Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts
Showing posts with label ინტერვიუ. Show all posts

Saturday, April 25, 2020

ნატვრისთვალის ძიებაში

თეიმურაზ პოპიაშვილი დედოფლისწყაროში ცხოვრობს.

ის ბუნების ფოტოგრაფია. 

მისი სიყვარული ფოტოგრაფიისადმი ბუნებამ და მისმა მხარემ განაპირობა. განათლებით გეოგრაფმა, ვაშლოვანის ნაკრძალში მუშაობა სტუდენტობიდან დაიწყო და მას შემდეგ ამ ადგილთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.

- განსაკუთრებით მიყვარს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ფოტოგენური ადგილია საქართველოში და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფოტოგრაფიით ჩემ დაინტერესებაში. ამჟამად ვმუშაობ სახეობათა კონსერვაციის ცენტრ - ნაკრესში და კოლეგებთან ერთად, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების კვლევით და მისი შენარჩუნებით ვარ დაკავებული. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ბუნებაში ყოფნა - ეს კი ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს, რომ ფოტოგრაფიითაც დავკავდე.

ფოტოგრაფიის გარდა საუკეთესო გასართობი ჩემი 4 წლის შვილი და მასთან ერთად ბუნებაში ხეტიალია. საბედნიეროდ, მასაც ძალიან უყვარს ეს და ჩვეულებრივ მოუსვენარი და ჯიუტი, ბუნებაში ძალიან დამჯერი და ტკბილად მოსაუბრე ხდება ხოლმე. როგორც ჩანს, სახლისგან განსხვავებით იქ ყველაზე მეტად იღებს ჩემგან იმას, რაც აინტერესებს - ჩემს ყურადღებას.



 

1. რა შედის შენი როგორც ბუნების ფოტოგრაფის არსენალში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ფოტო-არსენალი ბოლო წლებში საკმაოდ გავამდიდრე, მივხვდი, რომ ის არ არის და არც არასოდეს იქნება საკმარისი J ამჟამად სია ასე გამოიყურება:

1.       Canon EOS 6D

2.       Canon EF100-400mm f/4.5-5.6L IS II USM

3.       Canon EF70-200mm f/4L USM

4.       Canon EF 40mm f/2.8 STM

5.       Rokinon 14mm f/2.8 IF ED UMC

6.       Canon Extender EF 1.4X III

7.       Canon Speedlite 430EX III-RT

8.       Manfrotto MK290XTA3-BHUS 290 Xtra

9.       Oben GH-30 Gimbal Head

10.   Lowepro Whistler BP 450 AW

 

2. რომელია შენი საყვარელი ლინზა და რატომ?


რაღა თქმა უნდა 100-400მმ-ანი ლინზაა ყველაზე მნიშვნელოვანი. 

პირველ რიგში მისი სიმძლავრის და შემდეგ მისი ხარისხის გამო. ამ ლინზის შეძენამდე 200მმ-ზე ვიყავი დამოკიდებული და ცხოველებთან გადასაღებ მანძილზე მიახლოვება ძალიან მიჭირდა. რაც ახალი ლინზა შევიძინე, ჩემი ფოტოგრაფია ახალ საფეხურზე გადავიდა და რეალურად აისახა ფოტოებზე.





 


3. როდესაც გადაღებაზე მიდიხარ რა შედის შენს აღჭურვილობაში?

იმის მიხედვით, თუ რის გადაღებას ვგეგმავ, ყოველთვის სხვადასხვა სტრატეგიას ვირჩევ. ზოგჯერ ალალ ბედზე მივდივარ - რაც შემხვდება იმას გადავიღებ, ზოგჯერ კი წინასწარ დაგეგმილ და კარგად მოფიქრებულ სცენარს მივყვები. შესაბამისად, განსხვავებულია ხოლმე ჩემი აღჭურვილობაც. როგორც წესი, ჩემი ჩანთა საკმაოდ მძიმეა - არ მიყვარს ტექნიკის დატოვება, ვიცი რომ, სწორედ მაშინ დამჭირდება ესა თუ ის ნივთი, როცა რამდენიმე თვის ტყუილად ტარების შემდეგ, სახლში დავტოვებ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩანთაში აუცილებლად მაქვს:

·         საწმენდი აქსესუარები;

·         სათადარიგო ბატარეა და მეხსიერების ბარათები;

·         პულტი დისტანციური გადაღებისთვის;

·         კამერის საწვიმარი, წვიმაში სამუშაოდ;

·         კამოფლირებული ბადე შესანიღბად;

·         პატარა შტატივი სმარტფონის სამაგრით;

·         რამდენიმე ფილტრი;

ასევე ხშირად დამაქვს:

·         სპეციალური კარავი ველური ბუნების გადასაღებად (tragopan, monal v2)

·         გასაშლელი სკამი, ბალიში ან პარალონის ნაჭერი

·         უსადენო დინამიკი - ზოგჯერ ვიყენებ ფრინველების მოსაზიდად მათი ხმების ჩანაწერების ჩართვით;

·         დანა, დასაკეცი ხერხი.







4. რა არის შენი სეთინგები ბუნებაში?

იმის გამო რომ გადასაღები ობიექტები და გარემოებები ყოველთვის განსხვავებულია სეთინგებს ხშირად ვცვლი. 

ფრინველების გადაღებისას მირჩევნია დიაფრაგმა ვარეგულირო ისე, რომ დაყოვნება უზრუნველყოფდეს მკვეთრი კადრის გადაღებას, თუ დიაფრაგმა მაქსიმუმზეა, მაშინ ISO-ზე გადავდივარ, თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ ვცდილობ აქცენტი სიმკვეთრიდან სხვა რამეზე გადავიტანო და ფენინგის ტექნიკას მივმართო - იმპროვიზაცია აქ ყველაზე მნიშვნელოვანია.

·         Aperture – გარემოებების მიხედვით

·         Shutter Speed – გარემოებების მიხედვით

·         ISO – ძირითადად 100-800-ის ფარგლებში. ღამის ცის გადაღებისასაც კი იშვიათად ავდივარ 1600-ზე

·         White Balance – ყოველთვის ავტომატური

·         Focus – თითქმის ყოველთვის ავტოფოკუსი

·         Image Format – ყოველთვის RAW

 

5. როგორ არჩევ ადგილებს, როგორ გეგმავ გადაღებას. როგორ უსაფრდები ფრინველებს? მოგვიყევი შენი ერთი გადასაღები დღის შესახებ.

გადასაღებად უმეტესად არასამუშაო დღეებში ვიცლი. ესეც არ ხდება ძალიან ხშირად, ამიტომ ვცდილობ ისე დავგეგმო, რომ ხელცარიელი არ დავბრუნდე. ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, ვამოწმებ ამინდს, მზის ამოსვლის დროს, კუთხეს. წინასწარ გამომაქვს საჭირო ნივთები და ერთად ვალაგებ, რომ არაფერი დამავიწყდეს. ვიცი, ამ დროს შორიდან ძალიან უცნაურად გამოვიყურები ხოლმე, მათ შორის ოჯახის წევრებისთვისაც. ერთხელ, ამ პროცესში ვარ გართული, ჩავამწკრივე აღჭურვილობა, რომელშიც ხშირად უამრავი, სხვისთვის „ამოუცნობი“ ნივთი შედის, ამ დროს მამაჩემმა ჩამიარა, დანანებით გადმომხედა და - მიდიხარ, ელიოზ? - ასე მითხრა. ხოდა, ეს უფრო მეტად მიბიძგებს იმ საუკეთესო ფოტოს გადაღებისკენ, რომელიც ნატვრისთვალის ტოლფასი იქნება ჩემთვის.

გადასაღებად ხშირად ღამით, 3-4 საათზე გავდივარ, რომ გამთენიისას უკვე საფარში ვიჯდე. საფარიდან გადაღება ყველაზე მეტად მომწონს - მართალია, დიდ მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ ჯილდოც შესაბამისია ხოლმე. თანაც შეუმჩნეველი ხარ და გადასაღები ობიექტიც ბუნებრივად იქცევა. ფოტო რომც არ გამოვიდეს, მაინც საინტერესოა მათ საზოგადოებაში ყოფნა - კულისებიდან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ადგილის შერჩევა ძალიან რთულია, მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინო და „მასპინძლების“ შესახებ არსებულ ცოდნას მოუხმო მაქსიმალურად. უნდა წარმოიდგინო ყველა შესაძლო სცენარი, მოაცილო იქაურობას ზედმეტი ბალახი (ზოგჯერ უადგილოდ დაჩენილ ბალახის ღერს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია) და კარგად აწონ-დაწონო, რადგან როგორც კი შეხვალ კარავში, ამის მერე ვერაფერს ვეღარ შეცვლი.





 

6. როგორ ამუშავებ ფოტოებს, რა პროგრამებს იყენებ?

ფოტოების დასამუშავებლად ლაითრუმს ვიყენებ და ფერების კორექციით, ხმაურის მოცილებით და სენსორის ხარვეზების გაქრობით შემოვიფარგლები ხოლმე. ძალზე მოსახერხებელია ლაითრუმის მობილური ვერსია, რომელიც ძალიან მეხმარება, ნებისმიერ დროს, მათ შორის საფარში ჯდომისას დავამუშავო ფოტოები, თანაც ისე, რომ სახლში მისულს უკვე კომპიუტერში დამხვდეს - ეს ძალიან მოსახერხებელია.





7. როგორ ახერხებ განვითარებას, რას კითხულობ, რას იყენებ საპრაქტიკოდ?

კითხვას იშვიათად ვახერხებ, უფრო ვიდეოების ყურებით შემოვიფარგლები. ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეოა ინტერნეტში, რომელშიც სხვა წარმატებული ფოტოგრაფები თავიანთ გამოცდილებას და მიდგომებს გვიზიარებენ. განვითარებისთვის ერთ კარგ მეთოდს მივაგენი და ვფიქრობ სხვებსაც გამოადგებათ. ერთგვარი სავარჯიშოა - სხვისი ნამუშევრების ხშირად, კრიტიკული თვალით თვალიერება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ფოტოებია. თანდათან გიმუშავდება უნარი უფრო სწრაფად შეაფასო სურათები. გადაწყვიტო რომელი ფოტოა კარგი და რატომ, ეს კი აუცილებლად გამოსადეგი უნარია ფრინველების გადაღებისას, როცა წამის მეასედებში უნდა შექმნა კარგი კომპოზიცია.






8. შენი ნამუშევრებიდან რომელია შენთვის ყველაზე გამორჩეული და რატომ?

ყოველთვის მიჭირს ამ არჩევანის გაკეთება, ამიტომ ჩემს ერთ-ერთ ბოლო ფოტოს გამოვარჩევ, რომელიც თავადაც ძალიან მომწონს. ეს არის ფასკუნჯი, რომელიც საფარიდან გადავიღე. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს რომ ეს ფოტო გამოვარჩიო და პირველ რიგში ეს თავად ამ ფრინველისადმი ჩემი (და საზოგადოების) ინტერესი და მისი ეგზოტიკურობაა. ფოტოზე ფრინველი ძალიან კარგად ჩანს, დეტალებიც გამოკვეთილია, განათებაც დაბალანსებული და რეზოლუციაც საკმაოდ მაღალი. ძალიან მომწონს ფონიც, რომელზეც სრულიად შემთხვევით ვენახი აღმოჩნდა და მისი რიგები თითქოს motion blur-ის ეფექტს ქმნის.




9. ვისი ნამუშევრები აღგაფრთოვანებს ყველაზე მეტად და რატომ?

ძალიან მომწონს დევიდ იაროუ (David Yarrow). ალბათ მანამდე ბევრჯერ შევიცვლი აზრს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბოლოს ველური ბუნების გადაღებას ფართოკუთხიანი ლინზით შევუდგები. ძალიან ძნელია და ამავე დროს შთამბეჭდავი, როცა ცხოველთან ერთად ფოტოზე მისი საბინადრო გარემოც ჩანს. ჩემი აზრით, ეს კაცი ყველაზე კარგად ახერხებს ამის ჩვენებას.


10. რა არის შენი აზრით ფოტოგრაფიის მისია და დანიშნულება? რას გვაჩვენებს ლანდშაფტის და ბუნების ფოტოგრაფია და რა არის შენი ფოტოების მესიჯი?

ვფიქრობ, ბუნების ფოტოგრაფიის მთავარი მისია ადამიანების ყოველდღიური საზრუნავებიდან თუნდაც წამიერად მოწყვეტაა. მჯერა, ყველას გვაქვს ქვეცნობიერი კავშირი ბუნებასთან. მილიონობით წლის მანძილზე ხომ ის იყო ჩვენი სახლი, სანამ დიდ ქალაქებს ავაშენებდით? ამიტომ, კარგმა ფოტომ წამით უნდა მიიქციოს ადამიანების ყურადღება და შეახსენოს მათ საიდან მოვდივართ. რომ ჩვენს საზრუნავში ერთი ადგილი ველურ ბუნებასაც ეკუთვნის.




ეწვიე თეიმურაზის სოც მედია ლინკებს უფრო მეტი ფოტოების სანახავად: 





Friday, March 16, 2018

შიშველი კაცები და წითელი პროტესტი - ლაშა ფოქს ცერცვაძე (+16)














+ 16 


პირველ მარტს თბილისში, Black&white გალერეაში ფოტოგრაფ ლაშა ცერცვაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც ჟანრშიც პირველია.

გამოფენაზე ლაშას ახალი პროექტი "გიორგი" იყო წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში პირველი Nude ჟანრში განხორციელებული LGBTQ+ თემისადმი მიძღვნილი პროექტია. 

გამოფენისა და ზოგადად პროექტის შესახებ ლაშასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.


- საიდან და როდის გაგიჩნდა პროექტის იდეა?

- ამ პროექტზე ერთი წლის წინ დავიწყე ფიქრი.  ამ ფიქრის პროცესში გაჩნდა სახელიც. უნდა ვთქვა, რომ იდეა გზადაგზა არ შემიცვლია - წინასწარ ვიცოდი, ვინ, რა და რატომ მინდოდა რომ გადამეღო.  ვიცოდი, რომ ლგბტ თემის  ყველა წარმომადგენელს არ გადავიღებდი. მარტო ბიჭებს გადაღება მქონდა გეგმაში. რატომ? პირველი იმიტომ, ეს ბევრად მარტივი მეჩვენებოდა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი: მე კაცი ვარ და მგონია, რომ არასოდეს მეცოდინება ქალების პრობლემები ისე, როგორც კაცების ვიცი. შედარებით, მარტივია ხალხს უჩვენო ის, რაც თავადაც გაწუხებს, რაც თავადაც გტკივა.
რაღა დაგიალოთ და, მგონია, რომ დღეს კაცები უფრო რთულ პირობებში არიან,  ვიდრე ქალები. სანამ შემომიტევთ, ჩემს ნათქვამს განვმარტავ: ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ მასკულინურ კულტურაში, რომლის მთავარი დასაყრდენი ძლიერი, დომინანტი, მმართველი კაცი. შესაბამისად, ფემინურ კაცებს, რომლებიც ამ დათქმებს ვერ აკმაყოფილებენ, საზოგადოება ვერ იღებს. მეტიც, მასში ადამიანები საფრთხეს ხედავენ და ცდილობენ, მათ არსებობას ებრძოლონ. ლესბოსელი ქალების შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება არ არის -  არც თუ ისე იშვიათად, მასკულინურ გოგოებს უბრალოდ ვაჟკაცურ ქალებად მოიხსენიებენ და აგრესია ამის იქით არ მიდის.


- ზოგადად, დასაწყისში როგორ გამოიკვეთა პროექტის კონტურები და რამ მოგცა ინსპირაცია?

-  პროექტზე ფიქრი დანიაში დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ შვიდი თვის შემდეგ, უკან ამ იდეასთან ერთად დავბრუნდი. მერე დავჯექი და კონცეფციის დახვეწა დავიწყე. თავიდან მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი - ყველა, ვისაც გადავიღებდი, შიშველი იქნებოდა. მიზეზი? მარტივია -  მჯერა, რომ სექსუალურ რევოლუციაზე, განთავისუფლებაზე დგას ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი მომავალი.  ჩვენი სხეულები ჩვენს ისტორიებს, გამოცდილებებს ჰყვებიან. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მათი დანახვა შევძლოთ. ამისთვის კი, საწყის ეტაპზე აუცილებელია, ვაღიაროთ, რომ შიშველი სხეულის დანახვის თუ ჩვენების სურვილი ზნეობის საზომი არ არის.





- რამდენად პროვოკაციულია პროექტი? და რატომ აირჩიე ეს ფორმა?

- პროვოკაციული ელემენტი არის, რა თქმა უნდა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ასეთი ნუდ გამოფენა არ ყოფილა. არც მე მინახავს და ვისაც ვკითხე, მათაც იგივე მითხრეს. მით უმეტეს გეი თემში ასეთი რამ არ ყოფილა. პრინციპში, გულწრფელი რომ ვიყო, ამან კიდევ უფრო მომანდომა, რომ რაღაც ჯერ არგაკეთებული გამეკეთებინა. ისე კი, როგორც არტისტს, გამიხარდება ამ ჟანრის განვითარება. რაც დრო გადის, მიჭირს გავიგო, რატომ შეიძლება ვიღაცისთვის სიშიშვლე პრობლემა იყოს, ვიღაცამ რატომ უნდა თქვას უარი გადაღებაზე? ვიღაცამ რატომ უნდა თქვას უარი კლუბში მაისურის გახდაზე? ამ კითხვებს ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და მერე მახსენდება, რომ კლიშეებით სავ საზოგადოებაში ვცხოვრობთ - აქ ქალი თუ მაისურს იხდის ბოზია, კაცი - მინიმუმ არასერიოზული და არასტაბილური. სამსახურში პრობლემები კი ალბათ ორივეს შეექმნება. ხოდა, ალბათ ამ კლიშეებისგან თუ რამე გაგვათავისუფლებს, ასეთი პროექტებია. ხელოვნებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

- როგორ ფიქრობ რატომ ეშიანიათ და ერიდებიან საქართველოში ნუდ ფოტოგრაფიას?

-  ადამიანებს ეშინიათ. მიზეზი ბევრია. შეიძლება ვიღაცამ შენი ფოტოები კომპრომატად გამოიყენოს და კარიერა ერთ მშვენიერ დღეს თავზე ჩამოგამხოს. ყოველ შემთხვევაში, სცადოს მაინც. დაკვირვებული იქნები, ჩვენთან როგორც იქცევა ხალხი - იღებენ ნუდებს, სადაც თავი წაჭრილია. პრინციპში, ეს ზოგჯერ საინტერესოც არის, მაგრამ არა - ყოველთვის.

ჩემს პროექტში იყო ასეთი კონცეფცია: სახეებს ვინც მალავს, იმათგიორგიჰქვიათ და ვინც აჩენს მათ თავიანთი სახელები. ვინც მალავდა და იმათაც სახით ვიღებდი, მერე სახეს ვუჩხაპნიდი. ეს აქტი სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა - სახეები ადამიანებს სწორედ ისე ჰქონდათ წაშლილი, როგორც საზოგადოება შლის ჩვენს ინდივიდუალიზმს. ნუ, ცდილობს მაინც.

- პროექტით ნაწილობრივ არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას და ინდივიდუალიზმის წაშლას აპროტესტებ?

- ყველაფერი პროტესტია. პროტესტი იმ რეპრესიული კულტურის მიმართ, რომელშიც  ვცხოვრობთ; რომელიც გვარქმევს სახელს და გვავალდებულებს, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ეს სახელი ვამართლოთ. ეს საშინელებაა. საზიზღრობა, გერქვას გიორგი მაშინ, როცა შინაგანა ნიკა ან მარი ხარ. მე თუ მკითხავთ, ადამიანმა საკუთარი სახელი თავად უნდა აირჩიო. ზუსტად ისე, როგორც რელიგია, თვითგამოხატვის ფორმა, ჩაცმის სტილი და თმის ფერი. ადამიანმა უნდა იცოდე, ვინ ხარ და რატომ ხარ. რაც შეიძლება, ბევრი რამ უნდა იცოდე საკუთარი თავის შესახებ. საზოგადოება ყოველთვის ეცდება გასწავლოს, რა არის ნორმალური, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი ხარ.

-
თუ გინდა იყო ნორმალური უნდა დაემორჩიოლო ნორმას, ამას გულისხმობ?

- რატომ უნდათ რომ იყვნენ ნორმალურები, ეს უკვე ცალკე თემაა. იცით რა არის? იყო ნორმალური, გაცილებით ადვილია. მე ნორმალური არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ რომ წითური ვარ. შესაბამისად, ყოველთვის გამოვირჩეოდი მასისგან. ამას ჩემი ორიენტაციაც ემატება. ის, რომ გამორჩეული ვარ, ახლა ძალიან მომწონს. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ბავშვობაში ვნატრობდი, შავი თმა მქონოდა, რადგან არ მომწონდა, როცა თმაზე მაშტერდებოდნენ. ეს კი ხშირად ხდებოდა. ახლა ბოლომდე მყავს საკუთარი თავი მიღებული და სხვებსაც იგივეს ვურჩევ. ჩვენ არ უნდა ვთქვათ საკუთარ თავებზე უარი. პირიქით, უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ისინი. რადგან სხვანაირად, ვერც სხვების შეყვარებას შევძლებთ. სხვანაირად, მუდმივად გაქცევა მოგვიწევს. გაქცევა საკუთარი თავებისგან, გაქცევა ერთმანეთისგან…




- ზოგადად რამდენად ხშირია აგრესია განსხვავებულის მიმართ?

- მოდი, პირადი გამოცილდებით გიპასუხებ. ჩემ მიმართ აგრესია ბევრს აქვს. ზოგს თმის ფერი არ მოსწონს, ზოგს - ჩაცმის სტილი, ზოგს - სიარულის მანერა. მოკლედ, მიზეზს რა გამოლევს. ხოდა, როცა ვხვდები, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებს, იგივეთი ვპასუხობ. ალბათ ამით იმის დამალვას ვცდილობ, რომ მეშინია. როცა ამაყი და ძლიერი ხარ, ადამიანები თავად იწყებენ უკან დახევას.
აქვე დედაჩემის ამბავსაც ვიტყვი. მას ჰქონდა აგრესია გეების მიმართ. მახსოვს, ყური რომ გავიხვრიტე, მითხრა, პრობლემა არ მაქვს, ქუჩაში სხვა ბიჭებზეც მაქვს ნანახიო. სხვანაირი რეაქცია ჰქონდა თმის შეღებვაზე, რადგან შეღებილ თმიანი ბიჭი მანამდე ნანახი არ ჰყავდა. მოკლედ, ადამიანებს ყველაფერი ახლის და უცხოსი ეშინიათ. ჰომოფობიაც ეგ არის - უცხოს, განსხვავებულის შიში.


- შენ რაც გააკეთე, ფაქტიურად რეაქციონისტული მიდგომაა? რამდენად მნიშვნელოვანი არტისტების მხრიდან მსაგვსი პროექტები და რა ცვლელებების მოტანა შეუძლიათ მათ?

- ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. იმ აქტივისტმა, ვისაც ყვირილი უნდა , უბრალოდ ქუჩაში უნდა იყვირო. ვისაც სამეგობრო წრისთვის ცოდნის გაზიარება შეუძლია, უნდა გაუზიაროს. საბოლოოდ, ყველაფერი თავის შედეგს მოიტანს. უკვე ვთქვი და ისევ გავიმეორებ, ხელოვნებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არტისტებს ეს სულ უნდა გვახსოვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას ავირჩევთ. მთავარია, სასიკეთო ცვლილებებისთვის ვიბრძოდეთ. ალბათ, ერთმანეთის კრიტიკასაც უნდა მოვრჩეთ და ვაღიაროთ, რომ ხშირად არსებობს საერთო მიზანი, თუმცა იქამდე მისასვლელ გზას ყველა ჩვენებურად ვხედავთ. ეს ჩვეულებრივი ამბავი და სჯობს, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ.

- ისევ პროექტზე რომ ვისაუბროთ, როგორ  გადიოდი კავშირზე იმ ადამიანებთან, ვინც შენ გადაიღე?

- რეალურად ეს პროექტი ამდენი ხანი იმიტომ გაიწელა რომ ხალხის მოძიება რთული იყო. ერთი წელი გაგრძელდა და არ სჭირდებოდა წესით ამდენი ხანი.

- სულ რამდენი ადამიანია გადაღებული?

-
ჩემი ჩათვლით სულ 16. კიდევ მინდოდა, რომ ყოფილიყო 4-5 ადამიანი, ზოგმა უკვე გადაღებულზე მითხრა უარი, ზოგი არ დამთანხმდა, ან ბოლო წამებში გადაიფიქრა,  40 წელს გადაცილებული კაცების გადაღებაც მინდოდა.

- ის ადამიანები ხომ, ვინც ფაქტობრივად 90-იანებში იყვნენ თინეიჯერები და მსგავს პრობლემებს იმ დროს აწყდებოდნენ?

-  ჰო რა, 80-იანებში დაბადებულები. მათ უკვე ცოლები და შვილები ჰყავთ. დედის გულის გასახარად შექმნილი ოჯახის კაცები არიან. საკუთარი სურვილები მათმა უმრავლესობამ წლების წინ ბოლომდე უარყო. ფაქტობრივად, საკუთარ თავებზე თქვეს უარი. ეს პროექტი რეალურად სწორედ ასეთ კაცებს ეძღვნებათ. კაცებს, ვისაც სიყვარულის უფლება არ ჰქონდა. ასეთი რამდენიმე ვნახე, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. ზოგადად, ადამიანების დათანხმება არ იყო მარტივი. თავიდან ყველას ვუპირებდი სახის დამალვას, რადგან მეგონა, რომ სხვანაირად არავინ დამთანხმდებოდა. ჩემდა გასაოცრად, გადაღების პროცესში, ვიღაცებმა სახის გამოჩენა თავადვე შემომთავაზეს. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ეს ჩემთვის. მოკლედ, ასე გადარჩნენ ისინი და შეინარჩუნეს თავისი სახელები.




- უფრო გიორგები ჭარბობენ პროექტში თუ სხვები?

-  სხვათაშორის, არა  ის ადამიანები, რომლებიც მართლა მალავენ,  არც გთანხმდება. დიდად არ გენდობიან -  რთულია 25 წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელსაც არ იცნობ , შენი იდენტობა, შენი ტანი, შენი ყველაფერი ანდო,. კარგად მესმის მათი.

- როგორ ფიქრობ, რა განიცადეს ამ ადამიანებმა ან როგორ მიიღეს ეს პროექტი?  რა სირთულეები შეგხვდა?

- ყველაზე დიდი პრობლემა იყო არა ხალხის მოძიება, ვინც დამთანხმდებოდა, არამედ იმათი მოძიება, ვის სახლშიც გადაღება, შევძლებდით. არადა, კოცეფციის მიხედვით, ასე იყო საჭირო. მინდოდა ადამიანები იმ სივრცეში გადამეღო, სადაც ყველაზე ახლოს არიან საკუთარ თავებთან, სადაც ყველაზე მეტად თავისუფლები, ყველაზე მეტად შიშვლები არიან. წითელი პროჟექტორით დავდიოდი და ვიღებდი ამ წითელ ფოტოებს. ხო მართლა, ყველა ფოტო წითელია, ამას თავისი დატვირთვა აქვს - წითელი აგრესიის, სექსუალობის ფერია.  შიშველი ადამიანების გარდა, ვიღებდი ქუჩებს, სადაც წითელი ფერი ჭარბობდა - შუქნიშნები, სავალუტო აბრები, მანქანის წითელი გამაფრთხილებელი ნათურებიეს ადამიანები გადავიღე ქუჩაშიც. ამით მნახველს შევახსენე, რომ ეს ადამიანები არ არიან სახლებში ჩაკეტილები; ისინი ჩვენთან ერთად იყოფენ ქალაქს.

- ამით იმას გაუსვი ხაზი, რომ ისინი არსებობენ?

- კი, ხან ამჩნევ, ხან - არა, ხან გაღიზიანებს შუქნიშნის წითელი ფერი, ხანდახან არ გაღიზიანებს. ამაზე რომ დავიწყე ფიქრი, რომ ქუჩაში უნდა დამეწყო გადაღება, მერე ყველგან წითელს ვხედავდი და ძაან ობსესიური იყო






 
- სახლებზე ამბობდი და მათ სახლებში შესვლა გაგიჭირდა გადასაღებად?

- უფრო იმ ადამიანების პოვნა გამიჭიდა, ვინც ან მარტო ცხოვრობდა ან ოთახი მაინც ჰქონდა. იშვიათია, 18 წლის ბიჭი მარტო ცხოვრობდეს. საქართველოში, ძირითადად ადამიანები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ, რომელსაც საკუთარ იდენტობას უმალავენ. ასეთ სახლში ვერ მივდიოდი და არც სხვა სივრცეში მინდოდა მათი გადაღება.

- ყველა თავის სივრცეში, სალხშია გადაღებული?

- ძირითადად ყველა თავის სახლშია, ერთია მხოლოდ  სამსახურში, რადგან ძაან მინდოდა ის ტიპაჟი.

- როგორ ფიქრობ რამდენად დროულია ეს პროექტი?

-ცოტა დაგვიანებულიცაა. უბრალოდ მე ვერ გავაკეთბედი მანამდე. არც გამოცდილება მქონდა და არც ემოციურად და ინტელექტუალურად ვიყავი მზად. მარტივი პროექტი ნამდვილად არ არის. მასში ჩემი თავიც არის -  მე გავაკეთე ის, რისკენაც სხვებს მოვუწოდებ სულ.




- ანუ მათ მაგალითი მიეცი?

- მაგალითიც მივეცი და ჩემ თავთან მოვიპოვე იმის უფლება, რომ ვიღაცისთვ მეთქვა, ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს და არ შემქმნია პრობლემა.

- გამოფენა როგორ დაგეგმე? როგორ მოახერხე სპონსორის პოვნა?

- სახსრების მოძიებაზე ბევრი დრო დავხარჯე. ფოტოების დასაბეჭდად მჭირდებოდა. სხვა ყველაფერი ჩემით გავაკეთე, ბარებში ნამუშევარი ფულით ფირებს ვყიდულობდი, ვამჟღავნებდი და ვასკანერებდი. ბოლოს, უკვე ხელი რომ მქონდა ჩაქნეული, სპონსორიც გამოჩნდა, რომელმაც ფოტოების ბეჭვდა დააფინანსა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

- ყველა ფირზეა გადაღებული?

-  ყველა ფოტო ფირზეა გადაღებული. ეტაპობრივად ვამჟღავნებდი და თავისებური სტრესიც ახლდა ამ პროცესს თან. გამოსატანად რომ მივდიოდი, სულ ვნერვიულობდი. მეშინოდა, ვინმეს არ ენახა და ან არ გაენადგურებინა, ან უკან დაბრუნებაზე არ ეთქვა უარი.

- ამაზე თუ უთქვამთ იქ რაიმე?

- არა, საერთოდ არაფერი. თავიდან ძაან მორცხვად მივდიოდი, მერე უკვე ძალიან თავისუფლად. ავიღებდი, მოვდიოდი. დასკანერებაზე ცალკე  ფორიაქი მქონდა.
ზოგადად, სულ მეგონა რომ ყველგან შეიძლებოდა პრობლემა შემქმოდა.

- მაგრამ ასე არ მოხდა . . .

- არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ტყუილად მეშინოდა. თუმცა ალბათ ამ შიშების გამო, უფრო ფრთხილად ვიქცეოდი. აი, მაგალითად საგამოფენო სივრცის შერჩევისთვის, ყველგან მისვლა ვერ გავბედე. მით უმეტეს, რომ ფართის დაქირავება არ შემეძლო.  ბოლოს მივედი black & white gallery-ში, სადაც ისედაც ვაპირებდი ფოტოების დაბეჭვდას და გავარკვიე, რომ რაღაც თანხაზე მეტს თუ ბეჭდავ სივრცეს გაძლევენ უფასოდ. ასეც მოხდა. სივრცეს კი მომცემთ მეთქი, მაგრამ შიშველი კაცების ფოტოები როა ვუთხარი ჩურჩულით და შენ ვინ გგონივართ, ძაან გახსნილები ვართო, მიპასუხეს. დღემდე მიხარია ამის გახსენება.

- რა გამოხმაურება მოჰყვა გამოფენას?

ჟურნალისტები არ მოვიდნენ. მხოლოდ “ნეტგაზეთი” იყო მოსული. მეწყინა, რა თქმა უნდა

- რას უკავშირებ რატომ არ იყვნენ? მოიწვიე და არ მოვიდნენ?

- წინა დღეს მოვიდარუსთავი 2”.  ძაან კარგი ჟურნალისტი იყო, დაინტერესებული ჩანდა. მელაპარაკა. კადრები აირეს, ინტერვიუ ჩაიწერა და წავიდა. მეორე დღეს 2 საათი ველოდებოდი და ვუყურებდი ამ დილის გადაცემას, როდის გავა-მეთქი, მაგრამ არ გაუშვეს. არ ვიცი რატომ არ გაუშვეს, თან ისეთი კადრები აიღეს, რომლის ჩვენება ყველა ასაკის მაყურებლისთვის შეიძლებოდა.



 
- გამოფენაზე მოსულ ხალხს, ვინმეს რაიმე პროტესტი, აგრესია ხომ არ ჰქონია? 

- ცუდი  - არაფერი. მხოლოდ კარგი გამოხმაურებები მესმოდა. არადა, მეგობარი მეუბნებოდა, უსაფრთხოებაზე რატომ არ იზრუნეო. მე კიდევ უკვე მობეზრებული მაქვს, პოლიციის ჯებირით შემოსაზღვრულ სივრცეში საუბარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საჯაროდ და ღიად ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვინდა.

- პროექტმა ჩაიარა და რა გეგმები გაქვს, გაგრძელება ხომ არ ექნება? საზღვარგარეთ გატანას ხომ არ გეგმავ?

- პროექტის გავრცელება მინდა, მაგრამ ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან მგონია ვთქვი, რისი თქმაც ამ პროექტით მინდოდა. მორჩა. ახლა მინდა, რომ უცხოეთშიც გამოვფინო. სხვა პროექტებიც იქნება, რადგან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი რამის შეცვლა მინდა.

ავტორები:
გიორგი ბეჟანიშვილი, თამარა შოშიტაშვილი, გვანცა დოლუაშვილი.
@ უცხოგრაფი, 2018