Showing posts with label სერვისები. Show all posts
Showing posts with label სერვისები. Show all posts

Saturday, January 19, 2019

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?




ამასწინ თელავის ბაზარში ვიყავი.

არც მახსოვს რას ვეძებდი, ასეთ დიალოგს კი შევესწარი.

ვიღაც 40 წლამდე მიტანებული კაი დაზმანული ტიპი ეკითხებოდა ბებოს მწნილის ფასს და იმან 3 ლარიო. ამ კაცმა ისე შეიცხადა თითქოს მილიონი გაეგო, რას ამბობობთო, თქვენ  სულ გარეკეთო და გაერიდა.

სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ის ბებო რომ დავინახე და მისი ცრემლიანი თვალები, მივედი.

მეთქი მე მინდა ერთი კილო თქო.

ბრაზით შემომხედა, დღემდე მახსოვს მისი ბრაზმორეული მზერა და სანამ ამიწონიდა, გახედა იმ ტიპს და ეჰ, ნეტა იცოდეს მთელი წელი როგორ დავფოფინებო. განა სადმე ვყიდულობ, ჩემი ხელით მომყავს, ვამწნილებ და ყოველ დილით 7-ზე გამოვდივარ, რომ ჩემი შრომით მოწეულ-მომზადებული გავყიდოვო.

არ ვიცოდი რა მეთქვა, რავიცი 3 ლარი ტაქსით გადაადგილება ღირს თელავში და მწნილზე როგორ შეიძლება ქალს უთხრა სულ გარეკეთო.

დავემშვიდობე, მომაქვს და ვფიქრობ ჩემთვის.

მგონი სადმე ახლო მახლო სოფლიდანაა, წვალობს მართლა ზედ დაფოფინებს, ამზადებს სარეალიზაციოდ, რომელიც შეიძლება სულაც არ ეხალისება, გამოდის ბაზარში და მაინც ვერ იღებს იმ შედეგს რისთვისაც ამდენს წვალობს.

განა ვისი ბრალია?

ნუთუ მისი?

3 ლარი რომ დაადო კილო მწნილს?

თუ მყიდველის, რომელსაც ეს ფასი ეძვირება?

ან იქნებ ბაზარია დღეს რაღაცნაირად აჭრილი?

მერე უცებ ეს მწნილის თემატიკა ფოტოგრაფიას დავუკავშირე და მივხვდი რომ მეც კაი ვირტუალურ ბაზარში გამომდგარი ვაჭარი გამხადა ამ კომერციალიზაციამ.

"იიი, ფოტოგრაფია ხელოვნებააა" ბაზარი კაი ხანია გვერდზე გავდგით ყველამ ვინც ამ სფეროში ვართ, ჰოდა ჯიგრულად ვირტუალურ დახლებთან წამომჯდრებიც კარგად ვვაჭრობთ მესენჯერის საშუალებით.

ფიქრებს შეყოლილმა იმ შემრეზილი კლიენტის სახის გახსენებაზე ჩემი დახლის ამბებიც გავიხსენე და ისიც კარგად გავიაზრე რომ მწნილში მიწვდილი 5 ლარიანიდან მორჩენილი 2 ლარით სახლშიც ვერ დავბრუნდებოდი ტაქსით, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ეს სერვისი თელავში 3 ლარი ღირს. მერე ისიც გამახსენდა რომ ეს ერთ - ერთი ბოლო ხუთ ლარიანი იყო რაც ამჟამად გამაჩნია. არადა წესით ამ 2019 წელში როგორც ვაჭრები იტყოდნენ კაი 1000 ან უფრო მეტ ლარიანიც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ როგორც ჩანს იმ ბებოს კლიენტისა არ იყოს, ჩემი კლიენტებიც ძაან ძვირობენ ფასებს და ამ სტატიის დაწერაც ამ ამბავმა მიბიძგა.



თავიდანვე ვაცხადებ რომ არც რაიმე მორალი დაგვხვდება ბოლოს და არც რაიმე solution.

არა, მხოლოდ კითხვები მაქვს, როგორც რიგით ნოქარს, რომელიც დღეს ამ უცნაურ ვირტუალურ დახლზე გადმომდგარა.

მახსოვს ის დრო, როცა ჩემი ერთი ახლობელი წლების წინ მაგრად მამუნათებდა, ფასებს რატო აგდებო. მაშინდელი პასუხი ჩემი ასეთი იყო - არც ვიცი რა ფასებია თქო, და იმანაც სიტყვამოსწრებულად მომიგო, ჰოდა იკითხე შე კაცო და გეტყვითო.

როგორც მაშინ, ახლაც ვიკითხავ, ნეტამც მაცოდინა საბაზრო ფასებს ვინ არეგულირებს?

რადგან როგორც სჩანს მე როგორც კომერციული ფოტოგრაფი აშკარად ავცდი. რა დასკვნამდეც წლევანდელმა 5 ჯერ ცხვირაბზუებულმა და უიჰ რა ძვირიას მთქმელმა კლიენტმა მაგრძნობინა. ჰო იმ 1000 ან 2000-მა ლარმა ჯიბეში რომ უნდა მედოს, მაგრამ არ მიდევს.

დახლმეითებო, რა ფასებში მოძრაობთ იქნებ გამარკვიოთ, რადგან რაც უფრო დაბლა ვექაჩები ჩემი ხელითა და გონით მოწეულს, მაინც არ მეყიდება.

ამ ფიქრებში წასული სქროლვაში ვხვდები მსუყე განცხადებებს იმის შესახებ თუ რომელს სცალია დღეს რომ გადაიღონ.

- აბა ვის ესიამოვნება დღეს პოზირება?

- მცალია და გარეთ ვარ და რავი, რომელს გაგისწორდებათ ახალი ფოტკები?

ჰმ . . .

რა უცანურია, ჩემთვის ვფიქრობ კომერცია ხო ისაა სადაც სერვისს ყიდი ფულზე. და ქველმოქმედება კიდე სხვა რამე. და ისევ კომერცია ხო ნაღდად ისაა რო შენ სერვისს ფულის სანაცვლოდ აძლევ მას ვისაც ის ჭირდება, რავიცი მე რომ კომერცია დავიწყე და აქცია მოვცხე თელავში, ნადიკვარზე ფოტო 1 ლარად თქო, ლამის რაზბორკაზე დამიბარეს -  შენ იქ ხომ არ მოძრაობო? რაღა ლამის, დამიბარეს და მიტხრეს კიდეც, თანაც გოგომ.

ა, პორტფოლიოს ამდიდრებენ, მაშინ ჰო, მაშინ გასაგებია.

მერე რა რომ ქალაქში მოძრავი 20-30 გოგო პორტფოლიოს გამდიდრების მსურველებმა უკვე გადაიღეს უფასოდ. მერე რა რომ იმ ქალის არ იყოს ზედ დავფოფინებდი ფოტოგრაფიას, წლები კითხვას ან პრაქტიკას მივუძღვენი. მთავარი ხო ისაა - იმ დღეს ფეიჯზე ვინ დადებს ძერსკ ფოტოს.

მგონი ავცდი საბაზრო კანონებს და ჩვენს კომერციული ფოტოგრაფების დახლებთან ქველმოქმედებამ და სანტა კლაუსებმა ჩამოიარეს.

არა, განა მაგაზეა, მე ისედაც ვიზამ ჩემსას და არ დავიკარგები, მაგრამ ეს უფასო და თან კომერციული ტრიუკები რა ახალი ჯანდაბაა.

ჰიბრიდია ძმა -  მეტყოდა მავანი მოწეული ახლა.

მართლა გაუგებარია.

მერე რომ მოგვწერს ის 30-იდან ერთი გოგო, რომელიც ამ პაწაწუნა ქალაქში გადაღების მსურველია. ცხადია იმ 40 წლის მწნილის მყიდველი კაცივით დაიჯღანება ჩემს მიწერილ ფასზე, რადგან ისიც კარგად მოეხსენება რომ ორ დახლს იქით, სრულიად უაფასო ფოტოკამერები და გრაფები არიან.



ისიც კარგად მესმის რომ ზოგს ამით არც ოჯახი აქვს სარჩენი, ან პირიქით იმდენი იშოვა რომ უკვე არჩინა და გასცდა კიდეც.

ზოგს ეს სულაც ახალი გოგოების/ბიჭების გასაცნობად გინდათ, მაგრამ folks აგერ ხალხი ვართ, ვინც მთლიანად თავი გადავდეთ ამისთვის.

მე პირადად ჩემი ქორწინების ბეჭედი დავალომბარდე, რომ ჩემი პირველი კამერა მეყიდა. განა იმიტომ რომ ჰაიდა ლამაზი გოგოები გადამეღო, ან განა იმიტომ რომ დიიდი ფული მეშოვა. არამც და არამც, 2007 წლიდან ვიღებდი რაღაც ბანძი მობილურით და ჩემი ოცნება იყო ნორმალური კამერა. შემდეგ კი ქუჩის და ურბანული ფოტოგრაფია. მომენტ არც კომერციას გავეკარებოდი, კაი ბიზნესმენი კაცის შვილიშვილი რომ ვიყო ან სულაც დედა მიგზავნიდეს იტალიიდან 1000 ევროს ყოველთვე. არა განა კომერციას ვძრახამ. აქაც არამც და არამც. მე უფრო ბლოგი, წერა და სწავლება მიყვარს. ქუჩაში გადაღება და მოგზაურობა. 2009-დან 2013 მდე სამსახურის კამერით დავრბოდი, და 13-ში ნაყიდი კამერით ერთი წლის თავზე ყველაფერი მივატოვე. სრულიად ნოლზე დავჯექი ფოტოგრაფიის სიყვარულით და არა გამდიდრების მუღამით. რადგან ფოტოგრაფია მიყვარს. მაგრამ. . .  მაგრამ რადგან ფულის ხეს ჯერ ვერ მივაკვლიე და არც არავინ მყავს საზღვარგარეთიდან კამერების შემძენი ნათესავი, ჩემი შრომით და ცოდნით ვშვრები ყველაფერს. ჰო, როგორც ის ბებო ბაზრიდან.

მაგრამ განა ყველაფერი მარტო თქვენი ბრალია?

არამც და არამც, აქ კიდე ის ხალხიცაა, ვინც კონას ათ შაურად აფასებს. აი საჭირო ხალხის ქორწილებშიც ვაბშეტა სუუულ უფასოდ რომ დარბის და ვისი თამასაც იმდენად დაბალია, რომ ვერც კი ჩავდივარ იქამდე. ფიზიკურად, ხარჯსაც რომ ვერ გადაფარავს ისეთი პირობებია.

თქვენიც მესმის ძმებო და დებო, როგორც ჩანს არც ვალი იცით რა არის და არც კამერაში მოგიხდენიათ ინვესტირება. ალბათ ვინმემ გამოგიგზავნათ, ან სულაც ლატარიაში მოგებული ფულით იყიდეთ და შესაბამისად გაქვთ იმის ფუფუნება რომ სულაც კონა ათ შაურად გაყიდოთ.

ვიცი ჰო მემარჯვენეობაში ასეა - ბაზარი არეგულირებს. მაგრამ ინვესტირების და საწყისი კაპიტალის ამბავში უკვე გამარჯვებული ხალხი რო ხართ ფასი რომ აწიოთ არ გინდათ? მასე არც არავინ დარჩება მოგებული, წესით უნდა იაზრებდეთ მეგობრებო.

აი აქ კი ვცდები...

აქ ის კლიენტი რჩება მოგებული, რომელიც მეხუთედ დავკარგე უკვე განვლილ 20 დღეში. ხან იმიტომ რომ ვიღაცამ უფასოდ გადაუღო. ან იმდენად იაფად რომ ფეხსაც არ გადავდგამდი. არადა ჩემი ფეხის გადადგმა არც ისე ძვირი ღირს ამ ისედაც გაუბედურებულ ბაზარში, რომელიც იმის ნაცვლად რომ ისეთივე მზარდი იყოს, როგორც კამერების თუ ლინზების ფასი, პირიქით ქვევით მოექანება, დაგორებული ქვასავით.

ჰმმ, განა კი ვიღებთ ამაზე ხმას, არა.

დღეს მოდურობა, ფოტოგრაფია და სთორები იმდენად შორს გაიჭრა, რომ ალბათ რეგიონში მცხოვრები, საშუალო ამბიციების და მოთხოვნების კაცს თუ არ მოუჭერს მარყუჭი ბოლომდე, ხმასაც არავინ ამოიღებს.

არადა მართლა იმდენად ცოტა ვუთხარი დღეს ტიპებს, რომ გაუკვირდათ კიდეც ტელეფონის მეორე მხარეს. მაგრამ რად გინდა, ბოსებმა თქვეს არა, ძვირიაო. და განა იმიტომ რომ მართლა ძვირია. არამედ იმიტომ რომ ყოველთვის არის ვიღაც ვინც ამას უფრო იაფად შეასრულებს. იაფად და ხარისხიანად. მერწუმენთ იაფი ყოველთვის ხარისხიანია.

რა არ იცოდით?

ჰოდა იცოდეთ ამის მერე, რადგან ეს ჩვენი ბაზრის ახალი წესია, რომლითაც აგერ მხოლოდ ჩემ მაგალითზე უკვე ხუთმა კლიენტმა ისარგებლა.

წარმატებები...

განა მაგაზეა, მაგრამ სადღაც მაგაზეც არის რომ როცა ფოტოგრაფს იმდენი გაქვს ნაშოვნი რომ სადმე კურორტზე ისვენებ, უფასოდ არ უნდა გადაუღო ისედაც ფულში გაბანებულ ტიპებს ამ გაქანებულ კომერციის ხანაში. მითუფრო რომ ხომ იცი შენ რომ ამას აკეთებ, ვიღაცას ართმევ იმ ფულს, რომელსაც სულაც ის კურორტი ერთი დამსვენებლიდან იღებს.

კაპიტალიზმის და ბურჟუაზიის მთავარი ჭირიც ეგ არის, რომ უარს უარზე გვათმქვინებენ ერთმანეთში და ეს პირველად არ ხდება, ბოლოს კი ცხადია რომ მაინც გამოინახება ვიღაც უფრო მეიაფე ან ბარემ იქვე მყოფი უფასო, ჯიგარსონა და ფეშენ გადამღები, რომელიც სიმპათიური ბობოლა კაპიტალისტის ჯიბეში კიდევ ერთხელ დატოვებს 300-500 ლარით მეტ მოგებას, მხოლოდ იმიტომ, რომ სწორედ ამ თანხით ნაკლები მოითხოვა კონკრეტულ გადაღებაში.

ვზივარ აქ, ჩემს კომპიუტერთან გაოცებული და ისევ იმ კითხვას ვუბრუნდები

- ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვინ არეგულირებს ამ ბაზარში ფასებს?

გამაცანით, რადგან ფაქტია რომ მე ძაან აცდენილი ვარ, როგორც კომერციული ფოტოგრაფი.

და თუ ვინმე ისეთი არ გამოჩნდა, როგორიც მე ვიყავი იმ მომენტში, ფაქტია ჩემი ფოტოგრაფიის ფასის დამწუნებელი უფრო მეტია ვიდრე მომწონებელი, იმ მწნილის გამყიდველი ქალის და მისი ხეპრე ცხვირბზუა კლიენტისა არ იყოს.

არადა ბოლო 2-3 თვეში, ჩემს ლინზებს გეფიცებით, მართლა ისეთ ბობოლა კამანდებს ვყავარ ფასის გამო დაქენსელებული რო დავიბენი და საერთოდ ვერ გამიგია რა ხდება ამ ჯანდაბა ბაზარში.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




Thursday, February 22, 2018

და ფოტოებს როდის გამომიგზავნი?





- აუ ფოტოებს რატომ არ მიგზავნი?

- ძმაკუშ ფოტოები როდის უნდა გამოგზავნო?

- ფოტოებიიი plz...

- ბიჭო ფოტოებზე მახვეწნინებ თუ რა ხდება?

კიდევ რა მოსთვლის ასეთ ფრაზებს. 

მათი მილიონი სახეობის ვერსია არსებობს. ეს იმ ინდივიდზეა დამოკიდებული, რომელიც ფოტოგრაფს ფოტოების გადაგზავნას დაჟინებულად სთხოვს.

ფოტოების გაგზავნა დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თემაა და მგონი სანამ სოც. მედია იარსებებს აქტუალობასაც არ დაკარგავს.

ვინ ითხოვს ფოტოების გაგზავნას ან მესენჯერში ჩაყრას?

ყველა ვისაც არ დაეზარება. 

ძირითადად გოგოები, თუმცა მათ არც ბიჭები ჩამორჩებიან.

ვინ არიან ისინი?

სტუმრები, ნეფე-პატარძლის ნათესავები, მომოდელო თინეიჯერები და სხვანი.





როგორია მათი მოქმედების სქემა:

პირველ რიგში სხვადასხვა ღონისძიებებზე, ქორწილებსა და კორპორატიულზე ისინი ფოტოგრაფის გაცნობას ცდილობენ. ეს ხან ყურადღეების მიქცევით, ხან პრანჭიკელაობით, ხან მოდი "ერთად დავლიოთ"-ი იწყება. 

მათი მისიაა ფოტოგრაფთან "საქმის ჩაწყობა" და მისი ყურადღების მაქსიმალურად მათკენ გადატანა. თუ ისინი ქორწილში პატარძალთან ერთად არიან, ეცნობიან ფოტოგრაფს და ხუმრობით სთხოვენ, რომ დღეს მათზეც იმუშაოს. ხშირად ხაზს უსვამენ მათ ნათესაურ კავშირებს ამათუიმ დამკვეთთან. რომ ფოტოგრაფმა ისინი მნიშვნელოვან პირებად ჩათვალოს და ობიექტივიც ხშირად სწორედ მათკენ მიატრიალოს.

ხშირად ასეთი ადამიანები სხვადასხვა ფოტოგრაფებთან ნაცნობობასაც უსვამენ ხაზს და ცდილობენ ფოტოგრაფთან მათი კოლეგების მეშვეობით გავიდნენ კავშირზე.

მას შემდეგ რაც ნაცნობ მეგობრულ ურთიერთობას დაამყარებენ, აქიურად მიმართავენ ფოტოს გადასაღებად. ზოგჯერ ყველაზე თამამები ფოტოგრაფს პირდაპირ სთხოვენ  გაყვეს მათ და ამათუიმ ადამიანთან თუ სულაც ცალკე საპროფილე ფოტოები გადაუღოს. ეს ხშირად მაშინ ხდება, როცა ფოტოგრაფი სულ სხვა რამის გადაღებითაა დაკავებული, მაგრამ ისინი დაჟინებულად ითხოვენ ყურადღებასა და ფოტოგრაფირებას.

მას შემდეგ რაც რამდენიმე ფოტოს დასტყუებენ, კმაყოფილი სახით ფეისბუქზე იმატებენ. 

ასეთი დამატებული ხალხი ძირითადად გადაღებიდან მეორე დღესვე იწერება.

მათი მესიჯები რა სახის მოკითხვითა თუ კომპლიმენტითაც არ უნდა იწყებოდეს, ბოლოს მაინც ამ კითხვით სრულდება:  და ფოტოებს როდის გადმომიგზავნი? 

ნაწილი ფეისბუქს არ ჯერდება და წინა საღამოს ჩაწერილ ნომერსაც იშველიებს კონტაქტზე გასასვლელად. ნაწილი მხოლოდ მესიჯით შემოიფარგლება, ნაწილი კი პირდაპირ რეკავს და კითხულობს როდის იქნება მათი ფოტოები.

აქ ერთი დეტალი უნდა დავაზუსტო: საუბარი არა დამკვეთზე, არამედ ჩვეულებრივ სტუმარზე ან შოუს მონაწილეზე მაქვს. ადამიანზე რომელიც კომერციულ ფოტოგრაფს არც ფულს უხდის და არც ქირაობს. ის ვინც, სხვის დაქირავებულ სერვისს სათავისოდ იყენებს.

მათი ნაწილი მაშინ ღიზიანდება თუ ფოტოგრაფი მათ მესიჯს დაseenავს, მაგრამ ფოტოებს არ გადაუგზავნის. ან სულაც შეპირდება და გადააგდებს, რაც ხშირად ხდება ხოლმე. უმრავლეს შემთხვევაში ამ ხალხს გონია, ფოტოგრაფმა სპეციალურად გადააგდო, მაგრამ ძირითადად ასე არ ხდება. 

ეს სტატიაც სწორედ იმას ეძღვნება, რომ გაგარკვიოთ თქვენ და თქვენი ნაცნობ-მეგობრები რატომ არ უნდა მოსთხოვოთ ფოტოგრაფს ფოტოების გადაგზავნა და ან რატომ ვერ აგზავნიან ისინი.



ა) ფოტოგრაფების უმრავლესობა ფოტოებს სხვასთან არ აგზავნის რადგან კლიენტთან აქვს შეთანხმება, რომ გადაღებულ და დამუშავებულ ფოტოებს მხოლოდ მათ მიაწვდის. ამ შეთანხმების დადების ინიციატორი ხშირად სწორედ კლიენტები, განსაკუთრებით კი კორპორატიული კლიენტები არიან.

ბ) ფოტოგრაფების უმრავლესობას არ აქვს დრო სათითაოდ ყველას ვინც ქორწილში თუ ფესტივალზე გადაიღო ფოტო გაუგზავნოს. ჯერ ერთი ის არც ვალდებულია და მეორეც -  დრო არ აქვს. ხშირად ფოტოგრაფები მათ გადაღებულ ფოტოებს კომპიუტერში გადაიტანენ და შემდეგ სხვა გადაღებებზე გარბიან. კლიენტთან შეთანხმებით ფოტოების ჩაბარების ვადა ხან ერთი კვირა, ხან ორი ან სულაც მეტი დგება. შესაბამისად ისინი სხვა საქმეზე ან გადაღებაზე მიდიან, როცა მოუთმენელი სტუმრების მესიჯები გზაში დაეწევათ ხოლმე. რატომღაც ყველას მომდევნო დღეს უნდა ფოტოების მიიღება. თან ამასთან კარგ კომერციულ ფოტოგრაფს, რომელიც პოპულარულიცაა, დროის ძალიან დიდი დეფიციტი აქვს. წარმოიდგინეთ მისი დღე: აუცილებლად დაკავებულია, გადაღებით, ფბ-ზე დაპოსტვით, საიტის ან ბლოგის დააბდეითებით, ფოტოების დამუშავებით და ახალი კლიენტების მოძიებით, ან მათთან საუბრითა და ახალი შეკვეთების აღებით. ამ დროს კი ფბ-ზე 10-20 კაცი გუშინდელ ფოტოებს სთხოვს დაჟინებით. ვფიქრობ ეს ადამიანების შეწუხება და მათი დროის თუ საქმიანობის აინუნში ჩაგდებაა და სხვა არაფერი.

გ) ხშირად ფოტოგრაფებს არ უნდათ მათი ფოტოს ხარისხის გაფუჭება, რასაც მესენჯერში ჩაყრა და აქეთ იქით გადაგზავნა იწვევს. ძირითადად ისინი ამ ადამიანებისგან ელექტრონული ფოსტის მისამართს ითხოვენ, რასაც ახალი გაუგებრობა მოსდევს ხოლმე. დაჟინებული ხალხი ხშირ შემთხვევაში ვერც მეილიდან და ვერც WeTransfer-იდან  ვერ იწერს ფოტოებს. რადგან ისინი ხშირ შემთვევაში არა კომპიუტერით არამედ სმარტფონებით სარგებლობენ. აი ამ დროს იწყება გაუთავებელი წერილები და შეკითხვები, ზარები და მესიჯები.

დ) ზოგიერთი ფოტოგრაფი უბრალოდ არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად იმასთან ვისთანაც საქმიანი წინადადება არ აკავშირებს და მართალიცაა. კლიენტი ისაა, ვინც დაკვეთას აკეთებს. ქორწილის შემთხვევაში კლიენტი ნეფე-პატარძალია და არა მათი დეიდაშვილები, მეზობლები და ახლობლის ახლობელები.



უნდა ვაღიარო, რომ მსგავსი რექვესტები ჩემსკენაც ხშირია და ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით იმატა. თან უბედურება ისაა, თუ შეცდი და ერთს გაუგზავნე მერე უკვე 5 და 10 იწერება რომ მათაც გაუგზავნო. არ გაუგზავნი და ბოროტი გამოდიხარ და ამას შეიძლება ჭორებიც მოყვეს, რომ ვიღაცეებს პრივილეგირებულად თვლი და ვიღაცეებს არა. 

ვფიქრობ ეს ამბავი უკვე იქცა შემაწუხებელ პრაქტიკად და ამას ცვლილება სჭირდება. 

არ ვიცი, ადრეც ვწერდი - არ მგონია მსგავსი სტატიები რამეს ცვლიდეს, მაგრამ იქნებ დააფიქროს მაინც ისინი, ვინც ზემოთ დაწერილ სტერეოტიპებში საკუთარი თავიც ამოიცნო. თუ ასე იქნება გამიხარდება.

იმედია ხალხი მალე გაიაზრებს, რომ ფოტოები იმათგან მოითხოვოს ვინც დამკვეთია და არა იმათგან ვინც მათ იღებს. 

მჯერა ასე ჩვენი საქმიანობაც უფრო ლაღი, თავისუფალი და საინტერესო იქნება.

და თქვენ რა აზრის ხართ ამ თემაზე?

კომენტარებში მოგვწერეთ  ;)

სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი







Sunday, February 5, 2017

ბოლო ზარის და ბანკეტის გადაღება + დიზაინი (2017)



ბოლო - ზარებისა და ბანკეტების გადაღება ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია. შესაბამისად ამ სერვისის მიწოდებაზე საქართველოში ბევრი სტუდია თუ ოპერატორი მუშაობს.

სტუდიებს შორის კონკურენცია წლიდან წლამდე იზრდება. კონკურენტები კი მუდმივად ახალ და საინტერესო სერვისებს სთავაზობენ დამკვეთებს.

ვთვლით რომ "უცხოგრაფი" ერთ-ერთი იმ სტუდიათაგანია, რომელიც მუდმივად ცდილობს ამ სერვისებში სიახლეების შეტანას. 

წელს "უცხოგრაფი" ექსკლუზიურად "ტორეს ივენთსთან" თანამშრომლობით მრავალფეროვან სერვისებს გთავაზობთ. 

ადავწყვიტეთ, გარდა სტატიისა, ვიზუალური მასალაც მიგვეწოდებინა ჩვენი კლიენტებისათვის. პაკეტები რომლებსაც ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ ექვს ერთეულად იყოფა.




იშვიათად, მაგრამ კლიენტები ცალკე ბოლ-ზარის გადაღებასაც ითხოვენ. სწორედ ამიტომ წელს ჩვენი სტუდია ბოლო ზარების ორ სასერვისო შეთავაზებას წარმოგიდგენთ.



"LAST BELL" Econom

დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ ბოლო ზარის ღონისძიების (სასცენო წარმოდგენის) და სასკოლო სეირნობის გადაღებას სამი ვიდეო კამერით. სცენა მუდმივი დინამიური ცვლადი კადრებით ყოველთვის უფრო საინტერესო სანახავია. ამასთან მიღებული მასალიდან მომზადდება ვიდეო კლიპი სოციალური ქსელისთვის. მოსწავლეების განწყობას ასევე აფიქსირებს ფოტოგრაფი.


"LAST BELL" Premium

ამ პაკეტში წინა პაეტისგან განსხვავებით დრონის მომსახურება ემატება. ციდან გადაღება უფრო საინტერესოდ წარმოაჩენს ბოლო ზარის გარე აქტივობებს. 




  ცალკე ბანკეტის გადაღების შემთხვევაშიც ორი პაკეტი გვაქვს. 
     




















PROM Econom:

ბანკეტის ამ სერვისში კლიენტებს ვთავაზობთ 1 საათიანი მაღალი ხარისხის ვიდეოს, რომელსაც სამი ვიდეო ოპერატორი იღებს. გადაღებული მასალიდან 3 წუთიან ვიდეო კლიპს სოციალური ქსელებისთვის და ულიმიტო ფოტო მომსახურებას. აქვე დავამატებთ, რომ ჩვენთან ყველა ფოტო მუშავდება.


PROM Premium:

ამ სერვისის მომზადებაზე დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა.

პაკეტის მთავარი ღირსება იმაშია, რომ ის ვიდეო და ფოტო მომსახურების გარდა, საღამოს ორგანიზებასაც მოიცავს. გარდა 3 კამერის და დრონით მომსახურებისა, ჩვენი გუნდი გთავაზობთ: მაღალი დონის აუდიო აპარატურის უზრუნველყოფას, საღამოს წამყვანს (გასართობი პროგრამით: კარაოკე, ცეკვის კონკურსი...) და მომღერალს. ასევე  ღამის 23:00 საათიდან დიჯეი სეტებს - ყველა დროის საცეკვაო მუსიკით.




     
როგორც ნახეთ ზემოთ აღნიშნული სერვისები ცალკეულად არის შემოთავაზებული. ქვემოთ კი ბოლო ზარისა და ბანკეტის საერთო შეკვეთის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას.




"LAST BELL" + PROM Econom 

ამ სერვის პაკეტის არჩევის შემთხვევაში თქვენს ბოლო ზარსა და ბანკეტსაც ოთხი ვიდეო (3 ძირს და ერთი ციდან) და ერთი ფოტო კამერით გადავიღებთ.

მიღებული მასალიდან 2 სხვადასხვა დისკზე მზადდება ერთ საათიანი ვიდეოები (ბოლო ზარს + ბანკეტი = 2 საათი ვიდეო). ასევე ცალ-ცალკე დისკად მზადდება თქვენი ფოტოები. ამ სერვისის დაკვეთის შემთხვევაში იწყობა ერთი ვიდეო კლიპი.


"LAST BELL" + PROM Premium

ეს ჩვენი სერვისებიდან ყველაზე ძვირადღირებულია.

ის აერთიანებს ყველა ზემოთჩამოთვლილ პაკეტებსა და მომსახურებებს. ამ სერვისის არჩევის შემთხვევაში კლასს მხოლოდ დარბაზის, ტორტისა და ფეიერვერკის შეკვეთა მოუწევს. გადაღებაზე, მუსიკალურ აპარატურაზე, საღამოს პროგრამასა და გართობაზე სტუდია იღებს პასუხისმგებლობას. 








კიდევ ერთი დიდი სიახლე და ორიგინალური სერვისი რაც წელს გვინდა შემოგთავაზოთ დიზაინ მომსახურებაა. 

გასული წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ეს მნიშვნელოვანი ივენთები პროფესიონალი დიზაინერის  და დეკორაციების გარეშე უღიმღამო და უინტერესოა. სწორედ მეტი ვიზუალიზაციისა და            ორიგინალური მასალის შექმნის მიზნით გადავწყვიტეთ თანამშრომლობა TORESS Events-თან.


წელს TORESS Events და უცხოგრაფი ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში წარმოგიდგენთ შემდეგ სერვისებს და ფასებს ერთ პერსონაზე.






















სპეც შემოთავაზება

იმ შემთხვევაში თუ აირჩევთ უცხოგრაფის "LAST BELL" + PROM Premium პაკეტს და Toress Events-ის დიზაინს "ფოტო ზონა + ფუშეტი + ბანკეტის დეკორაცია" ძველი ფასის - 150 + 20 + 40 + 50 = 260 ლარის ნაცვლად იმოქმედებს სპეც შემოთავაზება - 200 ლარი ერთ პერსონაზე.

სასურველი სერვისისა თუ მომსახურების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ სტატიის მეშვეობით, ასევე, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ან პირად ნომერზე დაკონტაქტებით.

დიზაინთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის გთხოვთ მიმართოთ Toress Events.



გასული წლის ბანკეტების სანახავად ეწვიეთ ჩვენ ფლეილისტს იუთუბში.


პ.ს. სტუდია "უცხოგრაფის"  მდებარეობაა კახეთი, ქალაქი თელავი. 

თუმცა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისის მიღება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში ფასების მოდერაციით. ზემოთ ჩამოთვლილი ფასები მოქმედებს კახეთის არეალზე. სხვა ქალაქებიდან სერვისისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.

Instagram  ● Youtube  ● Pinterest Flickr ●
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00

Wednesday, October 12, 2016

$ რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება საქართველოში ძვირი $

გამარჯობა, ვიცი ნაწილი თქვენთაგანი სტატიის წასაკითხად იმიტომ შემოვიდა, რომ გაუკვირდა რატომ უნდა ღირდეს კიდევ უფრო ძვირი, ისედაც ძვირადღირებული ფოტომომსახურება, რომელსაც ზოგჯერ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახის ჯიბე ვერ წვდება. მაგრამ მომეცით საშუალება დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოში ფოტომომსახურება არც თუ ისე ძვირი ღირს და პირიქით ძალიან ხშირ შემთხვევაში იაფიცაა.







თუმცა, მოდი ჯერ კლიენტის (დამკვეთის) თვალით შევაფასოთ სიტუაცია და
ვისაუბროთ იმაზე რატომ არ უნდა ღირდეს ძვირი ფოტო სერვისი ისედაც გაჭირვებულ საქართველოში:


"გადაღებას რა უნდა, მიუშვირე და აჩხაკუნე"

არ გაგიკვირდეთ ეს ფრაზა თუ გაიგოთ, მე საკმაოდ ხშირად მომისმენია. ზოგჯერ საქმეში გაუთვიცნობიერებელი კლიენტი ფიქრობს რომ მთავარია გქონდეს კარგი კამერა და მისი გადასაღებ ობიექტზე მიშვერა არ დაგავიწყდეს/ დაგეზაროს, დანარჩენს არც ცოდნა და არც ზედმეტი ხლაფორთი არ ჭირდება. ამ ლოგიკით კამერა შეგვიძლია შევადაროთ სიცხის საზომ თერმომეტრს, რომელიც მთავარია საჭირო ადგილას (იღლიაში, პირის ღრუში) მოვათავსოთ და დანარჩენს თვითონ იზავს. ასეთი მიდგომით კლიენტი ყოველთვის იძვირებს თუნდაც მინიმალურ ჰონორარს, რომელსაც თქვენ დაასახელებთ. მოდი ფასებით ვისაუბროთ: აი ასეთ კლიენტებთან ნათლობის გადაღება რომ 200 - 300 ლარი დააფასოთ აუცილებლად გაოცდებიან და იტყვიან ხომ არ გაგიჟებულაო.

"აიფონითაც კარგად გადავიღებთ, მაგას რო არ შევაჭამოთ ამოდოლა ფული"

ბოლო პერიოდში სმარტფონების და აიფონების პოპულარობამ მსგავსი გაგების კლიენტების წარმოშობაც გამოიწვია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან რომ კი სჭირდება გადაღებას ცოდნა და მთლად თერმომეტრს არ ადარებენ ფოტოკამერას, მაგრამ მთავარი მაინც ფოტოკამერაა და არა ფოტოგრაფი. რომ მათი აიფონიც საკმაოდ კარგ და ზოგჯერ შეიძლება უკეთეს ხარისხს იძლევა ვიდრე კამერა, შესაბამისად ძვირის გადახდა სულაც არ უღირთ. ამ ტიპის კლიენტები ჯერ იკითხავენ ფასს და თუ ოდნავ ეძვირათ მაშინვე იპოვიან "სასტავში" ისეთს ვისაც, სმარტფონი ან აიფონი აქვს და ზემო ხსენებულ ფრაზასაც მიაყოლებენ ზედ. მსგავს კლიენტებს ნათლობის 200-300 ლარიან პაკეტზე ყბა არ ჩამოუვარდებათ, მაგრამ ყიდვაზეც ვერ დაითანხმებთ.

"მაინც საქართველოა და გაჭირვება და იქნებ იაფში გამოგვიყვანოთ"

ამ ფრაზას ყოველთვის მოსდევს:

"თან ბევრს და განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, ძაანაც არ გაწვლებთ, დარბაზში რამდენიმე ფოტო გვინდა, მერე დაჯექი ძმაო და ჩვენთან ერთად იქეიფე."

მსგავსი კატეგორიის კლიენტი ნამდვილად აფასებს თქვენს ნიჭს და შემოქმედებას, წინა კატეგორიებისგან განსხვავებით უფრო მეტად ერკვევიან რომ კამერა ყოვლისშემძლე არაა და რომ მაინც ყველაფერი ფოტოგრაფზე და მის ხედვაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც საქართველოა და ეს თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ. ასეთი ხალხი ყოველთვის ცდილობს თქვენთან ძმურად და შინაურულად დარეკონ და ფასიც ძალიან არ გაიოცონ, არც აოცებთ, მაგრამ მაინც მოგიწოდებენ რომ იქნებ ცოტა იაფში გამოიყვანოთ. ხშირად ისინი სუფრაზე მიწვევით და ნაკლები წვალებით ცდილობენ დაკლებული თანხის კომპენსირებას.

შეიძლება სხვა კატეგორიებიც არის, შეიძლება კი არა, არის! ახლა ბევრს არ გავაგრძლებ, ნაწილი თვქენც შეგიძლიათ გაიხსენოთ კომენტარებში. სტატიის შემდეგ ნაწილში მინდა შევეხო ამ სიტუაციების ფოტოგრაფების მხრიდან ხედვას.



რატომ ღირს საქართველოში ფოტოსერვისი იაფი?

თუ ფასებს შევეხებით ჯობია კონკრეტიკას მივყვეთ და ციფრებით ვისაუბროთ. მოდი ქორწილის ფოტოგრაფების ანაზღაურება განვიხილოთ. ვიცი ფასები ამ სფეროში საკმაოდ მრავალფეროვანია და სტაჟზე და ცნობადობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მაინც მოდი საშუალო ფასები განვიხილოთ.

ქორწილის ფოტოგრაფი 12 საათით :

ამერიკაში - 3000 - 7000 $
მექსიკაში - 1500 - 2500 $
კანადაში - 4000 - 6000 $
ავსტრალია - 1000 -2500 $
იაპონია - 3000 - 4000 $
ინდოეთი - 700 - 2000 $
სამხრეთ აფრიკა -700 - 2100 $
გერმანია - 1500 - 4500 $
უკრაინა - 600 - 800 $
ნორვეგია - 3000 - 4000 $

რაც შეეხება საქართველოს ჩვენთან რეგიონებში ფასები 200-400 ლარამდეა ანუ 80 - 160 $. თბილისში კი ფასების ფართო სპექტრია: დაწყებული 200 ლარიდან 1500 - 2000 ლარამდეა. ანუ 160 - დან 900 დოლარამდე. დაახლოებით იგივე ფასია რაც უკრაინასა და ინდოეთშია, ან თუნდაც სამხრეთ აფრიკაში. სხვა ქვეყნებთან შედარებით თბილისში საქორწინო ფოტომომსხურება 3 ან 4 უფრო ნაკლებია, რეგიონებში ხომ შედარებაც არ შეიძლება. ფასი 10- ჯერ ნაკლებია.

ვიცი, ვიცი რასაც ფიქრობთ.

- შე კაი კაცო გერმანიისა და ამერიკის ცხოვრებას ადარებ თბილისისა ან თუნდაც ჩხოროწყუს პირობებსო? ან ფოტოგრაფებს რას ადარებო, იტყვის მავანი. მესმის რომ ისინი განვითარებული, ხოლო ჩვენ განვითარებადი ქვეყნები ვართ. მაგრამ მინდა ერთი საიდუმლო გაგანდოთ:

 -  ფოტოტექნიკა ასე სეპარირებულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნებისთვის არ გამოდის. 

ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ ნიკონის 24 - 70 მმ 2.8 დიაფრაგმიანი ლინზა (ობიექტივი) ამერიკელისთვისაც, გერმანელისთვისაც და ქართველისთვისაც იგივე ფასში 1. 796 დოლარში იყიდება.

ჰო ეს ლარებში 4238.26-ია!!!

4238.26 :)

ანუ მხოლოდ ამ ლინზის შესაძენად რომ ფული მოაგროვოს რეგიონში მოღვაწე ფოტოგრაფმა, მაგალითად მე -  უნდა გადაიღოს - 11 ცალი 400 ლარიანი ქორწილი. უარეს შემთხვევაში 22 ცალი 200 ლარიანი. ანუ კვირაში რომ ერთი ქორწილი გადაიღოს და ყოველ კვირას ქონდეს შეკვეთა ამ თანხაზე მან ზუსტად ხუთნახევარი თვე უნდა იშრომოს. მხოლოდ ამ ერთი ობიექტივის შესაძენად, თან სხვა არაფერში არ უნდა გაფლანგოს ეს ფული. ანუ ცარიელ პურზე უნდა იყოს, რომ ნახევარ წელში ეს ერთი ლინზა მაინც მოიქონიოს, როცა მისი კოლეგა გერმანიიდან თუ ავსტრალიიდან ერთი ქორწილის გადაღების შემდეგ შეიძენს. ხოლო იაპონელ ფოტოგრაფს ორიც კი მოუვა.

აი რატომ უნდა ღირდეს ფოტომომსახურება ძვირი, იმიტომ რომ ტექნიკა არის საოცრად ძვირი. რომ კარგი ტექნიკის გარეშე შედეგს მიღება გაგიჭირდება, ყოველშემთვევაში კარგი ლინზების გარეშე.

კამერა ჯადაბას!

ფაქტია რომ მაღალი კლასის ლინზები უფრო ძვირია, ვიდრე კამერები.

არადა ნებისმიერ წყვილს რომ კითხო თავისი ქორწილისთვის საუკეთესო აპრატურით აღჭურვილი საუკეთესო ხედვის ფოტოგრაფი უნდათ. მაგრამ რამდენის გადამხდელები არიან? გადაიხდიან რეგიონებში სადაც ყოველი მეორე 200 - 300 ლარად იღებს, 800-1000 ლარს ფოტომომსახურებაში? ან თბილისში გადაიხდის ვინმე 3000 - 4000 ლარს მხოლოდ ფოტოგრაფში?



ფაქტია რომ ჩვენ ფოტოგრაფები მომსახურების სფეროში ვაბანდებთ ათასობით ლარს, ქორწილებში მივდივართ ჩანთებით რომლის შიგნითაც 5000-დან 15 000-მდე ლარის აპარატურაა. მაგრამ ამ ქორწინებიდან მხოლოდ 200 - დან 400 ლარამდე ვიღებთ.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ ფასები უნდა გაიზარდოს. ხალხი უნდა მიხვდეს რომ მაღალი დონის ფოტოები უფრო ძვირი უნდა ღირდეს ვიდრე მათ ქორწილის ბოლოს ნასროლი ფეიერვერკი ან სულაც დაქირავებული მუსიკა. რომ ერთი კვირისა თუ ერთი თვის შემდეგ აღარავის ემახსოვრება რა ჭამა და რა დარჩა სუფრაზე შეუჭმელი, მაგრამ ყოველთვის მოიგონებს იმ საღამოს საოცარ დროსტარებას ფოტოებით თუ ვიდეო ჩანაწერით.

ვფიქრობ ეს წერილი, ერთნაირად დააფიქრებს როგორც დამკვეთებს, ისე ფოტოგრაფებს, რომლებიც დაბალ ფასზე მუშაობენ, ისევე როგორც მე. მე რომელიც ვიღებდი 50  და 100 ლარებად უზარმაზარ ივენთებს, მათ შორის ქორწილებს.

ჩვენ უნდა მივხვდეთ რომ თუ ფასი არ აიწევს წლიდან წლამდე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ იყიდის თუნდაც ერთ ობიექტივს, ახალ კამერასა და დანარჩენ ტექნიკაზე აღარც მაქვს საუბარი.

და ვივლით ასე სულ ერთ წრეზე, შეზღუდული შესაძლებლობებითა და გაცვეთილი ტექნიკით.

აქ მე შევისვენებ და დაგითმობთ ასპარეზს თქვენ.

გთხოვთ თუ ამის სურვილი გაგიჩნდებათ კომენტარებში გამოთქვათ თქვენი აზრი და შეხედულებები.

დროებით, მომავალ სტატიამდე.

პ.ს. არ დაგავიწყდეთ რომ აქ მხოლოდ ფოტოგრაფიაზე ვსაუბრობთ, რომ ვიდეო მომსახურებას ცალკე ფასები აქვს.

პატივისცემით გიო ბეჟანიშვილი

https://www.facebook.com/Utskhography





Sunday, March 6, 2016

საქორწინო ფოტო სერვისი










ფოტო სერვისი:

ფოტო სერვისი მოიცავს საქორწინო დღის გადაღებას, თუმცა სურვილისამებრ შესაძლებელია ქორწილამდე ფოტოსესიის გადაღებაც. საქორწინო დღის გადაღება იწყება დილიდან, როდესაც წყვილი ემზადება (სალონი, სახლი) და გრძელდება ღამის 11 საათამდე, მანამდე სანამ საქორწინო ტორტი გაიჭრება.







საქორწინო დღის ფოტოგადაღება ხდება დოკუმენტური (Storytelling) ჟანრში, თუმცა ჯვრისწერის შემდეგ ასევე ეწყობა დადგმული ოფიციალური ფოტოსესია როგორც წყვილის ნათესავებისა და მეგობრებისთვის, ასევე ცალკე მხოლოდ ნეფე-პატარძლისათვის.






ფოტოების გადაღება ხდება მაღალი ხარისხის (Full frame) ფოტოკამერებით. ყველა გადაღებული კადრი მუშავდება (ექსპოზიცია, ფერები, თეთრის ბალანსი)  და იწერება დისკზე. ფოტოების ჩაბარება ხდება ქორწილიდან ერთი თვის ვადაში.










ფოტო სერვისის ღირებულება:

ფოტო მომსახურების ფასი დამოკიდებულია ქორწილის ადგილზე და მასშტაბურობაზე. მცირე რიცხოვანი ქორწილები, სადაც მხოლოდ ერთი ფოტოგრაფი მუშაობს 500 ლარიდან იწყება. დიდი ქორწილები, სადაც სტუმრებიც რაოდენობაც დიდია და ასევე ლოკაციების რაოდენობაც მოითხოვს ორ ფოტოგრაფს, რათა უფრო კარგად მოხდეს მოვლენის აღწერა და გაშუქება, შესაბამისად ფასიც იზრდება. ფასის გარკვევა შესაძლებელია ჩვენთან უშუალოდ დაკონტაქტების გზით.








Facebook: https://www.facebook.com/Utskhography
Pinterest: https://www.pinterest.com/Utskhography/
Twitter: https://twitter.com/Utskhography
E-mail: g.bejanishvili@gmail.com
Tel: +995 598 00 52 00