Sunday, August 20, 2017

უცხოს როდოსული ოდისეა (დღე 1-2)

თითქოს სიმბოლურია რომ იქ სადაც ბლოგერობა დავიწყე, ისევ იქიდან ვწერ 6 წლის თავზე ახალ თავგადასავლებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდი სტუდია "უცხოგრაფს" ეხება, მაინც გადავწყვიტე ახალი მიმართულება გავხსნა და ჩემ მოგზაურობებზე ვწერო.

2011 წელს საბერძნეთში პირველად ჩამოსულმა ბლოგი გავაკეთე, რომელსაც "უცხოს ბერძნული დღიური" ერქვა. ასე ერთიანად მოვინადირე შინაურთა თუ გარეულთა გულები. რადგან ყველას ის პრეტენზია ქონდა - მოგვიყევი როგორ დროს ატარებო და სათითაოდ რომ არ მემესიჯა და მიმეწერა, ბლოგზე ვპოსტავდი. ახლაც გადავწყვიტე დავწერო. რადგან ვგრძნობ ჩემში ის ბლოგერია, რომელიც ადრე თუ გვიან თრეველ ბლოგინგის მიმართულებას აიღებს ხელში. ჰოდა ვიმედოვნებ პირველი ნაბიჯებიც საინტერესო იქნება და თქვენც მოგეწონებათ.

გზა.

თელავიდან მე და ჩემი მეუღლე ირინა დილის 9 საათზე წამოვედით. მთელი გზა როდოსამდე ისე გამოვიარე ძილიდან ვერ გამომიყვანა, რადგან წინა სამი ღამე გათენებული მქონდა ბანკეტის დისკების გადამკიდეს. თუმცა ბუნდოვნად რაც მახსოვს ის იყო რომ თბილისიდან სტამბულში ჩავფრინდით, სტამბულიდან ბოდრუმში. სადაც ერთი ღამე გავჩერდით. ვინც ბოდრუმში გეგმავს წასვლას ვურჩევ აეროპორტიდან ავტობუსს დაელოდოს და ისე წავიდეს ქალაქში, რადგან ტაქსი 50 ევრო ღირს.

ბოდრუმიდან მეორე დღეს კუნძულ კოსზე გადავედით, რომელიც უკვე საბერძნეთს ეკუთვნის. ბორანით მისულებს ზედ სანაპიროზე დაგხვდა სასაზღვრო პოლიცია და კონტროლი. იმ მილიონ ფურცლებს შორის რომლებიც სამოგზაუროდ მოვამზადეთ ქექვა არ მქონდა დაწყებული, რომ პასპორტები გადმოგვაწოდეს და გვითხრეს მიბრძანდით და კაი დრო გაატარეთ საბერძნეთშიო. ასე უსიტყვოდ და 2 წამში შევედით კუნძულზე, რომელიც ულამაზესი და საკმაოდ ანტიკურია. ეს ის კუნძულია, სადაც ორი კვირის წინ დიდი მიწისძვრა მოხდა. მისი კვალი შენობებს დატყობოდა, თუმცა კუნძულის სილამაზეს ნამდვილად არ აფუჭებდა.






კოსიდან კატამარანით როდოსზე შუადღეს უნდა წავსულიყავით ამიტომ დრო გვქონდა და გავისეირნეთ. მაშინ აღმოვაჩინე რომ უდიდესი შეცდომა დავუშვი რომ მთელი ჩემი აპარატურა: კამერები, ობიექტივები და შტატივები თელავში დავტოვე. საქმე იმაშია რომ სტუდიას ერთ-ერთი ჩევნი ძირითადი კლიენტისათვის საზაფხულო ბანაკის გადაღების პასუხისმგებლობა ქონდა და ამიტომ აპარატურა იქ დავტოვე საქმისათვის. მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო გული მეწვებოდა. ირინამ რომ უყურა ჩემს საცოდაობას ადგა და ტექნიკის მაღაზიაში წამიყვანა, სადაც Rolley-ს ფირმის კამერა ვიყიდეთ, რომელიც გოუ პროს ვარიანტშია. თუ თქვენ პროფესიონალურ ექშენ კამერას ეძებთ ან თუ გოუ პროთი გიმუშავიათ ნამდვილად არ გირჩევთ ამ კამერის შეძენას. არც თაჩ სქრინი აქვს. არც მაღალი ხარისხი და გოუპროსგან ბევრი საფეხურითა დაბლაა. თუმცა სამოყვარულო ან დამწყებ დონეზე ძალიან კარგია. სხვათაშორის ყველა ფოტო რაც აქ დევს ამ კამერითაა გადაღებული და თან ედიტირების გარეშეა.








სანამ კამერის მოანაცემებში გავერკვიე გემიც მოგვადგა. ადრეც ვარ ნამყოფი გემზე, მაგრამ ასეთ ჩქარ გემზე პირველად მოვხვდი. ყავა არ მქონდა დალეული რომ ნახევარი გზა ქონდა გავლილი, როგორც რაკეტა ისე იარა და 6 საათიანი გზა 2-ში დაფარა. როდოსის პორტში შესულებმა რამდენჯერმე ვიკითხეთ რომელი პორტი იყო, არ გვეჯერა რომ ასე მალე ჩამოგვიყვანა.




იმ გრძნობის აღწერა და სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია რაც ჩვენ როდოსის ძველ ქალაქში შესვლისას დაგვეუფლა. ეს რომ დაწერო ამისთვის მწერალი უნდა იყო. თანაც კარგი მწერალი. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს. არადა მეგონა კახეთში ან სულაც საქართველოში ციხე სიმაგრეები გამორჩეული და საოცარია. ბოლო ბოლო თელავიდან ვარ, სადაც ერეკლეს სასახლე და გალავანია შემორჩენილი. მაგრამ ის რაც აქ დამხვდა სრულიად წარმოუდგენელი იყო. თავი შუასაუკუნეებში გვეგონა. ძველი ქალაქი, რომელიც როდოსზეა, არის უზარმაზარი ანტიკური კომპლექსი, რომელიც სრულიად ხელუხლებლადაა შემონახული. ვერ იტყვი რომ ეს ნანგრევებია, არა ესაა ძველი ანტიკური ქალაქი, რომელშიც რომ არა თანამედროვე მაღაზიები, კაფეები და ხალხი, იფიქრებდი რომ დროის მანქანით მოგზაურობ და ანტიკურ ხანაში ხარ.


როდოსის კიდევ ერთი საოცარება არის ის რომ აქ ძველი და ახალი საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ისე რომ ვერც ვიგრძენით ძველი ქალაქიდან ახალში გამოვედით, სადაც უკვე თანამედროვე საბერძნეთი დაგხვდა თავისი ლაღი ღამის ცხოვრებით. მალე ჩვენი მონატრებული მეგობარი და მასპინძელი პავლეც ვნახეთ, რომელმაც რესტორან Blue Coyote-ში წაგვიყვანა და დაღლილებს ბერძნული კერძებით, ლუდით და უზოთი გაგვიმასპინძლდა (უზო ბერძნული არაყია). მერე ჩვენი სახლისკენ შევუდექით გზას და როგორც იქნა 15-ის დილიდან გამოსულები 16-ში ღამე დავბინავდით.

იმხელა შთაბეჭდილებებში ვიყავი ღამე სულ დროში ვმოგზაურობდი და საოცარ ქმნილებებს ვხედავდი. თუმცა რა ვიცოდი უფრო საინტერესო ამბები წინ მელოდა.

შევეცდები მომდევნო პოსტებში დროს დავეწიო (ახლა მეხუთე დღეა) და ამბებიც უფრო ხშირად მოგაწოდოთ ხოლმე.

იმედია მოგწონათ ჩემი მონათხრობი, კომენტარებში შეგიძლიათ დაწეროთ რისი გაგება იქნებოდა თქვენთვის საინტერესო როდოსის ან ზოგადად საბერძნეთის შესახებ და მეც შევეცდები პოსტებში გიპასუხოთ.

იასუუ,

მომავალ სტატიამდე.




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...