Saturday, March 17, 2018

ფოტო ამბავი "გაყინული 10 წუთი"





ნეტავ როდის შეიძლება გიყვარდეს ადამიანს წვიმა?!

ალბათ იმ დროს, როცა თბილ სახლში მყოფნი ფანჯრიდან ვაკვირდებით ქუჩაში აჩქარებული ნაბიჯებით მოსიარულე  ხალხს, სველ ასფალტზე ავტომობილების, შუქნიშნების განათებების ფერად ანარეკლებს, მინაზე ჩამოსულ წვეთებსა და ნაცრისფერ ცას.

შეიძლება ოთახში პირაღმა მწოლიარეს, სახურავზე წვეთების დაცემით გამოწვეული ხმის გამო გვიყვარდეს ის.

ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, ბუხართან მყოფნი ჩაის ჭიქითა და წიგნით ბედნიერებას რომ განიცდიან წვიმის დროს?!


კი, არსებობენ.

წვიმის დროს ქუჩაში მყოფსაც კი შეიძლება გიყვარდეს ის.

ზოგისთვის ეს ყოველივე შეიძლება რომანტიულად, ანდა ბანალურადაც კი ჟღერდეს, მაგრამ თითოეული ადამიანისთვის სიყვარულის შეგრძნების ფორმა ხომ ინდივიდუალურია.

ალბათ ყველაფერი შესაძლებელია.






წვიმის ხმა.

სველი ასფალტი.

ანარეკლები, შავი ფერის, იშვიათად თუ გამოერევა ფერადი.

აჩქარებული 
ნაბიჯები. 

მოხრილი ადამიანები.

პატარა ორმოები წყლის გუბეებად წარმოქნილი.

სიცივე. თრთოლა. მობუზვა.

სველი თმის ბოლოები. გაყინული 
ხელები.

ლოდინი.

გაყინული წუთები
.
 








ალბათ ყველას გვიგვრძნია ტრანსპორტის ლოდინში გატარებული რამდენიმე წუთის უსასრულობა.



კიდევ უფრო დაუსრულებელი მაშინ ხდება, როცა დაღლილები ვართ, გვეჩქარება, გვცივა ანდა გვშია.

ერთ დღეს გაჩერებაზე მყოფს, ტრანსპორტის ლოდინში გატარებული 10 წუთის განმავლობაში თვალწინ უამრავმა მოხრილმა, მობუზულმა და სველმა სხეულმა ჩამიარა.

ამდენივე აირეკლა პატარა გუბეში, სველ ასფალტზე.

ამ დროს იმაზე ნაკლებად გვაკვირდებიან ადამიანები, ვიდრე ოდესმე.

მათი გადღაბნილი, სახეშეცვლილი სხეულის ანარეკლები წამის მეასედში ფორმას იცვლიდნენ.

ხან კი ერთმანეთში ირეოდნენ. 

გაიყინა და გაქვავდა ეს 10 წუთი.

არა და არ დასრულდა.

უცებ ძაღლმა ჩაიარა, რამდენიმე წუთი გაჩერდა, ხან გამვლელებს აკვირდებოდა, ხან მათ ანარეკლებს. ერთხელ მეც შემომხედა.

მასაც სციოდა. მგონი ყველაზე მეტადაც კი.

მისი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ამ ამბავს დიდი ხნის წინ იყო შეჩვეული.

ასე მგონია.




ბოლოს, გაჩერებაზე ბანერისა და მისი ანარეკლის გარდა არავინ დარჩა.

და ნეტავ, ცხოველს, თუნდაც ძაღლს ქუჩაში მარტო დარჩენილსა და მშიერს თუ უყვარს წვიმა, ამდენი ადამიანისა და მათი ანარეკლების ყურება?!

ვფიქრობ, რომ არა.

მათ მდგომარეობაში მყოფთ ალბათ არც ჩვენ გვეყვარებოდა.


ავტორი: თამარ  შოშიტაშვილი





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...