Sunday, February 25, 2018

ჩვენი ფოტოები ჩვენ გარეშე


-         ერთი მაგარი ფოტოგრაფი ვიცი.
-         მაგარი?
-         ჰო, ჰო ...  აი, ფოტოებს ისე მაგრად ამუშავებს, საკუთარ თავს ვერ იცნობ.
 

ერთი შეხედვით,  სასაცილოა ამბავი.  სინამდვილეში - არც ისე:



ზოგს გვიჭირს, ზოგს კი უბრალოდ არ შეგვიძლია, საკუთარი სხეული გვიყვარდეს. არადა, ის ერთადერთი სახლია, რომელსაც ვფლობთ; რომლითაც სამყაროს ვგრძნობთ; რომელშიც ვცოცხლობთ.

სიბრიყვეა, გვჯეროდეს, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.

იდეალები არ არსებობს. მათ ჩვენ ვიგონებთ. გამოგონება, რომელიც გვიმონებს, საშიშია.

იდეალური სხეულის ქონის სურვილმა შესაძლოა მოგკლას - ანორექსიის და წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების შედეგებზე ყველას გვსმენია. ვიღაც იტყვის, რომ სიკვდილი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და მისი შიშით, სილამაზეზე უარის თქმა არ ღირს. არადა, სინამდვილეში, ჩვენ სილამაზეზე კი არა, სილამაზის თავსმოხვეულ აღქმაზე უნდა ვთქვათ უარი.  საკუთარი თავების და ერთმანეთის საკუთარი თვალებით დანახვა უნდა შევძლოთ.

ამის მოხერხება მარტივი არაა, რადგან თითქმის არ არსებობს სივრცე, რომელიც სილამაზის სტანდარტებისგან თავისუფალია - კინო, სარეკლამო რგოლები თუ სამოდელო ბიზნესი მუდმივად გვახსენებს, როგორი ფორმები ითვლება ლამაზად.

ადამიანები ადრეულ ასაკშივე ვიგებთ, როგორი ცხვირი, როგორი ტუჩი, როგორი ტრაკი და როგორი მუცელია მოსაწონი და პატარაობიდანვე გვიხსნიან, რომ ლამაზად ყოფნა კარგია.

მოკლედ, დაივიწყეთ - სილამაზე მსხვერპლს არ მოითხოვს. მსხვერპლს ჩვენ ვითხოვთ ერთმანეთისგან მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი გაბატონებული აღქმის საფუძველზე, ლამაზებად ვაღიაროთ.

ჰიპოთეზა, რომ ყველა ადამიანი ლამაზია, მშვენივრად ჟღერს. თუმცა მე მაინც მომხრე ვარ, შევთანხმდეთ, რომ ყველას ვერასოდეს მოვეწონებით და ამით არც არაფერს დავკარგავთ. ამაზე ზრუნვას უნდა მოვეშვათ. სისულელეა.

ამ სულელურ მდგომარეობაში კი გვტოვებს ყველა ის შეტყობინება, რომლითაც კლინიკები პლასტიკური ოპერაციის ფასდაკლებით გაკეთებას გვთავაზობენ; რომლითაც სააფთიაქო ქსელები წონის დაკლების ახალ-ახალ საშუალებებებს გვაცნობენ; რომლითაც  სილამაზის სალონები კონტურული მაკიაჟით ცხვირის დაპატარებას და ტუჩის გადიდებას გვპირდებიან.

მოკლედ,  გარშემო უამრავი გამოშლილი ხელია, რომელსაც სურს საკუთარი სხეულის „სრულყოფაში“ დაგვეხმაროს. ძნელია, ცდუნებას გაუძლო.

ამ უამრავ ცდუნებას შორის კი ყველაზე ახლოს ფოტოშოპია - საკუთარი ფორმების იდეალურთან მიახლოება რამდენიმე დაწკაპუნებით შეგვიძლია.

ცონდა, რომ რომელიღაც სივრცეში, შეგიძლია მშვენიერი სახის ნაკვთების და დიდებული სხეულის მქონე, უნაკლო არსება იყო, ხშირად ამ სივრცეშივე გკეტავს. ალბათ ამის დამსახურებაცაა, რომ ვირტუალურ სამყაროში კომოფორტი და სიმშვიდე ბევრმა ადამიანმა იპოვნა.


თუმცა ამ კომფორტის ქონა თავისთავადი მოვლენა არ არის. მას შექმნა, შემდეგ კი შენარჩუნება სჭირდება. ეს ამ ადამიანებმა კარგად იციან. ფოტოები ამ ამბავში მთავარი საშენი მასალაა, თუმცა მათზე აღბეჭდილი ემოციები და შინაარსი დიდად მნიშვნელოვანი არ არის.  მთავარია, ლამაზები ვიყოთ. მოკლედ, ყველაფერი უნდა ვაკონტროლოთ - შემთხვევით, რომელიმე ჩვენმა მეგობარმა ისეთ ფოტოზე რომ არ მოგვნიშნოს, როგორიც ჩვენს მშვენიერებას ეჭქვეშ დააყენებს.

ჩვენ არ გვავიწყდება, რომ ლამაზად ყოფნა კარგია.

ისინი კი, ვინც ფოტოებს გვიღებენ,  კარგი იქნება, თუ მიხვდებიან, რომელი პროფილი გვაქვს უკეთესი; როგორ გამოგვაჩინონ გამხდრები და მაღლები; შუქ-ჩრდილების დახმარებით, როგორ გვაქციონ მოხდენილი მხრებისა და მომრგვალებული თეძოების პატრონებად. მოკლედ, საკუთარი სხეულისგან გაქცევაში უნდა დაგვეხმარონ. თუ ეს ფოტოს გადაღებისას არ გამოსდით, ვთხოვთ, ფოტოშოპი მაინც დაიხმარონ. ღვთის გულისათვის, თუ ჩვენი კარგად ყოფნა უნდათ. სხვანაირად, ეგ არ გამოვა.

მოკლედ, ჩვენ გავურბივართ ჩვენს სხეულებს და არაფერი მოგვწონს, რაც ამას გვახსენებს. რადგან ამ ამბით თავადაც ვიღლებით. მაგრამ მორჩა - სილამაზეს სამოდელო ბიზნესის თვალებით ვუყურებთ და ამის შეცვლა აღარ შეგვიძლია.  გამოგონილი იდეალების ტყვეობაში ვართ. ვიმეორებ, გამოგონება, რომელიც გვიმონებს, საშიშია.  

ჩვენ არ მოგვწონს ფოტოები, სადაც თვალის ჩაშავებულ უპეებზე გვეტყობა, რომ საუკუნეა გემრიელად არ გვძინებია; სადაც ჩვენი დაღარული შუბლი ააშკარავებს, რომ არც ისე დალხენილი ცხოვრება გვაქვს; სადაც გვეტყობა, რომ ჩვენი ცხვირი სილამაზის კატალოგიდან არ აგვირჩევია. მოკლედ, სადაც ჩანს, რომ ჩვენ ვართ ჩვენს სხეულებში, რომელიც ერთადერთი სახლია, რომელსაც ვფლობთ; რომლითაც სამყაროს ვგრძნობთ; რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც ჩვენს უპირობო სიყვარულს იმსახურებს.

ეს სევდიანი ამბავია. 


ავტორი:   გვანცა დოლუაშვილი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...