Thursday, January 24, 2019

7 სუპერ ადგილი თელავის გადასაღებად / (ნაწილი 1)






თელავის მშვენება მხოლოდ ის ადგილები როდია, რომელსაც რიგითი ტურისტი თუ გულუბრყვილოდ ამვლელ - ჩამვლელი ხედავს ყოველდღე.

მე ამ ქალაქში ის მომწონს რომ, მუდამ უცნაურ, ვიზუალურ სიურპრიზებს გთავაზობს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეიძლება ზღვასავით უკიდეგანოდ გაშლილი ქალაქის ხედი ან ალაზნის ველი თუ კავკასიონის მთები გადაგეშალოს. ჰო, მთავარია ცენტრალური ქუჩიდან ოდნავ გადაუხვიო ან სულაც შემაღლებულ ქუჩებს შეუყვე.

ვინც თელავს კარგად არ იცნობს, მათთვის ვიტყვი რომ როგორც მე მახსოვს ის 5 გორაკზე გაშენებული ქალაქია. სწორედ მისი ბარელიეფი ხდის გამორჩეულს ამ ქალაქს როგორც რიგითი ტურისტისთვის, ასევე ფოტოგრაფიით გატაცებული ადამიანებისათვის.

მეხუთე წელია აქტიურად ვიღებ ქალაქს და ვფიქრობ ერთი ამდენი კიდევ შეიძლება დამჭირდეს სანამ ბოლომდე ამოვიცნობ მის კუთხე - კუნჭულებს. ეს სტატია კი, მეტი არაფერია თუ არა ჩემი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება.

მინდა თელავის მოყვარულებსა თუ ფოტოგრაფიით დაინტერესებულ ხალხს ჩემი აზრით 14 ყველაზე შემაღლებული და საინტერესო ადგილი გავაცნო, საიდანაც ყველაზე უკეთ იშლება ქალაქის თუ ზოგადად ალაზნის ველის ხედები. მაშ ასე ესეც პირველი შვიდეული.

ცხადია სიის ჩამოთვლას ჩვენი ქალაქის მარგალიტით "ნადიკვრის" პარკით დავიწყებ და ერთ დიდ წრეს დავურტყამ ქალაქს:


1. გართობისა და დასვენების პარკი "ნადიკვარი"

გარდა იმისა რომ ნადიკვარი საოცრად გამორჩეული პარკია და იქ დასვენება ყველას უყვარს. მას კიდევ ისიც გამოარჩევს, რომ ის ერთი დიდი გორაა, საიდანაც საოცრად ლამაზი ქალაქის და ალაზნის ველის ხედი იშლება, რომელსაც ქუდად კავკასიონის მთები ახურავს.

ნადიკვრის პარკიდან ფაქტიურად 360 გარდუსით შეგეძლებათ ქალაქს ფოტოები გადაუღოთ. თუმცა ყველაზე ღიად მაინც თელავის მარჯვენა და განაპირა მხარე ჩანს.















2. დიმიტრის ღვინის სახლი

დიმიტრის ღვინის სახლი ქალაქში ერთ-ერთი გამორჩეული ღვინის სახლია, სადაც ღვინის მუზეუმია და საუკეთესო ღვინოსაც დააგემოვნებს სტუმარი. თუმცა ჩემთვის ეს ადგილი გამორჩეული ყოველთვის მისი ადგილმდებარეობის გამოა.

ნადიკვრისგან განსხვავებით სახლი ქალაქის ყველაზე შემაღლებულ ქუჩაზეა და დიდი აივნით გადაყურებს თელავის მარცხენა და ცენტრალურ ნაწილს, საიდანაც ქალაქის ისტორიულ-ურბანული ნაწილი და ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება.

















3. მშენებარე კომპლექსი ზუზუმბოზე

მშენებარე კომპლექსის მთავარი კორპუსი ერთ-ერთი ყველაზე შემაღლებული ადგილია თელავში. რაც მთავარია ქალაქის უკიდურეს დასავლეთ მხარეშია მოქცეული და მისი ბოლო სართულიდან მართლაც გამორჩეულად საინტერესო ხედი იშლება. შეიძლება ეს ხედი თელაველებს ეცნოთ, მათ ვისაც "დროშიდან" გამოუხედავს, მაგრამ კორპუსის სიმაღლე კიდევ მეტის დანახვის შესაძლებლობას იძლევა.
















4. სახლი ყადორის უბანში

ეს ჩემი საყვარელი გადაღების წერტილია.

მანდ სულ ორჯერ ვარ ნამყოფი.

თავიდან მისი აღმოჩენა თელავის მერიის შენობის წინ მდგარმა შევძელი. ცენტრალური ქუჩა მინდოდა გადამეღო, რომელიც ამ რაკურსით მანამდე არავის ქონდა გადაღებული. დავდექი მერიის წინ სამანქანო გზაზე, გავიხედე პირდაპირ და დავინახე სამი სახურავი.

სამკუთხა სახურავების ძებნაში, თავი ყადორის უბანში ამოვყავი, სადაც აღმოვაჩინე რომ სახურავები ერთ სამსართულიან სახლს ფარავდა თავზე. მასპინძელს შევეხმიანე და მისი დახმარებით ამოვყავი თავი იქ საიდანაც ცენტრალური ქუჩა ყველაზე გამორჩეულად და ლამაზად ჩანს. გარდა ცენტრალური ქუჩისა აქედან თელავის ზედა ნაწილიც კარგად მოჩანს.
















 
5. "ოცნების ბინა"

ჯერ კიდევ სად იყო "ოცნების მთავრობა", ამ ბინას რომ ეს სახელი ერქვა. სიმართლე გითხრათ დღემდე არ ვიცი ასე რატომ ეძახიან თელაველები ამ კორპუსს, მაგრამ მე ის ძალიან მომწონს.

ამ კორპუსიდან ჩანს ის მხარე, რასაც სხვა შენობიდან ვერ დაინახავთ, ეს ხევს მიღმა ძველი თელავია: ყადორის უბანი, ჩოლოყაშვილის ქუჩა, თელავის მთავარი ხევიც აქედან ჩანს ძალიან კარგად.





6. გვირაბის ქუჩა (ერეკლეს სასახლის  გალავნის უკან)

გვირაბის ქუჩით ერთ-ერთ ძველ უბანში მოხვდებით. აქ დასახლებები ალბათ სასახლის არსებობის დროიდან იყო, რადგან ის სამეფო გალავნის ქვედა ნაწილშია განლაგებული და ჩემი საყვარელი წყაროც სწორედ იქაა.

ამ გამორჩეულად წყნარ უბანს, სასწაულებრივი გემოს წყაროთი, კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს. სწორედ აქედან იშლება საიტერესო ხედი ქალაქზე, ალაზნის ველსა და კავკასიონზე. ეს სხვა ლოკაციებთან შედარებით უფრო დაბალ ზოლშია განლაგებული, მაგრამ მისგან ხელისგულზე იშლება ქალაქის ქვედა მხარე და სასწაულად ლამაზი კავკასიონის მთაგრეხილები.







7. ვახვახიშვილების კოშკი

ასსაფეხურიანი კიბე თუ არ აგივლია არ თქვათ რომ თელავში ხართ ნამყოფი.

გამოგიტყდებით და არასოდეს დამითვლია მართლა ამდენი საფეხურია თუ არა, მაგრამ ის შეყუდებული კიბე კარგად გვარიანად მომქანცველი კია. სამაგიეროდ მის თავში ასულს სასწაულად ლამაზი ხედები გადაგეშლებათ თვალწინ.

ვახვახიშვილების საგვარეულო კოშკიდან ხომ მთელი თელავის ქვედა ცენტრალური ნაწილი და ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი მოჩანს, თავის ძეგლიანად.

ფოტოგრაფიისათვის მართლაც რომ სასწაული ადგილია. ცოტა მარიფათსაც თუ გამოიჩენთ აუცილებლად დაინახავთ გამჭოლ ადგილს, საიდანაც ცენტრალური მოედნის ფრაგმენტიც კი მოჩანს, როცა ხეებს ფოთლები აქვს გაცვენილი.














იმედია სტატია ერთნაირად საინტერესო აღმოჩნდა არმარტო ფოტოგრაფებისათვის, არამედ თელაველებმაც იპოვეთ რაღაც ახალი ან უხილავი. 

გავა დრო და ჩემი აზრით წიგნიც კი შეიძლება დაიწეროს თელავის ფოტოგრაფასა და მსგავს ჯადოსნურ ადგილებზე. მანამდე კი წინ კიდევ 7 სხვა, ახალი სუპერ ადგილი გველოდება, რომელსაც მომავალ კვირაში აუცილებლად გაგიზაირებთ კვლავ ამ ბლოგის დახმარებით.

დასასრულს გიტოვებთ რუკას, უკეთესად რომ მიაგნოთ სტატიაში მოხსენიებულ ადგილებს. გაითვალისწინეთ შავი წყვეტილი ზოლები და მწვანე ფერი აღნიშნავს იმ არეალს, რაც ამ ადგილებიდან სიგანეში დასანახი და ხელმისაწვდომია. ცხადია სივრცეს წინ არაფერი ზღუდავს, ამიტომ წვანე ფერი ბოლომდე არ გავწიე, მჯერა თქვენი გონიერებისაც.



პ.ს. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები: ამ შვიდიდან რომელი იცოდით ან გადაგიღიათ და სად ისურვებდით მოხვედარას უახლოეს პერიოდში?

მადლობა ყურადღებისათვის.

მომავალ შეხვედრამდე.


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი





0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...