Friday, March 2, 2018

ფოტო ამბავი "სევდის ქალაქი"



     


უცვლელი ხედი. ერთი და იგივე ფანჯარა. კედელი, უფერული და სევდიანი, ერთნაირად სევდიანი.
დღე.
საღამო.
ღამე.
სხვადასხვა სახლი, სავსე განსხვავებული ამბებით, ისტორიებით და ადამიანებით, მაგრამ მაინც სევდიანი.


სხვადასხვა ფანჯარა, სხვადასხვა ფერის. თითოეული ფანჯრის მინა მზის სხივებს თავისებურად ირეკლავს. 


მზე ერთნაირად ვერც ყველა ფარდის მიღმა აღწევს. ოთახში მტვრის ნაწილაკების გროვა სხვადასხვა ფერად გადაიქცევა.







ქალაქში ყოველი ჩასვლისას განსხვავებული განცდა მეუფლება - განცდა ქაოსის, მარტოობის, უჰაერობისა და სევდის. 

უსასრულო და ცარიელი 
სივრცე მიყვარს, ისეთი როგორიც ტრიალი მინდორია, სადაც კოჭებამდე ბალახის მეტი არაფერია და მხოლოდ ლურჯი ცა დაგვცქერის. იქ დაკარგვის, გზის გაკლევის არ მეშინია. აი, ქალაქში კი, ვერ ვმშვიდდები - ხალხით სავსე, სევდიანი ქალაქი მაფორიაქებს და ხალხის ქაოტური მოძრაობა ისე მიჭერს ყელში, თითქოს უნდა დაგახრჩოს. 


ყოველი ადამიანის თვალებში, მომღიმარ თვალებშიც კი დანახული სევდის მცირე ნაწილაკების აღმოჩენის მეშინია, მათი სუნთქვის, გახშირებული და შეუმჩნეველი სუნთქვის მოსმენის მეშინია. შეიძლება, უბრალოდ თავს უხერხულად ვგრძნობ ასეთ დროს და შიში არაფერ შუაშია. არ ვიცი.  






არ ვიცი რატომ მიყვარდა ეს ქალაქი ბავშვობაში. ახლა მძულს - მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ მამძიმებს. სულ რომ ბედნიერ განწყობაზე იყო ადამიანი, მაინც დაგასევდიანებს. შეიძლება იფიქროთ, რომ ვაზვიადებ, მაგრამ ეს ჩემი ამბავია.

ამ ქვეყანაზე ყველაფერი არა უშავს რა.

გვტკივა?! არა უშავს რა.
გვიხარია?! არა უშავს რა.
ვცოცხლობთ?! არა უშავს რა.
ვკვდებით?! არა უშავს რა.

ვუძლებთ. გავუძებთ.





უცვლელი ხედი. იგივე ერთფეროვნება. დამძიმებული ჰაერი. სევდა. ადამიანები. მათი სულები. თანმდევი მარტოობა.

დღეების, თვეების, წლების განმავლობაში ფანჯრიდან გახედვა რომ მინდებოდა სულ ეს მეჩხირებოდა თვალში, მეტი არაფერი. ამინდი ვერაფერს ცვლიდა. პრინციპში სადაც არ უნდა წავიდეთ შეუძლებელიცაა ყოველ დღე სხვადასხვა რამ დაგხვდეს ერთ ადგილას, ჯადოსნურ ჯოხს ხომ ვერ მოვიქნვთ და შევცლით ყოველ დღე, მაგრამ ხომ შეიძლებოდა თავის დროზე რაიმე საინტერესო შეექმნათ და დაეტოვათ?! ალბათ არ იცოდნენ, რომ ჩემნაირი პრეტენზიული დამთვალიერებელი ეყოლებოდა ამ ხედს. სევდიანია. კარგი იქნებოდა სცოდნოდათ. 



ვუყურე.

ლაპარაკი რომ შეძლებოდათ, ალბათ თავს გაიმართლებდნენ. საყვედურით სავსე თვალებით ვუყურებდი.

მერე ფოტოაპარატი ავიღე.
ვიზირში გავიხედე და ვეცადე იქიდან სხვანაირად დამენახა.
რამდენიმე ფოტო გადავიღე.

ისევ სევდიანი იყო.
ბოლოს შევეშვი მისი სხვა განცდით გამოსახვას და ისეთი აღვბეჭდე, როგორსაც ვხედავდი და ვგრძობდი.

მგონია, რომ ასეთ რამეებს შეუძლიათ სხვანაირად გვაფიქრებინონ და გადაგვაღებინონ.

რაც არის, ეს არის. აი, ასეთია ამ ფოტოების ამბავი.
თუმცა არავინ იცის, იქნებ ერთ დღესაც ჩვენც ამ ფანჯრებიდან გამოსულ სინათლეს გავყვეთ სადღაც შორს, იქ სადაც ცოტა სხვანაირად ვიქნებით.







ავტორი: თამარ შოშიტაშვილი











































   













2 comments:

  1. მინდოდა საწინააღმდეგო მეთქვა რამე მაგრამ ვერ მოვიფიქრე ვერაფერი...

    ReplyDelete
  2. ეს არის ნაცრისფერი სამყარო...ნაცრისფერი განწყობებით...იმედგაცრუება...

    ამ ფერებში მეგობრები არ არსებობენ...ესაა ჩემი ბავშვობის ფერები...ეს არის ტკივილი...

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...