Monday, January 28, 2019

7 სუპერ ადგილი თელავის გადასაღებად / (ნაწილი 2)





რამდენადაც საინტერესო და ლამაზია ქალაქი, იმდენად მნიშვნელოვანია იმ ადგილების ცოდნა, საიდანაც ის უკეთ ჩანს.

ვინც პირველი სტატია იხილეთ, უკვე მოგეხსენებათ რომ ეს სტატია ქალაქისა და ფოტოგრაფიის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ცოდნა და გამოცდილება რაც გასულ წლებში შევიძინე სწორედ ამ ორნაწილიან ბლოგპოსტში გავაერთიანე და ამჯერადაც გთავაზობთ 7 სუპერ-დუპერ ადგილს თელავ ქალაქის უკეთ გადასაღებად.

იმედს ვიტოვებ წინა სტატიაში მოცემული რუკა გამოგადგათ და ამ იმედით გულმოცემული ახალი სტატიის დასასრულსაც გთავაზობთ ლოკაციების ადგილმდებარეობებს Google map-ზე.

მაშ ასე 7 სუპერ ადგილი თელავის გადასაღებად:


1. გიგოს გორა


ეს გორა თავის მხრივ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე შემაღლებულ ადგილს ქალაქში, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში. ის თვით გამორჩეულ ფოტოგრაფიულ ლოკაციას - ნადიკვარის პარკასაც კი ზემოდან გადმოყურებს. გორაზე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია და სამრეკლოა, სწორედ სამრეკლოდან ჩანს ქალაქის სხვადსხვა ნაწილი, განსაკუთრებით ზემოთხსენებული პარკი და რამდენიმე ქუჩა.

მათ ვისაც მეტის ხილვა გსურთ, გაფრთხილებთ, რომ გორიდან გადასაღებად კარგია შემოდგომა ფოტოლცვენის შემდეგ, ზამთარი და გაზაფხული, სანამ იქ არსებული ფლორა გაყვავდება და რამდენიმე ლოკაციაზე ხედვას შეზღუდავს.














































2. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

უნივერსიტეტის 5 სართულიანი მთავარი კორპუსი ყველაზე შემაღლებულ ადგილზე არსებული ყველაზე მაღალი შენობაა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ფოტოგრაფები ნაკლებად ვწყალობთ ამ ადგილს, აი მეც კი არქივში მხოლოდ ერთი ფოტო აღმოვაჩინე, მიუხედავად იმისა რომ ამ უნივერსიტეტში ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გამიტარებია.

საქმე იმაშია, რომ უნივერსიტეტის წინ არსებული ნაძვები ხედვის არეალს ძალიან ავიწროვებს, და ქალაქის მხოლოდ შუა ნაწილი მოჩანს მისი მეხუტე სართულის ფანჯრებიდან.



3. გორა დავით რექტორის ქუჩის თავზე

ეს გორა ჩემი ხედვის არეალში ჯერ კიდევ წლების წინ მოექცა, მაგრამ მის აღმოსაჩენად და დასალაშქრად მხოლოდ გასულ წელს მოვიცალე. თავისმხრივ გორა ძალიან ჯადოსნურ და წყნარ ადგილს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია.

გიგოს გორისაგან განსხვავებით ის ქალაქის განაპირა დასავლეთ მხარეშია მოქცეული და აქედან დანახულ თელავს სულ სხვა მუღამიც აქვს.











 


















4. გორიჯვარის ეკლესიის ეზო და გალავანი

კიდევ ერთი საოცარი ლოკაცია გორიჯვარის ეკლესიაა, რომლის ეზოს ერთი ნაწილიდან ქალაქის სამხრეთ მხარე, ანუ ზედა ნაწილი, ხოლო გალავნიდან მისი ჩრდილოეთ ნაწილი მოჩანს.

სხვათაშორის ეს ერთადერთი ადგილია საიდანაც ძალიან კარგად ჩანს ჭავჭავაძის ქუჩა, რომელიც ქალაქის დასავლეთ შემოსასვლელი და ერთ-ერთი ძველი ქუჩაა.





 





5. ღვთაების ეკლესიის გორა

გორა რომელზეც ღვთაების სახელობის ეკლესია დგას, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია და კარგად გადაყურებს ქალაქის ქვედა ჩრდილოეთ მხარეს.

ამ გორაზე გაფენილი სახლების ნაწილი დაკეტილი დამხვდა, მხოლოდ ორჯერ მოვახერხე სახლების გავლით იმ ეზოებში შესვლა, რომლებიც გორის კიდეზეა განფენილი და ლამაზ კავკასიონის ხედს გასცქერის. ჩემდა სამწუხაროდ ორივეჯერ ბურუსიანი და ავდრიანი ამინდი დამხვდა, შესაბამისად ფოტოც არ მაქვს თუ რა შეიძლება ჩანდეს მაგ ადგილიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვაზე მოგიწევთ მენდოთ, რომ მართლაც კარგი ლოკაციაა თუ შემსავით უიღბლოდ არ მიხვალთ და ამინდსაც სწორად შეარჩევთ.

6. კორპუსი ცენტრალურ მოედანზე

ეს კორპუსი საუკეთესო ლოკაციაა ქალაქის ცენტრალური მოედნის და ერეკლე მეორის ქუჩის გადასაღებად.

შენობა როგორც მახსოვს 6 სართულიანია და მისი ბოლო სართულის აივნიდან მართლაც სასწაული ხედი იშლება. იქ მგონი სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, არ მიყვარს ადამიანების შეწუხება და მათი სახლის გავლით გადასაღებ ლოკაციებზე მოხვედრა.








 













7. ბურჯი

ბურჯზე ასვლა ოფიციალურად არ შეიძლება.

თუმცა ფოტოგრაფების გარდა იქ მიბობღავს ყველა, რიგითი ტურისტი თუ ცნობისმოყვარე თელაველი მოზარდები.

ბურჯიდან ყველა მხარეს საინტერესო ხედები იშლება, განსაკუთრებით ლამაზი კი ძველი ბაღი და ერეკლე მეფის ქანდაკების მხარეა.





 




 





აქვე გთავაზობთ რუკას და კიდევ იმ ადგილების ჩამონათვალს, სადაც ვერ ან რთულად მოხვდებით, მაგრამ გადასაღებად კარგია:


1. თელავის თეატრი

თელავის თეატრი საკმაოდ მაღალი შენობაა და თანაც ქალაქის ცენტრალურ მოედანზეა. პრობლემა იმაშია, რომ ის დაკეტილია გარეშე პირებისათვის და მის სახურავზე მოხვედრა ძნელია.

2. სასტუმრო ინტურისტი

სასტუმრო ინტურისტი ქალაქის ყველაზე მაღალი შენობა იყო, მაგრამ ახლა მისგან მხოლოდ ნახევარია დარჩენილი. მისი დაშლის პროცესი უკვე ორი თვეა მიმდინარეობს და მასზე მოხვედრა ამჟამად მხოლოდ იქ მომუშავე პერსონალს შეუძლია.


3. სასტუმრო "ტურბაზა"

"ტურბაზა" ამ ეტაპზე დაკეტილია. არადა მისი ლოკაცია ნამდვილად ხელსაყრელია საინტერესო კადრების გადასაღებად.


ლოკაციების რუკა


























იმედია მეორე ნაწილიც ისეთივე სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა, როგორც პირველი.

წარმატებები მინდა გისურვოთ სუპერ ადგილების შემოვლის და ფოტოგრაფირების საქმეში. მადლობა რომ თვალს ადევნებთ ბლოგს და ველი თქვენს გამოხმაურებებს.


ავტორი: გიო ბეჟანიშვილი


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...