Saturday, March 10, 2018

ფოტო ამბავი "მელანქოლია"




ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიყვარს ამ ცხოვრებაში უფრო მეტად, ვიდრე მზე. 
მგონი ისევ მზე. 

რამდენიმე დღის წინ ერთ შეხვედრაზე, ბევრი ადამიანის თანდასწრებით მკითხეს რა გაბედნიერებსო. ამაზე უხერხული კითხვა ცოტა თუ მეგულება, თან დამაფიქრებელი, ხშირად პასუხი რომ არ გაქვს.

მეც ჩავფიქრდი და მზე მეთქი - ვუპასუხე.

ახლა კითხულობთ სტატიას, თან ფოტოებს უყურებთ და ფიქრობთ, თუ რა შუაში ეს ფოტოები, მზე და ბედნიერება ერთმანეთთან.

ასეა, არაფერ შუაშია.





არ ვიცი, როგორ შეიძლება გადმოვცე მარტივი სიტყვებით მზის სხივების შეხებით გამოწვეული შეგრძნება.

ვერც ვხსნი.

იმდენად კარგად ვფუთავ ხოლმე ჩემ ბედნიერებას, კარგად ყოფნას, ხან მეც კი ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

იცით, ბედნიერი როდის ვიყავი ბოლოს?!

სიმართლე რომ გითხრათ, მეც ბუნდოვნად მახსოვს.

ეს იყო ზაფხულის თბილი და მზიანი დღეები, ბუნებაში რომ დავბოდიალობდით. ნათელი ღამეები, ცხოვრებაში პირველად რომ დავწექი ასფალტზე და ვარსკვალებით მოჭედილ ცას ვუყურებდი, თან ვფიქრობდი რამდენ ასტროფოტოგრაფს შეშურდებოდა მეთქი, მთვარე  გვერდზე გახედვისას ზუსტად ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.

მართლა ასე იყო.

ეს დღეებიც დასრულდა, ისე როგორც სხვა დანარჩენი.






ზამთრის ერთ დღეს, ცივ და უხასიათო დღეს არც მზე იყო და არც სითბო.

არც მე ვიყავი ისე, როგორც მაშინ.

ასეთ დროს, ყველაზე მეტად დიდხანს ძილი მინდა სიბნელეში, სიზმარში მყოფს.

დილით გვიან გაღვიძებულ საკუთარ თავს ვაძალებდი თვალები გაეხილა და კიდევ ერთი ცივი დღე დაესრულებინა, მზიანი დღეების მოლოდინში. 

შეასრულა.

მინას თითები შეახო და სიცივე იგრძნო. 

ეზარებოდა გარეთ გასვლა, ისე როგორც არასდროს.

სიზარმაცე.

მოწყენა.

ბეღურასავით ცივ ამინდში საკუთარ თავში ჩაფლობა.

გასვლამდე ფანჯრიდან გავიხედე და გარემო ნელ-ნელა თეთრდებოდა ფიფქებით.

თოვდა.

უცებ იცვალა ფერი ყველაფერმა.

ბოლოს ჭუჭყიანად გათეთრდა.




ავტომატურად გავაღე კარი. გავედი. ლიფტი გამოვიძახე და მინდოდა ქვემოთ ჩასვლამდე პერიოდი უსასრულოდ გაგრძელებულიყო, ოღონდ არ მეგრძნო საკუთარი კანით ის, რაც ოთახიდან, ფანჯრის მიღმა ვიგრძენი თვალებით.

ერთი წუთიც არ დასჭირდა ამ უსასრულობას.

არც მქონია ამის ილუზია.

მაინც ვიგრძენი.

გაჩერებაზე მდგომს, სიცივისგან აკანაკლებულს მინდოდა ერთი სულის შებერვით გამეფანტა ყოველი ფიფქი, გამექრო მისგან წამოსული მელანქოლია და დამებრუნებინა ის დღეები.

სამწუხაროდ ვერ შევძელი.




მხოლოდ ფოტოების გადაღება და თქვენთვის კიდევ ერთი ისტორიის თქმა გავბედე ცოტა მოკლედ, მაგრამ მგონია, რომ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ იგრძნოთ. 

თუ ვერ შეძლებთ, ეგეც არაუშავს.



ავტორი: თამარ  შოშიტაშვილი






0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...