Sunday, January 20, 2019

ნახევარმილიონერა





ნახევარ ქათამა ალბათ გეცოდინებათ.

აქ კი იმის გასაგებად შემოხვედით ნახევარმილიონერა რაღააო ხო?

ეს ჩვენ ვართ ნახევრად მილიონერები, რადგან არც  მეტი და არც ნაკლები ანგარიშზე ზუსტად ნახევარი მილიონი გვაქვს. უფრო სწორად კი, გვექნება, მანამ სანამ თქვენ ამას წაიკითხავთ უკვე ნახევრად მილიონერები ვიქნებით.

ბოლო ორი დღეა იმას ვფიქრობ რომელი უფრო რთულია განვლილ 5 წელიწადში ნახევარი მილიონი ლარი იშოვო თუ ნახევარი მილიონი ნახვა ბლოგზე? ან რომელი უფრო გაუხარდებოდა ფოტოგრაფს თუ ფოტოსტუდიას.

სიმართლე რომ ითქვას, მგონი ორივე ძალიან რთულია.

ნუ ჩემს გარშემო მე ჯერ არავინ მინახავს ფოტოგრაფიით ნახევარი მილიონი ეშოვოს გასულ 5 წელიწადში. ეს იმას ნიშნავს რომ წელიწადში 100 000-იანი მოგება უნდა ჰქონდეს. ვიქნები გულახდილი და გაგიმხელთ რომ ერთი - ორზე მაქვს ეჭვი რომ, სადღაც ახლოს მიდიან ამ 100-თან, მაგრამ მაინც წარმოუდგენელი მგონია ნახევარ მილიონერობა ფულში ფოტოგრაფიით.

ცხადია არც მეორე თემაში ვიცნობ ვინმეს. ჰო, მართლა არ ვიცი არავინ ვინც ნახევარი მილიონი დააგროვა ბლოგით. აქ ცალსახად არ ვგულისხმობ ვებ გვერდებს, ნიუს თუ რაღაც მსგავს ინტერნეტ გვერდებს. არა მეგობრებო, ბლოგზე მაქვს საუბარი.

2015-ში ბლოგინგს და სოც. მედია მარკეტინგს ვასწავლიდი ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. დაახლოვებით 100-მდე 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდას გავატარეთ ეს კურსი და აბა თუ გამოიცნობთ მათგან ახლა რამდენია ბლოგერი. არ გაგიჭირდებოდათ ვიცი. პასუხი - ნოლია. სამწუხაროდ ეს ის ქვეყანაა სადაც ბლოგის კულტურა საერთოდ არ არსებობს. აი ქუბერებსაც კი აჯილდოვებენ (ვენაცვალე, განა რამე მაქვს საწინააღმდეგო), მაგრამ ბლოგერებისათვის მსგავსი რამ არც კი გაგვაჩნია. იდეაში ბლოგი რა ხილია, ხალხი დაბერდა და ისიც ვერ გაარკვია. Anyway.

იმას ვამბობ რომ ისევე როგორც განახევარმილიონერობა ფულით, ბლოგის ნახვებითაც რთულია ამ ერთი ბეწო ქვეყანაში.





ვერ ვიტყვი რომ არ ვიცი როგორ გავქაჩეთ აქამდე.

ვიცი.

მე მიყვარს წერა და გამიმართლა რომ ჩემს გარშემო აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც ასევე უყვართ წერა და თარგმნა. მართალია დღეს ამ ბლოგზე სულ ორი ბლოგერი, მე და თამარ შოშიტაშვილი ვართ, მაგრამ იყო დრო როდესაც 5-6 ადამიანი ყოველკვირეულად ამზადებდა მასალებს. აქვე მადლობა მინდა მოვუხადო სალომე აფციაურს, მარიამ ფედროვს, ნინო კაპანაძეს ბლოგერობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ნინოს, რომელმაც ჩვენს გუნდში 2 წელზე მეტი იმუშავა და 50-ზე მეტი სტატია თარგმნა ფოტოგრაფიაზე.

ეს პოსტი უფრო საზეიმო, გულის ამაჩუყებელი მინდოდა გამოსულიყო, მაგრამ მცირე მშრალ სტატისტიკას მაინც ვერ ავცდებით. მე ვარ ასეთი ჯიუტი ყველგან სტატისტიკის ჩაკვეტება მიყვარს. გან რა არის, მაგრამ იყოს მაინც. აი მერე დიდი გოგო ბიჭები რომ გავხდებით, მილიონერები. მერე სტატისტიკასაც გემრიელად ჩავანალიზებთ და გასული წლებისასაც გადავხედავთ.


პირველი პოსტი:

კომუნიკაცია -  რა არის შენი სათქმელი

21 ივნისი, 2014 წელი.

სწორედ ამ დღეს შეიქმნა უცხოგრაფის ბლოგი. (თავად სტუდია 2014-ის 5 მაისს.)


პირველი ჰიტ პოსტი:

ჩემი ძმა, ერთი აქეთაც გადაგვიღე!

2 აგვისტო, 2014 წელი.

ამჟამად აღარაა ლიდერი სტატია, მაგრამ ეს იყო პირველი ჩანაწერი, რომელიც ფართოდ გადაზიარდა სოც. ქსელში.

პირველი co-ბლოგერი:

ნინო კაპანაძე

30 იანვარი, 2016 წელი.

წელიწადნახევრიანი მარტო შრომის შემდეგ პირველად ბლოგზე მოხალისეობრივი მუშაობა სწორედ ნინომ დაიწყო. რომელიც პატარას უვლიდა სახლში და მოცალეობისას ჩვენთვის სტატიებს თარგმნიდა ინგლისურიდან ქართულად.


ამჟამად ბლოგზე 341 გამოქვეყნებული სტატიაა.

ჩვენი ნახევარმილიონერა შვილობილი ახლა ორი ადამიანის მხრებზე დგას. თამარი რომ არ იყოს არ ვიცი, რა ეშველებოდა ბლოგს. მგონი მართლა შვილივით უყვარს და გასული ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ წელს რომ ვთქვით დავბრუნდეთო, ჩემზე მეტადაც გაუხარდა ვიცი.

გარშემო მყოფი ბევრი ადამიანი გვეუბნება ან გვწერს, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ. რაც ჩვენ კიდევ უფრო დიდ მუხტს და ინსპირაციას გვაძლევს, რომ უფრო მეტად გავამდიდროთ ქართული ბლოგ სივრცე ფოტოგრაფიის მასალებით.

ეს ბლოგი მართლა ჩემი სახლივითაა. როცა რაღაც მაქვს სათქმელი სულ აქ შემოვდივარ და ვწერ. თან ისე შინაურულად, როგორც ამას სახლში ან სამეგობროში ვიზამდი. ჰოდა მადლობა ყველას, ვინც კითხულობს, ათვალიერებს, აზიარებს, ზრუნავს და თანამშრომლობს.

2019 წელი ბლოგის და წერის წელია ჩემთვის. მჯერა უფრო მეტს მივაღწევთ და ამ არაფრის მთქმელი ნახევარმილიონიანი სტატისტიკის მიღმა რა სარგებელიც მოგვიტანია, იმის გაათმაგებულ შედეგს და სარგებელს მოვუტანთ ფოტოგრაფიას.

მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ!

ავტორი: გიო ბეჟანიშვილი








0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...