Sunday, March 13, 2016

ფოტოგამოფენა "ჩემი მეგობარი" და კომუნა "ქედელი"


ფოტოგამოფენებით დიდად განებივრებული არ ვარ, ბოლოს ის გასული წლის ზაფხულში მქონდა. შეიძლება ეს ჩემი სიზარმაცის ან მოუცლელობის ბრალიცაა. ამ გამოფენაზეც ბოლო დღეს მოვხვდი. არადა ერთ-ერთი ორგანიზატორი, მიკა ძიძიგური ლამის ერთი თვით ადრე დამიკავშირდა და გამოფენის შესახებ ინფორმაციაც გამაცნო.

გამოფენა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულში, გუშინ 13 მარტს ექსპო ჯორჯიის მეექვსე პავილიონში ორგანიზაცია "კავშირი ჩვენი ბავშვების" ინიციატივით გაიმართა. იქ ჩემი გადაღებული  სამი ფოტო იყო. სულ გამოფენაში 25-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა, სამწუხაროდ ვირუსის გამო წასვლა ვერ მოვახერხე, თუმცა ამბავი რაც პოსტში მინდა მოვყვე გამოფენის დღეს არ ეხება.


 

ამბავი გუშინ დილით რვა საათზე დაიწყო, როცა დაუნის სინდრომის მქონე 3 ადამიანის გადასაღებად ორგანიზაცია "ქედელში" წავედი. "ქედელი" კომუნაა, სადაც 25-მდე ადამიანი ცხოვრობს. მათზე ზრუნავენ და უვლიან, ისინი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. წასვლამდე დაახლოვებით დავხატე სურათი თუ როგორი უნდა ყოფილიყო მათი კომუნა და საცხოვრებელი, თუმცა იქ მისულს სულ სხვა სურათი დამხვდა.

მანქანიდან გადმოსვლისთანავე ჩემი ფოტოისტორიის ერთ-ერთი გმირი მიშა შემეგება და ჩამეხუტა. თან მხარზე ხელი დამარტყა და მკითხა: როგორ ხარ ბებერო? იმდენად უცბად შემოვიდა კონტაქტში რომ ცოტა დავიბენი. მათ სახლში შესვლისას საოცრად მეგობრული ატმოსფერო დამხვდა, ყველა ვინც იქ ცხოვრობდა ჩემ სანახავად შეკრებილიყო და მელოდებოდნენ. მალე მიშამ თავისი ოთახი მაჩვენა, გადღებაც იქიდან დავიწყეთ, შემდეგ ანდრო შემოგვიეთდა. ბოლოს ბორიაც მოვიდა, ოთახებიდან მათ სახელოსნოში გადავინაცვლეთ, სადაც ანდრო დაზგას მიუჯდა, მე და მიშამ კი ხატვა დავიწყეთ, ბორია დინჯად გვაკვირდებოდა. შემდეგ ეზოში გავისერნეთ და წყალი მოვზიდეთ. ცოტა ბექას ძღლმა გაგვაბრაზა, ეს ყველაფერი ალბათ ერთ საათს თუ გაგრძელდა, შიგდაშიგ მათ ისტორიებს ბატონი გელა, კომუნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაცნობდა.







გადაღების დასრულება გადავწყვიტე, რადგან სასწრაფოდ უნდა მომესწრო თელავში დაბრუნება და ფოტოების დასაბეჭდად გადაგზავნა. ეს ხომ ბოლო დღე იყო. ძალიან ვინანე რომ მათთან აქამდე ვერ ჩამოვედი, ნამდვილად არ მინდოდა წამოსვლა. პირიქით მათთან მთელი დღის გატარება და ფოტოგადაღება მომინდა. დასამშვიდობებლად რომ შევედი, ერთი ბიჭი გამოვიდა, მომესალმა და გადაღებაზე მკითხა. სახე ახალიგაპარსული ქონდა, ერთგან ოდნავ გაჭრილი, ეტყობოდა რომ ნაჩქარევად გაეპარსა, შეიძლება სწორედ იმიტომ რომ ჩემი იქ ვიზიტის შესახებ გაიგო და ვინ იცის ფოტოსთვისაც გამოეწყო სასწრაფოდ. მკითხა ჩვენ როდის გადაგვიღებო? დანარჩენებსო? დავპირდი რომ დავბრუნდები და მას და მის მეგობრებსაც გადავიღებ. დანარჩენებმაც მითხრეს ჩამოდი და გადაგვიღეო. თელავისკენ მომავალს სულ ეს ადამიანი მახსენდებოდა, რომელიც სპეცილურად მოემზადა ფოტოსთვის და მე ვერ გადავუღე, მახსენდებოდნენ ისინიც ვინც გადავიღე, მათი ისტორიები. გადავწყვიტე მალევე დავბრუნდე, თან მარტო კი არა ჩემს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. რათა უფრო მეტი ფოტო და სიხარული მოვუტანოთ ამ ადამიანებს, რომლებიც სტუმრებს სიღნაღის მთებში ელიან. რომელთაც ნებისმიერი ახალი ადამიანის გამოჩენა ბავშვური სიხარულით უხარიათ.

ვფიქრობ გამოფენაზე მნიშვნელოვანი სწორედ გადაღების პროცესია. საერთოდ ხომ ასეა, ამბები და ისტორიები სძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ჩვეულებრივ საგნებს, თუნდაც ფოტოპორტრეტებს.

ფოტო გამოფენიდან - http://17maisi.org/2016/03/13/downsyndromeday/
ვისაც ამ არაჩვეულებრივი და საოცრად თბილი ადამიანებთან შეხვედრის სურვილი გაგიჩნდებათ, შემეხმიანეთ, შეგვიძლია ერთად ვესტუმროთ "ქედელს" და  მის ბინადრებს.



0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...