Showing posts with label კვირის სეირნობები. Show all posts
Showing posts with label კვირის სეირნობები. Show all posts

Monday, March 24, 2025

მარტის სიურპრიზი თელავს

 მარტს სიურპრიზები უყვარსო ნათქვამია და ეს ყოველ წელს დასტურდება ბუნების მიერ.

წელს ჯერ უჩვეულოდ თბილი ამინდებით გაგვანებივრა და გაგვახარა, მერე კი სამდღიანი წვიმები მოულოდნელი სიურპრიზით დააგვირგვინა.

იმხელა ფანტელები წამოვიდა შაბათს დილიდან, რომ თელაველებს თავი ზღაპარში გვეგონა.

გამოვიდა დიდი თუ პატარა გარეთ, ფოტოგრაფებს მუხტი და ენერგია მოგვმატა თოვლმა და ვინც ქალაქში ვიყავით ყველა გამოვეფინეთ ქუჩებს.

მე ცოტა დამაგვიანდა და გამოსვლიდან 10 წუთში დიდი ფანტელები შეწყდა. თუმცა მივიღე რაღაც განსხვავებული - შემორჩენილი და წყლად ქცეული თოვლის კომბინაცია ქუჩებში. გადავიღე ბევრი და მივხვდი, რომ მომნატრებია ამ ჯადოსნურ ქალაქში ხეტიალი.

თელავში კამერით ხეტიალმა ისე გამახარა, ძველი მოგონებები ამიშალა და აგერ დამაბრუნა კიდეც ბლოგზე, რომელიც 5 წელია არ გამიხსნია.

იმედია ეს მოტივაცია არსად წავა და უფრო ხშირად დავწერ ან გადავიღებ ამ ბლოგისათვის და თქვენთვის, ვინც ახლა ამას კითხულობთ. <3






 










2025 / უცხოგრაფი

Sunday, April 29, 2018

კვირის სეირნობები Vol 8 - ფოტონადირობა იხვებზე





უკვე რამდენიმე თვეა, რაც ველურ ბუნებაში ჩემი მეგობრის განუყრელი თანამგზავრი ვარ.

ზაქრო სონღულაშვილი საქართველოს ფლორისა და ფაუნის უანგარო დამცველია,ხოლო მოცალეობის ჟამს ხშირად გავდივართ ხოლმე თელავის შემოგარენის საგუბრებზე, ჭალებში ანდა სულაც შუამთის ტყეში.

ჩვენი ამოცანა ფოტონადირობაა, რომელიც ცხოველებისა და ფრინველების რაც შეიძლება ახლო კადრების დაჭერაში მდგომარეობს. ამის საშუალებას კი გრძელფოკუსიანი ტელეობიექტივები გვაძლევს.

რამდენიმე დღის წინ ზაქრომ გურჯაანის საგუბრებზე გაყოლა შემომთავაზა. იქ ფოტოგადაღებისთვის ველური იხვები უნდა მოგვეხელთებინა. 

მეზობელი რაიონის გარემოს ნაკლებად ვიცნობდი,ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. გზად კი ვეჯინის მამათა მონასტერში შევიარეთ,რომელიც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მდებარეობით გამოირჩევა. 

აქ ძველათ მეფეთა რეზიდენციაც ყოფილა და ასევე მონასტრის ტერიტორია თავს დაგამახსოვრებთ რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამაროვნბით; საფლავები ძირითადათ ანდონიკაშვილების საგვარეულოს ეკუთვნის და ცალკეა შალიკაშვილთა აკლდამაც. მონასტერში რამდენიმე ბერი დაგვხვდა, რომლებმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს... ერთერთმა მათგანმა შესანიშნავი ექსკურსია ჩაგვიტარა და მოვინახულეთ ეკლესიის მეთექვსმეტე საუკუნის ფრესკები, რომელზეც გამოსახულ პირებს, როგორც ბერმა აღნიშნა, მკვეთრად გამოხატული ქართული ნაკვთები აქვთ. 











იმავე მონასტრის ტერიტორიაზე პატარა შენობაც იყო, სადაც ერთი ახალგაზრდა მხატვარი, დავით ლუიშვილი ხატწერის საქმიანობას მისდევდა. ქალაქისგან მოწყვეტილი მშვიდი გარემო და მწვანეში ჩაფლული მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილი, თუკი ვეჯინისკენ მოხვდებით.














ამის შემდეგ გეზი საგუბრებისკენ ავიღეთ. უნდა გითხრათ რომ ბედმა  გაგვიღიმა, სრულიად შეუმჩნევლად წამოვეპარეთ წყალში მოტივტივე იხვების სხვადასხვა სახეობებს (ძირითადათ ფართოცხვირა იხვები და იხვინჯები იყვნენ). საკმაოდ ფრთხილებიც აღმოჩნდნენ, გადაღების დროს რამდენჯერმე აფრინდნენ და სხვა საგუბარზე გადაინაცვლეს, თუმცა წყლიდან ცაში აჭრილი ფრინველების დაფიქსირებაც არანაკლებ გასახარია.

წამოსვლისას კი ორ მონადირეს გადავეყარეთ. იარაღს  მიზანში ასწორებდნენ და სამონადირეო ძაღლს წვრთნიდნენ... სამწუხარო ფაქტია როცა სანადირო სეზონის დასრულების შემდეგ ისევ ხოცავენ საერთო ბუნებრივ სიმდიდრეს და უფრო უარესი მოვლენა ისაა, რომ ვერ ცნობენ სახეობებს - ხშირად ფაუნის ისეთ წარმომადგენლებს ანადგურებენ, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი.







































P.S რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში მომწერა, კაი ნერვები გქონია იხვს რომ ხედავ და არ ესვრიო... მე კი ვიტყოდი, რომ ფოტონადირობაზე უკეთესი ნადირობა ბუნებაში არ არსებობს!


ავტორი: დავით კობიაშვილი

Sunday, March 25, 2018

კვირის სეირნობები vol. 7 - ბურუსით მოცული თელავი (2018)





კვირის სეირნობების სერია უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს.

ჯერ-ჯერობით ფოტორეპორტაჟები თელავის გარშემო ტრიალებს. მოგეხსენებათ ზოგადად ბლოგის და სოც. მედიის როლი ძალიან დიდია საზოგადოებასთან დაკავშირების კუთხით. მითუფრო იმ ბლოგის, რომელიც ერთ-ერთი პირველი და აქტიურია საქართველოში. თუმცა მასზე კუთვნილების განცდა უკვე დიდი ხანია მოვიხსენით.

ეს სტატია კიდევ ერთი დასტურია ამისა. დღეს პირველად კვირის სეირნობების სერიაში არა ჩემი, არამედ სხვა ავტორის ფოტოები იქნება.

სხვათაშორის ამ ფოტოებს გუშინ დიდი გამოხმაურება მოყვა ფეისბუქზე. ის ჩემი და ბევრის აზრით ერთ-ერთი გამორჩეული სერიაა, რაც კი ბურუსით მოცულ თელავზე გადაღებულა. როგორც თავად ავტორი ამბობს მისი ორი სტიქია - ბურუსი და ფოტოგრაფია დაუკავშირდა ერთმანეთს. ბოლოს კი საყვარელ შავ-თეთრში გადაწყვიტა მათი ჩვენამდე მოტანა.

იმედია ფოტოებიც მოგეწონებათ და არც გაზიარებას დაიშურებთ, მე კი ორმაგი სიხარულით მივესალმები L.K-ს ჩვენს ბლოგზე. იმედს ვიტოვებ ეს ჩვენი საინტერესო კოლაბორაციებისა და თანამშრომლობის საფუძველი იქნება. წარმატებები ლევანს, მიხარია რომ თელავს ასეთი ფოტოგრაფი და ჟამთაღმწერელი ყავს.


































სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი