Sunday, April 23, 2017

არიქა, ფოტოგრაფს დაურეკეთ! იქნებ ხვალისთვის ეცალოს...

Pedro Cabrera-ს ფოტო
2 დღის წინ თელავიდან გურჯაანში მომიწია მგზავრობა, სადაც გზაში მოვისმინე ისტორია ფოტო და ვიდეო სერვისის შესახებ.

გოგონა რომელიც 3 წლის წინ გათხოვდა მიყვებოდა, თუ რა საშინლად არ გაუმართლათ არც ფოტოგრაფში და არც ოპერატორში.

რომ ვიდეო სამსაათიანია და მტრისას! ვერ უყურებ ისეთია. რომ ფოტოგრაფი მოხუცი კაცი იყო, რომელიც მალ-მალე იღლებოდა და წყვილს ტუქსავდა აქეთ-იქით ამდენს ნუ დამარბენინებთო. რომ ბოლოს ფოტოები დისკით რაც მისცა, ის დისკი ცარიელი აღმოჩნდა, ხოლო ფოტოები წაშალა კომპიუტერიდან და წყვილს მხოლოდ დაბეჭდილი ალბომი შერჩა ხელში.

ორ-სამ საათში გურჯაანიდან თელავში მოვემგზავრებოდი სხვა მანქანით, სადაც ახალი ისტორია მოვისმინე იმის შესახებ თუ როგორ იმედგაცრუებული დარჩა კიდევ ერთი წყვილი ქორწილის ფოტოგრაფით, რომელიც გადაღების აზრზე არ იყო და კიდევ კარგი ბიძაშვილს აღმოაჩნდა ფოტოკამერა და მან გადაუღოთ ფოტოები. 

მსგავსი ისტორიები მგონი ყველას აქვს მოსმენილი. მეც ხშირად ვისმენ ხოლმე. თუმცა ასე ერთჯერზე მოსმენილმა ინსპირაცია მომცა, რომ ეს პოსტი დამეწერა. რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა წყვილების გაფრთხილება და დაკვალიანება.

Jorge Romero-ს ფოტო


5 რამ რაც უნდა გააკეთოთ რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ :

1. არ ენდოთ მამამთილს (სიმამრს, მამას, ბიძას, ნათლიას)!

ხშირად ოჯახის თავკაცები ზედმეტ ინიციატივას იჩენენ ხოლმე და საკუთარი ბიჭის ქორწილში "მუზიკანტებისა" და "გადამღებების" ორგანიზებას თავის თავზე იღებენ. აქ თუ არ ჩაერევით, იცოდეთ ძალიან ინანებთ. მესმის რომ ყველაფერი გემოვნების საკითხია და შეიძლება სულაც გადასარევი გემოვნების სასიმამრო გყავთ, მაგრამ თქვენი ქორწილი თქვენი ქორწილია და ის მთავარი კომპონენტები, როგორიცაა ფოტო და ვიდეო მომსახურება, თქვენ უნდა აიღოთ თქვენს თავზე. რომ ნახოთ ის ვისაც ენდობით, რომ გყავდეთ გამოცდილი ქორწილის ფოტოგრაფი და არა ზარმაცი, ტლანქი და უნიჭო ფოტოგრაფი, რომელიც "ყველაფერჩიკ" მუშას უფრო გავს, რომელიც ყველაფრის "რემონტს" აკეთებს, მაგრამ ხეირიანად ვერაფერი გამოსდის. 

დაიმახსოვრეთ არანაირი - "აი მამამთილი და თავისი ძმაკაცები შეარჩევენ" და "მამამ უკეთ იცის". 

არა! შენზე უკეთ არავინ იცის, როგორი ფოტოები გინდა რომ, იყო კმაყოფილი და ბედნიერი.

Katya Mukhina-ს ფოტო



2. არ დაარეკინოთ სხვას!

მესმის რომ შეიძლება პირველი რჩევა გათვალისწინებული იყოს, მაგრამ შემდეგ მეორე შეცდომის ჯერი დგება, როცა წყვილი თავად კი შეარჩევს ფოტოგრაფს, მაგრამ "აუ მე ვერ დავურეკავ", "მიტყდება, რა ვკითხო არ ვიცი" და მსგავსები იწყება. და ყურმილს აძლევენ, ვიღაცას, ვინც უფრო გამოცდილი (უკვე გათხოვილ/დაქორწინებული) ან უფრო კომუნიკაბელურია. გთხოვთ, თქვენი ქორწილის დეტალებზე და გეგმაზე სხვას ნუ ალაპარაკებთ. მოლაპარაკება თავად აწარმოვეთ. რომ მერე არ იყოს რაიმე გაურკვეველი დეტალები, რომ შუა ქორწილში ფოტოგრაფმა არ გამოგიცხადოთ მე ამადაამის გადაღებაზე არ შეგთანხმებივართო. ან სულაც სურათების ჩაბარების შემდეგ არ დაიწყოთ რეკვა იმ "ელჩთან" (დესპანიც მოუხდებოდა აქ), რომ რატოა მხოლოდ 200 ფოტო, მე 1000 მინდოდაო და ასე შემდეგ.

Anna Evgrafova-ს ფოტო


3. არ დაჯავშნოთ ბრმად!

ნუ მოექცევით საკუთარ თავს და ქორწილს უყურადღებოდ. მე მესმის რომ დაკავებული ხართ. იქ კაბაო, იქ მაკიაჟიო, თმაო და ასე შემდეგ. მაგრამ მოიცალეთ და თუნდაც ტაქსიში, ქალაქში გადაადგილების დროს, ტელეფონით შეხედეთ თქვენი სავარაუდო ფოტოგრაფი კანდიდატების პორტფოლიოებს. 

ნუ აჰყვებით ექოს და ხმებს "აუ ეგ ტიპი ძაან მაგარი ფოტოგრაფია", "აი მეგის ქორწილი მაგან გადაიღო და ძალიან კმაყოფილები არიან". მეგი მეგია და თქვენ ხართ თქვენ. თქვენ და მეგის ხომ შეიძლება განსხვავებული გემოვნება გქონდეთ? სრულიად შესაძლებელია კი არადა მეტად სავარაუდოცაა. ამიტომ ის რაც მოეწონა მეგის და მის მეუღლე ლევანს (კაკოს, ჯუბოს და ასე შემდეგ.) შეიძლება სულაც არ მოგეწონოთ თქვენ. გამოსავალი კი მარტივია. კარგად შეისწავლეთ სავარაუდო კანდიდატის (კანდიდატების) პორტფოლიოები და ისე დაჯავშნეთ.


Allesandro Delia-ს ფოტო


4. დაუსვით შეკითხვები, გააცანით მოთხოვნები!

პორტფოლიოს რომ შეისწავლით და ჩამოყალიბდებით ბოლოს ვინ მიგყავთ, მეგის ქორწილში რომ იყო ის თუ აი ის ანუკამ რომ გირჩიათ. სამამამთილოსაც უარს რომ გამოუცხადებთ თავის მოსაწონ კანდიდატზე და თქვენს ბიძაშვილსაც რომ კატეგორიულად ეტყვით, რომ თავად დაეკონტაქტებით ფოტოგრაფს, ჯერი კითხვებსა და მოთხოვნილებებზე დგება.

ხშირად (უფრო ევროპასა და ამერიკაში და ნუ სხვაგანაც) ქორწილის ფოტოგრაფს წყვილი წინასწარ ხვდება. ჩემი აზრით ეს აუცილებელია. თუ რატომ, ამაზე აღარ დავწვრილმანდები, სხვა სტატიებში ხშირად ვწერ ხოლმე. თუ დროის დეფიციტი გაქვთ და ფოტოგრაფსაც არ სცალია შეხვედრისათვის, შეგიძლიათ ტელეფონით ისაუბროთ. 

დაურეკეთ და გაეცანით მის სამუშაო სტილსა და გეგმებს. გააცანით თქვენი დღის გეგმა და შეთანხმდით დეტალებზე. უთხარით თქვენი მოთხოვნები თამამად, რომ ფოტოგრაფი მოვიდეს მომზადებული. თქვენ შეიძლება რაღაც კადრი გაქვთ ჩაფიქრებული და ფიქრობთ რომ ამას ფოტოგრაფი ისედაც გადაიღებს ადგილზე, სპონტანურად. მაგრამ იმ კადრს, შეიძლება სჭირდებოდეს სპეციფიური ლინზა ან განათება, რომელიც ფოტოგრაფმა არ წამოიღოს ან სულაც არ ქონდეს და თუ წინასწარ ეტყვით, ითხოვებს, ან იქირავებს. მოკლედ ამ თემაზე ცალკე სტატია მაქვს დაწერილი და იქ გაეცანით ზუსტად რა კითხვები უნდა დაუსვათ თქვენს ფოტოგრაფს.

Aleksandr Medvedenko-ს ფოტო



5. დარეკეთ დროულად, საუკეთესოებს მალე ჯავშნიან.

ეს თავიდათავია მთელ ამ ამბავში! თუმცა სპეციალურად შემოვიტოვე ბოლოსთვის, რომ უფრო კარგად დაიმახსოვროთ!

რაც მალე დაიწყებთ ფოტოგრაფის ძიებას და დაჯავშნას, მით მეტი არჩევანი გექნებათ.
რომ მერე არ მოგიწიოთ პანიკა და ყვირილი - არიქა ფოტოგრაფს დაურეკეთ! იქნებ ხვალისთვის ეცალოს.

აი მაგალითად სამი თვით ადრე თუ დაიწყებთ ამას, თქვენ 100-დან 90 პროცენტიანი შანსი გაქვთ, რომ სწორედ ის დაჯავშნოთ ვინც გულით გინდათ. 

ერთი თვით ადრე თუ დარეკავთ შანსი დაახლოვებით 50% ჩამოდის.

ერთი კვირით ადრე თუ დარეკავთ შანსი ჰა და ჰა 5 - 10%-ია.

ხოლო იმდღისით თუ დარეკავთ :D  იცინით ხომ? თქვენ იცინეთ და ორჯერ მქონდა მსგავსი შემთხვევა, ერთხელ გასულ წელს და მეორედ გუშინ, სანამ ჯვრისწერაზე წავიდოდნენ მანამდე დამიკავშირდნენ . . .

ამ თემაზე ცალკე სტატია მაქვს მომზადებული, თავისი აუდიო ინტერვიუებით ფოტოგრაფებთან და შეგიძლიათ აქ იხილოთ.

გიო ბეჟანიშვილის ფოტო
შეჯამებისთვის კი მინდა გითხრათ, რომ ის რაზეც ამ და სხვა სტატიებში წერია, ბევრი არ ლაპარაკობს. მგონი მსგავსი სტატიები ქართულად არც არსებობს. რაღაც სახელმძღვანელო გაიდლაინური, ტუტორიალ ბლოგები. ამას იმიტომ კი არ ვწერ რომ თავი შევიქო, არამედ იმისთვის, რომ მოგიწოდოთ გაუზიაროთ და გააცნოთ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ, რომ მერე არ იყოს ისეთი ისტორიები, რომელიც ამ სტატიის თავში წერია. რომ მერე არ ნანობდნენ და არ ამბობდნენ ნეტავ აქამდე მენახა ან მცოდნოდაო. 

იმედს ვიტოვებ საქორწინო ფოტოგრაფიის ხარისხის ზრდასთან ერთად, საქორწინო ორგანიზების კულტურაც გაიზრდება. მიმაჩნია, რომ ეს ორი ერთმანეთს თუ არ ავსებს შედეგი მაინც ვერ იქნება ისეთი, როგორსაც როგორც წყვილები, ისე პროფესიონალი ფოტოგრაფები იმსახურებენ.

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი.






0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...