Wednesday, March 30, 2016

რეპერობიდან უცხოგრაფობამდე


- თქვენ ძალიან მეცნობით . . .

- ალბათ ბანკიდან . . .

- კი, კი ბანკში შევხვედრილვართ - მოსაუბრე, რომელიც ჩემს პირდაპირ ზის ცდილობს გაიხსენოს კონკრეტულად სად შეხვედრია ხოსეს.

მეც უნებლიედ ვაკვირდები მას, ის გვერდით მიზის.

- თავს ნუ იწვალებ გახსენებაზე, მე იმდენ ბანკში ვმუშაობდი . . . - ხელს აიქნევს და იღიმის.

მე ის სიტყვები მახსენდება ერთ-ერთმა კლიენტმა რომ უთხრა გიოს (ხოსეს) ჩვენი გადაღებული ქორწილის ნავხისას: ესეთ მაგარ რაღაცეებს თუ აკეთებდი, ბანკში რას იკლავდი თავსო. :)

მარჯვნივ ხოსეა, მის გვერდით კეპკიანი მე ვარ










ფიქრებით ბანკის მიღმა, წლების წინ თითქოს სხვა ცხოვრებაში ვბრუნდები, რომელსაც რეპერობის წლები ერქვა.

ჰო, გიო მაშინ გავიცანი, არა ვიტყუები, მანამდე გავიცანი. ალბათ 5 კლასში ვიქნებოდი დედამ რომ გამაცნო სკოლაში, რომელსაც "დედაჩემის სკოლა" ერქვა. მე იქ არ დავდიოდი, გიო კი დედას საყვარელი მოსწავლე იყო - მიზეზი მარტივია, მათემატიკა უყვარდა და ძლიერიც იყო. პირველად ერთად განტოლებებზე და მათემატიკურ რაღაცეებზე მეხუთე კლასში  "გავრეპეთ". მერე იყო პირველკურსელობის რეპერობის ხანა და ამბიცია "შეგვეკრა" ჯგუფი. ეს ჯგუფის შეკრება როგორც ჩანს  ჩემი და ხოსეს "მძიმე ჯვარია".

14 წლისები ვიქნებოდით როცა პირველი სიმღერა თბილისში ვასიკო კევლიშვილს სტუდიაში ჩავწერეთ, რომელიც  სახლში ქონდა მოწყობილი. ჯგუფს სახელი უნდოდა და "ბაჯომ" "უცხო" დაირქვითო. უფრო ახალია და განსხვავებული თქვენი სტილიო. 2-3 სიმღერაში რომ პოპულარობა არ გვეწვია რაღაცნაირად დავიბენით და ხელი ჩავიქნიეთ.


ჯგუფი "უცხო": მარცხნივ - ხოსე, ცენტრში მე, მარჯნივ - გიორგი ფირანიშვილი









       

მახსოვს მეშვიდე სკოლის სტადიონზე როგორ შევხვდით მე და გიო და დავიშალეთ. მე
სახელი წამოვიღე, გიომ კი სიმღერა, რომელშიც მე არც მიმღერია, მგონი "აჰა! აჰას!" მეტი არაფერი მითქვამს. სწორედ აქედან დაიწყო სოლო გაუცხოება. მე უცხოდ დავიარებოდი, ის კი გვარიდან გამომდინარე - ხოსედ დარჩა.

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა . . .

იყო დრო როცა გიო ჩემი სიმღერის ("ისტორია") მოსასმენად სახლიდან ლამის ყოველ დღე ვალერას კომპიუტერებში დადიოდა. აბა სახლში მაშინ კომპიუტერი დიდი იშვიათობა იყო, არც იუთუბი ვიცოდით და რადიოც არ მატრიალებდა. ჯერ სხვამ გაუშვას, ჯერ სხვამ და გავიდა ასე რეპერობის 4-5 წელი. მე რომ შევეშვი გიო სწორედ მაშინ აქტიურდებოდა. სიმართლე გითხრათ ხოსეს და "სექტორი 03" რეპებმა გადამატანინა საბერძნეთში თელავის ნოსტალგია. :)

მერე ხოსე ბანკ-ბანკ დაიარებოდა, მე ხან სად და ხან სად. ასე რეპერობით დაწყებული მეგობრობაც ლამის უბრალო ნაცნობობაში გადაგვეზარდა. რომ არა ის დღე, როცა გასაჭირში მყოფი სახლში მივადექი, ან ის მოვიყვანე ჩემთან - არ მახსოვს. შევხვდი და ვეუბნები: შენ უნდა იყო ჩემი ოპერატორი მეთქი. :) თავიდან ეგონა ვხუმრობდი, მაგრამ სახეზე რომ დამაკვირდა, ვფიქრობ ყველაფერი ზუსტად გაიგო. უყოყმანოდ დამთანხმდა, თუმცა კი გამაფრთხილა ჩემგან ბევრს ნუ მოელიო, მაგრამ მაინც იმაზე მეტი "დადო" პირველივე გადაღებაზე ვიდრე ორივეს ერთად წარმოგვედგინა. თუმცა ტექნიკასთან იმდენად მწყრალად იყო, პირველ გადაღებაზე რომ ბატარეა დაუჯდა, ისიც კი არ იცოდა საიდან უნდა გამოეცვალა.  ვააა ვიღებ ფოტოებს და მესმის გამწარებული ძახილი: უცხოოო . . . უცხოოო, მომხედე ბატარეა საიდან ჯდებაო . . .





მონტაჟიც ფორს მაჟორში ისწავლა და საერთოდ ყველაფერი, რაც დღეს როგორც უცხოგრაფის გუნდის წევრს გამოსდის. თავიდან დამონტაჟებული რომ შევუქე არ დამიჯერა, ახლაც ასეა  - მიყურებს და არ ჯერა. იმაზე რომ ერთ-ერთი უმაგრესი მემონტაჟე ხარ მთელ საქართველოში მეთქი, ხო საერთოდ სიცილით იკრუნჩხება. ამ ხუმრობა ხუმრობაში უკვე ერთ წლიან "უცხოგრაფიულ" მოღვაწეობასაც მივუკაკუნეთ. სწორედ შარშან ამ დროს შევთავაზე გვერდში დგომა, მაშინ ვერც ერთი ვერ ვიაზრებდით რომ ის რაც წლების წინ რეპერობით დაიწყო ახლა ახალი და უფრო საინტერესო საქმით გრძელდება, რომ გზა "უცხოდან" "უცხოგრაფობამდე" რაღაცნაირად უცხო, მაგრამ მართლაც საოცრად განსაკუთრებული ყოფილა.

არის ბლოგების და სტატიების სახეობა სადაც პირად ამბებზე არ საუბრობენ, მე კი ბლოგერობა 2011-ში სწორედ ამიტომ დავიწყე, რომ ჩემი პირადი ისტორიები მიმეტანა მკითხველამდე. ამ სტატიის მიზანიც უბრალო, მაგრამ შემოქმედებითი მეგობრობის ამბის თხრობა იყო.  მიმაჩნია რომ ფოტოგრაფია, მარტო კომერცია არაა, რომ ნებისმიერი ადამიანის  მიღმა იმალება ისტორიები, რომ მსგავსი ამბები რაც მე და ხოსეს გვაქვს, ხშირად უნდა ქვეყნდებოდეს, მოცლის ჟამს საკითხავ სტატიებად.

იმედია ძალიან არ მოგაწყინეთ და მოგაცდინეთ.

მომავალ ამბებამდე :*

უცხო და ხოსე




3 comments:

  1. მეამა ამ ისტორიის წაკითხვა, რადგან მომსწრე და გულშემატკივარი მეც ვიყავი ამ მრავალწლიანი "შემოქმედებითი მეგობრობის",,,მე ამ ყველაფერს ერთს დავამატებდი-მეგობრობა,რომელიც დროსა და სირთულეებს უძლებს-ნამდვილია! წარმატებებს გისურვებთ! (ლალი ხ.)

    ReplyDelete
  2. წარმატებები ბიჭებო

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...