ცხოვრებაში ბევრი რამე ვცადე.
ლექსებს ვწერდი, ვრეპავდი . . . ხან წამყვანი ვიყავი, ხან ჟურნალისტი. დიზაინერობაც მიცდია. სანტა კლაუსადაც გამოვცხადებივარ პატარებს და საბერძნეთის ქალაქების ქუჩებიც შემომივლია მოხეტიალე მუსიკოსად. თუმცა უნდა ვაღიარო იმაზე დიდი სიამოვნება, ვისწავლო და ვასწავლო სხვებს, მართლა არაფერში განმიცდია. ჩემთვის ძალიან დიდი ადრენალინი მოაქვს მომენტს როდესაც საკლასო ოთახში (ტრენინგრუმში) შევდივარ და იქ სტუდენტები მელოდებიან. პირველად ეს სიამოვნება 2012 წლის დეკემბერში მივიღე.
თოვდა . . .
ახალი წელი დგებოდა.
მაია მამულაშვილმა დამირეკა გაზეთ "კახეთის ხმიდან" და მითხრა რომ ჩემთვის საინტერესო შემოთავაზება ქონდა. მე უნდა წამეკითხა ორდღიანი ტრენინგი ფოტოგრაფიაზე გაზეთის ჟურნალისტებისა და მოხალისე რეპორტიორებისათვის. ჩემთვის ეს მაშინ დიდი გამოწვევა იყო. პირველად უნდა მესაუბრა იმაზე, რაც ჩემი საყვარელი გატაცება იყო. მართალია პროფესიონალურ კამერასთან შეხება და მუშაობის საშუალება ჯერ კიდევ 2009 წლიდან მქონდა, მაგრამ ჩემთვის მისი ფიზიკური მონაცემები, მისი ტექნოლოგიური მახასიათებლები მაინც უცხო იყო.
ტრენინგი დეკემბრის ბოლოს დაიგეგმა. მახსოვს, მისთვის რამდენიმე დღე ვემზადებოდი. ძირითადად ვკითხულობდი ინგლისურ სტატიებს და იმას, რასაც მანამდე ქაოტურად ვაკეთებდი უფრო ძირეულად ვსწავლობდი. ვაანალიზებდი და ვუძებნიდი ფორმას, თუ როგორ გადამეცა სხვებისთვის ინფორმაცია ისე რომ მათ აღქმა არ გაჭირვებოდათ. მახსოვს როგორ მივედი "მედია კაფეში" - უამრავი ფურცლებით, გეგმებით და სლაიდებით, რომლებსაც თავისი რიგები ქონდა. თუმცა დავიწყე თუ არა, მივხვდი რო ეს ყველაფერი არ მჭირდებოდა, საუბარი ყოველგვარი "შპარგალკების" დახმარების გარეშეც კარგად წავიდა. მეორე დღესაც ასე განმეორდა და იმდენად მომეწონა და ვისიამოვნე ამ პროცესით, რომ გადავწყვიტე მომავალშიც მესინჯა თავი ამ საინტერესო ამპლუაში.
ძალიან მალე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც შემომთავაზეს ლექციების წაკითხვა.
საგანს "ფოტოჟურნალისტიკა" ერქვა და ის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ეკითხებოდათ. ეს ჩემთვის ახალი საგანი იყო და მეც დამიბრუნდა ძველებური მღელვარება. დავიწყე ხანგრძლივი მომზადება, წიგნებში ქექვა და სტატიების, ბლოგების თარგმნა. უნივერსიტეტის ლექტორობა ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობად მოჩანდა და გადავწყვიტე, რომ აუცილებლად უნდა მეკისრა ეს პასუხისმგებლობა. თან აქვე გამოგიტყდებით, ყველაზე უკეთესად მაშინ ვსწავლობ, როცა სხვებს ვასწავლი, მე კი ფოტოგრაფიის უკეთესად შესწავლა მინდოდა და სწორედ ამიტომ დავიწყე ღრმად ჩასვლა. რა ვიცოდი თურმე იმ წყალში შევდიოდი, რომელსაც ფსკერი არ აქვს. :)
გაგეცინათ?
დამიჯერეთ ასეა, ფოტოგრაფია არის დაუსრულებელი კვლევა-ძიება მეცნიერების, ხელოვნების და მარკეტინგის სფეროში. მან იმდენი რამ გააერთიანა თავის თავში, რომ ალბათ ადამიანის მთელი სიცოცხლე არ ეყოფა მის სრულად შესასწავლად. და მაინც გადავწყვიტე მესწავლა და მესწავლებინა . . . ლექციები დაიწყო და ყველაფერმა თავისი ფორმა მიიღო. ბავშვებმა რთულად, მაგრამ მაინც აუღეს ალღო ფოტოკამერის აგებულებას, ტექნიკურ მახასიათებლებს და კომპოზიციური ელემენტებისა და წმინდა ჟურნალისტიკურ საკითხებზე რომ გადავედით უკვე აქტიურები და მონდომებულები ჩანდნენ. ლექციების პროცესი ჩემთვის იყო ყველაზე საუკეთესო სამუშაო საათები და მაშინ გადავწყვიტე, აუცილებლად დამეკავშირებინა ჩემი ცხოვრება ფოტოგრაფიისთვის.
2013-2014 წლებში ორჯერ წავიკითხე უნივერსიტეტში ერთ სემესტრიანი კურსი "ფოტოჟურნალისტიკაში". 2014 წლის იანვარში კახეთის "სამოქალაქო ლიგის"
მიწვევით ფოტო და ვიდეო გადაღებაზე თელავის სხვადასხვა სკოლების ბავშვებს წავუკითხე ტრენინგები.
ფოტო თელავის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ცენტრიდან. სემინარი "ფოტოგრაფია ყველასათვის" |
გვერდი თანდათან იკრეფდა ძალას და ფოტოალბომების მატებასთან ერთად იზრდებოდა მესიჯები ჩემს ინბოქსშიც. კითხვები ფოტოგრაფიას შეეხებოდა. ამ მესიჯებთან ერთად მოდიოდა კითხვებიც - ხომ არ ვგეგმავდი ფოტოგრაფიის კურსებს. ან თუ მოვამზადებდი მოყვარულ ფოტოგრაფებს ინდივიდუალურად. სწორედ მაშინ გამიჩნდა იდეა გამეკეთებინა სამოყვარულო წრეები უნივერსიტეტში, თუმცა მალე შევიცვალე სამსახური და გურჯაანში გადავედი. იქაც ვცდილობდი გამეხსნა კურსები, მაგრამ დაინტერესება ნაკლები იყო. სექტემბრის ბოლოს გადავწყვიტე ჩემი მომავალი კარიერა ფოტოგრაფიისთვის დამეკავშირებინა. გადავწყვიტე რა, გადამაწყვეტინა ჩემმა გვერდმა და იმ ხალხმა, რომელიც ასე ძალიან აქტიურობდა და დღემდე აქტიურობს "უცხოგრაფზე". დავინახე რომ ფოტოგრაფია ჩემი საქმეა და მიუხედავად იმისა, რომ მე თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ, ეს არის სფერო სადაც შემიძლია ბევრს მივაღწიო. მას შემდეგ რაც სახლში საკუთარ თავთან დავრჩი მარტო, დავიწყე ყველა იმ გეგმის და იდეის "სხვენიდან ჩამოლაგება", რომლებსაც მანამდე სამსახურისა და უდროობის გამო "ვთლიდი და ვინახავდი". სწორედ მაშინ ამომიტივტივდა იდეა - გამეხსნა პროფესიონალური ფოტოგრაფიის კურსები. ბევრი არც მიფიქრია და პოლიგლოტს მივაკითხე. შევთავაზე ჩემი ნააზრევი ქალბატონ ლელას. შეთანხმება მალევე შედგა. გადაწყდა კურსებს ნომბრიდან დავიწყებდით. მთელი ნახევარი თვის მანძილზე ვიღებდი უამრავ წერილს თუ ზარს: რა და როგორ იქნებოდა კურსებთან დაკავშირებით.
"პოლიგლოტში" კურსების ორი ნაკადი გვქონდა. უნივერსიტეტში კი 2016 წლის ჩათვლით ვასწავლიდი ფოტოგრაფიას. 2015 - 2016 წელში თელავში აღარ გავჩერდი და ქუთაისს, თბილისს და წნორს მივაკითხე, სადაც სხვადასხვა დროსა და სივრცეში ვატარებდი ტრენინგებს ქუჩის ფოტოგრაფიაზე.
უნდა გამოვტყდე რომ დღეს თუ რამე ვიცი სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც მე ნდობა გამომიცხადა და დამარწმუნა, რომ ჩემგან არამხოლოდ კარგი ფოტოგრაფი, კარგი მასწავლებელიც დადგებოდა.
სტატია 2014 წელს დამიწერია, თუმცა ახლა 2017 წლის 8 იანვარს განვაახლე. განვაახლე რათა კვლავ დავუბრუნდე მასწავლებლობას, რადგან როგორც ზემოთ დავწერე, სწორედ მაშინ ვსწავლობ, როცა სხვებს ვასწავლი. სწორედ ამ მიზნით გეგმად დავისახე მთელი წლის მანძილზე მინიმუმ 5 ფოტოვორშოფისა და ერთი ფოტო ტურის ჩატარება. თანაც მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ სწავლება + ხეტიალი უფრო საინტერესო გამოვიდეს.
ასეც იქნება!
თქვენ კი ვისაც ზემო აღნიშნულ გეგმებში შემოერთება გსურთ, თავი თავისუფლად იგრძენით და კომენტარებში მომწერეთ.
მადლობა მოსმენისათვის,
მომავალ სტატიამდე!
გიორგი ბეჟანიშვილი
0 comments:
Post a Comment