედან ზუსტი რიცხვის თქმა ძალიან რთულია. ვფიქრობ მინიმუმ 100 ან 150 ადამიანი გვესტუმრება გახსნაზე. მგონია რომ, მიუხედავად პატარა ფართისა, ამდენი ადამიანი დამაფასებს და მოვა. სტუმრების მოწვევა ფეისბუქის საშუალებით ხდება. იყო იდეა, რომ მოსაწვევები გაგვეკეთებინა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრეთ. გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა ხალხს დარჩეს იმის შთაბეჭდილება რომ ვიღაცას კონკრეტულად ვიწვევ და ვიღაცას არა. ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ის ვინც მიცნობს და ის ვინც არ მიცნობს, მაგრამ აფასებს ჩემს შემოქმედებას და უბრალოდ ფეისბუქზე ნახა. გამომდინარე აქედან იმოქმედებს ივენთის და ონლაინ მოწვევის სისტემა, რომელიც ალბათ კარგად იმუშავებს და არ მოახდენს ადამიანების დაყოფას სხვადასხვა ჯგუფებად.




- ფოტოების შერჩევის პროცესი როგორ მიდის? ყველაზე მეტად მაინც რომელი ჟანრი ჭარბობს?

- ფოტოების შერჩევის პროცესი ძალიან რთული იყო. პირველად შერჩევა რომ დავასრულე, 160 ფოტო გამომივიდა. მერე როგორც იქნა რაღაც დონემდე დავედი და ბოლოს 80 ფოტომდე, 
პირდაპირ შემიძლია ვთქვა თვალებცრემლიანი ჩამოვედი,  იმიტომ რომ ბევრი ისეთი ფოტო მივაყოლე, რომლის წაშლაც არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. რაღაც რაღაცეები ჟანრობრივად და რაკურსით ემთხვეოდა და არ მინდოდა რომ ორი კადრი სხვადასხვა დროს გადაღებული დამთხვეოდა ერთმანეთს. შესაბამისად, ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო მთლიანი გამოფენის მზადების პერიოდში. ჭარბად ალბათ უფრო ურბანული ფოტოგრაფია იქნება, რადგან ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია. ამასთანავე იქნება ძალიან ბევრი სილუეტიც. დანარჩენები უკვე სხვადასხვა ჟანრი შეერევა. 









- ზოგადად რამდენი ხანია რაც დაინტერესებული ხარ ფოტოგრაფიით? რამდენი წელია რაც ფოტოებს იღებ? 

- დაახლოებით 4 წელი ხდება, რაც ფოტოგრაფიით დავინტერესდი. მესამე წელი დაიწყო, რაც საკუთარი კამერა მაქვს.  რომ ვიხსენებ ხოლმე პირველად როდის დავინტერესდი ფოტოაპარატით, ეს იყო 7-8 წლის ასაკში, როცა პირველად ავიღე ფირიანი ფოტოკამერა ხელში. მაშინ ერთი ფირი გავაფუჭე, რადგან კონტრაჟურში ვიღებდი. მაშინაც არქიტექტურის გადაღებას ვცდილობდი შუამთაში, მაგრამ მაშიდელი ასე ვთქვათ ის საყვედური ფირის გაფუჭებაზე დიდხანს გამყვა და მას მერე აღარ მიცდია გადაღება. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩემი კამერასთან ურთიერთობა მოხდა გაზეთში „კახეთის ხმა“, სადაც მივხვდი, რომ მუშაობა და გარეთ ნიუსზე გასვლა 
იმიტომ მინდოდა, რომ კამერით ფოტოებიც გადამეღო. მერე იყო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში, როცა გადავწყვიტე რომ საკუთარი კამერა მეყიდა და უკვე სხვანაირად მოვკიდებოდი ამ სფეროს.

ამ შუალედში, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი - შეიქმნა ფოტოგრაფიის მოყვარულთა კლუბი, სადაც პრინციპში ერთის მხრივ მივხვდი რომ ზრდა მჭირდებოდა და მქონდა მოტივაცია და მეორეს მხრივ, მივხვდი რომ მინდოდა ახალ ეტაპზე გადასვლა და ეს ახალი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში დადგა. ერთი რაღაც დამამახსოვრდა, ჩვენ მაშინ ვდაობდით  იყო თუ არა ფოტოგრაფია შეჯიბრი და პრინციპში დღეს მე რომ ვუყურებ ორი რაღაცაა, ფოტოგრაფია შეჯიბრი არის და არ არის. შეჯიბრია შენ თავთან, რომ მუდმივად ზრდისკენ იარო. ერთი კარგი კადრი ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო უკეთესის გადაღებას ეცადო და კიდევ უფრო უკეთეს მომენტებს ელოდო და შეჯიბრი არ არის, იმიტომ რომ ფოტოგრაფია უბრალოდ ფოტოგრაფიაა და იმ თითოეულ ფოტოში შენი რაღაც უნდა ჩადო. აი ზუსტად ასე გამოვიარე ეს წლები. დღეს უკვე ფოტოგრაფია პრინციპში ჩემი ბიზნესიცაა, გავზარდე ეს ყველაფერი და ერთი კამერიდან/ლინზიდან სერიოზულ ტექნიკურ აღჭურვილობაზე გადავედი. ვთვლი, რომ საკმაოდ გავიზარდე ამ წლების მანძილზე და კიდევ უფრო მეტი შემიძლია.


შეგახსენებთ, რომ გამოფენა თელავის კულტურის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში (ჭადრის ქუჩა #2) ოფიციალურად 15 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება და იქ 22 თებერვლამდე დარჩება.  

პ.ს. შეგიძლიათ გამოფენაზე მეგობრები ფეისბუქის ივენთიდან მოიწვიოთ.

ჟურნალისტი : გიო ბეჟანიშვილი

ედიტორი: თამარა შოშიტაშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...