Showing posts with label მხატვრული. Show all posts
Showing posts with label მხატვრული. Show all posts

Saturday, March 10, 2018

ფოტო ამბავი "მელანქოლია"




ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა მიყვარს ამ ცხოვრებაში უფრო მეტად, ვიდრე მზე. 
მგონი ისევ მზე. 

რამდენიმე დღის წინ ერთ შეხვედრაზე, ბევრი ადამიანის თანდასწრებით მკითხეს რა გაბედნიერებსო. ამაზე უხერხული კითხვა ცოტა თუ მეგულება, თან დამაფიქრებელი, ხშირად პასუხი რომ არ გაქვს.

მეც ჩავფიქრდი და მზე მეთქი - ვუპასუხე.

ახლა კითხულობთ სტატიას, თან ფოტოებს უყურებთ და ფიქრობთ, თუ რა შუაში ეს ფოტოები, მზე და ბედნიერება ერთმანეთთან.

ასეა, არაფერ შუაშია.





არ ვიცი, როგორ შეიძლება გადმოვცე მარტივი სიტყვებით მზის სხივების შეხებით გამოწვეული შეგრძნება.

ვერც ვხსნი.

იმდენად კარგად ვფუთავ ხოლმე ჩემ ბედნიერებას, კარგად ყოფნას, ხან მეც კი ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა.

იცით, ბედნიერი როდის ვიყავი ბოლოს?!

სიმართლე რომ გითხრათ, მეც ბუნდოვნად მახსოვს.

ეს იყო ზაფხულის თბილი და მზიანი დღეები, ბუნებაში რომ დავბოდიალობდით. ნათელი ღამეები, ცხოვრებაში პირველად რომ დავწექი ასფალტზე და ვარსკვალებით მოჭედილ ცას ვუყურებდი, თან ვფიქრობდი რამდენ ასტროფოტოგრაფს შეშურდებოდა მეთქი, მთვარე  გვერდზე გახედვისას ზუსტად ერთი ხელის გაწვდენაზე იყო.

მართლა ასე იყო.

ეს დღეებიც დასრულდა, ისე როგორც სხვა დანარჩენი.






ზამთრის ერთ დღეს, ცივ და უხასიათო დღეს არც მზე იყო და არც სითბო.

არც მე ვიყავი ისე, როგორც მაშინ.

ასეთ დროს, ყველაზე მეტად დიდხანს ძილი მინდა სიბნელეში, სიზმარში მყოფს.

დილით გვიან გაღვიძებულ საკუთარ თავს ვაძალებდი თვალები გაეხილა და კიდევ ერთი ცივი დღე დაესრულებინა, მზიანი დღეების მოლოდინში. 

შეასრულა.

მინას თითები შეახო და სიცივე იგრძნო. 

ეზარებოდა გარეთ გასვლა, ისე როგორც არასდროს.

სიზარმაცე.

მოწყენა.

ბეღურასავით ცივ ამინდში საკუთარ თავში ჩაფლობა.

გასვლამდე ფანჯრიდან გავიხედე და გარემო ნელ-ნელა თეთრდებოდა ფიფქებით.

თოვდა.

უცებ იცვალა ფერი ყველაფერმა.

ბოლოს ჭუჭყიანად გათეთრდა.




ავტომატურად გავაღე კარი. გავედი. ლიფტი გამოვიძახე და მინდოდა ქვემოთ ჩასვლამდე პერიოდი უსასრულოდ გაგრძელებულიყო, ოღონდ არ მეგრძნო საკუთარი კანით ის, რაც ოთახიდან, ფანჯრის მიღმა ვიგრძენი თვალებით.

ერთი წუთიც არ დასჭირდა ამ უსასრულობას.

არც მქონია ამის ილუზია.

მაინც ვიგრძენი.

გაჩერებაზე მდგომს, სიცივისგან აკანაკლებულს მინდოდა ერთი სულის შებერვით გამეფანტა ყოველი ფიფქი, გამექრო მისგან წამოსული მელანქოლია და დამებრუნებინა ის დღეები.

სამწუხაროდ ვერ შევძელი.




მხოლოდ ფოტოების გადაღება და თქვენთვის კიდევ ერთი ისტორიის თქმა გავბედე ცოტა მოკლედ, მაგრამ მგონია, რომ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ იგრძნოთ. 

თუ ვერ შეძლებთ, ეგეც არაუშავს.



ავტორი: თამარ  შოშიტაშვილი






Sunday, February 25, 2018

ჩვენი ფოტოები ჩვენ გარეშე


-         ერთი მაგარი ფოტოგრაფი ვიცი.
-         მაგარი?
-         ჰო, ჰო ...  აი, ფოტოებს ისე მაგრად ამუშავებს, საკუთარ თავს ვერ იცნობ.
 

ერთი შეხედვით,  სასაცილოა ამბავი.  სინამდვილეში - არც ისე:

Sunday, April 2, 2017

უცხოს ბერძნული დღიურები / Greek photo diary (ფოტოკოლაჟი)



საბერძნეთში სამ დღიანი ტურით ვიყავი, რომელიც კულტურულ ტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ერთი ნიჭიერი თელაველი მომღერლისა და ჩემი მეგობრის სოსო მიქელაძის კონცერტს უკავშირდებოდა.

თუმცა საბერძნეთთან მე ჩემი ანგარიშები მქონდა. . .

5 წლის წინ მე ის იმ პირობით დავტოვე, რომ მალე დავბრუნდებოდი. ახლაც ცხადად მახსენდება წამოსვლის წინა შეგრძნებები და ემოციები. მოვდიოდი სალონიკიდან ათთვიანი სტუდენტური ცხოვრების შემდეგ და მეგონა ჩემ ქალაქს ვტოვებდი და მივდიოდი უცხოეთში ანუ თელავში, რომელიც რეალურად ჩემი ქალაქია უკვე 30 წელია.

ჩემი დამოკიდებულება ქალაქისა და ყველაფერი ბერძნულის მიმართ ვფიქრობ ძალიან სუბიექტურია. შესაბამისად ფოტოებიც არა ფოტოგარფის, არამედ "შინდაბრუნებული ბიჭის" გადაღებულია. თუმცა მაინც შევეცადე თავი მომეყარა და გამეფაბლიქებინა დიდი ინტერესებიდან გამომდინარე. 

დღე პირველი:
































ორიოდ სიტყვით კონცერტზეც ვიტყვი, რომელიც ქართული სათვისტომოსა და ანსამბლ "ფესვების" ინიციატივით ჩატარდა. კონცერტზე სოსოს გარდა ადგილობრივმა იქსფაქტორის ფინალისტმა ალექსანდროსმაც იმღერა. ქორეოგრაფიული ნომრებით კი "ფესვები" აფორმებდა. მოკლედ მაგარი კონცერტი გამოვიდა და ვფიქრობ ფოტოებიც ადასტურებს.




















უფრო მეტი ფოტოს გადაღება მსურდა კონცერტსა თუ შემდეგ დღეებში, მაგრამ ქალაქისა თუ ადამიანების მონატრებამ მაინც თავისი ქნა და კამერა უფრო აქსესუარად დამქონდა, ვიდრე აქტიური ფოტოგრაფირებისთვის.

დღე მესამე

















იმედია ფოტოები მოგეწონათ. მე პირადად უკმაყოფილო ვარ, რადგან მეტი მინდოდა, მაგრამ ფაქტი იყო ხუთწლიანმა განშორებამ იმდენად მომანატრა ყველაფერი, სათითაო ქუჩა მოვიარე და თითქმის არაფერი გადამიღია, რადგან უფრო ვიხსენებდი, ვიდრე ვათვალიერებდი.

პირობას ვდებ, რომ მომავალ ვიზიტზე უფრო მეტს და საინტერესოს გადავიღებ. თქვენ კი დატოვეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში .


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი