Wednesday, October 18, 2017

ჩემი კუთვნილი ადგილი ისტორიაში




ყველას თავისი კუთვნილი ადგილი აქვს ისტორიაში, მათ შორის მეც.

მაგრამ ზოგს ვის და ზოგს რის ისტორიაში აქვს ადგილი მიჩენილ-მისაკუთრებული.

მე რაც ზუსტად ვიცი ჩემი ადგილი მაქვს თელავის ფოტოგრაფიის ისტორიაში.

ახლა ეს იმდენად ხმამაღალ განცხადებად შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სტატიის უმალ მიტოვება გადაწყვიტოთ, მაგრამ გირჩევთ ნუ აჩქარდებით. მოდი ერთად მივყვეთ ლოგიკურ ჯაჭვს.

ჩემი ეჭვები ოქროს ხანასა და დაცემაზე გასულ თვეს დამტკიცდა.

საქმე იმაშია, რომ სულ ვიცოდი და მეჯერა რომ ყველაზე დიდი ოქროს ხანა თელავს, როგორც ქალაქს ფოტოგრაფიის კუთხით გასულ საუკუნეში და კიდევ უფრო ადრე ედგა, როცა თელავში დიდი ფოტოგრაფები და ჟამთაღმწერელები მოღვაწეობდნენ. ადამიანები, როგორებიც იყვნენ ისააკ თორი და ვასილ როინაშვილი დღემდე რჩებიან ფასდაუდებელ მოამაგეებად თელავისათვის. რადგან სწორედ მათი დამსახურებით შეგვიძლია მაშინდელი ქალაქის ისტორიის თუ იერსახის აღდგენა. ნახვა, მოკვლევა და მოძიება.

ვფიქრობდი და ყოველთვის მეჯერა, რომ დღეს არანაკლებ საქმეს ვუკეთებთ ქალაქს ახალი თაობის ფოტოგრაფები. თუმცა ზედმეტი თვით ქება რომ არ მომსვლოდა, ყოველთვის ჩუმად ვიყავი ამ თემის გარშემო.

ფაქტია დღესდღეობით ბევრი ჩვენი კონკურენტი სტუდია, თუ ამ ყველაფერს კომერციულად მივუდგებით, უფრო მეტ ფულს შოულობს, ვიდრე ჩვენ. მაგრამ ისიც ფაქტია რომ პროცესს რომელიც თუნდაც ამერიკელებისათვის ბერენის ებოტმა და მანამდე კი ლუის ჰეინმა შექმენა, პროცესს რომელსაც ვასილ როინიშვილი და ისააკ თორი უძღვებოდა, დღეს თელავში უცხოგრაფი და ჩეკი უძღვება.

ეს ყველაფერი საკუთარ ბოდვად მომეჩვენებოდა, რომ არა ერთი ქალბატონი, რომელმაც "განათლების გამოფენაზე" ხაზი გაუსვა რომ როინიშვილის და თორის შემდეგ დიდი წყვეტა იყო ფოტოგრაფიაში. დიდი პაუზა ქალაქის ჟამთაღმწერლობაში: რაშიც რამდენიმე ჟანრი შედის, მათშორის ქუჩა, არქიტექტურა, პორტრეტი და სხვანი. რომ დღეს თელავს გაუმართლა და მას ორი ფოტო ჩამწერი ყავს. და ერთი მათგანი რომანტიკოსია და მეორე კი უფრო იდეალისტი.

მაშინ როცა ქალბატონმა მარინამ ეს სიტყვები თქვა, ბოლომდე დავრწმუნდი, რომ დღეს ქორწილის შეკვეთა შემოვა სტუდიაში თუ ბაღებიდან არ დარეკავენ ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. ამ ჭრილში საერთოდ გამორიცხულია და მნიშვნელობას კარგავს ყველა კომერციული შეკვეთა, რადგან როგითი თელაველები ბედნიერად გრძნობენ თავს როცა ჩვენს ფოტოებს ხედავენ და აზიარებენ. და სულაც ჩვენ რომ მხოლოდ ამ ბედნიერებით შეგვეძლოს კუჭის გამოკვება, ხომ სულ მთლად შევეშვებოდით კომერციას და ქორწილებსა თუ ბანკეტებზე სირბილს.




30 სექტემბრის დილა იყო, მეორე დღე, როცა ქალბატონმა მარინამ თორის და როინიშვილის მისიის გამგრძელებლობა პირდაპირ თუ ირიბად დამაკისრა და ტელეფონზე ზარი მივიღე.

- ზდაროვა ჩემი ძმა, ქორწილებში რამდენად დადიხარ?

თითქოს არც არაფერი უჩვეულო, მაგრამ როგორ გაგდებს და განარცხებს ძირს მემატიანის "ობრაზს" მორგებულს მსგავსი ხისტი შეკითხვა, რომელიც სუფთა აღებ-მიცემობაზეა დამყარებული და არანაირ კავშირს არ გაჩვენებს არც თორთან და არც ვინმესთან ვისაც 100 წლის შემდეგ ეტყვიან, რომ ის იმ კეთილშობილურ საქმეს აგრძელებს, რასაც უცხოგრაფი აკეთებდა თავის დროზე თელავისათვის. მაგრამ როგორც ძველი და კარგი ამერიკული სიმღერა გვეტყოდა :

there ain't no rest for the wicked
Money don't grow on trees
I got bills to pay, I got mouths to feed
There ain't nothing in this world for free.


რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კაპიტალიზმი თავისას შვრება და ჩვენც ისევ ზარებზე დამოკიდებულ როინიშვილებად და თორებად თუ დავრჩებით და დაველოდებით დროს როცა ჩვენი ნახატები (ფოტოები) უფრო ძვირად გაიყიდება, ვიდრე ჩვენი მომსახურების დრო კომერციულ დაქირავებულ შეკვეთებზე.

პ.ს. სრულიად მიუხვედრელი ხალხისათვის რომ დავწერო, ამ პოსტის მთავარი მორალი ისაა, რომ სწორედ უცხოგრაფს და ჩეკის შეუკვეთოთ თქვენი გადაღებები, რადგან ამით მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდებს და მათ ბიზნესს კი არა, ქალაქის ისტორიასაც დაეხმარებით და თქვენ წილ წვლილს შეიტანთ მისი არქივის შევსებაში. 

პ.ს.ს. კიდევ უფრო დაბნეული ხალხისათვის დამატებითი განმარტება, რაც მეტი ანაზღაურება იქნება, მით უფრო კარგ და საუკეთესო ლიზნებსა თუ კამერებს შევიძენთ, რითიც არათუ გავაგრძელებთ, უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანთ იმ საქმეს, რომელიც არა იმიტომ დავიკისრეთ რომ ვინმემ დაგვაძალა, არამედ გვიყვარს. და ამ ყველაფერს თელავის სიყვარულის სახელი აქვს !


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი




0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...