Friday, October 17, 2014

მეოცე საუკუნის ფოტო ენციკლოპედია - ბერენის ებოტი

ბერენის ებოტის ღვაწლი ფოტოგრაფიაში დიდი და უნიკალურია. ებოტმა, როგორც ფოტოგრაფმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პორტრეტის ხელოვნებაში, ვიზუალურ დოკუმენტალისტიკაში და სამეცნიერო ფოტოგრაფიაში. ის იყო განმანათლებელი, გამომგონებელი და ფოტოგრაფიის თეორეტიკოსი. ებოტი ამტკიცებდა რომ: "მეოცე საუკუნის ხედვა შექმნა ფოტოგრაფიამ." მას სჯეროდა რომ ფოტოგრაფიას შუძლია: "აღბეჭდოს თანამედროვე სამყაროს ყოფა და მოამარაგოს ნოველები ხედვის  გზით და ახალი რწმენით."

ებოტმა ბავშვობა კოლუმბუსში და კლივლენდში გაატარა. 1917 წელს ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა, თუმცა სწავლა ერთ წელიწადში მიატოვა და ნიუ იორკში გადავიდა. 1921 წელს კი ბილეთი აიღო საფრანგეთისაკენ. ებოტი პირველ ორ წელს პარიზში სკულპტურას და ხატვას სწავლობდა, თუმცა აქედან მყარი შემოსავალი ვერ ნახა. 1923 წელს ბერენისმა ამერიკული წარმოშობის დადაისტი არტისტი მენ რეი გაიცნო, რომელიც ეძებდა ფოტო-ასისტენტს. ებოტმა მასთან დაიწყო მუშაობა და რეის მეთვალყურეობის ქვეშ ფოტოებს ამჟღავნებდა, თუმცა ფოტოგრაფიაზე და გადაღების ტექნიკაზე არაფერი იცოდა.  1924 წელს, ჰოლანდიაში არდადეგებზე ყოფნისას ებოტმა მისი პირველი ფოტო გადაიღო და მისი ურთიერთობაც კამერასთან მალე აეწყო. მან დაიწყო პარიზის გადაღება და მალევე გაითქვა სახელი. სულ მალე ორი ფოტოგრაფის გზები გაიყარა, მას შემდეგ რაც პეგი გაგენჰეიმმა გვერდი აუარა მენ რეის და პორტრეტების სერიის გადაღება ებოტს მიანდო. მათი მეგობრობაც ცუდად დამთავრდა. მოგვიანებით ებოტი წერდა: "მენ რეიმ მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. ის იყო კარგი მეგობარი და საუკეთესო ფოტოგრაფი".

1926 წელს ებოტმა მისი პირველი გამოფენა გააკეთა და  სტუდია გახსნა. ის მუშაობდა "ვოგისთვის" და მისი კლიენტები იყვნენ ცნობილი მწერლები და არტისტები: ჟან კოკტუ, მაქს ერნსტი, ჯეიმს ჯოისი, კლოდ მაკკეი და ედნა ვინსენტ მილი. ებოტმა პორტრეტული ფოტოგრაფიის მაშინდელ სტანდარტებს ზურგი შეაქცია და ცდილობდა ფოტოების დრამატიზებას - არავითარი სიყალბე და რომანტიზაცია აღარ იყო საჭირო. ის აღნიშნავდა: " პორტრეტს შეიძლება ქონდეს ყველაზე საუკეთესო განათება და იყოს ტექნიკურად მაღალ დონეზე შესრულებული, თუმცა ის განიცდიდეს კრახს, როგორც დოკუმენტი (რაც აუცილებელია ნებისმიერი ფოტოსთვის) ან ხელოვნების ნამუშევარი, თუ ის არ შეიცავს გამომხატველობის, ჟესტების და განწყობას დიდ რაოდენობას."











1929 წელს ებოტი ნიუ იორკს ესტუმრა. მისი მიზანი ძველი სახლის მონახულება იყო, თუმცა იმდენად აღფრთოვანდა ქალაქის სწრაფი ცვლილებით, რომ დარჩენა გადაწყვიტა. საფრანგეთში წარმომადგენლობა დანიშნა და თვითონ კი მეოცე საუკუნის ყველაზე ამბიციური ფოტო - პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი იყო:  ზუსტი და ამომწურავი სიცხადით აღებეჭდა ფირზე თანამედროვე, ცვალებადი ნიუ - იორკის სახე. ებოტს სურდა ქალაქის ურბანული ელემენტების "კრისტალიზაცია" გარდამავლობის პეროდში, როდესაც ისინი იძენდნენ საბოლოო სახეს.

მისმა პირველმა ფოტოებმა ნიუ-იორკის სერიიდან მზის სინათლე 1930 წელს იხილა. ისინი გამოქვეყნდა  ჟურნალში "Architectural Record", თუმცა მომდევნო ხუთ წელიწადს არსად გამოქვეყნებულა. ებოტი პროექტს და თავის თავს სხვადასხვა ჟურნალებთან თანამშრომლობით ინახავდა. 1934 წელს, სოციალური კვლევების ახალი სკოლიდან მიიღო შეთავაზება წაეკითხა ფოტოგრაფიის კურსი. ის ამ წინადადებას დათანხმდა. ეს სამსახური გახდა მისი შემოსავლების მთავრი წყარო. ამავე წელს მოეწყო ებოტის "ნიუ იორკული ფოტოების" პირველი გამოფენა. ფოტოების ქალაქის მთავრ მუზეუმში გამოფენამ საზოგადოების მხრიდან დიდი ყურადღება მიიპყრო და ებოტს პროექტის დაფიანანსების მოპოვებაშიც დაეხმარა.






















1935 წელს ებოტმა დაფინანსების თხოვნით მიმართა ფონდს "Federal Arts Project", საიდანაც ამავე წლის სექტემბერსში დაფინანსდა. დაფინანსებასთან ერთად ის პროექტის სუპერვაიზორიც გახდა და მცირე სამუშაო ჯგუფის შექმნის საშუალება მიეცა. როგორც იქნა პროექტმა "Changing New York" მოიპოვა საყოველთაო პოპულარობა. ფოტოები დაბეჭდეს ჟურნალებმა: "U.S. Camera", "Popular Photography", "The Coronet". 1937 წლის დეკემბერში ქალაქის მუზეუმმა კიდევ ერთ დიდ და წარმატებულ გამოფენას უმასპინძლა. 1938 წელს ებოტმა პროექტისთვის ბოლო ფოტოები გადაიღო და ჩამოქვეითდა პროექტის სუპერვაიზორის ასისტენტის პოზიციაზე. 1939 წელს კი გუნდიც დაკარგა. მას ფონდში  რიგითი ფოტოგრაფის პოზიცია შესთავაზეს, თუმცა ბერენისმა  დამოუკიდებლად მუშაობა არჩია და ფონდი მიატოვა.

ცოტა მოგვიანებით, 1939 წელს ებოტმა დაწერა მცირე ჩანაწერი საკუთარი თავისთვის, რომლის მიხედვითაც უნდა ეხელმძღვანელა ფოტო კარიერისთვის შემდეგი 20 წლის მანძილზე. მას სჯეროდა, რომ "ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შექმნილია მეცნიერებისგან" და რომ ფოტოგრაფიას შეუძლია იყოს მედიატორი მეცნიერებასა და პიროვნებას შორის, რათა მოახდინოს ცხადი განმარტება თუ როგორ აკონტროლებს და ამუშავებს ცოდნა ყოველდღიურ ცხოვრებას.

მალე ებოტმა დაიწყო ექსპერიმენტები მეცნიერული ფოტოგრაფიის გარშემო და 1944 წელს ის გახდა ჟურნალ " Science Illustrated" ფოტო-რედაქტორი და მიუხედავად იმისა, რომ მან ეს სამსახური 2 წელიწადში მიატოვა, კვლავ განაგრძობდა მეცნიერული ფენომენების ფოტოგრაფირებას. მისი ილუსტრაციები 1948 წელს დაიბეჭდა წიგნში "American High School Biology". მისივე ფოტოები აძლევდა მას ინსპირაციას განევითარებინა ახალი ფოტო ტექნიკა, განათების მეთოდები და ხერხები. ებოტი 1947 წელს შეუერთდა "ფოტოგრაფიის სახლს" რათა უკეთ დაეხვეწა და გაეპიარებინა მისი ფოტოგრაფიული გამოგონებები. მიუხედავად ხშირი ფინანსური კრახისა ეს კამპანია 1959 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც ებოტმა 4 გამოგონება დააპატენტა.


ებოტი განაგრძობდა მუშაობას სამეცნიერო ფოტოგრაფიაში, თუმცა მისი რეპუტაციაც და ფინანსებიც თანდათან ეცემოდა. კრიზისი 1957 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს რუსების მიერ კოსმოსში გაშვებულმა თანამგზავრმა ამერიკაში ნაციონალური ვნაბათაღელვა გამოიწვია. ებოტი ფიზიკური მეცნიერებების სასწავლო კომიტეტმა დაიქირავა  ახალი წიგნების საილუსტრაციოდ. მისი ფოტოები კვლავ მოხვდა ნაციონალურ და უცხოურ ჟურნალებში. ასევე მოეწყო მისი სამეცნიერო ფოტების გამოფენა მთელი ქვეყნის მასშტაბით. 1960 წელს ებოტი გამოჩნდა ტელევიზორში გადაცემით " კამერა ეძებს მეცნიერებას", "Smithsonian Institution"-მა კი სრულად შეიძინა მისი სამეცნიერო ფოტო არქივი.










ებოტის ფოტოები ხშირად იყოფა სამ ჯგუფად - პორტრეტები, ნიუ-იორკი და სამეცნიერო ფოტოები. ამას გარდა, ის ამერიკის ლანდშაფტებსაც იღებდა. ჰენრი ჰიჩკოკის მითითებით მან იმოგზაურა ამერიკაში და გადაიღო სამოქალაქო ომამდელი შენობები და ასევე არქიტექტორ ჰენრი რიჩარდსონის ნამუშევრები. 1943 წელს ებოტმა გადაიღო "Red Rock Logging Company"-ს მუშაობა კალიფორნიაში და 1948-ში გამოსცა მისი მეორე წიგნი "Greenwich Village: Today & Yesterday". 1966 წელს მას დაუკვეთეს ფოტო-გიდის შექმნა მეინის შტატისთვის. ფოტოგრაფმა თავიდან აირიდა სტანდარტული გიდ-წიგნების ფორმატი და მისი კამერის ფოკუსირება მოახდინა შტატის მცხოვრებთა ყოველდღიურობაზე და ინდუსტრიალიზაციის პროცესზე.



მისი ცხოვრების განმავლობაში ებოტი ხშირად წერდა ბუნების და ფოტოგრაფიის შესახებ. ებოტის ფოტოგრაფია სიმბოლურად განასახიერებდა ფოტოგრაფის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. თითქმის 70 წლის მანძილზე ის იღებდა ყოველდღიური ცხოვრების ცვალებად ხასიათს. მან გამოძერწა თანამედროვე რეალიზმის ესთეტიურობა - არეკლილი ამერიკული ცხოვრების სცენებიდან და ფოტოგრაფიით დახატა მეოცე საუკუნის არსი.

Richard Haw.
გიო ბეჟანიშვილის თარგმანი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...