Tuesday, February 13, 2018

კვირის TOP ფოტოები საქართველოდან - ახალი ფოტო პროექტის ანონსი




ოდესმე მაინც თუ მოხვედრილა თქვენი ფოტო სადმე არჩეულ ფოტოებს შორის, მაშ გეცოდინებათ ის სიხარული, როცა გრძნობთ რომ შეგარჩიეს და დაგაფასეს.

ჩვენ ეს სიხარული რამდენჯერმე გამოვცადეთ.

თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან თითქმის არ არსებობს არცერთი გამოცემა თუ საიტი, რომელიც საქართველოში გადაღებულ ფოტოებს შეაჯამებდა და ყოველკვირას ისე მოგვაწვდიდა, როგორც ამას The Guardian, National Geographic, NYC Times და სხვა გამოცემები აკეთებენ.

და მართლაც, ვინ არ ისურვებდა, რომ კვირის ბოლოს საუკეთესო ქართულ ფოტომასალას გაცნობოდა (იგულისხმება საქართველში გადაღებული და არა მხოლოდ ქართველების მიერ გადაღებული). მითუფრო რომ დღეს ფოტოგრაფია სუპერ პოპულარულია ჩვენთან. სოციალური მედია კი უსაზღვრო საშუალებაა ფოტოების გაზიარებისა და უფრო მეტი კადრი აღმოჩენისათვის.

ჩვენ სწორედ სოც. მედიაში მიმოფანტული, ცნობილი თუ სრულიად უცნობი, დამწყები თუ პროფესიონალი ფოტოგრაფების ნამუშევრების შეკრება და თქვენთვის ყოველი კვირის ბოლოს მოტანა გადავწყვიტეთ.

ვფიქრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ფოტოგრაფებისთვის, არამედ მათთვის, ვინც ჩვენი გადაღებული ფოტოებით ვიზუალურ სიამოვნებას იღებს.




"კვირის TOP ფოტოები საქართველოდან" - ეს იქნება ყოველკვირეული სტატიის სახელი, რომელიც ამ ბლოგზე დაიდება.

სტატიაში 10-დან 25 ფოტომდე განთავსდება. ჟანრობრივი ან სხვა სახის შეზღუდვა ჩვენ არ გვექნება. ფოტოებს მივიღებთ ელ. ფოსტაზე და ნაწილს ჩვენ თავად ამოვარჩევთ სოც. მედიიდან. ყველა ფოტოს მითითებული ექნება ავტორი და მცირე კომენტარი ფოტოს გადაღების თუ ამბის შესახებ, რომელსაც ის ასახავს.

გვინდა ხაზი გავუსვათ -  ეს ფოტო კონკურსი არაა. არც არავინ ეჯიბრება ერთმანეთს, შემოსულ ფოტოებს ბლოგის რედაქცია (ბლოგერები და ფოტოგრაფები) შეარჩევს. ასევე ყოველ 3 თვეში მოვიწვევთ 3 პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომლებიც რედაქციაში ფოტოების შერჩევაში დაგვეხმარებიან.

იმედს ვიტოვებთ ახალი პროექტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ფოტოგრაფიის და ვიზუალური ამბის თხრობის პოპულარიზაციას საქართველოში. უფრო მეტად გაააქტიურებს როგორც ფოტოგრაფებს, ისე დამთავლიერებლებს და დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს ვიზუალურ დესერტს მიაწვდის მათ.




მაშ ასე, ჩვენი ბლოგის კარი ღიაა, ველოდებით თქვენს ფოტოებს ელ. ფოსტაზე - utskhography@gmail.com.

გთხოვთ გამოგზავნისას გაითვალისწინოთ:

ა) ფოტოს სიგრძე - არანაკლებ 3500 პიქსელი. 
ბ) ფოტო ფორმატი - JPEG,  ფაილის რეზოლუცია - 300 DPI.
გ) მობილური ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 7 მბ. ფოტო ფაილის რეზოლუცია უნდა იყოს 300 DPI.

პ.ს. გთხოვთ გაუზიარეთ თქვენს ნაცნობ -მეგობრებს, ყველას ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს რომ მათი ნამუშევრები საუკეთესო და რჩეულ ფოტოებს შორის მოხვდეს.

დამატებითი შეკითხვებისათვის მოგვმართეთ ფეისბუქის გვერდზე.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი









0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...