Sunday, April 29, 2018

კვირის სეირნობები Vol 8 - ფოტონადირობა იხვებზე





უკვე რამდენიმე თვეა, რაც ველურ ბუნებაში ჩემი მეგობრის განუყრელი თანამგზავრი ვარ.

ზაქრო სონღულაშვილი საქართველოს ფლორისა და ფაუნის უანგარო დამცველია,ხოლო მოცალეობის ჟამს ხშირად გავდივართ ხოლმე თელავის შემოგარენის საგუბრებზე, ჭალებში ანდა სულაც შუამთის ტყეში.

ჩვენი ამოცანა ფოტონადირობაა, რომელიც ცხოველებისა და ფრინველების რაც შეიძლება ახლო კადრების დაჭერაში მდგომარეობს. ამის საშუალებას კი გრძელფოკუსიანი ტელეობიექტივები გვაძლევს.

რამდენიმე დღის წინ ზაქრომ გურჯაანის საგუბრებზე გაყოლა შემომთავაზა. იქ ფოტოგადაღებისთვის ველური იხვები უნდა მოგვეხელთებინა. 

მეზობელი რაიონის გარემოს ნაკლებად ვიცნობდი,ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი. გზად კი ვეჯინის მამათა მონასტერში შევიარეთ,რომელიც არაჩვეულებრივი ბუნებრივი მდებარეობით გამოირჩევა. 

აქ ძველათ მეფეთა რეზიდენციაც ყოფილა და ასევე მონასტრის ტერიტორია თავს დაგამახსოვრებთ რამდენიმე საუკუნის წინანდელი სამაროვნბით; საფლავები ძირითადათ ანდონიკაშვილების საგვარეულოს ეკუთვნის და ცალკეა შალიკაშვილთა აკლდამაც. მონასტერში რამდენიმე ბერი დაგვხვდა, რომლებმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეს... ერთერთმა მათგანმა შესანიშნავი ექსკურსია ჩაგვიტარა და მოვინახულეთ ეკლესიის მეთექვსმეტე საუკუნის ფრესკები, რომელზეც გამოსახულ პირებს, როგორც ბერმა აღნიშნა, მკვეთრად გამოხატული ქართული ნაკვთები აქვთ. 











იმავე მონასტრის ტერიტორიაზე პატარა შენობაც იყო, სადაც ერთი ახალგაზრდა მხატვარი, დავით ლუიშვილი ხატწერის საქმიანობას მისდევდა. ქალაქისგან მოწყვეტილი მშვიდი გარემო და მწვანეში ჩაფლული მთები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ამიტომ გირჩევთ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილი, თუკი ვეჯინისკენ მოხვდებით.














ამის შემდეგ გეზი საგუბრებისკენ ავიღეთ. უნდა გითხრათ რომ ბედმა  გაგვიღიმა, სრულიად შეუმჩნევლად წამოვეპარეთ წყალში მოტივტივე იხვების სხვადასხვა სახეობებს (ძირითადათ ფართოცხვირა იხვები და იხვინჯები იყვნენ). საკმაოდ ფრთხილებიც აღმოჩნდნენ, გადაღების დროს რამდენჯერმე აფრინდნენ და სხვა საგუბარზე გადაინაცვლეს, თუმცა წყლიდან ცაში აჭრილი ფრინველების დაფიქსირებაც არანაკლებ გასახარია.

წამოსვლისას კი ორ მონადირეს გადავეყარეთ. იარაღს  მიზანში ასწორებდნენ და სამონადირეო ძაღლს წვრთნიდნენ... სამწუხარო ფაქტია როცა სანადირო სეზონის დასრულების შემდეგ ისევ ხოცავენ საერთო ბუნებრივ სიმდიდრეს და უფრო უარესი მოვლენა ისაა, რომ ვერ ცნობენ სახეობებს - ხშირად ფაუნის ისეთ წარმომადგენლებს ანადგურებენ, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი.







































P.S რამდენიმე დღის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში მომწერა, კაი ნერვები გქონია იხვს რომ ხედავ და არ ესვრიო... მე კი ვიტყოდი, რომ ფოტონადირობაზე უკეთესი ნადირობა ბუნებაში არ არსებობს!


ავტორი: დავით კობიაშვილი

1 comments:

  1. Es dato kobiashvilis shemoqmedeba da fotoebia. Misi teqtsti aseti ar iqneboda. Es fotoebi safrangetshi aris gamoqveynebuli da mas ekutvnis

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...