Showing posts with label ქართველი ფოტოგრაფები. Show all posts
Showing posts with label ქართველი ფოტოგრაფები. Show all posts

Saturday, January 19, 2019

5 ფოტოგრაფი, რომელსაც უნდა იცნობდე, თუ თელავი და კახეთი გიყვარს.








მზად ხარ გაიცნო 5 ფოტოგრაფი, რომელიც თელავსა და კახეთს გამორჩეულად იღებს ფოტოკამერით?

თელავი, მეფე ერეკლეს ქალაქი და ბევრისთვის საყვარელი ადგილია, რომელსაც თავისი ფოტოგრაფიის ისტორია გააჩნია. ამ ქალაქს გასული საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ფოტოგრაფები ვასილ როინაშვილი და ისააკ ტორი იღებდენენ.

საბედნიეროდ ქალაქის დასურათხატების ტრადიცია 21 საუკუნეშიც აქტიურად გრძელდება, რაშიც სხვებთან ერთად 5 ადგილობრივი ფოტოგრაფი განსაკუთრებულად გამორჩეულ და აქტიურ როლს თამაშობს.

ერთი უხერხული მომენტია რომ მათი გაცნობა სწორედ საკუთარი თავით უნდა დავიწყო. წესით მსგავს სტატიებს ის სხვა ფოტობლოგები თუ ჟურნალები უნდა წერდნენ რომლებიც ფაქტურად არ გაგვაჩნია, ამიტომაც მიწევს საკუთარ თავზე საუბარიც. ფოტოგრაფთა სია ანბანის მიხედვით შევადგინე და პირველ ადგილას ჩემი გვარი აღმოჩნდა.

მაშ ასე ჩვენი 5-ეული ასე გამოიყურება:





გიორგი ბეჟანიშვილი  (33 წლის) -  ფოტოებს ციფრულ ფორმატში უკვე 10 წელია ვიღებ. თუმცა ქალაქის აქტიური გადაღება 2014 წლიდან დავიწყე და უკვე მეხუთე წელია საკუთარ გვერდსაბლოგზე და ინსტაგრამზე ვანთავსებ. ბოლო ერთი წელია ქალაქის და ზოგადად კახეთის გადაღება მობილურითაც დავიწყე. მაქვს ასევე მობილური ფოტო პროექტი "კარი თელავიდან / Doors of Telavi", რომელიც თელავში არსებული ხის კარის გადაღებას და კოლექციიონირებას მოიცავს. სამომავლოდ ვგეგმავ ამ პროექტის გამოფენას და სავარაუდოდ წიგნად გამოცემას.








ლევან დვალი (26 წლის ) - ლევანი 12 წელზე მეტია ფოტოგრაფიითაა დაკავებული. პირველი ერთი წელი ფირზე მუშაობდა, ხოლო მას შემდეგ ციფრულ ფოტოგრაფიას დაუკავშირა ცხოვრება. ლევანი ძირითადად დოკუმენტური სტილის ფოტოგრაფიას მისდევს და გარდა ქალაქის შენობებისა, ქალაქურ პორტრეტებსა და ყოფის ამსახველ რეპორტაჟებს იღებს. ფოტოებს ძირითადად ფეისბუქისა და ინსტაგრამის საშუალებით ავრცელებს.






ლევან კალმახელიძე (23 წლის) - წელიწადი და ოთხი თვეა რაც კამერა შეიძინა, მანამდე კი მობილურით იღებდა ფოტოებს. თავიდან პრაქტიკა ბოთლების და ღვინის გადაღებით დაიწყო რესტორანში, სადაც დრემდე მუშაობს როგორც მასპინძელი.  ლევანი ურბანული და ქუჩის ფოტოგრაფიის გარდა, ლანდშაფტებსა და პორტრეტებზეც მუშაობს. გამორჩეულად უყვარს ნისლიანი თელავის გადაღება. ეს სერია უკვე ორჯერ მოხვდა სხვადასხვა ქართულ საინფორმაციო საიტებზე და დიდი აღიარებაც მოუტანა ავტორს. ლევანი საკუთარ ნამუშავრებს ფეისბუქ გვერდზე, ინსტაგრამსა და ეიემზე აქვეყნებს.







დავით კობიაშვილი ( 37 წლის) - დავითი უკვე 6 წელია ფოტოგრაფიითაა გატაცებული. იღებს ქუჩას და შენობებს. მის ობიექტივში ხშირად ხვდება სიტუაციები და ადამიანები თელავიდან, რაც ძალიან უშუალოსა და დოკუმენტურს ხდის მის ფოტოებს. დავითი სტატიაში ჩამოთვლილი დანარჩენი ფოტოგრაფებისგან განსხვავებით, არ ეწევა კომერციულ ფოტო საქმიანობას და ამ ეტაპზე საკუთარი გვერდიც არ აქვს. ის ფოტოებს ფეისბუქის პირად ექაუნთზე აქვეყნებს.








გიორგი ჩეკურიშვილი (23 წლის ) - გიორგი, იგივე ჩეკი - ფოტოგრაფიით ხუთი წლის წინ დაინტერესდა. სამი წელია უკვე, რაც საკუთარი კამერა შეიძინა. გიო კომერციულ საქმიანობასთან ერთად, ქალაქის ქუჩის კადრებს და ლანდშაფტებს იღებს. 2018 წელს მისი პირველი პერსონალური გამოფენაც შედგა თელავში, სადაც გასული წლების ნაშრომი შეაჯამა. გამოფენის საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ თელავისა და კახეთის ფოტოებს ეკავა. გიო ნამუშევრებს საკუთარ ფეისბუქ და ინსტაგრამის გვერდებზე აქვეყნებს.


ცხადია ქალაქს სხვა ფოტოგრაფებიც იღებენ. შევეცადე ამ სტატიაში ისინი მეჩვენებინა, რომლებიც უფრო პერმანენტულად და დიდი ხანია მისდევენ ქალაქის ფოტოისტორიის შექმნასა და პოპულარიზაციას.

იმედია ფოტოგრაფების დახასიათებაში ჩადებული ლინკები არ გამოგრჩებათ და ვისაც აქამდე არ იცნობდით მათ გვერდებს აქტიურად ესტუმრებით და დააფოლოვებთ.

სტატიის ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

ქოვერის ფოტოს ავტორი: გიორგი ჩეკურიშვილი






Friday, March 16, 2018

შიშველი კაცები და წითელი პროტესტი - ლაშა ფოქს ცერცვაძე (+16)














+ 16 


პირველ მარტს თბილისში, Black&white გალერეაში ფოტოგრაფ ლაშა ცერცვაძის პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო, რომელიც ჟანრშიც პირველია.

გამოფენაზე ლაშას ახალი პროექტი "გიორგი" იყო წარმოდგენილი, რომელიც საქართველოში პირველი Nude ჟანრში განხორციელებული LGBTQ+ თემისადმი მიძღვნილი პროექტია. 

გამოფენისა და ზოგადად პროექტის შესახებ ლაშასთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.


- საიდან და როდის გაგიჩნდა პროექტის იდეა?

- ამ პროექტზე ერთი წლის წინ დავიწყე ფიქრი.  ამ ფიქრის პროცესში გაჩნდა სახელიც. უნდა ვთქვა, რომ იდეა გზადაგზა არ შემიცვლია - წინასწარ ვიცოდი, ვინ, რა და რატომ მინდოდა რომ გადამეღო.  ვიცოდი, რომ ლგბტ თემის  ყველა წარმომადგენელს არ გადავიღებდი. მარტო ბიჭებს გადაღება მქონდა გეგმაში. რატომ? პირველი იმიტომ, ეს ბევრად მარტივი მეჩვენებოდა მეორე, უფრო მნიშვნელოვანი: მე კაცი ვარ და მგონია, რომ არასოდეს მეცოდინება ქალების პრობლემები ისე, როგორც კაცების ვიცი. შედარებით, მარტივია ხალხს უჩვენო ის, რაც თავადაც გაწუხებს, რაც თავადაც გტკივა.
რაღა დაგიალოთ და, მგონია, რომ დღეს კაცები უფრო რთულ პირობებში არიან,  ვიდრე ქალები. სანამ შემომიტევთ, ჩემს ნათქვამს განვმარტავ: ჩვენ, ყველანი ვცხოვრობთ მასკულინურ კულტურაში, რომლის მთავარი დასაყრდენი ძლიერი, დომინანტი, მმართველი კაცი. შესაბამისად, ფემინურ კაცებს, რომლებიც ამ დათქმებს ვერ აკმაყოფილებენ, საზოგადოება ვერ იღებს. მეტიც, მასში ადამიანები საფრთხეს ხედავენ და ცდილობენ, მათ არსებობას ებრძოლონ. ლესბოსელი ქალების შემთხვევაში ასეთი დამოკიდებულება არ არის -  არც თუ ისე იშვიათად, მასკულინურ გოგოებს უბრალოდ ვაჟკაცურ ქალებად მოიხსენიებენ და აგრესია ამის იქით არ მიდის.


- ზოგადად, დასაწყისში როგორ გამოიკვეთა პროექტის კონტურები და რამ მოგცა ინსპირაცია?

-  პროექტზე ფიქრი დანიაში დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ შვიდი თვის შემდეგ, უკან ამ იდეასთან ერთად დავბრუნდი. მერე დავჯექი და კონცეფციის დახვეწა დავიწყე. თავიდან მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი - ყველა, ვისაც გადავიღებდი, შიშველი იქნებოდა. მიზეზი? მარტივია -  მჯერა, რომ სექსუალურ რევოლუციაზე, განთავისუფლებაზე დგას ქვეყნის, საზოგადოების და ჩვენი მომავალი.  ჩვენი სხეულები ჩვენს ისტორიებს, გამოცდილებებს ჰყვებიან. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ მათი დანახვა შევძლოთ. ამისთვის კი, საწყის ეტაპზე აუცილებელია, ვაღიაროთ, რომ შიშველი სხეულის დანახვის თუ ჩვენების სურვილი ზნეობის საზომი არ არის.





- რამდენად პროვოკაციულია პროექტი? და რატომ აირჩიე ეს ფორმა?

- პროვოკაციული ელემენტი არის, რა თქმა უნდა. მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ასეთი ნუდ გამოფენა არ ყოფილა. არც მე მინახავს და ვისაც ვკითხე, მათაც იგივე მითხრეს. მით უმეტეს გეი თემში ასეთი რამ არ ყოფილა. პრინციპში, გულწრფელი რომ ვიყო, ამან კიდევ უფრო მომანდომა, რომ რაღაც ჯერ არგაკეთებული გამეკეთებინა. ისე კი, როგორც არტისტს, გამიხარდება ამ ჟანრის განვითარება. რაც დრო გადის, მიჭირს გავიგო, რატომ შეიძლება ვიღაცისთვის სიშიშვლე პრობლემა იყოს, ვიღაცამ რატომ უნდა თქვას უარი გადაღებაზე? ვიღაცამ რატომ უნდა თქვას უარი კლუბში მაისურის გახდაზე? ამ კითხვებს ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს და მერე მახსენდება, რომ კლიშეებით სავ საზოგადოებაში ვცხოვრობთ - აქ ქალი თუ მაისურს იხდის ბოზია, კაცი - მინიმუმ არასერიოზული და არასტაბილური. სამსახურში პრობლემები კი ალბათ ორივეს შეექმნება. ხოდა, ალბათ ამ კლიშეებისგან თუ რამე გაგვათავისუფლებს, ასეთი პროექტებია. ხელოვნებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია.

- როგორ ფიქრობ რატომ ეშიანიათ და ერიდებიან საქართველოში ნუდ ფოტოგრაფიას?

-  ადამიანებს ეშინიათ. მიზეზი ბევრია. შეიძლება ვიღაცამ შენი ფოტოები კომპრომატად გამოიყენოს და კარიერა ერთ მშვენიერ დღეს თავზე ჩამოგამხოს. ყოველ შემთხვევაში, სცადოს მაინც. დაკვირვებული იქნები, ჩვენთან როგორც იქცევა ხალხი - იღებენ ნუდებს, სადაც თავი წაჭრილია. პრინციპში, ეს ზოგჯერ საინტერესოც არის, მაგრამ არა - ყოველთვის.

ჩემს პროექტში იყო ასეთი კონცეფცია: სახეებს ვინც მალავს, იმათგიორგიჰქვიათ და ვინც აჩენს მათ თავიანთი სახელები. ვინც მალავდა და იმათაც სახით ვიღებდი, მერე სახეს ვუჩხაპნიდი. ეს აქტი სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა - სახეები ადამიანებს სწორედ ისე ჰქონდათ წაშლილი, როგორც საზოგადოება შლის ჩვენს ინდივიდუალიზმს. ნუ, ცდილობს მაინც.

- პროექტით ნაწილობრივ არჩევანის თავისუფლების შეზღუდვას და ინდივიდუალიზმის წაშლას აპროტესტებ?

- ყველაფერი პროტესტია. პროტესტი იმ რეპრესიული კულტურის მიმართ, რომელშიც  ვცხოვრობთ; რომელიც გვარქმევს სახელს და გვავალდებულებს, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ეს სახელი ვამართლოთ. ეს საშინელებაა. საზიზღრობა, გერქვას გიორგი მაშინ, როცა შინაგანა ნიკა ან მარი ხარ. მე თუ მკითხავთ, ადამიანმა საკუთარი სახელი თავად უნდა აირჩიო. ზუსტად ისე, როგორც რელიგია, თვითგამოხატვის ფორმა, ჩაცმის სტილი და თმის ფერი. ადამიანმა უნდა იცოდე, ვინ ხარ და რატომ ხარ. რაც შეიძლება, ბევრი რამ უნდა იცოდე საკუთარი თავის შესახებ. საზოგადოება ყოველთვის ეცდება გასწავლოს, რა არის ნორმალური, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ ჩვეულებრივი კი არა, არაჩვეულებრივი ხარ.

-
თუ გინდა იყო ნორმალური უნდა დაემორჩიოლო ნორმას, ამას გულისხმობ?

- რატომ უნდათ რომ იყვნენ ნორმალურები, ეს უკვე ცალკე თემაა. იცით რა არის? იყო ნორმალური, გაცილებით ადვილია. მე ნორმალური არასდროს ვყოფილვარ, იმიტომ რომ წითური ვარ. შესაბამისად, ყოველთვის გამოვირჩეოდი მასისგან. ამას ჩემი ორიენტაციაც ემატება. ის, რომ გამორჩეული ვარ, ახლა ძალიან მომწონს. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა. ბავშვობაში ვნატრობდი, შავი თმა მქონოდა, რადგან არ მომწონდა, როცა თმაზე მაშტერდებოდნენ. ეს კი ხშირად ხდებოდა. ახლა ბოლომდე მყავს საკუთარი თავი მიღებული და სხვებსაც იგივეს ვურჩევ. ჩვენ არ უნდა ვთქვათ საკუთარ თავებზე უარი. პირიქით, უნდა მივიღოთ და შევიყვაროთ ისინი. რადგან სხვანაირად, ვერც სხვების შეყვარებას შევძლებთ. სხვანაირად, მუდმივად გაქცევა მოგვიწევს. გაქცევა საკუთარი თავებისგან, გაქცევა ერთმანეთისგან…




- ზოგადად რამდენად ხშირია აგრესია განსხვავებულის მიმართ?

- მოდი, პირადი გამოცილდებით გიპასუხებ. ჩემ მიმართ აგრესია ბევრს აქვს. ზოგს თმის ფერი არ მოსწონს, ზოგს - ჩაცმის სტილი, ზოგს - სიარულის მანერა. მოკლედ, მიზეზს რა გამოლევს. ხოდა, როცა ვხვდები, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებს, იგივეთი ვპასუხობ. ალბათ ამით იმის დამალვას ვცდილობ, რომ მეშინია. როცა ამაყი და ძლიერი ხარ, ადამიანები თავად იწყებენ უკან დახევას.
აქვე დედაჩემის ამბავსაც ვიტყვი. მას ჰქონდა აგრესია გეების მიმართ. მახსოვს, ყური რომ გავიხვრიტე, მითხრა, პრობლემა არ მაქვს, ქუჩაში სხვა ბიჭებზეც მაქვს ნანახიო. სხვანაირი რეაქცია ჰქონდა თმის შეღებვაზე, რადგან შეღებილ თმიანი ბიჭი მანამდე ნანახი არ ჰყავდა. მოკლედ, ადამიანებს ყველაფერი ახლის და უცხოსი ეშინიათ. ჰომოფობიაც ეგ არის - უცხოს, განსხვავებულის შიში.


- შენ რაც გააკეთე, ფაქტიურად რეაქციონისტული მიდგომაა? რამდენად მნიშვნელოვანი არტისტების მხრიდან მსაგვსი პროექტები და რა ცვლელებების მოტანა შეუძლიათ მათ?

- ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც შეუძლია. იმ აქტივისტმა, ვისაც ყვირილი უნდა , უბრალოდ ქუჩაში უნდა იყვირო. ვისაც სამეგობრო წრისთვის ცოდნის გაზიარება შეუძლია, უნდა გაუზიაროს. საბოლოოდ, ყველაფერი თავის შედეგს მოიტანს. უკვე ვთქვი და ისევ გავიმეორებ, ხელოვნებას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. არტისტებს ეს სულ უნდა გვახსოვდეს. არ აქვს მნიშვნელობა, რა გზას ავირჩევთ. მთავარია, სასიკეთო ცვლილებებისთვის ვიბრძოდეთ. ალბათ, ერთმანეთის კრიტიკასაც უნდა მოვრჩეთ და ვაღიაროთ, რომ ხშირად არსებობს საერთო მიზანი, თუმცა იქამდე მისასვლელ გზას ყველა ჩვენებურად ვხედავთ. ეს ჩვეულებრივი ამბავი და სჯობს, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ.

- ისევ პროექტზე რომ ვისაუბროთ, როგორ  გადიოდი კავშირზე იმ ადამიანებთან, ვინც შენ გადაიღე?

- რეალურად ეს პროექტი ამდენი ხანი იმიტომ გაიწელა რომ ხალხის მოძიება რთული იყო. ერთი წელი გაგრძელდა და არ სჭირდებოდა წესით ამდენი ხანი.

- სულ რამდენი ადამიანია გადაღებული?

-
ჩემი ჩათვლით სულ 16. კიდევ მინდოდა, რომ ყოფილიყო 4-5 ადამიანი, ზოგმა უკვე გადაღებულზე მითხრა უარი, ზოგი არ დამთანხმდა, ან ბოლო წამებში გადაიფიქრა,  40 წელს გადაცილებული კაცების გადაღებაც მინდოდა.

- ის ადამიანები ხომ, ვინც ფაქტობრივად 90-იანებში იყვნენ თინეიჯერები და მსგავს პრობლემებს იმ დროს აწყდებოდნენ?

-  ჰო რა, 80-იანებში დაბადებულები. მათ უკვე ცოლები და შვილები ჰყავთ. დედის გულის გასახარად შექმნილი ოჯახის კაცები არიან. საკუთარი სურვილები მათმა უმრავლესობამ წლების წინ ბოლომდე უარყო. ფაქტობრივად, საკუთარ თავებზე თქვეს უარი. ეს პროექტი რეალურად სწორედ ასეთ კაცებს ეძღვნებათ. კაცებს, ვისაც სიყვარულის უფლება არ ჰქონდა. ასეთი რამდენიმე ვნახე, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. ზოგადად, ადამიანების დათანხმება არ იყო მარტივი. თავიდან ყველას ვუპირებდი სახის დამალვას, რადგან მეგონა, რომ სხვანაირად არავინ დამთანხმდებოდა. ჩემდა გასაოცრად, გადაღების პროცესში, ვიღაცებმა სახის გამოჩენა თავადვე შემომთავაზეს. სასიამოვნო სიურპრიზი იყო ეს ჩემთვის. მოკლედ, ასე გადარჩნენ ისინი და შეინარჩუნეს თავისი სახელები.




- უფრო გიორგები ჭარბობენ პროექტში თუ სხვები?

-  სხვათაშორის, არა  ის ადამიანები, რომლებიც მართლა მალავენ,  არც გთანხმდება. დიდად არ გენდობიან -  რთულია 25 წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომელსაც არ იცნობ , შენი იდენტობა, შენი ტანი, შენი ყველაფერი ანდო,. კარგად მესმის მათი.

- როგორ ფიქრობ, რა განიცადეს ამ ადამიანებმა ან როგორ მიიღეს ეს პროექტი?  რა სირთულეები შეგხვდა?

- ყველაზე დიდი პრობლემა იყო არა ხალხის მოძიება, ვინც დამთანხმდებოდა, არამედ იმათი მოძიება, ვის სახლშიც გადაღება, შევძლებდით. არადა, კოცეფციის მიხედვით, ასე იყო საჭირო. მინდოდა ადამიანები იმ სივრცეში გადამეღო, სადაც ყველაზე ახლოს არიან საკუთარ თავებთან, სადაც ყველაზე მეტად თავისუფლები, ყველაზე მეტად შიშვლები არიან. წითელი პროჟექტორით დავდიოდი და ვიღებდი ამ წითელ ფოტოებს. ხო მართლა, ყველა ფოტო წითელია, ამას თავისი დატვირთვა აქვს - წითელი აგრესიის, სექსუალობის ფერია.  შიშველი ადამიანების გარდა, ვიღებდი ქუჩებს, სადაც წითელი ფერი ჭარბობდა - შუქნიშნები, სავალუტო აბრები, მანქანის წითელი გამაფრთხილებელი ნათურებიეს ადამიანები გადავიღე ქუჩაშიც. ამით მნახველს შევახსენე, რომ ეს ადამიანები არ არიან სახლებში ჩაკეტილები; ისინი ჩვენთან ერთად იყოფენ ქალაქს.

- ამით იმას გაუსვი ხაზი, რომ ისინი არსებობენ?

- კი, ხან ამჩნევ, ხან - არა, ხან გაღიზიანებს შუქნიშნის წითელი ფერი, ხანდახან არ გაღიზიანებს. ამაზე რომ დავიწყე ფიქრი, რომ ქუჩაში უნდა დამეწყო გადაღება, მერე ყველგან წითელს ვხედავდი და ძაან ობსესიური იყო






 
- სახლებზე ამბობდი და მათ სახლებში შესვლა გაგიჭირდა გადასაღებად?

- უფრო იმ ადამიანების პოვნა გამიჭიდა, ვინც ან მარტო ცხოვრობდა ან ოთახი მაინც ჰქონდა. იშვიათია, 18 წლის ბიჭი მარტო ცხოვრობდეს. საქართველოში, ძირითადად ადამიანები ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ, რომელსაც საკუთარ იდენტობას უმალავენ. ასეთ სახლში ვერ მივდიოდი და არც სხვა სივრცეში მინდოდა მათი გადაღება.

- ყველა თავის სივრცეში, სალხშია გადაღებული?

- ძირითადად ყველა თავის სახლშია, ერთია მხოლოდ  სამსახურში, რადგან ძაან მინდოდა ის ტიპაჟი.

- როგორ ფიქრობ რამდენად დროულია ეს პროექტი?

-ცოტა დაგვიანებულიცაა. უბრალოდ მე ვერ გავაკეთბედი მანამდე. არც გამოცდილება მქონდა და არც ემოციურად და ინტელექტუალურად ვიყავი მზად. მარტივი პროექტი ნამდვილად არ არის. მასში ჩემი თავიც არის -  მე გავაკეთე ის, რისკენაც სხვებს მოვუწოდებ სულ.




- ანუ მათ მაგალითი მიეცი?

- მაგალითიც მივეცი და ჩემ თავთან მოვიპოვე იმის უფლება, რომ ვიღაცისთვ მეთქვა, ეს პრობლემა არ არის, იმიტომ რომ გამოცდილი მაქვს და არ შემქმნია პრობლემა.

- გამოფენა როგორ დაგეგმე? როგორ მოახერხე სპონსორის პოვნა?

- სახსრების მოძიებაზე ბევრი დრო დავხარჯე. ფოტოების დასაბეჭდად მჭირდებოდა. სხვა ყველაფერი ჩემით გავაკეთე, ბარებში ნამუშევარი ფულით ფირებს ვყიდულობდი, ვამჟღავნებდი და ვასკანერებდი. ბოლოს, უკვე ხელი რომ მქონდა ჩაქნეული, სპონსორიც გამოჩნდა, რომელმაც ფოტოების ბეჭვდა დააფინანსა და ძალიან დიდი მადლობა მას ამისათვის.

- ყველა ფირზეა გადაღებული?

-  ყველა ფოტო ფირზეა გადაღებული. ეტაპობრივად ვამჟღავნებდი და თავისებური სტრესიც ახლდა ამ პროცესს თან. გამოსატანად რომ მივდიოდი, სულ ვნერვიულობდი. მეშინოდა, ვინმეს არ ენახა და ან არ გაენადგურებინა, ან უკან დაბრუნებაზე არ ეთქვა უარი.

- ამაზე თუ უთქვამთ იქ რაიმე?

- არა, საერთოდ არაფერი. თავიდან ძაან მორცხვად მივდიოდი, მერე უკვე ძალიან თავისუფლად. ავიღებდი, მოვდიოდი. დასკანერებაზე ცალკე  ფორიაქი მქონდა.
ზოგადად, სულ მეგონა რომ ყველგან შეიძლებოდა პრობლემა შემქმოდა.

- მაგრამ ასე არ მოხდა . . .

- არ მოხდა. აღმოჩნდა, რომ ტყუილად მეშინოდა. თუმცა ალბათ ამ შიშების გამო, უფრო ფრთხილად ვიქცეოდი. აი, მაგალითად საგამოფენო სივრცის შერჩევისთვის, ყველგან მისვლა ვერ გავბედე. მით უმეტეს, რომ ფართის დაქირავება არ შემეძლო.  ბოლოს მივედი black & white gallery-ში, სადაც ისედაც ვაპირებდი ფოტოების დაბეჭვდას და გავარკვიე, რომ რაღაც თანხაზე მეტს თუ ბეჭდავ სივრცეს გაძლევენ უფასოდ. ასეც მოხდა. სივრცეს კი მომცემთ მეთქი, მაგრამ შიშველი კაცების ფოტოები როა ვუთხარი ჩურჩულით და შენ ვინ გგონივართ, ძაან გახსნილები ვართო, მიპასუხეს. დღემდე მიხარია ამის გახსენება.

- რა გამოხმაურება მოჰყვა გამოფენას?

ჟურნალისტები არ მოვიდნენ. მხოლოდ “ნეტგაზეთი” იყო მოსული. მეწყინა, რა თქმა უნდა

- რას უკავშირებ რატომ არ იყვნენ? მოიწვიე და არ მოვიდნენ?

- წინა დღეს მოვიდარუსთავი 2”.  ძაან კარგი ჟურნალისტი იყო, დაინტერესებული ჩანდა. მელაპარაკა. კადრები აირეს, ინტერვიუ ჩაიწერა და წავიდა. მეორე დღეს 2 საათი ველოდებოდი და ვუყურებდი ამ დილის გადაცემას, როდის გავა-მეთქი, მაგრამ არ გაუშვეს. არ ვიცი რატომ არ გაუშვეს, თან ისეთი კადრები აიღეს, რომლის ჩვენება ყველა ასაკის მაყურებლისთვის შეიძლებოდა.



 
- გამოფენაზე მოსულ ხალხს, ვინმეს რაიმე პროტესტი, აგრესია ხომ არ ჰქონია? 

- ცუდი  - არაფერი. მხოლოდ კარგი გამოხმაურებები მესმოდა. არადა, მეგობარი მეუბნებოდა, უსაფრთხოებაზე რატომ არ იზრუნეო. მე კიდევ უკვე მობეზრებული მაქვს, პოლიციის ჯებირით შემოსაზღვრულ სივრცეში საუბარი. ჩვენ უნდა დავიწყოთ საჯაროდ და ღიად ვაკეთოთ ის, რისი კეთებაც გვინდა.

- პროექტმა ჩაიარა და რა გეგმები გაქვს, გაგრძელება ხომ არ ექნება? საზღვარგარეთ გატანას ხომ არ გეგმავ?

- პროექტის გავრცელება მინდა, მაგრამ ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან მგონია ვთქვი, რისი თქმაც ამ პროექტით მინდოდა. მორჩა. ახლა მინდა, რომ უცხოეთშიც გამოვფინო. სხვა პროექტებიც იქნება, რადგან ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი რამის შეცვლა მინდა.

ავტორები:
გიორგი ბეჟანიშვილი, თამარა შოშიტაშვილი, გვანცა დოლუაშვილი.
@ უცხოგრაფი, 2018