Wednesday, April 15, 2020

ფოტო ამბავი "უბრალო ხეები"






"სული დაღლილია მოძრაობით, ახალ სივრცეებში შეღწევით და მასში ახალი გასასვლელის მუდმივი ძიებით.
ამ დაქსაქსულ, ლაბირინთული სისტემის სამყაროში, სადაც უსასრულო „შენობებია“, შენობებში უამრავი ოთახები, ოთახებში უამრავი მოგონებები, მოგონებებში უამრავი ტკივილები, ტკივილებიდან კი გასასვლელის პოვნის მარადიული მცდელობები, რომელიც ისევ ახალ განზომილებებში, ფიქრებში გადაადგილების საშუალებას იძლევა.

ყოველი განვლილი გზა, ჩვენს ნაბიჯებს ინახავს.
შენ გამადიდებელი შუშით ეძებ მათ და ქუჩებს ატყავებ.
ხანგრძლივი სიარულისას კი დგება მომენტი, როდესაც აღარ გახსოვს, თუ საიდან დაიწყე სვლა, სად მიდიხარ ახლა და როდის დასრულდება ეს უსასრულო შფოთვის, სრბოლის პროცესი.
შენ ვეღარ პოულობ საკუთარ თავს და შენი ნაბიჯებიც თავდაჯერებას კარგავენ, შენ გიუცხოვდება მიზანი და შენი სული ხეტიალს იწყებს უვექტორო აბსურდში.
შენ დასასრულს ეძებ.
და გზადაგზა ხვდები, რომ დასასრული თავად ეს უსასრულო გზაა.
არ არსებობს საბოლოოდ გაღწევა?

„მე შემიძლია სიკვდილი. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, ეს ციცოცხლეა.
მე შემიძლია სიცოცხლე. ერთადერთი, რაც არ შემიძლია, ეს სიკვდილია.“

შენ მარტო არ ხარ.
კვლავ შედიხარ დერეფანში, ვიცი.. ყურში შენივე გამკივანი ხმა ჩაგესმის, ჭერზე ჩამოკიდებული ნათურები ჩამომხრჩვალი ციცინათელებივით ანათებენ. ძლიერი და თეთრი ქარი გისუსხავს და გიწელავს სახეს, სულს გიმწარებს ჭინჭრის ციება. მაგრამ კვლავ შეამტვრევ ახალ კარს, კვლავ ჩაირბენ სულის კიბეს და კვლავ შეხვალ ახალ გრძნობაში, როგორც მიტოვებული სახლის სარკმელებში მზის სინათლე.
ვიცი, შენ ვეღარ ცნობ გზებს, მათ ერთმანეთისაგან ვეღარ არჩევ.
ირგვლივ ყველაფერი სიკვდილს იუწყება.
ფეხებს მიწა და თვალებს იმედი გამოეფიტათ. ყურადქცეული, თვალადქცეული, გულდაქცეული სამართალს ეძებ.
მაგრამ შენში, რაღაცას ჯერ კიდევ სურს სიცოცხლე.
ხომ გრძნობ?
ეს შენი თავია.

შენ გსურს ეს ყოველივე დამთავრდეს და იმავდროულად გეშინია დასასრულის.
შენ არ იცი, თუ რა იქნება შემდეგი კარის, ნაბიჯის მიღმა. იქნებ არც იქ დაგხვდეს შენი თავი.

იქნებ პირიქით?
იქნებ აღმოჩნდეს ისეთი ადგილი, სადაც გაუთავებელი მოძრაობა დამთავრდება.
სადაც გაქრება შფოთი, გაქრება იმედგაცრუება, ავადობა, ავ-კარგობა,
იქნებ არსებობს სულის ნავსაყუდელი.
გახსნილი, მაგრამ შეუღწევადი, მტკიცე სივრცე. ამოხსნილი, სულის მოსათქმელი, მოსასვენებელი ადგილი,
ადგილი, სადაც შენი სული დაცულია და ჭეშმარიტად სუნთქავს.
აქ დასასრულია შფოთის.
ეს უკანასკნელი კარია, რომელიც შეაღე.
ეს უკანასკნელი ცრუ იმედის ულუფაა, რომელიც შენმა მშიერმა სულმა მიირთვა.

ის არსებობს.
ეს ერთი უბრალო ადგილია, სადაც აბსურდში სულმოუთქმელ სირბილს ამთავრებ.
შენ ამთავრებ უწყლო ზღვებში ცურვას. და აქამდე მოუხელთებელი სიცხადე, როგორც გაუვალი კედელი აღიმართება შენს წინ და არსად გაქცევა აღარ მოგინდება შენი თავისაგან.

ეს ადგილია, წინ ერთი უბრალო სკამით, გარემოცული უბრალო ხეებით, რომელნიც დავიწყებისა და განახლების ხმით აშრიალებენ ფოთლებს.
შენში სიჩუმეა და საკუთარი თავი.

შენი თავი, რომელიც ჭეშმარიტების ღრმადმჟღერი აკორდებით ასრულებს ძიებას."












ფოტოები: თამარ შოშიტაშვილი

ტექსტი: დიმიტრი კობაიძე

სტატიის ავტორი: თამარ შოშიტაშვილი

0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...