Sunday, April 26, 2020
თელავი კარანტინში - ფოტორეპორტაჟი
Saturday, April 25, 2020
ნატვრისთვალის ძიებაში
თეიმურაზ პოპიაშვილი დედოფლისწყაროში ცხოვრობს.
ის ბუნების ფოტოგრაფია.
მისი სიყვარული ფოტოგრაფიისადმი ბუნებამ და მისმა მხარემ განაპირობა. განათლებით გეოგრაფმა, ვაშლოვანის ნაკრძალში მუშაობა სტუდენტობიდან დაიწყო და მას შემდეგ ამ ადგილთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია.
- განსაკუთრებით მიყვარს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე ფოტოგენური ადგილია საქართველოში და რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ფოტოგრაფიით ჩემ დაინტერესებაში. ამჟამად ვმუშაობ სახეობათა კონსერვაციის ცენტრ - ნაკრესში და კოლეგებთან ერთად, საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების კვლევით და მისი შენარჩუნებით ვარ დაკავებული. საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მიწევს ბუნებაში ყოფნა - ეს კი ძალიან კარგ შესაძლებლობას მაძლევს, რომ ფოტოგრაფიითაც დავკავდე.
ფოტოგრაფიის გარდა საუკეთესო გასართობი ჩემი
4 წლის შვილი და მასთან ერთად ბუნებაში ხეტიალია. საბედნიეროდ, მასაც ძალიან უყვარს
ეს და ჩვეულებრივ მოუსვენარი და ჯიუტი, ბუნებაში ძალიან დამჯერი და ტკბილად მოსაუბრე
ხდება ხოლმე. როგორც ჩანს, სახლისგან განსხვავებით იქ ყველაზე მეტად იღებს ჩემგან იმას,
რაც აინტერესებს - ჩემს ყურადღებას.
1. რა შედის შენი როგორც ბუნების ფოტოგრაფის არსენალში?
მიუხედავად
იმისა, რომ ჩემი ფოტო-არსენალი ბოლო წლებში საკმაოდ გავამდიდრე, მივხვდი, რომ ის არ
არის და არც არასოდეს იქნება საკმარისი J ამჟამად სია ასე გამოიყურება:
1.
Canon EOS 6D
2.
Canon EF100-400mm f/4.5-5.6L IS II USM
3.
Canon EF70-200mm f/4L USM
4.
Canon EF 40mm f/2.8 STM
5.
Rokinon 14mm f/2.8 IF ED UMC
6.
Canon Extender EF 1.4X III
7.
Canon Speedlite 430EX III-RT
8.
Manfrotto MK290XTA3-BHUS 290 Xtra
9.
Oben GH-30 Gimbal Head
10.
Lowepro Whistler BP 450 AW
2. რომელია შენი საყვარელი ლინზა და რატომ?
რაღა თქმა უნდა 100-400მმ-ანი ლინზაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
პირველ რიგში მისი სიმძლავრის
და შემდეგ მისი ხარისხის გამო. ამ ლინზის შეძენამდე 200მმ-ზე ვიყავი დამოკიდებული და
ცხოველებთან გადასაღებ მანძილზე მიახლოვება ძალიან მიჭირდა. რაც ახალი ლინზა შევიძინე,
ჩემი ფოტოგრაფია ახალ საფეხურზე გადავიდა და რეალურად აისახა ფოტოებზე.
3. როდესაც გადაღებაზე მიდიხარ რა შედის შენს
აღჭურვილობაში?
იმის
მიხედვით, თუ რის გადაღებას ვგეგმავ, ყოველთვის სხვადასხვა სტრატეგიას ვირჩევ. ზოგჯერ
ალალ ბედზე მივდივარ - რაც შემხვდება იმას გადავიღებ, ზოგჯერ კი წინასწარ დაგეგმილ
და კარგად მოფიქრებულ სცენარს მივყვები. შესაბამისად, განსხვავებულია ხოლმე ჩემი აღჭურვილობაც.
როგორც წესი, ჩემი ჩანთა საკმაოდ მძიმეა - არ მიყვარს ტექნიკის დატოვება, ვიცი რომ,
სწორედ მაშინ დამჭირდება ესა თუ ის ნივთი, როცა რამდენიმე თვის ტყუილად ტარების შემდეგ,
სახლში დავტოვებ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ჩანთაში აუცილებლად მაქვს:
·
საწმენდი აქსესუარები;
·
სათადარიგო ბატარეა და მეხსიერების ბარათები;
·
პულტი დისტანციური გადაღებისთვის;
·
კამერის საწვიმარი, წვიმაში სამუშაოდ;
·
კამოფლირებული ბადე შესანიღბად;
·
პატარა შტატივი სმარტფონის სამაგრით;
·
რამდენიმე ფილტრი;
ასევე
ხშირად დამაქვს:
·
სპეციალური კარავი ველური ბუნების გადასაღებად (tragopan,
monal v2)
·
გასაშლელი სკამი, ბალიში ან პარალონის ნაჭერი
·
უსადენო დინამიკი - ზოგჯერ ვიყენებ ფრინველების მოსაზიდად მათი ხმების
ჩანაწერების ჩართვით;
·
დანა, დასაკეცი ხერხი.
4. რა არის შენი სეთინგები ბუნებაში?
იმის გამო რომ გადასაღები ობიექტები და გარემოებები ყოველთვის განსხვავებულია სეთინგებს ხშირად ვცვლი.
ფრინველების გადაღებისას მირჩევნია დიაფრაგმა ვარეგულირო ისე, რომ დაყოვნება
უზრუნველყოფდეს მკვეთრი კადრის გადაღებას, თუ დიაფრაგმა მაქსიმუმზეა, მაშინ ISO-ზე
გადავდივარ, თუ ესეც არ არის საკმარისი, მაშინ ვცდილობ აქცენტი სიმკვეთრიდან სხვა რამეზე
გადავიტანო და ფენინგის ტექნიკას მივმართო - იმპროვიზაცია აქ ყველაზე მნიშვნელოვანია.
·
Aperture –
გარემოებების მიხედვით
·
Shutter Speed –
გარემოებების მიხედვით
·
ISO –
ძირითადად 100-800-ის ფარგლებში. ღამის ცის გადაღებისასაც კი იშვიათად ავდივარ
1600-ზე
·
White Balance –
ყოველთვის ავტომატური
·
Focus – თითქმის ყოველთვის ავტოფოკუსი
·
Image Format – ყოველთვის RAW
5. როგორ არჩევ ადგილებს, როგორ გეგმავ გადაღებას.
როგორ უსაფრდები ფრინველებს? მოგვიყევი შენი ერთი გადასაღები დღის შესახებ.
გადასაღებად უმეტესად არასამუშაო დღეებში ვიცლი. ესეც არ ხდება ძალიან ხშირად, ამიტომ ვცდილობ ისე დავგეგმო, რომ ხელცარიელი არ დავბრუნდე. ყველაფერს წინასწარ ვგეგმავ, ვამოწმებ ამინდს, მზის ამოსვლის დროს, კუთხეს. წინასწარ გამომაქვს საჭირო ნივთები და ერთად ვალაგებ, რომ არაფერი დამავიწყდეს. ვიცი, ამ დროს შორიდან ძალიან უცნაურად გამოვიყურები ხოლმე, მათ შორის ოჯახის წევრებისთვისაც. ერთხელ, ამ პროცესში ვარ გართული, ჩავამწკრივე აღჭურვილობა, რომელშიც ხშირად უამრავი, სხვისთვის „ამოუცნობი“ ნივთი შედის, ამ დროს მამაჩემმა ჩამიარა, დანანებით გადმომხედა და - მიდიხარ, ელიოზ? - ასე მითხრა. ხოდა, ეს უფრო მეტად მიბიძგებს იმ საუკეთესო ფოტოს გადაღებისკენ, რომელიც ნატვრისთვალის ტოლფასი იქნება ჩემთვის.
გადასაღებად ხშირად ღამით, 3-4 საათზე გავდივარ, რომ გამთენიისას უკვე საფარში ვიჯდე. საფარიდან გადაღება ყველაზე მეტად მომწონს - მართალია, დიდ მოთმინებას და გამძლეობას მოითხოვს, მაგრამ ჯილდოც შესაბამისია ხოლმე. თანაც შეუმჩნეველი ხარ და გადასაღები ობიექტიც ბუნებრივად იქცევა. ფოტო რომც არ გამოვიდეს, მაინც საინტერესოა მათ საზოგადოებაში ყოფნა - კულისებიდან სულ სხვანაირად ჩანს ყველაფერი. ადგილის შერჩევა ძალიან რთულია, მრავალი დეტალი უნდა გაითვალისწინო და „მასპინძლების“ შესახებ არსებულ ცოდნას მოუხმო მაქსიმალურად. უნდა წარმოიდგინო ყველა შესაძლო სცენარი, მოაცილო იქაურობას ზედმეტი ბალახი (ზოგჯერ უადგილოდ დაჩენილ ბალახის ღერს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია) და კარგად აწონ-დაწონო, რადგან როგორც კი შეხვალ კარავში, ამის მერე ვერაფერს ვეღარ შეცვლი.
6. როგორ ამუშავებ ფოტოებს, რა პროგრამებს იყენებ?
ფოტოების
დასამუშავებლად ლაითრუმს ვიყენებ და ფერების კორექციით, ხმაურის მოცილებით და სენსორის
ხარვეზების გაქრობით შემოვიფარგლები ხოლმე. ძალზე მოსახერხებელია ლაითრუმის მობილური
ვერსია, რომელიც ძალიან მეხმარება, ნებისმიერ დროს, მათ შორის საფარში ჯდომისას დავამუშავო
ფოტოები, თანაც ისე, რომ სახლში მისულს უკვე კომპიუტერში დამხვდეს - ეს ძალიან მოსახერხებელია.
7. როგორ ახერხებ განვითარებას, რას კითხულობ,
რას იყენებ საპრაქტიკოდ?
კითხვას
იშვიათად ვახერხებ, უფრო ვიდეოების ყურებით შემოვიფარგლები. ძალიან ბევრი საინტერესო
ვიდეოა ინტერნეტში, რომელშიც სხვა წარმატებული ფოტოგრაფები თავიანთ გამოცდილებას და
მიდგომებს გვიზიარებენ. განვითარებისთვის ერთ კარგ მეთოდს მივაგენი და ვფიქრობ სხვებსაც
გამოადგებათ. ერთგვარი სავარჯიშოა - სხვისი ნამუშევრების ხშირად, კრიტიკული თვალით
თვალიერება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ფოტოებია. თანდათან გიმუშავდება უნარი
უფრო სწრაფად შეაფასო სურათები. გადაწყვიტო რომელი ფოტოა კარგი და რატომ, ეს კი აუცილებლად
გამოსადეგი უნარია ფრინველების გადაღებისას, როცა წამის მეასედებში უნდა შექმნა კარგი
კომპოზიცია.
8. შენი ნამუშევრებიდან რომელია შენთვის ყველაზე
გამორჩეული და რატომ?
ყოველთვის
მიჭირს ამ არჩევანის გაკეთება, ამიტომ ჩემს ერთ-ერთ ბოლო ფოტოს გამოვარჩევ, რომელიც
თავადაც ძალიან მომწონს. ეს არის ფასკუნჯი, რომელიც საფარიდან გადავიღე. ძალიან ბევრი
მიზეზი მაქვს რომ ეს ფოტო გამოვარჩიო და პირველ რიგში ეს თავად ამ ფრინველისადმი ჩემი
(და საზოგადოების) ინტერესი და მისი ეგზოტიკურობაა. ფოტოზე ფრინველი ძალიან კარგად
ჩანს, დეტალებიც გამოკვეთილია, განათებაც დაბალანსებული და რეზოლუციაც საკმაოდ მაღალი.
ძალიან მომწონს ფონიც, რომელზეც სრულიად შემთხვევით ვენახი აღმოჩნდა და მისი რიგები
თითქოს motion blur-ის
ეფექტს ქმნის.
9. ვისი ნამუშევრები აღგაფრთოვანებს ყველაზე
მეტად და რატომ?
ძალიან
მომწონს დევიდ იაროუ (David Yarrow). ალბათ მანამდე ბევრჯერ შევიცვლი აზრს, მაგრამ
ვფიქრობ, რომ ბოლოს ველური ბუნების გადაღებას ფართოკუთხიანი ლინზით შევუდგები. ძალიან
ძნელია და ამავე დროს შთამბეჭდავი, როცა ცხოველთან ერთად ფოტოზე მისი საბინადრო გარემოც
ჩანს. ჩემი აზრით, ეს კაცი ყველაზე კარგად ახერხებს ამის ჩვენებას.
10. რა არის შენი აზრით ფოტოგრაფიის მისია და
დანიშნულება? რას გვაჩვენებს ლანდშაფტის და ბუნების ფოტოგრაფია და რა არის შენი ფოტოების
მესიჯი?
ვფიქრობ,
ბუნების ფოტოგრაფიის მთავარი მისია ადამიანების ყოველდღიური საზრუნავებიდან თუნდაც
წამიერად მოწყვეტაა. მჯერა, ყველას გვაქვს ქვეცნობიერი კავშირი ბუნებასთან. მილიონობით
წლის მანძილზე ხომ ის იყო ჩვენი სახლი, სანამ დიდ ქალაქებს ავაშენებდით? ამიტომ, კარგმა
ფოტომ წამით უნდა მიიქციოს ადამიანების ყურადღება და შეახსენოს მათ საიდან მოვდივართ.
რომ ჩვენს საზრუნავში ერთი ადგილი ველურ ბუნებასაც ეკუთვნის.