Friday, March 30, 2018

პატარა კახი და მე - ერეკლე მეორეს ძეგლი უცხოგრაფის ლინზაში



რაც თავი მახსოვს, სულ ის ჩამესმოდა რომ მე ერეკლეს, იგივე პატარა კახის ქალაქიდან ვიყავი. ქალაქიდან რომელშიც ერეკლეს სასახლეა და ბევრი, ბევრი კი არა ათასობით ლეგენდა.

როცა წამოვიზარდე ერეკლეობებზე დავდიოდი და ამით ვახდენდი სხვა დღეებისგან გამოყოფას, ერეკლე მეხმარებოდა უფრო მეტი რამ დამენახა თუ აღმომეჩინა ჩემს ქალაქში.

მერე იყო ჟურნალი "თელავური სერიები" სადაც ნოებრის ნომერში ტორესამ სტატია გამოაქვეყნა სახელად "ერეყლეობა", რასაც მაშინ დიდი გამოხმაურება მოყვა, იყო მცდელობა მხოლოდ სახელზე გაემახვილებინათ ყურადღება და არა შინაარსზე, რაც არ გამოუვიდათ და სათქმელიც ბოლოს სწორად მივიდა მკითხველთან.

შემდეგ ჩემი და პატარა კახის გზები ჩემს სადოქტორო ნაშრომში გადაიკვეთა, სადაც მე ბატონი გოგი ჯავახიშვილის დიდი ქომაგობითა და დახმარებით "ბერიკაობას", "ყეენობას" და ზოგადად ქართულ სახალხო ქუჩის თეატრს ვსწავლობდი. მაშინ უფრო ახლოს გავიცანი ერეკლე, კაცი რომელიც არამხოლოდ ხმალს იქნევდა, როგორც ამას ბავშვობაში წარმოვიდგენდი, არამედ საკმაოდ სიტყვა მოსწრებული და საინტერესო მოაზროვნეც იყო. ამან უფრო დაგვაახლოვა მე და ის.

უფრო მოგვიანებით მე და მეფე მცირე უსიამოვნო სკანდალშიც გავეხვიეთ, როცა გასართობი ღონისძიება ერეკლეობას დავამთხვიე და სარეკლამო პოსტერზე მეფეს თანამედროვე მზის სათვალეც გავუკეთე. მახსოვს ამაზე ძალიან ბევრი დამემდურა ქალაქში და საყვედურებიც შემომითვალეს, თუმცა დღემდე მაინც მგონია რომ ერეკლეს ეს არ ეწყინებოდა.

ბოლოს ჩემი და ერეკლეს შეხვედრები ფოტოგრაფიამ გაახშირა. თავიდან როგორც დამწყები ფოტოგრაფი, მასზე პრაქტიკას გავდიოდი. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულებაში გადამივიდა და მგონი მის გარეშე ჩემი ქალაქში გასეირნება აღარც წარმომედგინა. ხან მოედნაზე ავივლიდი, ხან ბაზრის მხარეს და მაინც შორიდან თუ უცნაურ ცას ან ჩვეულებრივზე დიდ მთვარეს დავინახავდი გული ისევ მისკენ გამირბოდა.

- ნეტა ეს ცა თუ მოუხდება? იქნება ამ წერტილიდან უფრო უკეთესად გამოჩნდეს? თოვლი რაღაც ახალს შემატებს. - მსგავსი ფიქრებით დატვირთული მივეშურები მისკენ და მართლაც ყველა ჯერზე გამორჩეული და სხვანაირი მხვდება. არ ვიცი კიდევ რამდენხანს გასტანს ჩვენი მეგობრობა, მაგრამ ფაქტია რომ ერთი დიდი კოლექცია უკვე შევქმენით ერთად და დღეს სწორედ მისი გაზიარება მინდა თქვენთვის. ბოლო ფოტოში კი, რომელიც თელავის მერიის გამარჯვებულიც გახდა გასულ წელს, ჩვენ ორივე ვართ. მე და ერეკლე ერთ კადრში, ნაწვიმარი ღამის თელავის ფონზე.

სასიამოვნო გასეირნებას გისურვებთ მეფესთან და იმედს ვიტოვებ მოგეწონებათ და არც გაზიარებას დაიზარებთ.







































































































































































ავტორი: გიო ბეჟანიშვილი

© Utskhography 2018


0 comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...