Saturday, November 19, 2016

ძვირადღირებული VS იაფფასიანი ფოტოსერვისი $$


გასულ თვეს სტატია დავწერე რომელმაც დიდი ხმაური გამოიწვია. ბევრი კომენტარი დაიწერა, ზოგმა ფეისბუქის ვოლზეც დამცინა - ჯერ გადაღება ისწავლე და მერე ისაუბრე მაღალ ფასებზეო.

მაგრამ მე ჩემსას მაინც მივაღწიე.

სტატია 18 000-მა ადამიანმა წაიკითხა - ჩემი მიზანიც სწორედ ეს გახლდათ. ამდენი ადამიანი ჩაფიქრდა ამაზე და სავარაუდოდ სამეგობროშიც განიხილა. ეს თემა კულუარებში მუდმივად განიხილებოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა ნაკლებად ვსაუბრობდით ფოტოგრაფებიც კი. კომენტარებში სიტყვა იაფასიან სერვისებსაც შეეხო და სწორედ მაშინ გადავწყვიტე ამ სტატიის დაწერა.

მინდა იმ დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრო, რაც ძვირადღირებულ და იაფასიანი ფოტოსერვისებს ახლავს. არჩევანი კი თქვენთვის მომინდია.




იაფასიანი ფოტოსერვისი


დადებითი მხარეები

იაფასიანი ან დაბალფასიანი ფოტოსერვისის დადებით მხარედ შეგვიძლია ნაკლები წვალება და პასუხისმგებლობა მივიჩნიოთ.

როცა თქვენ საქორწინო დღის პორტფოლიოს სადაც 300-დან 600-მდე ფოტომდე შედის -  მხოლოდ 100 ან 200 ლარად იღებთ, გამოდის თითო ფოტოს ღირებულება მხოლოდ 20-დან 50 თეთრამდე მერყეობს. თავისთავად წყვილს ეს ყველაფერი წესით უნდა ესმოდეს და სავარაუდოდ რომ დაგინახავენ 200 ლარად შეუსვენებლად ფოტოებს იღებთ, "მადლობებადაც" დაიღვრებიან და ფოტოების ნახვის შემდეგ არანაირი პრეტენზია არ ექნებათ. სულაც დაუმუშავებელი და გადანათებული ფოტოებიც რომ ჩააბაროთ, მაინც კმაყოფილები დარჩებიან. ძირითადად ასეა, როცა დაბალფასიან სერვისს ქირაობენ მაღალ ხარისხზე პრეტენზიაც არ აქვთ (თუ რათქმაუნდა "ნაგლი" დამკვეთი არ შეგხვდათ). ანუ დაბალი ფასი ნაკლებ პასუხისმგებლობას და ხარისხს ნიშნავს.

იაფასიანი სერვისის კიდევ ერთი დიდი პლიუსი - იაფასიანი ტექნიკაა.

ხშირად მინახავს ვიდეო ოპერატორი რომელიც 200-300 ლარად ვიდეოსაც იღებს და თან "სასაპნე" კამერით ფოტოებსაც ზედ აყოლებს. იაფასიან დაკვეთაზე მისულს 10 000 დოლარიანი კამერით გადაღებას არავინ მოგთხოვთ (ვიმეორებ თუ წყვილი ადეკვატურია). ასეთ ქორწილებსა და მომსახურებაზე შესაძლებელია 200-300 ლარიანი point and shoot კამერითაც კი წახვიდეთ. ანუ ანაზღაურების შესაბამისად იქონიოთ ეკიპირება და იმოქმედოთ, როგორც დაბალანაზღაურებადმა ფოტოგრაფმა.



უარყოფითი მხარეები

უარყოფითი მხარეები შემოსავალს შეეხება.

მესმის ზოგიერთი 200-300 ლარად მომუშავე ფოტოგრაფი შეიძლება სულაც კმაყოფილი იყოს თავისი შემოსავლით და თვიდან თვემდე თავიც გაქონდეს, მაგრამ ასეთი დაბალი ბიუჯეტით ტექნიკის შეძენა ნამდვილად გაუჭირდება. მხოლოდ კი არ გაუჭირდება, ვერც შეიძენს. თუ რათქმაუნდა ვინმე არ მიეხმარა და არ აჩუქა.

უარყოფით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ისიც, რომ დაბალფასიან სერვისს ძირითადად მხოლოდ დაბალი შემოსავლის მქონე დამკვეთი შეარჩევს. მსგავსი სერვისის ფოტოგრაფების შანსი რომ მაღალი კლასის ან ფენის დამკვეთებთან გავიდეს კავშირზე და მეტი თანხა და სახელი მოიხვეჭოს  - დაბალია. მესმის შეიძლება ზოგს ამბიციაც არ გააჩნდეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ მათთვის ეს ფაქტორები სულაც არაა ხელისშემშლელი და პირიქით ისინი სწორედაც რომ თავის კომფორტის ზონაში იმყოფებიან. უჭირავთ სტაბილურად დაბალი ფასი და მუშაობენ სტაბილურად დაბალი ბიუჯეტის პროექტებზე, სადაც მაინცდამაინც ხარისხის მოთხოვნა არ დგას.








მაღალფასიანი ფოტოსერვისი

დადებითი მხარე

მაღალფასიანი ფოტოსერვისის დადებით მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ მატერიალური შემოსავალი, რომელიც ერთი შეხედვით ყველას უნდა, თუმცა ამისთვის მზად ყოფნა და სახელია აუცილებელი.

მაღალი ფასი განსაზღვრავს ხარისხს (თუ ფოტოგრაფი პატიოსანია და არა ყალთაბანდი). ანუ მაღალი ფასის შემთხვევაში ფოტოგრაფს უფრო მეტი მოეთხოვება. მეტი კრეატიულობა, ყურადღება, გამოცდილება და ხარისხი. ეს კი არტისტებს აიძულებს მეტ მუშაობას საკუთრ თავზე და კომპანიაზე. ანუ სწრაფად განვითარების შანსს იძლევა, რომელშიც სწორედ  შემოსავალი თამაშობს დიდ როლს.

კიდევ ერთ პლიუსად შეგვიძლია ის  მივიჩნიოთ, რომ მაღალ შემოსავალზე მუშაობა შანსს აძლევს ყველა ფოტოგრაფს უფრო ადვილად შეწვდეს ძვირადღირებულ ფოტოტექნიკას - კამერებს, ლინზებს და ა.შ. 

მაღალფასიანი ფოტოსერვისის პლიუსად უცილობლად მიმაჩნია ისიც, რომ ის საშუალებას იძლევა იმუშაოთ ნაკლები, მაგრამ თვის ბოლოს იშოვოთ იმაზე მეტი ვიდრე ამას შოულობდით მაშინ, როცა დაბალ ფასზე და უფრო ხშირად მუშაობდით.

ნათელი რომ მოვფინო ამ ჩახლართულობას ასე დავწერ: მე მირჩევია გადავიღო ერთი ქორწილი და პირობითად 1000 ლარი ავიღო, ვიდრე 4 ქორწილი და თითოეულში 200 ლარი გადამიხადონ.

თვის ბოლოს მაინც მეტი შემოსავალი იქნება ჩემს ხელში და საქმესაც უფრო დინჯად გავაკეთებ. ასეთ შემთხვევაში ფოტოგრაფებს მეტი დრო გვრჩება საკუთარ ინსპირაციას და გულისხმას მივყვეთ და არაკომერციულ პროექტებზეც ვიმუშაოთ. ან სულაც შევეჭიდოთ ახალ ჟანრს, რომლისათვისაც დრო არ რჩება მათ, ვინც ყოველკვირა გადაღებაზეა.



უარყოფითი მხარე

ძვირადღირებული სერვისის პირველ უარყოფითმხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ გამოცდილება და თქვენი საკუთარი თავის რწმენა. თუ თქვენ თავში არ ხართ დარწმუნებული და არ გაქვთ ჩამოყალიბებული რატომ ღირს თქვენი სერვისი სხვებზე ძვირი, ჯობია ფასის მომატებაზე არც იფიქროთ. მარტო იმიტომ რომ ბოლო მოდელის კამერა და ლინზები გაქვთ - ფასს ნუ გაახუთმაგებთ. დაიმახსოვრეთ მთავარი მაინც ხედვა და ის ადამიანია, ვინც კამერის უკან დგას და არა თავად კამერა.

ნუ დააწერთ თქვენ მომსახურებას რამდენიმე ნულს, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენს გარშემო უკვე ბევრს აქვს მსგავსი ციფრები. კარგად გათვალეთ, შეგიძლიათ თუ არა თქვენც ზუსტად იგივე ან უფრო უკეთესი ხარისხის ან სერვისის მიწოდება რაც თქვენ ძვირადღირებულ კოლეგებს. თუ შეცდით და ფასი ასე უბრალოდ, ლამაზი თვალების გამო აწიეთ, ჩათვალეთ დიდ შარში ხართ. მაღალ ფასს ხშირად მოსდევს მაღალი მოთხოვნები და მოლოდინები, რომლებიც ზოგჯერ არაპროფესიონალური საქციელის გამო ცრუვდება. ეს კი ისევ და ისევ თქვენს იმიჯს დააზარალებს. ამიტომ გირჩევთ არ დაიწესოთ ისეთი თამასა, რომლის გადაწონასაც ვერ შეძლებთ.

ძვირადღირებული სერვისის უარყოფითმხარედ ასევე შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ ქვეყანაში არცთუ ხშირი მოთხოვნაა მაღალ ფასიან სერვისზე.

ხშირად და უფრო რეგიონებში საქორწინო ამალა დაბალფასიან სერვისს დაეძებს, ამის შესახებ წინა სტატიაში უკვე გესაუბრეთ. შესაბამისად ძვირადღირებულ სერვისს შეიძლება ნაკლები კლიენტი გამოუჩნდეს. ეს კი იმას  ნიშნავს, რომ შეიძლება ქორწილის გადასაღებად შეკვეთას თვიდან თვემდე ელოდოთ. განსაკუთრებით მაშინ თუ ეს "ასტრონომიული" ფასები რეგიონებში გიჭირავთ.

ისევ ციფრებს რომ მივუბრუნდეთ - თუ თქვენს გარშემო არსებულ სივრცეში ხუთი ან ექვსი 200 ლარად მომუშავე ფოტოგრაფი მაინცაა, რომელიც სიამოვნებით ივლის ყოველკვირა ქორწილის გადაღებაზე, შანსი რომ თქვენი 1000 ლარიანი პაკეტი ყოველკვირა გაყიდოთ ძალიან დაბალია. ის კი არა შეიძლება 2 თვეც კი ისე გავიდეს, რომ არავინ მოკიდოს ხელი ასეთ ძვირადღირებულ პროდუქტს. და თუ თქვენ სხვაგან არსად მუშაობთ და მხოლოდ ფოტოგრაფიით ირჩენთ თავს, ეს უსახსრობის 2 თვეს ნიშნავს. ეს ნიშნავს ნაკლებ პრაქტიკას და ნაკლებ გამოცდილებას. ეს ნიშნავს თქვენი კონკურენტების უფრო ხშირ გამოჩენას ქორწილებში, სადაც უამრავი სხვა დასაქორწინებელი წყვილი ტრიალებს. ეს ნიშნავს ნაკლებ რეკლამას და საშუალებას დაბუსტოთ თქვენი ფოტოები (რასაც მე არასოდეს ვაკეთებ, მაგრამ მაინც) ფეისბუქზე, ახალი კლიენტების მოსაპოვებლად.

როგორ ფასებს შეურჩევთ თქვენ სერვისს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.



შუაშისტური ხრიკები და მიდგომები

ვიცოდი სტატიას თუ ზემოთ დავათავრებდი, კომენტარებში აუცილებლად დამიწერდით რომ სხვა გზებიც არსებობს და რომ საქმეს ასე ცალსახად და ცალკუთხად არ უნდა შევხედო, ამიტომ რომ არ გაწვალოთ, რამდენიმე მათგანს  თავად დავწერ. დანარჩენი კი თქვენც შეგიძლიათ მიამატოთ. მინდა ნათლად და გარკვევით დავწერო რომ ამ და მსგავსი სტატიების მიზანი არაა ვინმე ფოტოგრაფის ან გარკვეული ჯგუფის დისკრიმინაცია თუ შეურაცხყოფა. 

ახლა სხვა გზებზე:

იაფასიან და ძვირადღირებულ სერვისებს შორის არსებობს რამდენიმე გზა - დავიჭიროთ საშუალო ფასი, რომელიც შეიძლება გვაკმაყოფილებდეს. 

ერთი ასეთი გზაა -  რამდენიმე განსხვავებულ ფასიანი პაკეტის ქონა. ანუ თუ ფოტოგრაფს 1000 ლარი უდევს საქორწინო დღის მომსახურება, ეს არ ნიშნავს რომ ის მხოლოდ ამ თანხის სანაცვლოდ მიდის გადაღებაზე. თუ წყვილს მხოლოდ 600 ლარი აქვს, მაგრამ ძალიან უნდა თქვენთან თანამშრომლობა შეგიძლიათ შესთავაზოთ დღის გარკვეული მონაკვეთის გადაღება. მაგალითად ჯვრისწერისა და ფოტოსესიის გადაღება 600 ლარად, ისე რომ დარბაზში აღარ გადაიღოთ. აქ აღარ შევჩერდები, დანარჩენი თქვენც შეგიძლიათ ფანტაზიებში გაშალოთ.




მეორე და უფრო ჩახლართული ხრიკი კი გახლავთ - შვილობილი სტუდიების შექმნა. იშვიათად, მაგრამ ხალხი ამას საქართველოშიც აკეთებს. 

სქემა ასეთია:

თქვენ გაქვთ სტუდია ალფა და იქ ფოტოსერვისი ძვირია: ქორწილი 1000 ლარი. კლიენტი გირეკავთ და ვერ წვდება თქვენ ფასს, მაგრამ თქვენ მას არ კარგავთ, აძლევთ ბეტა სტუდიის ნომერს. ის გიხდით მადლობას და რეკავს სტუდიაში, რომელიც სინამდვილეში თქვენი სტუდიაა. ის თქვენი შვილობილია და იქ მუშაობს ხალხი, რომელიც ქორწილს 50 - 100 ლარად იღებს.

სტუდია ბეტაში პასუხობენ რომ ქორწილი 400 ლარი ღირს. კლიენტი კმაყოფილია, ქორწილი ჩაივლის და თქვენთან სუფთა 300 ლარი მოდის, რომელიც სტუდია ბეტამ აიღო და თქვენ როგორც მის დამაარსებელს მოგცათ. როგორც მოგახსენეთ მსგავსი სქემა საქართველოში იშვიათად შემხვედრია, მაგრამ რომ არსებობს ნამდვილად ვიცი. 

და ბოლოს მინდა მადლობა მოგიხადოთ სტატიის წაკითხვისათვის. ნუ დაიზარებთ და დატოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენატარების სახით.


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


3 comments:

  1. ძაან კაი ბლოგია. მე სტუდია ბეტაში ვმუშაობ და ნამდვილად არ მეამაყება :(

    ReplyDelete
  2. გისურვებ მალე გადახვიდე ალფაში, თუმცა ბეტას გარეშე, გქონდეს შენი სტუდია და იყო ისე როგორც შენ გინდა ;)

    ReplyDelete
  3. კარგი სტატიაა, სწორად არის ჩამოყალიბებული ყვენა ნიუანსი,
    მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ფოტოგრაფს და ვიდეოგრაფს, როგორც დამწყებს ასევე გამოცდილს :)

    ReplyDelete

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...